მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-25)

თავადი გიორგი ტყვეთა ყიდვა-გაყიდვაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ყველა წვრილმან მტაცებელს მყუდრო ბინა ჰქონდა მის სახლში, რადგან თვით გურიელიც ადვილად ვერ გაბედავდა მის სახლში შეჭრას, ან რაიმე პასუხის მოთხოვნას. თავადს ფოთის ციხეში მჯდომ ოსმალთ ფაშასთან, ოსმალეთის მდიდარ სოვდაგრებთან ჰქონდა ურთიერთობა.

ისინი თავად გიორგის დიდად აფასებდნენ, რადგან ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე თავადმა ძლიერ კარგად იცოდა და ამით კაიძალ ქონებასაც იძენდა. მღვდელი მარკოზი კი ტყვეთა გამყიდთათვის საშიში კაცი შეიქნა. მას შეეძლო თავის მომხრენი, განსაკუთრებით დაბალ ხალხში, აემხედრებინა, მეფისთვის მიემართნა, ისიც ძალას მოაშველებდა და ტყვეთა გაყიდვის საქმეში მხილებული სასტიკად დაისჯებოდა. ამიტომ თავადმა ბოლო დროს ხუცესს უფრო პატივით მოპყრობა დაუწყო, თანაც ეფიცებოდა, ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმეში ჩარევას სრულებით თავი დავანებეო...

ქალბატონი მწარედ ქვითინებდა.

- პასუხის მოცემა გეძნელება, ცრემლი ნებას არ გაძლევს? - გულდამშვიდებით გააგრძელა ხუცესმა. +- არა უშავს-რა, ცრემლი დიდი ნუგეშია, მწუხარე გულის დამამშვიდებელია. შეიძლება, ჩემ შეკითხვას პასუხიც მე მივცე? კარგი, შენ არ შეგაწუხებ, მე თვითონ გიპასუხებ. ხომ იცი, ქალბატონო, ჩემ გამოცდილ თვალებს არაფერი გამოეპარება, მაგრამ ერთი მაინც უნდა მიბრძანოთ: ვინა ბრძანდება ის შავწვერა მეგრელი, თქვენს სახლში დღეს სტუმრად რომ არის? უეჭველია, კეთილი სული არ უნდა იყოს!

ქალბატონი ცრემლით სავსე თვალებით მღვდელს დააშტერდა.

- ნუ გიკვირს, ქალბატონო, მე ის უკვე ვნახე! თუმცა შორიდან, მაგრამ მაინც ვნახე და ჩემთვის ესეც საკმარისია. დანარჩენი ხომ ცხადია, მე და შენ მაინც განმარტება აღარ გვჭირია.

- მოძღვარო, ვფიცავ იესო მაცხოვარს, - წამოიძახა ქალბატონმა...

- აბა, შენი ფიცი მე რაღათ მინდა... განა არ ვიცი, რომ მისი სტუმრობა შენც ისე გაგიხარდებოდა, როგორც მე დღეს მისი ნახვა? რას ვამბობ, მე თუმცა არ მესიამოვნა მისი ნახვა, მაგრამ ავად არ გავუხდივარ და იმედი მაქვს, არც გამხდის, შენ კი, აი, სარეცელში წევხარ.

- მოძღვარო, გულთმისანი ხომ არა ხარ? - ისევ წამოიძახა ქალბატონმა.

- გულთმისნობა რაღა საჭიროა! ისედაც მივხვდებით, სირცხვილიცაა მარკოზ ხუცესისთვის, მაგისთანეები გამოეპაროს.

- რა ვქნა, მოძღვარო, ორ ცეცხლშუა ვარ ჩავარდნილი, საცოდავად წარმოსთქვა როდამმა და ცრემლი მოიწმინდა. - ერთხელ დაჩვეულის ერთი მოსმით გადაგდება ძნელი ყოფილა. შენც ხომ იცი, რომ ჩემმა ქმარმა და შვილმა გურიელთან ერთად მეფეს შეფიცეს, რომ ფაშისთვის ტყვეები არ მიეწოდებინათ და, მართალი უნდა ვსთქვა, სხვა დროსთან შედარებით, ძლიერაც შეამცირეს ეს საძაგელი ხელობა, ეს შენც იცი, მაგრამ სრულებით მაინც ვერ აღმოკვეთეს. მე ცალკე ქმარს ვეჩხუბე, ცალკე შვილს და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ აქ, ამ ჩემს ოჯახში, ჩემ თვალწინ მაინც არ უნდა მომხდარიყო ეს საზიზღრობა.

ორთავემ პატიოსანი სიტყვა მომცეს და, მართლაც, სამი თვე გავიდა, რაც ჩემ ეზოში ტყვე არ შემოუყვანიათ; მოწმე იყოს თვით ქალწული უბიწო! დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკი, ის იუდა გამცემლის თანაზიარი, ის დაუნდობელი და ერთი პატარა ყმაწვილი მოიყვანა... ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი, რომ... ვაი დედამისს გამწარებულს, ცეცხლ-გენია მოკიდებულს! მე მაშინათვე ყვირილი მოვრთე, თავი მოვიკალი...

ბატონი შინ არ იყო, არც ახლა გახლავთ... ჩემმა შვილმა კი ჩვეულებრივ მანუგეშა, ეს უკანასკნელიაო. დანაპირი ვართ ფოთის ფაშასთან, სასყიდელი წინდაწინ გვაქვს მიღებულიო. მე ეს არ დავიჯერე, გავცოფდი, გადვირიე. ბავშვი გამოვტაცე და ჩემს ერთგულს გადიას და მოსამსახურეებს ჩავაბარე... მერე საშინელი თავის ტკივილი ამივარდა... გონებაც დავკარგე...

- მესმის, მესმის, ქალბატონო, ყოველისფერი მესმის, დამშვიდდი! შენი სათნოებით და სიყვარულით სავსე გული მეოხ ეყავნ შენ ქმარ-შვილს დღესა მას განკითხვისასა, - თანაგრძნობით მიუგო მოძღვარმა. - არ დაგიმალავ, მე ამას მაშინათვე მივხვდი. თავადიშვილს ალექსანდრეს თვალებში შევატყე, რომ ჩემი ნახვა არ ესიამოვნა. რა ვქნა! მე მაინც ღვთისადმი ვითხოვ მის კეთილ გზაზე დაყენებას. დრო კი არის, ქალბატონო, შენმა ქმარ-შვილმა აღმოკვეთონ ეს საზარელი საქმე.

ნუთუ არ კმარა, რაც მდუღარე ცრემლი დაიღვარა უბედურ ჩვენი ქვეყნის დედათაგან მთელი საუკუნის განმავლობაში! დაე, ჩვენი ქვეყნის ტურფა ძენი და ასულნი ჩვენ ქვეყანაშივე დარჩნენ, აქვე დაიზარდნენ, აქვე იშრომონ, აქვე განვლონ დღენი ცხოვრებისა, მოიხადონ მოვალეობა სამშობლოს წინაშე და აქვე მიწას მიებარონ. გარდაეცი ბატონს ჩემ მაგივრად, რომ ფიცი მტკიცედ შეინახოს. ნუ ჰკადრებს თავის ჭაღარას არასაკადრისს, თორემ მოახლოებულია დღე განკითხვისა. ხომ იცის, ისმინა უფალმან ტირილი და გოდება ხალხისა და მოუვლინა მას მფარველი. ეკრძალოს, მე გამიფრთხილებია.

- ახლა როგორ მოვიქცე, მოძღვარო, ბავშვს რა ვუყოთ? - დაეკითხა როდამი.

- ბავშვი ჯერჯერობით მე მომეცი. გავზრდი, შევასწავლი რასმე და მერე პატრონი მოვძებნოთ და ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ამ საქმეში ხმა არავინ ამოიღოს, არც შენ და არც ჩემ წინააღმდეგ, თორემ ბოლოს სასინანულოდ დაურჩება. მარკოზ ხუცესი თავმდაბალია, მაგრამ, თუ გაჭირდა, ქუდმაღალზე უარესს იზამს. შენ კი, ღირსო ადამიანო, უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიგრძე. დამშვიდდი, ზიარება არ გეჭირვება.

KvirisPalitra.Ge* * *

დაღამდა. მოღრუბლულ-მოღუშული და საწვიმრად განმზადებული ცა ქვეყანას მრისხანედ დაჰყურებდა. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და ირგვლივ სიბნელე სუფევდა.

მღვდელი მარკოზი ორი შეიარაღებული კაცის თანხლებით თავად გიორგის სასახლიდან გამოვიდა და თავის სახლისაკენ გაემართა. გვერდით ანაფორის კალთაში გამოხვეული ბავშვი მისდევდა. თუმცა ზაფხული იყო და ცხელოდა კიდეც, მაგრამ ბავშვი მაინც ძაგძაგებდა.

- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად უთხრა მღვდელმა, - შინ ჩქარა მივალთ, საჭმელს გაჭმევ, დაგაძინებ... შენი სახელი?

- ხვიჩა, - ტირილით მიუგო ბავშვმა.

მღვდელმა ხელი მაგრა მოხვია და ტანზე მიიკრა.

- უღმერთოები, უსვინდისოები, - ბუტბუტებდა იგი, - ბავშვისთვის პერანგი მაინც ჩაეცვათ ხეირიანი. ან ღმერთს რას ეტყვიან, ან კაცს ეს ურჯულოები!

- ეხ, ეხ, ჩვენი ცოდვა, - ოხვრავდნენ მღვდლის მხლებლები.

მარკოზ ხუცესის სახლის კერაზე ხმელი ფიჩხის ცეცხლი კაშკაშებდა და მთელ სახლს საკმაოდ ანათებდა. მარიკა და ლერწამისა კერას აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ და მღვდლის მოლოდინში საჩოხე მატყლს ართავდნენ.

- მარიკა, მარიკა, აბა, გამოიცანი ვინ მოგიყვანე, - სახლს მიუახლოვდა თუ არა, დაიძახა ხუცესმა. მისი ხმის გაგონებაზე ქალებმა თითისტარები განზე გადადეს და ზეზე წამოიჭრნენ. ამასობაში მღვდელი სახლში შევიდა, ანაფორის კალთა გადასწია და თმახუჭუჭა, შავგვრემანი ბავშვი წინ წამოაყენა. ბავშვი თითქმის ტიტველი იყო, დაჭერილ მხეცივით შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

- ეს ვინ არის? - გაოცდა მარიკა.

- ვინ უნდა იყოს, დედაკაცო, - მშვიდად მიუგო ხუცესმა, - თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცთომისა, ჩვენი გათახსირებისა, გულგაქვავებისა და გონების დაბნელებისა.

მარიკა მიხვდა, შეშინებულ ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.

- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა... ოი, ნანა, შვილო! რა მწარეა შვილის დაკარგვა... უღმერთოებმა რა იციან, რა მწარეა დედის გულ-მკერდი! ნანა, შვილო, უბედურ მთვარეზე დაბადებული შენი მშობელი დედა... იმას ვინ ანუგეშებს? იმას ვინ გაუმრთელებს დაჭრილ გულს? იმას შენ მაგიერობას ვინ გაუწევს?... საფლავში უნდა ჩაიტანოს უბედურმა შენი სიმწარე, - მოთქმით ამბობდა მარიკა, ბავშვს თავზე ხელს უსვამდა, ჰკოცნიდა და თან ქვითინებდა.

ალერსით და დედის გახსენებით გულაჩვილებული ბავშვი მწარედ ატირდა. ატირდა ლერწამისაც. მღვდელი მარკოზი შორიახლო იდგა და ცოლის ქცევით კმაყოფილი და აღტაცებული, ისიც აცრემლებული, გრძელ წვერზე ხელს ისვამდა.

- კარგი, გეყოფა დედაკაცო! - უთხრა ბოლოს ხუცესმა. უიმისოდაც გულჩათუთქულ ბავშვს დედის გახსენებით კიდევ უფრო გულს ნუ უკლავ. აჭამე რამე და დააძინე. შეხედე, რავა ცოცხლად დაუხრჩვიათ მაგ უღმერთოებს.

მარიკა გამოერკვა, ბავშვი კერის პირას დაბალ სკამზე დასვა და ვახშმის თადარიგს შეუდგა.

- აკი ამბობდი, ხუცესო, მაგისთანა სამარცხვინო საქმეები მოისპოო, ამდენ სამადლობელ პარაკლისებს ტყუილად იხდიდი? - ამბობდა მარიკა.

- განა ასე ადვილია, ქალო, ძაღლის კუდის გასწორება? ჯერ კიდევ დროა საჭირო, სანამ ასეთი საძაგელი ჩვეულება სრულებით აღმოიფხვრებოდეს. ყველა ბოროტებაში გასვრილი ხელი ჯერ უნდა სამარეში დაიმარხოს, რომ კაცის შვილთა მოტაცება და გაყიდვა საზღაპრო ამბად გადაიქცეს, მაგრამ ასეთი სამწუხარო მოვლენა იშვიათი რომ გახდა, ესეც დიდი ნუგეშია, ესეც ღირს იმად, რომ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადო და გადვიხდი კიდეც, - მხიარულად მიუგო ხუცესმა.

ნავახშმევს ლერწამისამ სპილენძის ქვაბით წყალი გაათბო. ქალებმა ბავშვი დაბანეს, მარკოზის ერთ-ერთი პერანგი ჩააცვეს და ლოგინში ჩააწვინეს. მერე მღვდლის ძველი კაბა მოსძებნეს და მისგან ბავშვის ჩასაცვამ ახალუხის გამოკერვას შეუდგნენ.

- უღმერთოები, უსულგულოები, დედას შვილს სტაცებენ და უსჯულოებზე ყიდიან! არ აჭმევენ, არ აცმევენ... ღმერთო, მიაგე მაგიერი, - ბუტბუტებდა მარიკა და გაჩქარებით ჰკერავდა.

მღვდელმა წმიდა სანთელს მოუკიდა, კუთხეში მიყუდებულ პატარა ხატის წინ წარსდგა და ლოცვას შეუდგა.

- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, ბედდამწვარი შენი მშობელი დედა, - სლოკინით წამოიძახებდა ხოლმე დროგამოშვებით მუშაობაში გართული მარიკა.

- ვითარ განდიდენ სახელი შენი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენო, - ღაღადებდა ხუცესი.

ლერწამისა საჩოხე მატყლს ართავდა, ხოლო პატარა ხვიჩას ლოგინში ტკბილად ეძინა, ოთხი დღე და ღამე გავიდა, რაც მას ასე ტკბილად მოსვენება არ ღირსებია.

* * *

- არა, ღმერთს გეფიცები, თავადო ალექსანდრე, თუ მართლა ვინმე კუდიანია ქვეყანაზე, სწორედ ეს მარკოზ ხუცესი უნდა იყოს, - ამბობდა აზნაური ყარამანი, თავადი გიორგი ჭორიშვილის ძლიერ ერთგული და დაახლოვებული პირი.

- კუდიანი კი არა, გულთმისანია, მაგ ჩამოსახრჩობი, - მიუგო თავადმა ალექსანდრემ.

- წაგვართვა, მარა რა ბიჭი წაგვართვა, მაგ წვერით ხეზე თხასავით ჩამოსაკიდებელმა, - სწუხდა ჩვენი უკვე ნაცნობი თენგიზი, ხვიჩას მომტაცებელი და თავადის სასახლეში მომყვანი, - რამდენი ტანჯვა და ბრძოლა გამოვიარე იმის აქ მოყვანაში.

სამთავენი კერის პირას ისხდნენ და საუზმის მოლოდინში მუსაიფობდნენ.

- მართალი რომ ვთქვათ, დედაჩემმა წაგვართვა, იმას არ ეთქვა, ხუცესი ასე მაგრად ხელს ვერ ჩაგვჭიდებდა, - ამბობდა თავადი ალექსანდრე, - მაინც, კაცო, დამელაპარაკა თუ არა, მაგ ჩასაძაღლებელმა, მაშინათვე იჭვიანი თვალებით აქეთ-იქით ყურება დაიწყო, თითქოს მეძებარია და ნადირს სუნავსო. თენგიზი რომ შეამჩნია ეზოში, მაშინათვე პირში მომახალა უბოდიშოდ: ეს ვიღაცა კეთილი სული არ უნდა იყოსო.

ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე სოლომონს

იმერეთის სამეფოს გაძლიერებას ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ოსმალეთი. 1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს მოსთხოვა, გაეუქმებინა აკრძალვა ტყვის სყიდვის შესახებ. სოლომონმა უარით უპასუხა. ამას 1760-1763 წლებში ოსმალთა სამი დიდი ლაშქრობა მოჰყვა. სოლომონმა სამივე ლაშქრობა წარმატებით მოიგერია. ცნობილია, რომ სოლომონს ფარულ დახმარებას უწევდა ერეკლე II. ამ დამარცხებათა გამო ოსმალეთი უკვე საგანგებოდ მოემზადა ახალი ლაშქრობისათვის.

თან მოჰყავდათ იმერეთის ტახტის მაძიებელი, სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე. 1765 წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდიშში ჩადგა, გამოიზამთრა და 1766 წელს იმერეთს შეესივნენ. თურქებმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, სვერის ციხე და ქუთაისი აიღეს და თეიმურაზი მეფედ დასვეს. სოლომონი ამ დროს ოთხი კაცის თანხლებით მოდინახეს ციხეში იყო დამალული, საიდანაც ჩრდილო კავკასიაში მყოფ რუს სარდლებს ჯარის მოშველებას ამაოდ სთხოვდა. თურქების ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმერეთს გაეცალა, ადგილზე კი 4 ათასი თურქი ჯარისკაცი დატოვა. სოლომონი მაშინვე გამოვიდა საფარიდან და მოკლე ხანში მთელი იმერეთი კვლავ დაიკავა.

ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის სამხედრო კამპანიების მოწყობა - ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე, რომლის პირობების შემუშავებაში ერეკლე II-ის დიპლომატიც მონაწილეობდა. 1767 წელს ოსმალეთმა იმერეთს სამეფოსთან გააფორმა საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმად იმერეთიის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად. ხელშეკრულებაში აღარ იყო წამოყენებული ტყვეებით ვაჭრობის მოთხოვნა - იმერეთს ყოველწლიური ხარკის სახით უნდა გაეგზავნა 60 ქალი, მხოლოდ ამჯერად ოსმალეთი არ მოითხოვდა, რომ ეს ქალები აუცილებლად ქართველები ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, სოლომონი ამ პირობასაც აღარ უსრულებდა ოსმალეთის მთავრობას.

სოლომონს კიდევ ერთი შინაური ბრძოლა ჰქონდა გადასახდელი - 1768 წელს სოლომონმა ტახტის მოცილე თეიმურაზი და მისი მომხრეები საბოლოოდ დაამარცხა. მომდევნო წელს კი ოსმალეთის მთავარი დასაყრდენი - რაჭის საერისთავო გააუქმა. მიუხედავად ოსმალეთთან მიღწეული წარმატებებისა, სოლომონს კარგად ესმოდა, რომ ადრე თუ გვიან ოსმალეთი მოისურვებდა დასავლეთ საქართველოში დაკარგული პოზიციების აღდგენას. იმერეთის ქვეყანა საკუთარი სახსრებით დიდხანს ვერ გაუძლებდა საომარ მდგომარეობას...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)