"არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე... ალბათ იმიტომ, რომ დედა ძალიან ლამაზი იყო" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე... ალბათ იმიტომ, რომ დედა ძალიან ლამაზი იყო"

"აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები"

ამბობენ, სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო. მედეა ჯაფარიძე გარდა წარმტაცი გარეგნობისა, სულიერადაც მშვენიერი იყო, ყველას ერთნაირად ატყვევებდა. "იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს", - ამბობდა ლილი იოსელიანი. ლეგენდად ყვებიან მისი და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულის ისტორიას საქართველოში.

გთავაზობთ მათი ვაჟის ლაშა თაბუკაშვილის ნაამბობ პატარა ისტორიას:

"ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ტყვიით ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ რომ ამოიყვანეს სახლში... სროლა... ჩემი ძიძა, ნასტია პირჯვარს რომ მაწერინებდა ფანჯარასთან... ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა "პარადისა" თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე... მეძინა... რეზო მოვიდა გვიან... ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: "აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები", -  მერე ძირს დამსვა და აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა - ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე... ალბათ იმიტომ, რომ დედა ძალიან ლამაზი იყო". იხილეთ: 16 წლის ვიყავი რომ დამჭრეს, დედაჩემმა ჩემს დამჭრელს აპატია, უთხრა - შენც ჩემი შვილი ხარ, ერთმანეთის გამეტება არ შეიძლებაო"

იხილეთ ფოტოგალერეა: უნიკალური ფოტოები მედეა ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის საოჯახო ალბომიდან

ფოტოები გამოყენებულია ლაშა თაბუკაშვილის "ფეისბუკის" ოფიციალური გვერდიდან