სტალინს დე გოლთან წაუტრაბახია, დიმიტრი ამილახვარი ჩემი თანაქალაქელი იყოო - ვინ იყვნენ ძმები ამილახვრები და რატომ მტრობდა მათ სტალინი? - კვირის პალიტრა

სტალინს დე გოლთან წაუტრაბახია, დიმიტრი ამილახვარი ჩემი თანაქალაქელი იყოო - ვინ იყვნენ ძმები ამილახვრები და რატომ მტრობდა მათ სტალინი?

1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, იოსებ ჯუღაშვილისა და მისი "საბრძოლო დრუჟინის" არაერთი მუქარის გამო, გორში მცხოვრები თავადი გიორგი ამილახვარი იძულებული გახდა, ოჯახით ჩრდილო კავკასიაში, ინგუშეთის სოფელ ბაზორკინოში (დღეს - ქალაქი ჩერმენი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში) გადახვეწილიყო. ცნობისათვის: გიორგის მამა, ივანე ამილახვარი რუსული არმიის გენერალი იყო და სხვათა შორის - საკმაოდ სახელგანთქმულიც.

1904 წელს გენერალი ივანე ამილახვარი ბაქოს გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს. მას ადგილობრივი რევოლუციონერების ალაგმვა ევალებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო (გენერალი იმ დროს უკვე 76 წლის იყო) პოსტიდან მალევე გადადგა და გორში დაბრუნდა, სადაც ერთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.

იოსებ ჯუღაშვილი არასოდეს ივიწყებდა იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ გულში წყენა ედო და ამიტომაც, 1905 წლის ნოემბრის ერთ საღამოს, გიორგი ამილახვარმა ანონიმური წერილი მიიღო - მასა და მის ოჯახს, როგორც "რევოლუციის მტრებს", ვიღაც უცნობი დედაბუდიანად ამოწყვეტით ემუქრებოდა. სულ მალე, გორელი ნაცნობების მეშვეობით, ამილახვარმა გაარკვია, რომ "წითლები" ემუქრებოდნენ და თანაც - მამამისის გამო: 1904 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბაქოში ხშირად იმართებოდა რადიკალ რევოლუციონერთა გამოსვლა. ერთ-ერთის დროს კაზაკებმა იოსებ ჯუღაშვილიც დააკავეს. ახალგაზრდა კობა საკანში პირადად გენერალმა ამილახვარმა მოინახულა და რამდენიმე კითხვა ქართულად დაუსვა; ჯუღაშვილმა კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, რის გამოც იქვე მყოფმა კაზაკებმა სასტიკად სცემეს. მომავალმა დიდმა დიქტატორმა ეს ყველაფერი ძაღლის ნაკბენივით დაიხსომა და როგორც კი მართლმსაჯულებას თავი დააღწია, შურისძიებაზე ფიქრს მიჰყო ხელი. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ ივანე ამილახვარი გორში დაბრუნებულიყო; იოსებ ჯუღაშვილმა მას ტერაქტის მოწყობა დაუპირა, მაგრამ ვერ მოასწრო - მხცოვანი გენერალი 1905 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა. შესაბამისად, რადიკალ მემარცხენეთა სამიზნედ მისი შვილი იქცა.

დიმიტრი ამილახვარი

"წითლებისგან" თავი რომ გადაერჩინა, როგორც უკვე ითქვა, გიორგი ამილახვარი ჩრდილო კავკასიაში გაიქცა და ინგუშეთში, ძმადნაფიცებთან დასახლდა. 1906 წლის 31 ოქტომბერს იქ შეეძინა ვაჟი, რომელსაც დიმიტრი დაარქვეს. გიორგი ამილახვარს მეორე ვაჟიშვილი - კონსტანტინეც ჰყავდა. მისი ოჯახი საქართველოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. მალე გიორგი ამილახვარმა ქართულ არმიაში დაიწყო სამსახური და სახელიც მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა და ერთ-ერთმა საუკეთესო კავალერისტმა.

სამწუხაროდ, 1921 წლის ცნობილი მოვლენების გამო, ის კვლავ იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად უცხოეთში გადახვეწილიყო. ასე აღმოჩნდნენ ამილახვრები სტამბოლში, საიდანაც ადგილობრივი ქართული სათვისტომოს დახმარებით, 1922 წელს საფრანგეთში წასვლა მოახერხეს. გიორგი ამილახვარმა ორივე ვაჟი სენ-სირის ცნობილ სამხედრო სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგაც, დიმიტრიცა და კონსტანტინეც საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" ჩაირიცხნენ. სხვათა შორის, უფრო "იღბლიანი" აღმოჩნდა დიმიტრი, რომელსაც დაბადების ადგილის მიხედვით, ბაზორკასაც ეძახდნენ: 1927 წელს იგი თავადის ასულ ირინე დადიანზე დაქორწინდა, ხოლო 1934-ში ქალაქ აგადირში (ალჟირი) ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად დაინიშნა და სწრაფად გაითქვა სახელი. მის ძმას - კონსტანტინე ამილახვარს ამგვარი წარმატებული სამხედრო კარიერა არ ჰქონია, თუმცაღა ბედს არ უჩიოდა. ის იმთავითვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველი ემიგრაციის მემარჯვენე ფრთასთან, პირადად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც.

1940 წელს გერმანული არმია საფრანგეთში შეიჭრა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მაშინდელი მთავრობის უსუსურობის გამო, ჰიტლერელებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილისა და დედაქალაქის ოკუპაცია ფაქტობრივად, თოფის გასროლის გარეშე მოახდინეს. ამის შემდეგ, 1940 წლის ივლისის დასაწყისში, საფრანგეთის ეროვნული კრება სამხრეთში, ქალაქ ვიშიში შეიკრიბა და მთელი ძალაუფლება მარშალ ანრი ფილიპ დე პეტენს გადასცა. ის ცნობილი იყო, როგორც რადიკალი მემარჯვენე და ჰიტლერთან თანამშრომლობის მომხრე. ამიტომაც გერმანელები სამხრეთ საფრანგეთში აღარც შესულან. სამაგიეროდ, მარშალმა პეტენმა იქ ეროვნულ-კონსერვატორული რეჟიმი დაამყარა. ერთ-ერთი პირველი, ვინც იმხანად, "ვიშის რეჟიმის" მიმართ უკმაყოფილება აშკარად გამოხატა, ცნობილი გენერალი შარლ დე გოლი გახლდათ, - ის ლონდონში გაიხიზნა და იქ სამშობლოს გასათავისუფლებლად, სამხედრო ორგანიზაცია "თავისუფალი საფრანგეთი" შექმნა. ფრანგ პატრიოტთა უმრავლესობა დე გოლის კვალს გაჰყვა, ხოლო კოლაბორაციონისტებმა (ჰიტლერთან თანამშრომლობის მომხრეებმა) ფრანგული "ესესისა" და "მოხალისეთა ლეგიონი" ჩამოაყალიბეს. მალე ორივე შენაერთი მარშით, აღმოსავლეთის ფრონტზე - ბოლშევიკებთან საბრძოლველად გაემართა.

დიმიტრი ამილახვარი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

დიმიტრი და კონსტანტინე ამილახვრების გზებიც სწორედ მაშინ გაიყო: ბაზორკა იმ დროს ნორვეგიაში, ფრანგული საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში იბრძოდა და იქიდან პირდაპირ ლონდონში, შარლ დე გოლთან ჩავიდა, ხოლო კონსტანტინე პარიზში იმყოფებოდა და, რამდენადაც სტალინისა და ბოლშევიკების ჯავრი სჭირდა, "მოხალისეთა ლეგიონში" ჩაეწერა. მანამდე კი შეიტყო, რომ მისი ძმა დიმიტრი ნორვეგიაში, ნარვიკთან გამართული ბრძოლის დროს გამოჩენილი გმირობის გამო დე გოლს "საბრძოლო ჯვრით" დაეჯილდოებინა და ბოლშევიკთა წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა იმიტომაც უფრო მოიწადინა, რომ პარიზში მყოფ რძალსა და ძმისშვილებს გესტაპოსთან პრობლემები არ შეჰქმნოდათ. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონი", რომლის შემადგენლობაშიც 15 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა, აღმოსავლეთის ფრონტზე (კერძოდ - დასავლეთ უკრაინაში) 1941 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ლეგიონში კონსტანტინე ამილახვარი მზვერავთა ასეულის მეთაურად გაამწესეს.

ამავდროულად, დიმიტრი ამილახვარი ერიტრეაში, გერმანელთა მოკავშირეებს - იტალიელ ფაშისტებს ებრძოდა. "თავისუფალი საფრანგეთის" შენაერთებმა 1941 წლის 2 აპრილს ერიტრეის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურ მასაუას შეუტიეს. ბაზორკას ასეულმა მაშინ პირველმა გაარღვია იტალიელთა თავდაცვითი ზღუდეები ზღვაზე და ზოგიერთი მათი ნაღმოსნის ბლოკირება მოახდინა; რამდენიმე საათში მტერი დანებდა. გადმოცემით, იტალიელმა ოფიცერმა დამიანო ძამბრეტიმ, რომელიც ერთ-ერთ ნაღმოსანს სარდლობდა, დანებების შემდგომ, დიმიტრი ამილახვრის ნახვა ისურვა: "მამაცი მებრძოლი ყოფილხართ! ქედს ვიხრი თქვენ წინაშე", - ასე მიმართა მან ქართველ ლეგიონერს და პირადად გადასცა სატაბელო იარაღი. მასაუას აღებისას გამოჩენილი საარაკო სიმამაცისთვის, დიმიტრი ამილახვარი შარლ დე გოლმა წარწერიანი პისტოლეტით დააჯილდოვა.

სხვათა შორის, სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოთქვა ამილახვარმა ისტორიული სიტყვები: "დღეს უცხოელებს მხოლოდ "უცხოურ ლეგიონში" ყოფნით გვეძლევა შანსი, რომ საფრანგეთს ერთგულება დავუმტკიცოთ". ამის შემდეგ, დიმიტრი ამილახვარი უკვე სირიაში გადაიყვანეს - იქ "უცხოელთა ლეგიონის" შენაერთებმა მარშალ პეტენის მომხრე არმიის ნაწილებს შეუტიეს და ქვეყნიდან განდევნეს. სირიის დედაქალაქ დამასკოს აღებისას გამოჩენილი გმირობისთვის, ამილახვარს ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს.

პეტენის კოლაბორაციონისტულმა რეჟიმმა დიმიტრი ამილახვარს დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი - ქართველ ვიცე-პოლკოვნიკს "საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობა" დასდეს ბრალად; ამ დროს კი კონსტანტინე ამილახვარი ბუკოვინაში "წითელ" პარტიზანებს ებრძოდა.

ერთ დღეს ის ქალაქ ლვოვში, გესტაპოს ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს და ძმის შესახებ ყველაფერი გამოჰკითხეს. "ჩემი ძმა 1939 წლის შემდეგ აღარ მინახავს... მან კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ ომამდე გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, რადგან უთანხმოება მოგვიხდა და მიუხედავად იმისა, რომ შერიგებისაკენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგი, ვეღარაფერი გავაწყვე", - მოხერხებულად იცრუა კონსტანტინემ. ამ დროს მას საკუთარი თავი კი არა, პარიზში დარჩენილი, ძმის ოჯახი ედარდებოდა: "1939 წლიდან მის ოჯახსაც ძირითადად მე ვპატრონობდი", - დასძინა მან და გესტაპოს ოფიცერს უშიშრად გაუსწორა თვალი. სინამდვილეში, დიმიტრისა და კონსტანტინეს ერთმანეთთან უთანხმოება არასოდეს ჰქონიათ, თუმცა 1940 წლიდან მართლაც აღარ შეხვედრიან და არც წერილობით შეხმიანებიან ერთმანეთს. კონსტანტინე "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის" ოფიცერი იყო და გესტაპოს განსაკუთრებული ყურადღება მანამდე არც დაუმსახურებია. ამიტომაც, მას იოლად ენდნენ და არ დაუპატიმრებიათ, თუმცა ფარული თვალთვალი კი დაუწესეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველი ოფიცრის წარსული გესტაპომ საფუძვლიანად გამოიძია და სტალინთან დაკავშირებული დეტალებიც მალე დაადგინა. ამის შემდეგ გერმანელებმა მიიჩნიეს, რომ ძმები ამილახვრები მსოფლმხედველობით ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდებოდნენ და კონსტანტინე მესამე რაიხისა და ფიურერის ერთგულებით გამოირჩეოდა. 1942 წლის შუა ხანებში გესტაპომ მისი ფარული თვალთვალი შედარებით შეასუსტა. კონსტანტინემ ამით ისარგებლა და თავის ერთ-ერთ ერთგულ მეგობარს რძალი და ძმისშვილები პარიზიდან, ბელგიის გავლით, ბრიტანეთში გადააყვანინა. დიმიტრიმ ეს ამბავი ჩრდილოეთ აფრიკაში სწორედ იმ წუთებში შეიტყო, როცა ლიბიის ქალაქ ბირ-ჰაქეიმთან საფრანგეთის "უცხოური ლეგიონი" და ბრიტანული არმია გერმანულ შეიარაღებულ ძალებს უტევდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანელ გენერალ-ფელდმარშალ ერვინ რომმელის (ის რეგიონში გერმანულ საექსპედიციო კორპუსს სარდლობდა) შესახებ ლეგენდები დადიოდა - ფრანგი და ინგლისელი ჯარისკაცები მას ზეადამიანად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მოწინააღმდეგეზე ტელეპათიური ზემოქმედების უნარიც კი ჰქონდა. ეს მითი სწორედ ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი ამილახვარმა დაანგრია: 1942 წლის 26 მაისს მისი ქვედანაყოფის მებრძოლებმა გერმანელებს პირველებმა შეუტიეს, უკანაც დაახევინეს და თავად გენერალი რომმელიც კინაღამ იმსხვერპლეს. ეს უკანასკნელი ჯერ გაოგნდა, მერე კი ძალები მოიკრიბა და მძლავრ შეტევას კონტრშეტევით უპასუხა. ბრძოლა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სანამ 1942 წლის 10 ივნისს გენერალმა ერვინ რომმელმა უკან არ დაიხია. სხვათა შორის, ბირ-ჰაქეიმის ბრძოლა, რომელსაც სამხედრო ისტორიკოსები "უდაბნოს ვერდენსაც" უწოდებენ, II მსოფლიო ომში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეტაკებადაა მიჩნეული; მართალია, საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას თითქმის არ აღიარებდა, მაგრამ სარწმუნო წყაროების თანახმად, "უდაბნოს ვერდენმა" ვერმახტის განადგურებაში უდიდესი როლი შეასრულა.

სწორედ ამ დროს, კონსტანტინე ამილახვრის ასეული უკრაინაში ისევ "წითელ" პარტიზანებს ებრძოდა. ასეულის წევრები "მონადირეთა" სახელით იყვნენ ცნობილნი და, როგორც უკვე ითქვა, მათ პარტიზანთა მოქმედების არეალში დაზვერვითი სამუშაო ევალებოდათ. ამილახვრის შესახებ საბჭოთა კონტრდაზვერვის ორგანომ - ე.წ. "სმერშმა" მალე მოიპოვა ინფორმაცია და კვალშიც ჩაუდგა, მაგრამ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი ქართველი ოფიცრის მოხელთება შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეები სტალინის პირადი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული; ცხადია, ასე მოხდა კონსტანტინე ამილახვრის შემთხვევაშიც.

დღევანდელი გადასახედიდან ძნელი წარმოსადგენია, თუ რას განიცდიდა საბჭოთა ბელადი, როცა "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის უპირველესი მედროშის" - კონსტანტინე ამილახვრის დოსიეს აახლებდნენ; მით უმეტეს, რომ შარლ დე გოლის ერთ-ერთი საამაყო ოფიცრის - დიმიტრი ამილახვრის საგმირო საქმეთა შესახებ ყველაფერი დაწვრილებით სმენოდა და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ორივენი გენერალ ივანე ამილახვრის შვილიშვილები იყვნენ. მოკლედ, 1942 წლის ზაფხულის ბოლოს სტალინმა კრემლში ლავრენტი ბერია გამოიძახა. პენსნეიანი კაცი ჩვეულებისამებრ, დროულად გამოცხადდა. პირში ჩიბუხგაჩრილმა და ირონიულად მოღიმარმა სტალინმა ის უხმოდ მიიხმო მაგიდასთან და დიმიტრისა და კონსტანტინეს სურათები დაუდო. ბერია ერთხანს მდუმარედ აცქერდებოდა მათ და მერე რუსულად თქვა: "ჯერ იმას მოვუაროთ, ვინც აქ გვყავს... შემდეგ მეორის ჯერიც მოვა!" სტალინმა ჩიბუხი მოქაჩა და კმაყოფილმა თავი დაუქნია. გაგრძელება