ძმის მაგიერ დატირებული, უცნობი ბიჭის ტრაგიკული ამბავი და და-ძმა ჯაფარიძეების მთებისთვის მიძღვნილი ცხოვრება
ძმის მაგიერ დატირებული, უცნობი ბიჭის ტრაგიკული ამბავი და და-ძმა ჯაფარიძეების მთებისთვის მიძღვნილი ცხოვრება
იქნებ 1921 წლის ავბედითი დღეების სისასტიკის მსხვერპლი ამოიცნოთ

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატის, მთამსვლელ ჯაფარიძეთა ოჯახის მემკვიდრის ივანე ჯაფარიძის მიერ 2015 წელს,  ჟურნალ "ანეულში" გამოქვეყნებული საოცარი ისტორია:

"ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო, შესანიშნავი მკვლევარი ზეინაბ ლომჯარია ტელეფონით შემეხმიანა და ალიოშა ჯაფარიძის გარდაცვალების წელი დააზუსტა, მშობლებისა და და-ძმის სახელებიც იკითხა. შემდეგ კი ოჯახის განცხადება წამიკითხა ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ხნის შემდეგ, "ქაქუცა ჩოლოყაშვილის
სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის" 2008 წ. #1 ჟურნალ "რაინდში" დაიბეჭდა პროფესორ გელა საითიძის სტატია "პირზე ღიმილი შერჩათ იმ გმირებს", რომელიც 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის შეიარაღებული დამპყრობლების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას ეძღვნებოდა...

აღნიშნულ სტატიაში სრულად იყო მოტანილი განცხადება, რომელიც ჩემი ოჯახის
დაუჯერებელ და ტრაგიკულ ისტორიას ეხება და გაზეთ "სოციალ-ფედერალისტის" 1921 წლის 11 მარტის # 15-ში იყო გამოქვეყნებული ("ღრმად დამწუხრებული მშობლები: ბიჭია და ლიდა, დები ივდიტორი და ალექსანდრა, ძმები კალისტრატი, სიმონი და ნოე ჯაფარიძეები; რძალი მარიამ ჯაფარიძისა და სიძე იოველ საყვარელიძე უღრმესი მწუხარებით აუწყებენ ნათესავთ, ნაცნობთ და მეგობართ სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის სტუდენტის, მათთვის დაუვიწყარის ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ტრაგიკულად დაღუპვას 23-24 თებერვალს კოჯრის ბრძოლაში. გამოსვენება პარასკევს, 11 მარტს, 4 საათზედ. მოსკოვის შესახვევიდან, სახლი # 6, დაკრძალვა სამხედრო ტაძრის გალავანში").

ერთი შეხედვით, საოცარი და საკვირველი ამ ჩვეულებრივ განცხადებაში თითქოს არაფერია - ოჯახი, ბრძოლაში დაღუპული სტუდენტის დაკრძალვის შესახებ აუწყებს საზოგადოებას. მაგრამ პარადოქსულობა ის გახლავთ, რომ სამგლოვიარო განცხადების მთავარი მოქმედი პირი, შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ალპინისტური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, უშბაზე პირველი ქართული ასვლის ხელმძღვანელი, ინჟინერი ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძეა, რომელიც ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრის დროს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და თავის უფროს ძმასთან, შემდგომში ასევე ცნობილ ალპინისტთან და გეოლოგთან, ლოპოტის მარმარილოს საბადოს აღმომჩენ სიმონ ჯაფარიძესთან ერთად, მართლაც იბრძოდა კოჯრის ფრონტზე დამპყრობელი რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ.

მაშ, რატომ გამოქვეყნდა 1921 წლის 11 მარტის გაზ. "სოციალ-ფედერალისტის" # 15-ში ოჯახის განცხადება, ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის კოჯრის ბრძოლაში 23-24 თებერვალს ტრაგიკულად დაღუპვისა და სამხედრო ტაძრის გალავანში მისი დაკრძალვის შესახებ?


რასაც ახლა გიამბობთ, შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი გამოგონილი ამბავი, ჩემი ან სხვისი ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ. ეს ჩვენი ოჯახის მწარე სინამდვილეა, თუმცა ჯაფარიძეთა ოჯახის ტრაგედიები მხოლოდ ამით არ ამოწურულა.
ალექსანდრა (შურა) ჯაფარიძე
საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც კარგადაა ცნობილი და-ძმა - ალექსანდრა, სიმონ და ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძეების ღვაწლი და დამსახურება ალპინიზმის ისტორიაში.


ალექსანდრა - მსოფლიოში პირველი მთამსვლელი ქალი იყო, ვინც უშბასა და თეთნულდზე ფეხი შედგა და კავკასიონის სხვა ურთულესი მწვერვალები დალაშქრა.

სიმონი - გეოლოგი და ქართველ მთამსვლელთა პირველი მსხვერპლი იყო კავკასიონზე, რომელმაც 1929 წელს, გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილ ექსპედიციაში, თეთნულდზე ასვლის დროს, განსაცდელში ჩავარდნილი პიმენ დვალის გადასარჩენად ყველაფერი იღონა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლო და ისიც მასთან ერთად გადაიჩეხა თეთნულდის ყინულოვან ნაპრალებში.
მარცხნიდან მარჯვნივ: ალიოშა ჯაფარიძე, დავით დონდუა, სიმონ ჯაფარიძე
ალექსანდრე (ალიოშა)
ჯაფარიძე ქართული ალპინიზმის აღიარებული ლიდერი, პამირისა და კავკასიონის მთათა სისტემების მკვლევარი, ალპინიზმში ტექნიკურად რთულ მწვერვალებზე ასვლების ფუძემდებელი, 1945 წელს, უშბა-შხელდის სარეკორდო ტრავერსის დროს, საქართველოში მოულოდნელად შემოჭრილი ციკლონის შედეგად მოსულმა ზვავმა იმსხვერპლა, უშბის მწვერვალიდან დაბრუნებისას გულის მყინვარზე კარავში ღამის სათევად შეფარებული თავის ჯგუფის წევრებთან ერთად...

მხოლოდ 12 წლის შემდეგ, 1957 წელს, გულის მყინვარზე შემთხვევით წააწყდნენ ალიოშა ჯაფარიძის ნეშტს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფის წევრები ავთანდილ ძიძიგურის ხელმძღვანელობით. როგორც ჩვენი სასიქადულო მწერალი და მთამსვლელი ლევან გოთუა წერდა: "უშბამ პირველად დააბრუნა თავისი მსხვერპლი".

ალიოშა ჯაფარიძე თბილისში ჩამოასვენეს და ახლანდელი ვერის (მაშინდელი კიროვის) პარკში დაკრძალეს მისივე სახელობის საქართველოს ალპური კლუბის მახლობლად...
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ცხოვრების გზა ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში დაიწყო 1899 წლის 20 თებერვალს. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, გახდა ახლად გახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და... დადგა 1921 წლის საშინელი თებერვალი... სამშობლოს გამყიდველი, გადაგვარებული ქართველები, სხვა მანქურთებთან ერთად, საქართველოს ასაწიოკებლად და დასამონებლად შემოუძღვნენ ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის კაციჭამიათა ბრბოს...

ღირსებისა და სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა სრულიად საქართველო...

დიდებული ქართველი მამულიშვილები: ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, სხვანი და სხვანი ქუდზე კაცს უხმობდნენ სამშობლოს გადასარჩენად...

გულის შემძვრელი იყო ახალგაზრდებისათვის უსაყვარლესი მასწავლებლის, უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის თვალცრემლიანი მიმართვა სტუდენტობისადმი: "შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ" (გაზ. "სახალხო საქმე", 18.02.1921).

რექტორის გულმხურვალე სიტყვამ აღანთო და გაასალკლდევა ქართველი ახალგაზრდების რწმენა, რომ რუსი ბარბაროსებისაგან - "წითელი ჭირისაგან" უთუოდ იხსნიდნენ თავიანთ სამშობლოს...

ამ საყოველთაო მოწოდებას, ბუნებრივია, მამულის სიყვარულით გულანთებული ძმები - სიმონ და ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძეებიც შეუერთდნენ და დაუყოვნებლივ მიაშურეს ფრონტს...
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა თბილისის შემოგარენში... ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა სასაკლაოდ იქცა კოჯორი და ტაბახმელა...

ერთ დღესაც, თბილისში ხმა გავარდა: - კოჯორში ბოლო შეტაკებების დროს მრავალი ახალგაზრდა დაიხოცა, დაღუპულები სატვირთო ავტომანქანებით თბილისში ჩამოჰყავთ, ვერის სასაფლაოზე (ახლანდელი ვერის ბაღი) დაასვენებენ, ყველას აქვს უფლება ამოცნობის შემდეგ თავისი მიცვალებულს უპატრონოს, ხოლო ვისაც ჭირისუფალი არ გამოუჩნდება, მათ საძმო საფლავში ერთად დაკრძალავენო.

დაღუპულ მებრძოლთა ჩამოსვენებისთანავე ენით აუწერელი უბედურება დატრიალდა თბილისში. ვისაც ოჯახის წევრის შესახებ ამბავი ვერ გაეგო, ყველა სასაფლაოს მიაწყდა, იყო მიცვალებულთა ძებნა-ამოცნობა, მოთქმა-გოდება და გულისშემძვრელი გლოვა. მთელი ქალაქი სასაფლაოს მიეჯაჭვა...

მიცვალებულები ახალი ჩამოსვენებულები იყვნენ, ახლო ნათესავმა ჯაფარიძეთა ოჯახში ამბავი მიიტანა - სასაფლაოზე ვიყავი და ერთი მიცვალებული ალიოშას მივამსგავსეო. სახლში ვინღა გაჩერდებოდა...

დაჭრილ-დასახიჩრებულ, დაბინტულ მიცვალებულთა შორის ნახეს ცხედარი, რომელიც თმის ფერით და სახის ოვალით, მართლაც, წააგავდა ალიოშას, მაგრამ ოჯახის წევრებს გამხდარი და სახეშეცვლილი ეჩვენათ, რომელსაც გამონაჟონი სისხლი კეფასა და შუბლზე ჰქონდა შემხმარი. ერთი კი შეყოვნდნენ, მაგრამ საბოლოოდ რომ დარწმუნებულიყვნენ, გადაწყვიტეს, ენახათ სამუდამო დამღა, უტყუარი ნიშანი - ალიოშას წვივის მიდამოში ძაღლის ნაკბენი ემჩნეოდა. მიცვალებულს შარვლის ტოტი აუწიეს და... ზუსტად იმ ადგილას (?!), სადაც ელოდნენ, ძაღლის ნაკბენი ნახეს...


საეჭვო თითქოს აღარაფერი იყო, მიცვალებული სახლში წამოასვენეს... გააპატიოსნეს... წესი აუგეს... 1921 წლის 11 მარტს, სამხედრო ტაძრის გალავანში პატივით დაკრძალეს კოჯრის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე, რის შესახებაც გაზეთით ეცნობა საზოგადოებას...

უმძიმესმა გლოვამ დაისადგურა და ძაძებით შეიმოსა ჯაფარიძეთა ოჯახი, უსაზღვროა მწუხარება... მოხუცი მშობლების ცოდვით იწვოდა ყველა... ნათესავ-მეგობართა და თანამგრძნობთა ნაკადი დაკრძალვის შემდეგაც არ წყდებოდა მოსკოვის ქუჩის შესახვევის #6 სახლში.

მეგობრის ტრაგიკულ დაღუპვას გულწრფელად განიცდიდნენ ალიოშას, სიმონის, ალექსანდრას მეგობრები, მაგრამ განსაკუთრებით დამწუხრებული იყო ალიოშას ერთგული და განუყრელი მეგობარი ნიკოლოზ (კოკი) ჭეიშვილი, რომელიც არ სცილდებოდა "მეგობრის" კუბოს...

დაკრძალვის შემდეგაც, თითქმის ყოველდღე აქაა კოკი, ყოველნაირად ცდილობს დარდი შეუმსუბუქოს ოჯახის წევრებს...

ერთ საღამოს, ჯაფარიძეების ოჯახიდან წამოსული კოკი, შინისაკენ ნელი ნაბიჯით მიემართებოდა (ცხოვრობდა მაშინდელ პაპანინის, ამჟამად სარაჯიშვილის ქუჩაზე) და "ზემელზე", ტრამვაის გაჩერებაზე (ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობის წინ), უეცრად თვალი მოჰკრა ფარაჯიან ნაცნობ სილუეტს, რომელიც სვლაშენელებული ტრამვაის უკანა ვაგონიდან სპორტული სიმსუბუქით ჩამოხტა. კოკი ჭეიშვილმა ფარაჯიანს ერთი კი შეხედა და... თითქოს თვალებიდან აბლაბუდას იცილებსო, ანგარიშმიუცემლად ხელების ქნევა დაიწყო, მოსწყდა ადგილს და უკანმოუხედავად მოკურცხლა, მაგრამ ტრამვაიდან ჩამომხტარი კაცის ნაცნობი ხმა რომ დაეწია გზაში, ადგილზე გაშეშდა, გაოგნებული შემობრუნდა და უახლოესი მეგობრის - ალიოშა ჯაფარიძის გაოცებულ მზერას წააწყდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "მიაბარა მიწას".
- რა იყო ბიჭო, რამ გადაგრია, გიჟივით რომ მოწყდი ადგილიდან?! - ღიმილიანი ხუმრობით მიაგება სიტყვა მეგობარს და გადაეხვია. "დაშოშმინებულმა" კოკიმ დაწვრილებით უამბო ალიოშას მისი "სიკვდილისა" და "სობოროს" გალავანში "პატივით დასაფლავების" შესახებ და დასძინა:
- ახლა თქვენებიდან მოვდივარ, ვერ წარმოიდგენ რა დღეში არიან, მოულოდნელად სახლში რომ მიხვიდე, ჭკუიდან შეიშლებიან, ავბრუნდები, იქნებ როგორმე შევამზადოო.

კოკიმ ალიოშა იქვე, თავის სახლში დატოვა, თავად კი ისევ ჯაფარიძეებთან აბრუნდა "მომზადებული ლეგენდით" და ოჯახს განუცხადა: - ახლახან, თქვენიდან წამოსულს, გზაში კოჯრის ფრონტიდან დაბრუნებული ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელსაც ალიოშას ამბავი რომ მოვუყევი, მითხრა, რამდენიმე დღის წინ ვნახეო. დღეს კოჯრიდან სხვებიც ბევრნი ჩამოსულან, წავალ, იქნებ სხვა ნაცნობებიც ვნახო და რაიმე ახალი გავიგოო.

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს იმედის გაჩენა უიმედო მდგომარეობაში მყოფი დამწუხრებული ადამიანისათვის...

ცოტა ხნის შემდეგ, კოკი ჭეიშვილი კვლავ მიბრუნდა ჯაფარიძეებთან "ახალი ამბებით დატვირთული" და უფრო იმედიანად განაცხადა, რომ ნახა კოჯრიდან დაბრუნებული რამდენიმე პიროვნება, რომელთაც გუშინ თუ გუშინწინ უნახავთ თბილისში წამოსასვლელად გამზადებული ალიოშა და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოჩნდებაო. ამ ამბით გაიხარეს მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, მხოლოდ ალექსანდრა დაეჭვდა და სთხოვა კოკის მისთვისაც ეჩვენებინა "კოჯრიდან დაბრუნებული მეგობრები"; კოკი დაპირდა: - დღეს უკვე გვიანაა, ჩამოსულებს ხვალ შეგახვედრებო. მშვიდობიანი ღამე უსურვა ყველას და შინისკენ გაეშურა. ალიოშას დაწვრილებით უამბო "წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის" შესახებ და 10-15 წუთის შემდეგ, ორივენი უკვე ჯაფარიძეების ოჯახში, გაბედნიერებული მშობლებისა და და-ძმის გარემოცვაში ისმენდნენ გარდასულ დღეთა პერიპეტიებს.

ბედნიერებისა და სიხარულის განცდამ მყისვე დაანგრია მწუხარებისა და გლოვის სამანი...

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ერთი შეხედვით, ეს დაუჯერებელი ამბავი, ჩემმა გამზრდელმა მამიდამ, ლეგენდარულმა მთამსვლელმა ალექსანდრა ჯაფარიძემ მიამბო. მაშინ, როგორც ჩანს, ოჯახის ეს ისტორია მხოლოდ რომანტიკულობით შეფერადებულ მოთხრობად აღვიქვი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ტრადიციული ქართული ოჯახის ზემოთ აღწერილი ისტორიის ტრაგიკულობას ქვეყნის, სამშობლოსა და ხალხის ბედთან დაკავშირებით.

ახლა ეს აღარ გვიკვირს, დღეს ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაშინ ხომ ისე გვასწავლიდნენ, თითქოს, მე-11 არმია იყო ჩვენი ქვეყნის "ნათელი მომავლისა და ბედნიერების მომტანი", რუსეთი კი "ჩვენი უფროსი ძმა". რა გვიყო "უფროსმა ძმამ" ეს ზემოთ აღწერილ ამბავშიც კარგად ჩანს, ხოლო კიდევ როდის და რას მოიმოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, ამის წინასწარმეტყველებას საუკეთესო გულთმისანიც ვერ შესძლებს.

ერთი ოჯახის ეს ტრაგედია, ქვეყნის ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან არავინ იცის ქართველთა რამდენი ოჯახი აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში. განა ალიოშა ჯაფარიძის ნაცვლად დაკრძალული იუნკერი თუ სტუდენტი ბიჭის ოჯახიც იგივე ტკივილს არ განიცდიდა?! ან უფრო მეტსაც, რადგან თავისი ოჯახის წევრის ასავალ-დასავალიც ვერ გაიგეს, მიუხედავად მისი "სობოროს" გალავანში პატივით დაკრძალვისა.

ჩემი მხრივ, არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი 1921 წლის 11 მარტის გაზ. "სოციალ-ფედერალისტის" #15-ში გამოქვეყნებულ ოჯახის განცხადებას, რათა ყველასათვის გასაგები გამხდარიყო, რომ 1921 წლის 11 მარტს, პარასკევ დღეს, სამხედრო ტაძრის გალავანში პატივით დაკრძალეს კოჯრის ბრძოლაში დაღუპული არა ალექსანდრე (ალიოშა) ბიჭიას ძე ჯაფარიძე, არამედ სხვა, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირული უცნობი ჭაბუკი მებრძოლი, რომელსაც, ვინ იცის, იქნებ დღემდე დაეძებენ შთამომავლები და ახლობლები.

თავიანთი გმირი წინაპრის ბედის გასარკვევად, ამ წერილთან ერთად ვაქვეყნებ ჩვენი ოჯახის არქივში შემონახულ, ზემოთ აღწერილი ისტორიის ამსახველ 94 წლის წინანდელ ფოტოს, რომელიც მკითხველისთვის შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო სანახავი იყოს, მაგრამ, იქნებ ამ ფოტოსურათით 1921 წლის თებერვლის ავბედითი დღეების სისასტიკის მსხვერპლი კიდევ ერთი ოჯახის ისტორიაც გაირკვეს და დაზუსტდეს.
სანთელ-საკმეველი ხომ თავის გზას არ კარგავს! წყარო

ივანე ჯაფარიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?