ძველი თბილისის "წითელი ფარნების" კვარტალი და "გაფოლორცებული" ქალები - კვირის პალიტრა

ძველი თბილისის "წითელი ფარნების" კვარტალი და "გაფოლორცებული" ქალები

"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"

ერთ დღეს ყველაფერი ქრება, მის ადგილს კი რაიმე ახალი იმკვიდრებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უძველეს პროფესიას არ ეხება, - ის მუდამ იყო და იქნება. როგორც "სამოსელი პირველში" დომენიკოს ბებია ამბობს, "სულ დავღუპულვართ, თუ დომენიკო ქალებთან არ დადის!"

ძველ თბილისში, მადათოვიდან ავლაბრამდე, 30 ოფიციალური საროსკიპო ყოფილა, როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა, მადათოვის "გლახა ქალებით" დაწყებული, ორთაჭალისა და ავლაბრის ტურფებით დამთავრებული. მადათოვის კუნძულზე შენობებს მდიდარი მრეწველები აშენებდნენ, მათ კი საროსკიპოების პატრონები ქირაობდნენ. ყველაზე მეტი საროსკიპო ორთაჭალაში ყოფილა. ორთაჭალის ერთ-ერთი ტურფა ფიროსმანმაც დახატა (დღეს მილიონებით შეფასებული საწყალი მეძავის ეს გამოსახულება მოსკოვსა და თბილისს შორის დავის საგნად იქცა. - ავტ.).

თბილისური საროსკიპოები საბჭოთა რევოლუციის შემდეგ დაიხურა. მეძავებს გააფთრებით ებრძოდნენ ბოლშევიკი ქალები.

ხელოვნებათმცოდნე-ისტორიკოსი თამარ ესაკია პირველი მეცნიერია, რომელმაც ძველი თბილისის პროსტიტუციის თემა დოკუმენტურად შეისწავლა:

- როცა ჩემს პროფესიასთან ერთად გიდობა გადავწყვიტე, ძველი თბილისის შესწავლა დაწვრილებით მომინდა. ამ თემისკენ ძველმა, სამერცხლეებიანმა სახლმა მიბიძგა. ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს.

1849 წელს ამიერკავკასიაში განლაგებული ჯარების მთავარი შტაბის უფროსი გენერალ ბებუთოვს სწერს, სამხედრო ჰოსპიტალში ბევრი ვენერიული დაავადებით შეპყრობილი სამხედრო შემოდის, ხომ არ ინებებთ, ბრძანება გამოსცეთ და მეძავებზე ფხიზელი ზედამხედველობა დაწესდეს, რათა დასნეულებულები საქალაქო საავადმყოფოში გაიგზავნონო. ბებუთოვმა წერილი თბილისის სამხედრო გუბერნატორს გაუგზავნა. ჩანს, ამ მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. ყოველ შემთხვევაში, უკვე 1901 წელს დღევანდელ უზნაძის ქუჩაზე ამ პროფესიის ქალებისთვის უკვე 130-კაციანი საავადმყოფო იყო. ისინი აქ შემოწმებას გადიოდნენ და სამედიცინო ცნობასაც იღებდნენ. ეს საბუთი ჯანმრთელი ქალებისთვის ერთდროულად ვიზაც იყო და სხვა ქალაქში სამუშაოს დაწყების ნებართვაც. 1901 წელს ამ პროფესიაზე დადგენილებაც გამოიცა - საროსკიპოებში მომუშავე ქალების ასაკი განისაზღვრა 21 წლიდან და ზემოთ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ ქალებზე, რომლებიც საროსკიპოებში დადგენილებამდე ირიცხებოდნენ!

- ანუ პროსტიტუციით თითზე ჩამოსათვლელი ქალები არ იყვნენ დაკავებული...

- მართლაც გავოცდი, როცა მათი სახელების ანბანური საძიებელი აღმოვაჩინე. დაახლოებით 200 ქალის გვარი შემხვდა. მოგვიანებით საროსკიპოების მისამართებიც მოვიძიე. აი, ერთ-ერთი მონაკვეთი: по Элиарвской ул.9; по Элиарвской ул 6; по Элиарвской ул.вд 72 Элиарвской ул.вд 1.

- ერთ ქუჩაზე ამდენი საროსკიპო იყო?

- დიახ. საროსკიპოების მთელი უბანია, ფაქტობრივად, ძველი თბილისის "წითელი ფარნების" კვარტალი.

- ძირითადად, რა ეროვნების იყვნენ?

- უფრო მეტად სლავები, თუმცა იყვნენ ქართველებიც. მაგალითად, ერთ სიაში ოთხი ქალიდან ერთი ქართველია: больницы проститутку изъ доматерпимости: Пелагею Курочкинуa, ВарваруРольчикову, МарiюГварамадзе, ЕленуМараеву…

საროსკიპოები რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა დაიხურა. მერე რა დაემართათ ამ ქალებს, როგორ განაგრძეს ცხოვრება? ბევრს, ეტყობა, გაჭირვებამ აიძულა მეძაობა. მაგალითად, სიაში ვკითხულობთ: женаТифлискаго мещанина ამ ქალების ცხოვრებამ ძალიან დამაინტერესა და კვლევას აუცილებლად გავაგრძელებ.

იხილეთ ასევე: "მე ერთი თბილისელი გოგო ვარ..." - რეპორტაჟი არალეგალური "წითელი ფარნების" უბნებიდან

ეთერ ერაძე