ომარ ფხაკაძეც უარზე იყო, მაგრამ საქმეში თურმე ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია - ხარება, გოგია და ქართული სპორტის გიგანტები
04-03-2018
ომარ ფხაკაძეც უარზე იყო, მაგრამ საქმეში თურმე ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია - ხარება, გოგია  და ქართული სპორტის გიგანტები
ალბათ, ყველას გვინახავს მხატვრული ფილმი ტყის ძმებზე - გიორგი შენგელაიას "ხარება და გოგია". მთავარ როლებს სახელოვანი სპორტსმენები ასრულებენ: გოგია კენკიშვილს - ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, ხარება ჯიბუტს - ველოსპორტში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი ომარ ფხაკაძე.

1965 წელს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში ველომრბოლთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ომარმა საფრანგეთის სიამაყე, საპატიო ლეგიონის
ორდენის კავალერი დანიელ მორელონი (ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერაში ოლიმპიური თამაშების ხუთი (სამი ოქროსი) და მსოფლიოს ჩემპიონატების 16 (რვა ოქროსი) მედალი მოიპოვა) დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ტურინის სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ეს იყო საბჭოთა ველოსპორტის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, რადგან მანამდე ამგვარ სიმაღლეს არავინ
შესწვდენია. ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი და ფრანგი სპრინტერების ჰეგემონია დაამხო. იმავე წელს ჟურნალისტებმა ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის #1 სპორტსმენად დაასახელეს.

თუმცა, ქართველ ველოსიპედისტს ყველაზე დიდი აღიარება ესპანეთშივე ერგო: 10 სექტემბერს, როცა სან-სებასტიანში მან ფინალური შეხვედრა მოიგო, მისგან ძლეულ იტალიელს სამშობლოდან აცნობეს, ვაჟიშვილი შეგეძინაო. ტურინი ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის დამფასებელი - თავის ახალშობილ ყრმას ომარი დაარქვა...

ბატონ ომარ ფხაკაძეზე სხვა დროს მოგითხრობთ. ახლა კი "ხარება და გოგიას" გვინდა მივუბრუნდეთ და მის ერთ-ერთ მთავარ გმირს - ლევან თედიაშვილს, რომელსაც 15 მარტს 70 წელი შეუსრულდება.

1987 წელს სახელოვანმა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტყის ძმებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენების მიწვევა გადაწყვიტა. დასაყოლიებლად კაკაბეთში ჩააკითხა ლევან თედიაშვილს - 6.000 მანეთს მოგცემო ჰონორარს. იმ დროისთვის ეს ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს - ა, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო.

ვერ ეტყო თუ რა - პირდაპირი და პირში მთქმელი კაცია ბატონი ლევანი და ყოველთვის იმას ამბობს და აკეთებს, რასაც ფიქრობს. ომარ ფხაკაძეც არ იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია და... მოგვიანებით გიორგი შენგელაია იტყვის, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო.

ფილმში ხარებას ძმის - სიმონას როლს ანსახიერებს ცნობილი მწერალი, მრავალი პრემიის ლაურეატი, სპორტული ჟურნალისტი ნუგზარ შატაიძე, რომელიც, სამწუხაროდ, 64 წლისა გარდაიცვალა. გასული საუკუნის 80-იან წლებში იგი გაზეთ "ლელოში" მუშაობდა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ხშირად ყვებოდა ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, განსაკუთრებით ლევან თედიაშვილის ოინებს იხსენებდა.


ზოგი რამ მან ლეგენდარული ფალავნისადმი მიძღვნილ ნარკვევშიც გამოიყენა. გადაღებებისას ჩვენ ერთგვარად შებოჭილები ვიყავით, ლევანი კი, მუდამ ღიმილიანი და ოხუნჯობის ხასიათზე მყოფი, თავს ისე გრძნობდა, თითქოს მთელი ცხოვრება სცენაზე გაეტარებინოსო, ამბობდა.

არც გაგვკვირვებია, რადგან ლევან თედიაშვილის ხალიჩაზე თითოელი გასვლა ხომ ერთ წარმოდგენად ღირდა: მხრებგაშლილი, შუბლგახსნილი და ღიმილიანი ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეს, ზოგს კი კატათაგვობანას ეთამაშებოდა ორთაბრძოლისას. მისმა ღიმილმა ბევრ სახელოვან ფალავანს გამოაცალა ფეხქვეშ საყრდენი...

ისევ გამექცა კალამი... მოდით, სულმნათ ნუგზარ შატაიძის მონათხრობს მივადევნოთ თვალი - ბატონი ლევანი გადაღებების შემდეგ ქეიფისთვის ყოველთვის პოულობდაო საბაბს:

"თეთრ "ნივაში" ვსხდებით და ქვემოთ მივჯაყჯაყებთ. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: აბრაგთაგან ცოცხალი მხოლოდ უტრუხუნე გადარჩა, რომელმაც ძმადნაფიცების სისხლი აიღო - ხარება, გოგია და მათი "ტყის საძმო"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები