ნინოს დახვრეტის ოქმს ხელი სტალინმა მოაწერა - რატომ დახვრიტეს კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

ნინოს დახვრეტის ოქმს ხელი სტალინმა მოაწერა - რატომ დახვრიტეს კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი?

"ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყო და არც ლავრენტი ბერიას გამორჩენია ეს. ერთხელ, როცა ბებია მეუღლესთან ერთად მატარებლით მგზავრობდა, მასთან არშიყიც კი უცდია, თუმცა საკადრისი პასუხიც მიუღია..."

1921 წლის თებერვალმა დაასრულა დამოუკიდებლობის ხანა და საქართველოში ბოლშევიკების უსასრულო რეპრესიები დაიწყო. 1932 წელს კალისტრატე ცინცაძე წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აირჩია. ამბროსი ხელაიას მსგავსად, არც პატრიარქი კალისტრატე ეპუებოდა რუსულ ჩექმას და მათ მიმართ განწყობას არ მალავდა. თავის მხრივ, არც სტალინი ღალატობდა ჩვეულებას... ასე აღმოჩნდა კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი დახვრეტილთა გრძელ სიაში...

პატრიარქის გერმანელი მეუღლე

კალისტრატე ცინცაძემ უკრაინაში გაიცნო მომავალი მეუღლე, გერმანელი ოტილია ტომასი. საქართველოში ლუთერან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ სამი მოგვიანებით გარდაიცვალა... კალისტრატე დეკანოზი გახდა და ოჯახი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა...

უპასუხო კითხვა: რატომ?!

კალისტრატეს დახვრეტილი ქალიშვილის, ნინო ცინცაძის შვილიშვილი ნინო ყარალაშვილი იხსენებს:

- ბებიაჩემი ართანელი თავადის, შოთა ყარალაშვილის მეუღლე გახლდათ. 1924 წელს, ერთ ღამეში, პაპაჩემის ოჯახი თავისი სტუმრებიანად ბოლშევიკებმა იმსხვერპლეს. პაპასა და ბებიას ორი ვაჟი ჰყავდათ. პაპა აბასთუმანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. გვაქვს ბებიას წერილი, სადაც მამას, პატრიარქ კალისტრატეს აბასთუმანში ჩასვლას სთხოვს - შოთა ძალიან ცუდადაა, ზიარება უნდა, ჩამოდი და წმინდა ნაწილები ჩამოიტანეო... დაქვრივებულმა ბებიამ მუშაობა ბაქტერიოფაგში დაიწყო, მეცნიერ გიორგი ელიავასთან (მოგვიანებით, გიორგი ელიავას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 10 ივლისს, გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს, მათი ერთადერთი ქალიშვილი კი შუა აზიაში გადაასახლეს).

ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყო და არც ლავრენტი ბერიას გამორჩენია მისი სილამაზე. ერთხელ, როცა ბებია მეუღლესთან ერთად მატარებლით მგზავრობდა, მასთან არშიყიც კი უცდია, თუმცა შოთა ყარალაშვილისგან საკადრისი პასუხიც მიუღია... ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ერთ დღეს, ნინო სახლში აღელვებული მისულა და დედისთვის უთქვამს, ისეთი წინათგრძნობა მაქვს, უთუოდ ჩემს წასაყვანად მოვლენო. მაშინ, მისი უფროსი, გიორგი ელიავა უკვე დაპატიმრებული იყო...

ნინო ცინცაძის დახვრეტის მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო, გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ, დაზუსტებით არავინ იცის... ნინოს დამოუკიდებელი ქვეყნის სიყვარულის მაგალითს მამა აძლევდა. როცა ე.წ. ტროიკის სისასტიკემ მთელი ქვეყანა მოიცვა, კალისტრატემ დაუფარავად იქადაგა: "დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა ქართული ეკლესიის სხეულს, წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია მართლმადიდებელი აღსარების უწყების განყოფილებად, ხოლო ადგილობრივი მათი თანამშრომლები, ეპისკოპოზნი და მღვდელნი ვეღარ ახერხებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, მართლის დამტკიცებას..."

ბებიაც ამ ღირებულებებით გაიზარდა. ჰოდა, 1937 წლის ზაფხულის ერთ საღამოს ჩეკისტებმა მოაკითხეს...

წერილები სტალინს...

კათალიკოსის არაერთი ცდა, გაერკვია ქალიშვილის ბედი, უშედეგოდ დამთავრდა. კალისტრატე წერილებს სწერდა მთავრობას, პირადად სტალინს, სურდა მასთან შეხვედრა, ითხოვდა პასუხს... როგორც სასულიერო პირი, დელიკატურად კითხულობდა, როგორ მოეხსენიებინა ლოცვებში - როგორც ცოცხალი თუ როგორც გარდაცვლილი, მაგრამ კითხვა წლების მანძილზე უპასუხოდ რჩებოდა.

რეაბილიტაციის ცნობით გაირკვა, რომ ნინო ცინცაძის დახვრეტის ოქმს ხელი სტალინმა მოაწერა. დაპატიმრებიდან ოთხ თვეში დაუხვრეტიათ. ოჯახში არასოდეს ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. კალისტრატეს - არა, მაგრამ მის ცოლ-შვილს ძალიან ეშინოდა კომუნისტების სისასტიკის. უკვე დიდი ვიყავი, რომ მამამ, როგორც ნინო ცინცაძის მოსახელეს, ბებიაჩემის ნაქონი ოქროს ჯვარი და ქორწინების რგოლი მისახსოვრა. მისი ნაქონი "ვეფხისტყაოსანიც" გვაქვს...

კალისტრატე მხოლოდ თავისი შვილების მამა არ ყოფილა, ის საქართველოს სულიერი მამა იყო. მან აჯობა თავს და წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენა. საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი არმიისთვის მრევლში ფული შეკრიბა და კალისტრატემ სტალინისგან სამადლობელი წერილიც მიიღო. ამ ფულით გადაიხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის, სიონის, ქაშუეთის გადარჩენის საფასური...

ბოლშევიკებისთვის მიუღებელი იყო ის წრე, რომელსაც კალისტრატე, ნინო, გიორგი ელიავა და სხვები ეკუთვნოდნენ. მათ ეშინოდათ განათლებული, პრინციპული ადამიანების, რადგან მათ ვერასოდეს ჩააყენებდნენ საბჭოთა ქვეყნის სამსახურში..."

რეაბილიტაციის ცნობა კომუნისტურად!..

ნიშნავდა თუ არა რეაბილიტაცია მობოდიშებას? ან ვიღას სჭირდებოდა მათი ბოდიში? გიორგი ელიავას დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ანტისაბჭოთა განწყობით გამორჩეულთა გრძელ სიაში ნინო ცინცაძე 32-ე იყო, როგორც საფრანგეთის დაზვერვის აგენტი. ის 1937 წლის 10 აგვისტოს დააპატიმრეს და 9 დეკემბერს გაასამართლეს 58-1-ა, 58-6, 58-11 მუხლებით, რაც შპიონაჟს, ანტისაბჭოთა განწყობასა და ხალხის მტრობას გულისხმობდა. სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 13 მაისის განჩინებით მისი რეაბილიტაცია მოხდა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე შეწყდა... საუკუნის შემდეგაც უპასუხოდ რჩება კითხვა: რისთვის დასაჯეს ნინო ცინცაძე - კალისტრატეს სიმტკიცისთვის, ბერიას განაწყენებისთვის თუ ელიავას ერთგულებისთვის?!

თორნიკე ყაჯრიშვილი