"ყაენს ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი - თამარ" - შაჰ აბასის სისუსტე ქართველი ქალები - კვირის პალიტრა

"ყაენს ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი - თამარ" - შაჰ აბასის სისუსტე ქართველი ქალები

ირანში დიდ პატივად ითვლებოდა ქართველი ქალის ცოლად ყოლა

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა. ჰარამხანას დასაჭურისებული მონები იცავდნენ. პირველად კასტრაცია (ანუ სასქესო ორგანოს მოკვეთა) ძველ ასურეთში შემოიღეს, მერე - ირანშიც, ამის შემდეგ კი ანატოლიიდან, სირიიდან საბერძნეთსა და რომშიც კი გავრცელდა. თავდაპირველად ჰარამხანებს თეთრკანიანი საჭურისები იცავდნენ, მაგრამ გამოცდილებამ უჩვენა, რომ თეთრკანიანი ბიჭები გაცილებით რთულად იტანდნენ ამ ოპერაციას და მათი უმრავლესობა, კასტრაციის შედეგად, მალევე იღუპებოდა. ამ მხრივ შავკანიანები გაცილებით გამძლენი აღმოჩნდნენ.

ყველაზე ცნობილი - ოტომან სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა, მათ არ ჩამორჩებოდნენ აბასიდებისა და სელჩუკების "ბედნიერების სახლებიც".

თავდაპირველად ჰარამხანაში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი დიდგვაროვნებს ირთავდნენ. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ჰარამხანის ბინადრებზეც დაიწყეს ქორწინება. მას შემდეგ, რაც ჰარამხანაში მონების ცოლად მოყვანის ტრადიცია დამკვიდრდა, უპირატესობით ქართველი და ჩერქეზი ქალები სარგებლობდნენ. საერთოდ, კავკასიელი გოგონები მთელ აღმოსავლეთში განთქმულნი იყვნენ სილამაზით. ამიტომაც ჰარამხანები ძირითადად მათ ხარჯზე ივსებოდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც შაჰ აბას პირველის ჰარამხანა ყოფილა, რომელშიც ხუთასამდე ქალი ბინადრობდა. მათგან უმრავლესობას კავკასიელები შეადგენდნენ, ამ კავკასიელ ლამაზმანთა შორის კი ქართველები ჭარბობდნენ.

ქართველი მეფეები, ისევე როგორც შირვანისა და სომხეთის გამგებლები, შაჰს ყოველწლიურად უგზავნიდნენ გარკვეული რაოდენობის ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს, რომელთაგან 3-4 მეფური შთამომავლობის წარმომადგენელი მისი კანონიერი მეუღლე ხდებოდა; დანარჩენთაგან რჩეულებს, მისი გემოვნებით, ჰარამხანაში ტოვებდა, ნაწილს კი თავის სარდლებს უგზავნიდა.

ქართველ ქალებს ირანში ძალიან აფასებდნენ. ისინი მოსწონდათ არა მხოლოდ გარეგნული სილამაზით, არამედ - ჭკუით, სიდარბაისლითა და სათნოებითაც. უნდა ითქვას, რომ ირანში დიდ პატივად ითვლებოდა ქართველი ქალის ცოლად ყოლა. შაჰის სამეფო კარსაც თუ გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით: შაჰ აბასის უფროს ძმას, ჰამზა-მირზას ცოლთაგან ორი ქართველი გახლდათ. ისქანდერ მუნში იუწყებოდა: შაჰ ხოდაბანდემ მოსთხოვა სიმონ ქართლის მეფესა და ალექსანდრე კახეთის მეფეს, რომ თავიანთი ქალები გაეგზავნათ ჰამზა-მირზასთვისო.

ქართველი ქალებისთვის მძიმე იყო მუსლიმანურ გარემოცვაში, თან ჰარამხანაში ცხოვრება, მაგრამ რას გახდებობდნენ?! მათი უმრავლესობა ცდილობდა, მალულად შეენარჩუნებინა ქართული ადათ-წესი და ქრისტიანული რწმენა. ერთხელ შაჰ მირზა ავად გამხდარა. მის მეუღლეს, კახეთის მეფე ალექსანდრეს ასულს ჯვარი უჩვენებია მისთვის და უთქვამს: თუ მფარველობას სთხოვ, განიკურნებიო. ამის შესახებ შაჰ აბასის კარზე პორტუგალიის ელჩი ანტონიო გოვეა წერს. მოგვიანებით, კერძოდ - 1586 წელს, როდესაც ტახტის მემკვიდრე ჰამზა-მირზა მოკლეს, ანტონიო გოვეამ ისევ დაწერა: შაჰ აბასმა მითხრა: ჰამზა-მირზა იმიტომ მოკლეს, რომ ქრისტიანებს დიდი სიმპათიითა და სიყვარულით ექცეოდაო. თუმცა კი, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით იმასაც ამბობდნენ, ჰამზა-მირზას მკვლელობაში მის ძმას, აბას-მირზას ხელი ერიაო.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასდროს ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ კავკასიელები, როგორც შაბ აბასის მმართველობისას. ცნობილია ისიც, რომ შაჰის სისუსტე ქართველი ქალები ყოფილა. მის ჰარამხანაში ირანელი ქალები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ცოლებად მრისხანე შაჰს ქართველი, ჩერქეზი ან რუსი დიდგვაროვნები ჰყავდა.

ევროპული წყაროები სიმონ მეფეს ხშირად შაჰ აბას პირველის სიმამრად იხსენიებენ. შაჰის ცოლი იყო ლუარსაბ ქართლის მეფის და ელენეც (ზოგი წყაროს მიხედვით, მისი სახელია ლელა). ის 1623 წელს შაჰმა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს დაუთმო, რადგან შიშობდა, მის მიერ ლუარსაბის ვერაგულად მოკვლის გამო, დას შური არ ეძია.

შაჰ აბასი შესანიშნავად მეტყველებდა ქართულად. მან ეს ენა ბავშვობაში ისწავლა, სწორედ მაშინ, როდესაც ჰარამხანაში იზრდებოდა, სადაც ქართული ძალიან ხშირად ისმოდა. შემდგომ ირანის მბრძანებელი ამ ცოდნას საჭიროებისდა მიხედვით იყენებდა. გაგრძელება