"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე" - ივანე ჯავახიშვილის დიდი სიყვარული
"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე" - ივანე ჯავახიშვილის დიდი სიყვარული
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მე­უღლეს უძღვნიდა

111 წლის წინ, ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილმა ოჯახი შექმნა. ამბობდნენ, დაოჯახება მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, ქალის გაცნობისთანავე აზრი შეიცვალაო.

1905 წლის ზაფხული იდგა. სწორედ ამ დროს გაიცნო ივანე ჯავახიშვილმა მუსიკით გატაცებული 22 წლის ქალიშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. მისმა ღიმილმა, ცეკვამ და ვიოლინოზე შესრულებულმა მელოდიებმა ივანე მაშინვე მოხიბლა. იმ პერიოდში ანასტასია ერთ-ერთ პირველ მევიოლინე ქალად ითვლებო
და და ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი დიდი იყო. კონსერვატორია პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული. მის პედაგოგებს შორის იყო მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ნიკოლო პაგანინი.

ივანე სულგანაბული იჯდა და უსმენდა. ისტორიკოსი მუსიკოსით მალე მოიხიბლა და 30 წლის ივანე ჯავახიშვილმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა. თუმცა, როგორც
მისი მეგობრის ერთ-ერთი წერილიდან დასტურდება, დაოჯახება მის გეგმებში არ შედიოდა. 1905 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ივანე ნიჟარაძის წერილში ვკითხულობთ:

"საყვარელო ძმაო ვანო! როგორ უნდა გამოვთქვა ჩემი სიხარული! რა სიტყვებით უნდა აღვწერო ჩემი აღტაცება?! ვანო, შენ ცოლს ირთავ! ნუთუ?! ღმერთო... შენ, რომელიც ცოლობის შესახებ სხვა აზრისა იყავი, ვერც კი ჩამოხველ საქართველოში და უკვე ცოლის შერთვა დააპირე! რა მოხდა მაგისთანა ან რათ დაივიწყე შენი მოსიყვარულე მეგობრები და არ შეატყობინე ეს ფრიად სასიხარულო და სასიამოვნო ამბავი?! მიკვირს, რადგან არ ველოდი, რომ ცოლს ირთავ. მიხარიან, ძალიან მიხარიან, რომ კარგ ქალიშვილს ირთავ და ახალ ცხოვრებას შეუდექი".

წყვილმა ჯვარი 1906 წლის 30 ოქტომბერს დაიწერა. თბილისში, კალინინის ქუჩაზე დასახლდნენ, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს. მანამდე ეს სახლი ანასტასიას მამიდას, ცნობილ ქველმოქმედ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს ეკუთვნოდა და ანდერძით დაუტოვა ძმისშვილს. აღსანიშნავია ისიც, რომ შემდეგში ამ ქალბატონმა უნივერსიტეტის მშენებლობაში სხვებთან ერთად, საკმაოდ დიდი თანხა გაიღო.
წყვილს სამი შვილი შეეძინა: ნათელა, კახა და ალექსანდრე. მას შემდეგ ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მე­უღლეს უძღვნიდა, რომელსაც ასე ეძახდა - სტაზია, ის კი ქმარს ვანიკოთი მოიხსენიებდა.

ორად გაყოფილი აზრი
წარსულში, როცა არც ინტერნეტი გვქონდა და არც მობილური ტელეფონები, ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება წერილები იყო. როცა ადამიანი წარმატებული და ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ, ინტერესს არა მხოლოდ მათი ნაშრომები, წიგნები და ღვაწლი იწვევდა, არამედ პირადი არქივიც და ზოგჯერ ის ხდებოდა საჯარო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მიზეზით არაერთ უაღრესად ინტიმური შინაარსის ფურცლებს "გამოუღწევია" ბევრი წყვილის განჯინიდან ან გულის ჯიბიდან. შეიძლება, ამ წერილების ადრესატების ნაწილი ამის წინააღმდეგი ყოფილიყო, ზოგიც პირიქით - მოხარული, ადამიანი ხომ ათასგვარია... ფაქტი ისაა, რომ ოჯახის წევრებისა და შთამომავლების გადაწყვეტილებით, მრავალი ასეთი ბარათი გამხდარა ხელმისაწვდომი; არიან ისეთებიც, ვისაც სიცოცხლეშივე, თავისი სურვილით გადაუცია "ისტორიისთვის" ან დასაბეჭდად თავისი "გულის ისტორია".
უნდა იყოს თუ არა ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის პირადი მიმოწერა საჯარო, ამ თემაზე სხვადასხვა არგუმენტის დართვით, აზრი ორად იყოფა. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მაინც დიდი ინტერესით კითხულობს იმ ფრაზებს, რომელიც ოდესღაც, ორმა შეყვარებულმა ადამიანმა ერთმანეთს მისწერა.

წერილები
სასიყვარული წერილებიდან ამო­ნარიდები გვხვდება სტატიებში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც ბევრი ხელოვანის, მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცული. მათ შორის არის ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილებიც. ჯვრისწერამდე ერთი თვით ადრე, 1906 წელს ივანე ანასტასიას პეტერბურგიდან სწერდა:

"ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!
ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!.. როგორა ხარ, ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ახლა რომ მანდ მამყოფა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...
მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკბოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე-მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება. ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ... მე სულ იმის ფიქრში ვარ, თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო".

შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მხოლოდ შეუღლებამდე ან დაოჯახების პირველ ხანებში იყო ამ წყვილის წერილები ასეთი სიყვარულით სავსე, თუმცა, ბარათები "ამბობენ", რომ ეს მუხტი მათ მაშინაც ჰქონდათ შენარჩუნებული, როცა უკვე სამი შვილი ჰყავდათ. როგორც ჩანს, ქალს მეუღლესავით არ ეხერხებოდა საკუთარ გრძნობებზე ღიად და მრავალფეროვნად საუბარი და ამას ის ფრაზებიც მოწმობს, რომელსაც ის 1916 წელს პეტერბურგში მყოფ ქმარს წერს:

"ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო, ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება. შენ კი, ოჰ, ვანიკო, თითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არის და შედარებანი შესანიშნავი!
ვანიკო, ლამაზო და ნაზო, ტკბილო ჩემო ქმარიკო, მე წუხელის მთელი ღამე (ორი საათის გარდა!) არა მძინებია, სულ შენზე ვოცნებობდი, სულ თვალწინ მყავდი, შენი წერილის სიტყვები მეყურებოდა, მხოლოდ შენ თვითონ მაკლდი, გვერდით არა მყავდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, ისე ძნელია, როცა ასე ვართ მოშორებული ერთმანეთს!" გაგრძელება

იხილეთ ასევე: ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილი ვიოლინოებს აკეთებს

ანა კალანდაძე
ლარა
26 მარტი 2018 21:40
გეთანხმებით, პირველი წერილი წავიკითხე და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ეს ხომ ძალიან პირადია და მხოლოდ და მხოლოდ მათია.
მანანა
15 მარტი 2018 02:00
უკაცრავად რომელი ნიკოლო პაგანინი იყო ანასტასიას პედაგოგი
nino
13 მარტი 2018 15:19
სხვისი წერილების წაკიტხვას მაინც მოსაწონ საქციელად არ ვტვლი რა ეპოქისაც არ უნდაიყოს ტიტქოს სხვის სულსჰი ვაპატურებ ხელებს





რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები