ქაქუცა ჩოლოყაშვილი და დმანისელი გლეხების თავგანწირვა - კვირის პალიტრა

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და დმანისელი გლეხების თავგანწირვა

რამ გადაარჩინა საქართველო? ალბათ, იმან, რომ ჩვენში ბევრი ქვეყნისთვის თავგანწირული გმირი იბადებოდა. მათ შორის არიან დმანისელი გლეხები ისაკ ოქრიაშვილი და ალექსი ბიძინაშვილი, რომელთა შესახებ დმანისელმა ჟურნალისტმა მიხეილ ოქრიაშვილმა მოგვწერა. სწორედ მათ გაუპარებიათ ბოლშევიკებისაგან დევნილი ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი საზღვარზე.

- ქაქუცას დროს დმანისის რაიონში მხოლოდ ხუთი ქართული სოფელი იყო. სწორედ ერთ-ერთში, მიჯაში ცხოვრობდნენ ალექსი ბიძინაშვილი და პაპაჩემი ისაკ ოქრიაშვილი. სოფლის მოსახლეობას ხშირად უხდებოდა ბრძოლა ბორჩალოელ თათრებთან მიწის გამო. ერთხელ მიწის მიტაცებით გამწარებული პაპა ვაჟა-ფშაველასაც შეხვედრია, გვიშველე რამეო. მეც მაქვს წაკითხული ვაჟას ნაწერები, სადაც წერს, უღმერთობაა, რომ ქართული მიწები ბორჩალოელ თათრებზე იყიდებაო. ერთხელაც პაპაჩემი ისე გამწარებულა, გუთანი გაუმართავს, სოფლისთვის ხნული შემოუვლია და თათრებისთვის უთქვამს, ყველას დაგხოცავთ, ვინც ამ ხნულს გადმოსცდებაო.

ქაქუცას საქართველოდან გაპარების ამბავი ალექსი ბიძინაშვილის ქალიშვილ ელენესგან გავიგე. ის დღესაც ცოცხალია. ქაქუცა ჯერ სოფელ რატევანში ამოსულა ქორწილში, მერე კი მიჯაში წამოუყვანია სანდო ხალხს. ამ დროს გაუცნია ალექსი და პაპაჩემი. მერე კი, როგორც ჩანს, მოილაპარაკეს და პროკლამაციების გავრცელების თავისებური ხერხი მოიფიქრეს - ქაქუცა ვითომ მეგუთნე იყო, ხარი ამოჰყავდა სოფელში ვითომ მიწის განვადებით მოსახნავად, სინამდვილეში კი პროკლამაციები ამოჰქონდა და ისაკისა და ალექსის დახმარებით არიგებდა. საზღვარზე გადასვლაშიც ისინი დახმარებიან. დმანისიდან თურქეთის საზღვრამდე ცხენებით ღამით წასულან. მერე პაპას და ალექსის ბათუმში ცხენები გაუყიდიათ, არავინ მიგვიხვდეს, რა გავაკეთეთო.

- ალბათ, გულდაწყვეტით და შიშით გააცილეს ქაქუცა...

- რომ შეშინებოდათ, არც გააცილებდნენ. თავგანწირულ კაცს სიმამაცე მეტი აქვს, ვიდრე შიში. როგორც ქაქუცა, ალბათ, ესენიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ის დაბრუნდებოდა და ქვეყანაც გათავისუფლდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ეთერ ერაძე