"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს? - კვირის პალიტრა

"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

ფოტოგალერეა

ხრუშჩოვისეული რეპრესიები შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს და სამხედრო პირებს, არამედ ხელოვნების სფეროს მუშაკებსაც - პირადად ავტორებს, მათი ნაწარმოებების ჩათვლით. ამის დადასტურებაა ალექსანდრე ფადეევის (1893-1956) და მიხეილ გელოვანის (1893-1956) ტრაგიკული ბედი.

ცნობილმა პროზაიკოსმა, სსრკ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ფადეევმა და სსრკ სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა, რომელმაც იოსებ სტალინის სახე კინოხელოვნებაში განასახიერა, ორივემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1953 წლის 5 მარტის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი ამფსონების მიერ ფადეევისა და გელოვანის წინააღმდეგ იეზუიტური დევნა დაიწყო, რომელიც აუტანელი გახდა...

ალექსანდრე ფადეევმა თავი პერედელკინოში - მწერალთა აგარაკზე მოიკლა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში იგი ხელისუფლებას მიმართავდა: "მე ვეღარ ვხედავ ჩემი სიცოცხლის აზრს, რადგან რასაც ვემსახურებოდი, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე, ქვეყნის უგუნურმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათალა. ლიტერატურა ხელში ბიუროკრატებს ჩაუვარდათ. მათგან უფრო ცუდია მოსალოდნელი, ვიდრე ლავრენტი ბერიამ გააკეთა. იგი განათლებული მაინც იყო, ესენი კი სრულიად უმეცრები არიან. მინდოდა სიმართლე მეთქვა ხელისუფლებისათვის, მაგრამ არ დამიჯერეს. ჩემმა სიცოცხლემ, ამდენი სიცრუის, დაუმსახურებელი კრიტიკის ცილისწამების გამო, აზრი დაკარგა. აღარ მსურს ასეთი გაუბედურებული ყოფა, მივდივარ ამ ცხოვრებიდან".

საინტერესოა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრე ფადეევი ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა, მაგრამ საუბარი ვერ აეწყო: პარტიის ლიდერი ქედმაღლურად ითხოვდა მწერლისაგან "სტალინიზმის შედეგებისა და რეციდივების" აღმოფხვრას, ნაწარმოებებში ცვლილებების შეტანას. ალექსანდრე ფადეევმა თურმე ვერ მოითმინა და ნიკიტა ხრუშჩოვს ტროცკისტობა შეახსენა... შეხვედრა მძიმე გამოდგა და შედეგებმაც არ დააყოვნა. აშკარაა, რომ მწერალმა თავისი თვითმკვლელობით, 1956 წლის 13 მაისს, წინასწარ განახორციელა ის მოქმედება, რასაც მას უშიშროების უწყების თანამშრომლები გაუკეთებდნენ.

იგივე ბედი ეწია მიხეილ გელოვანსაც - სსრ კავშირის სახალხო არტისტს, სტალინური პრემიების ლაურეატს, საბჭოთა კინომაყურებლების საყვარელ ადამიანს.

მიხეილ გელოვანი 1893 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ლასურიაში დაიბადა. ის ლეჩხუმელი თავადების შთამოამავლი გახლდათ.

მან თავი ბელადის დაბადების დღეს - 1956 წლის 21 დეკემბერს მოიკლა.

მიხეილ გელოვანი კინემატოგრაფს უკვე 1953 წლის გაზაფხულზე ჩამოაშორეს. უფრო მეტიც - მსახიობი იოსებ სტალინის ცხედართან საპატიო ყარაულშიც კი არ დაუშვეს: როცა იგი კუბოსთან დადგა, მასთან სამოქალაქო პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ მისი სახელი საპატიო ყარაულის სიიდან ამოშლილია. მსახიობს მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულებულია.

1953 წლის მარტის შემდეგ მიხეილ გელოვანმა სმა დაიწყო. როცა დათვრებოდა, ხშირად რეკავდა ტელეფონით მოსკოვის ცნობილ "ელისეევის გასტრონომში" და ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის ცნობილი ხმით აცხადებდა: "სტალინი გელაპარაკებათ. იცოდეთ, მე ცოცხალი ვარ და მუდამ ვიცოცხლებ". შემდეგ კი პროდუქტებს ითხოვდა. რასაკვირველია, მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ პარტიის ცეკას თანამშრომლებმა, რომლებიც კინოსა და თეატრს კურირებდნენ, ცირკულიარები დააგზავნეს, მიხეილ გელოვანი ფსიქიურ ავადმყოფად შერაცხეს და მასთან თანამშრომლობა აკრძალეს. 1956 წლის თებერვლიდან კი დაიწყო კადრების მასობრივი ამოჭრები კინოფილმებიდან, სადაც მსახიობი იოსებ სტალინის როლს ასრულებდა.

მოკლე ნეკროლოგი მიხეილ გელოვანის გარდაცვალების შესახებ მოსკოვის მხოლოდ ერთ გაზეთში - "ვეჩერნი მოსკვა"-ში გამოქვეყნდა, სამაგიეროდ ჩინეთისა და ალბანეთის ცენტრალურმა გაზეთებმა მისი გარდაცვალების ფაქტს პირველი გვერდები დაუთმეს. როგორც ცნობილია, სსრ კავშირის ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან მე-20 ყრილობის შემდეგ სწრაფად გაუარესდა.

მიხეილ გელოვანმა იოსებ სტალინის როლი პირველად 1936 წელს შეასრულა - თბილისის თეატრის სცენაზე შალვა დადიანის სპექტაკლში "ნაპერწკლიდან ალი აინთება". მაყურებელმაც და კრიტიკოსებმაც აღნიშნეს მისი საოცარი მსგავსება იოსებ სტალინთან. მან მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა: "თოფიანი კაცი", "ვალერი ჩკალოვი", "ვიბორგის მხარე", "ბერლინის დაცემა"...

ცხოვრებაში მიხეილ გელოვანი მოკრძალებული კაცი იყო. ომის დასრულებამდე მოსკოვის გარეუბანში, ერთოთახიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. 1947 წელს რეჟისორ მიხეილ ჭიაურელისა და მომღერალ მარკ ბერნესის დახმარებით მსახიობს ოროთახიანი ბინა მისცეს. მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მსოფლიო პოპულარობამ მიხეილ გელოვანში "განდიდების მანიის" პროვოცირება გამოიწვია (ფილმებს მისი მონაწილეობით დართული ჰქონდა სუბტიტრები მოკავშირე რესპუბლიკების ყველა და მსოფლიოს 15 ენაზე, მათ შორის ჩინურად, კორეულად და ალბანურად). მაგალითად, 1947 წელს, მოსკოვის დიდ თეატრში ვანო მურადელის ოპერის "დიდი მეგობრობის" სცენებში გამოსვლის შემდეგ, გრიმში და გენერალისიმუსის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გელოვან-სტალინი თეატრის ბუფეტში მიდიოდა და "სტალინური ჩიბუხით" უთითებდა მებუფეტეებს, თუ რომელი პროდუქტები სურდა. შეშინებული ქალები აკანკალებული ხელებით ალაგებდნენ ყუთში ყველაფერს, რასაც მიხეილ გელოვანი აჩვენებდა. ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა.

ხმები იმის შესახებ, რომ "სტალინი" დიდი თეატრის ბუფეტებში "გულაობსო", ნამდვილ სტალინამდეც მივიდა. ჰოდა, 1948 წლის იანვრის ღამის ორ საათზე მიხეილ გელოვანის ბინაში ტელეფონი აწკრიალდა: "არა გრცხვენია, რომ ჩემს ხარჯზე ეკონომიას აკეთებ? კიდევ დიდხანს აპირებ ასე ცხოვრებას?". მიხეილ გელოვანი გაშრა. მცირე პაუზის შემდეგ - ისე, რომ არც კი დამშვიდობებია - იოსებ სტალინმა ტელეფონი გათიშა. ბელადის როლის შემსრულებლად სხვა მსახიობების მომზადება დაიწყეს, თუმცა... ისინი მიხეილ გელოვანის დონეს ბევრად ჩამორჩებოდნენ.

1948 წლის შუახანებისათვის "ხაზეინმა" თავისი დანავსული ორეული შეიწყალა. ცნობილია, რომ იოსებ სტალინმა თვითონ დაურეკა და უთხრა: "გეყო უსაქმურობა, დროა მუშაობა დაიწყო... თუ, რასაკვირველია, შენც გინდა". "დიახ, ამხანაგო სტალინ, აუცილებლად დავიწყებ... და ძალიან გთხოვთ მაპატიოთ". "კარგი, ვნახოთ, როგორ მოიქცევი და როგორი იქნება შენი ნამუშევარი".

როგორც ამბობენ, 1951 წლის 7 ნოემბერს, როცა იოსებ სტალინი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მის ნაცვლად მავზოლეუმის ტრიბუნაზე სწორედ მიხეილ გელოვანი იდგა. რასაკვირველია, იმ პიონერებს, რომლებმაც ბელადს ყვავილები მიუტანეს და მისგან კი შოკოლადები მიიღეს, ეჭვიც არ შეპარვიათ სტალინის ნამდვილობაში. არის მონაცემები იმის შესახებაც, რომ მსახიობი იოსებ სტალინს ანდრეი ჟდანოვის დაკრძალვის დროსაც ცვლიდა, 1948 წლის სექტემბერში.

როგორც უკვე ვთქვით, 1953 წლის მარტის შემდეგ მიხეილ გელოვანი დაივიწყეს. მსახიობს დეპრესიაში ჩავარდა. რატომღაც ხშირად უეცრად გადაწყვეტდა ხოლმე რომელიმე რეგიონში წასვლას და ასევე სწრაფად უკან ბრუნდებოდა. 1955-56 წლებში იგი ჩინეთში და ალბანეთში მიიწვიეს ფილმებში მონაწილეობისათვის, მაგრამ ვერ წავიდა - მსახიობის მდგომარეობა აქტიურად მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა... თუმცა, რეალურად, წასვლაც შეუძლებელი იყო: რადგან იგი ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მეოცე ყრილობასაც "ცხრასართულიანით" მოიხსენიებდა, ამიტომ უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იყო.

მისი ფსიქიკური მდგომარეობა 1956 წელს ისეთი იყო, რომ სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება.

მიხეილ გელოვანმა თავი ჩამოიხრჩო. სიკვდილის წინ მას წერილი არ დაუწერია.

საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა, რომ მსახიობის დაკრძალვა მოსკოვის ცნობილ ნოვოდევიჩის სასაფლაოზე მომხდარიყო, მაგრამ მისი ბევრი ყოფილი კოლეგა (ვისაც სიკეთე ახსოვდა) სწორედ ამას მოითხოვდა. გარდა ამისა, საქმეში ჩაერია ჩინეთის საელჩოც...

მიხეილ დაკრძალვის ცერემონია მცირერიცხოვანი იყო, მას უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა ჩინეთისა და ალბანეთის კულტურის სამინისტროების დელეგაციებიც. სხვათა შორის, ორივე ქვეყნის პრესაში თვით 1990-იან წლებამდეც კი ქვეყნდებოდა მასალები იმის შესახებ, თუ როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხრუშჩოვი იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდის ცნობილ საბჭოთა მსახიობებს და მწერლებს.

ცოტამ თუ ვინმემ იცის, რომ ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, ალექსანდრე ფადეევისა და მიხეილ გელოვანის საფლავებზე ხშირად დადიან ჩინეთის დელეგაციები და ცალკეული ჩინელი ტურისტები და სამარეზე ყავილებს აწყობენ. კაცმა რომ თქვას, ეს გასაკვირი არაა, რადგან ფადეევისა და გელოვანის შემოქმედება ჩინეთში დღესაც ისწავლება და ხდება მისი პროპაგანდირება. (წყარო)

მიხეილ გელოვანი - სტალინის ორეული ლეჩხუმელი თავადი

მოამზადა სიმონ კილაძემ