ელა მზად იყო ბერიას საყვარელი გამხდარიყო და ასე მოეკლა - ქალი, რომელიც ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

ელა მზად იყო ბერიას საყვარელი გამხდარიყო და ასე მოეკლა - ქალი, რომელიც ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა

"ძაღლი სტალინი" - რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქალები

საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმართა შორის ქალებიც მრავლად იყვნენ. 1950 წლის სტატისტიკის მიხედვით, მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღემატებოდა. გაცილებით მძიმე იყო იმათი ხვედრი, ვინც 58-ე მუხლით, ანუ კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის გაასამართლეს.

არქივში შემონახულია იმ ქალბატონთა საქმეები, რომლებიც ცდილობდნენ რეჟიმთან ბრძოლას ან რეჟიმის შესახებ "დაუფიქრებლად საუბრობდნენ", ჩვენ ერთ მათგანზე მოგიყვებით

ელა მარკმანი - ორგანიზანიის "სიკვდილი ბერიას" წევრი

ელა მარკმანი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მამა ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და დახვრიტეს, დედა კი შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს. 1937 წელს ელა და მისი და საბავშვო სახლში გაგზავნეს, საიდანაც ბავშვები მამიდამ გამოიხსნა. რამდენიმე წლის შემდეგ, ელა საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. გოგონამ სკოლა წარმატებით დაასრულა და შემდეგ ტაშკენტის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზეც ჩააბარა.

ელას მამა კომუნისტი იყო, ამიტომ შვილსაც კომუნისტურ იდეებზე ზრდიდა, პატარა ასაკიდანვე ასწავლიდა გოგონას, რომ ყოველთვის მხნედ ყოფილიყო და ებრძოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ელა მარკმანი "ანტისაბჭოთა ქმედებებში" აქტიურად ჩაერთო. ის დაბრუნდა თბილისში და იატაკქვეშა ორგანიზაციაში "სიკვდილი ბერიას" გაწევრდა. ორგანიზაციაში ელა ერთადერთი გოგონა იყო. მასში გაწევრებული თბილისელი ახალგაზრდები, რომლებიც ელას სკოლის მეგობრები იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ ბერიამდე მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე სტალინამდე, თუმცა მათ არ უყვარდათ სტალინი... ამბობდნენ, რომ სტალინი ვერ იტანდა საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისს.

"მოქალაქეებო, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა ემართება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს! ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები დახვრიტეს, НКВД ათასობით თანამშრომელს აქვს პარტიული ბილეთი, ამიტომ ეს ბილეთიც ფიქციური გახდა. ძაღლმა სტალინმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, ნუ დგახართ მუხლებზე, წამოდექით და იბრძოლეთ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება", - სწორედ ამ შინაარსის პროკლამაციებს ავრცელებდა იატაკქვეშა ორგანიზაცია საზოგადოებაში. ახალგაზრდები ცდილობდნენ რეჟიმის წინააღდეგ გაელაშქრათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

ახალგაზრდა ელა იმაზეც კი იყო თანახმა, რომ შეფარულად ბერიას საყვარელი გამხდარიყო და ასე მოეკლა, რადგან როგორც ყველამ იცოდა, ბერიას სისუსტეს ახალგაზრდა და ლამაზი ქალები წარმოადგენდა.

1948 წელს დაჯგუფების წევრები დააკავეს, ანტისაბჭოთა ქმედებების გამო, მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 5 თვის განმავლობაში, მაშინ, როცა საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, მარკმანს აწამებდნენ, საბოლოოდ კი სამხედრო ტრიბუნალმა განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის განცხადებით, გოგონას ქმედება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის კოლონიაში გაეგზავნათ. რამდენიმე წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ელა იხსენებდა განვლილ წლებს და ამბობდა, რომ ის არ ნანობდა არაფერს...

კოლონიაში მისვლის პირველივე დღეიდან ის სხვებთან ერთად, ტყეს ჩეხავდა და გზა გაჰყავდა. ძალიან უჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში შეეჩვია მძიმე სამუშაოს და სხვა ქალებსაც ეხმარებოდა.

ელას კითხვა ბავშვობიდან უყვარდა, მას პატიმრობაში ყოფნისას ლერმონტოვის წიგნი ჰქონდა, რომელიც ბადრაგმა ქალებმა ერთ-ერთი შემოვლისას უპოვეს და წაართვეს, ამის შემდეგ კი გოგონამ გადაწყვიტა, რომ მუშაობისას ლერმონტოვისა თუ სხვათა ლექსები, რომელიც ზეპირად იცოდა, ხმამაღლა წაეკითხა. ელას ხმამაღლა წაკითხულ ლექსს ეხმაურებოდნენ დაკავებული ქალებიც და ეს მათთვის ერთგვარი სტიმულიც კი იყო.

მარკმანს სწამდა, რომ როცა გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები, სულიერად არ უნდა დაეცე.

1956 წელს, მარკმანის საქმე გადაიხედა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისში დაბრუნებულმა კი იოსებ სოკოლოვზე იქორწინა. მათ ვაჟი გაუჩნდათ, წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.

ელა მარკმანი 2015 წლის 29 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ