"ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია" - რატომ აგინა სესილიამ გივი ბერიკაშვილს?
"ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია" - რატომ აგინა სესილიამ გივი ბერიკაშვილს?
გასულ წელს საქართველო ყველასთვის საყვარელ მსახიობს გივი ბერიკაშვილს დაემშვიდობა.
გთავაზობთ ბატონი გივის სახალისო თავგადასავლებს ჟურნალ "გზის" არქივიდან:

50 საათი

- სოფელ შაშიანში კონცერტი გვქონდა. ჩემი ჟიგულით ვიყავი წასული, მანქანაში ჯაჭვზე ჩამოკიდებული საათი მქონდა, რომელსაც თან არ ვატარებდი. დამთავრდა კონცერტი და ალაზანზე დიდი სუფრა გაიშალა. უკვე უნდა წავსულიყავით და რას ვხედავ, საათი აღარ არის. შაშიანელი კანონიერი ქურდი, ბიძინა მანქანაში ჩამიჯდა. შემამჩნია, რომ რაღაცას ვეძებ. მკითხა, - რას ეძებო? მეც ვუთხარი. -
ფანჯარა ჩამოწეული გქონდაო? - კი, ღია იყო-მეთქი. ჰოდა, ეტყობა, ვიღაცამ წაიღოო. ალაზანზე ზღაპრულ სუფრასთან 50 კაცი ვსხედვართ. ბიძინამ ოფიციანტს სთხოვა, ერთი კახური ქუდი მოიტანეო. ქუდი ამოატრიალა, საათი მოიხსნა, შიგ ჩააგდო და გამოაცხადა: ჩამოატარეთ ქუდი და ყველამ თქვენი საათი ჩადეთ. შაშიანში გივის მანქანა ღია დარჩა და
ვიღაცამ მისი საათი სუვენირად წაიღო. ვიცი, ის მომიტანს იმ საათს და გივის წარწერას გავაკეთებინებ "საჩუქრად გივისგან", მაგრამ აბა, როგორი შაშიანელები ვიქნებით, თუ ჩვენც სახსოვრად სუვენირები არ გავატანეთო? - რას შვრები, კაცო-მეთქი? - ძალიან შევწუხდი, მაგრამ გამაჩერა. აი, ასე მივიღე 50 საათი საჩუქრად. ერთი მათგანი, შავი ციფერბლატით ახლაც მაქვს.

სამაგიერო

- ერთხელ სესილია თაყაიშვილი დამემუქრა, - იცოდე, შენს ხელში ჭიქა თუ დავინახე, ვეღარ გადამირჩებიო. მაშინ მეორედ გამისკდა კუჭი და ძლივს გადამარჩინეს. პირველ ხანებში წესიერად ვიქცეოდი, მერე ერთი ჭიქა შევაპარე, ერთს მეორეც მივაყოლე და მოკლედ, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგადაც შევუბერე. ეს ამბავი სესილიას ყურამდე მისულა და ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი. - გივი ხარო? - ვერ ვიცანი სესილიას ხმა. დიახ-მეთქი. უცებ, ყურმილში ისეთი გინება წამოვიდა, დავბერდი კახელი კაცი და მეც არ გამიგონია. გამლანძღა და ბოლოს, ყურმილიც დამიხეთქა. ვიცოდი, რომ ქალბატონ სესილიას შაქარი აწუხებდა და სიგარეტის მოწევა აკრძალული ჰქონდა. ისიც ვიცოდი, რომ ოჯახის წევრებისგან მალულად ეწეოდა და თან, პირდაპირ თავისი საძინებლის ფანჯრიდან გადმოიხედავდა ხოლმე. პირველ სართულზე ცხოვრობდა და ქუჩაში გამვლელებზე ნადირობდა, სიგარეტი რომ ეშოვა. ამ სატელეფონო ტერორის შემდეგ, სამაგიეროს გადახდა განვიზრახე. მივედი მის ფანჯარასთან და დაახლოებით სამი-ოთხი საათი მორჩილად ვიდექი ქუჩაში. და აი, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, მართლაც გაიღო ფანჯარა და პირველივე გამვლელ ახალგაზრდა ბიჭს გასძახა სესილიამ: ბიჭიკო, ერთი ღერი პაპიროსი ხომ არ გაქვს? აი, აქ მეც ჩავერთე: "არა გრცხვენია, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ქალი, დამდგარხარ ამ შუა ბარნოვზე და მათხოვრობ?" სესილია მოულოდნელობისგან ჯერ შეცბა, მერე თავისებური ქოქოლა მომაყარა და შემოეთიე სახლშიო, - მიბრძანა. მერე კი იცოცხლეთ, მეფერა და დამიყვავა, შენს ჯანმრთელობაზე ვნერვიულობო და ასე შემდეგ. (იხილეთ სრულად)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?