მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@27)

სანამ მარკოზ ხუცესი და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პატარა ხვიჩა შინისკენ მიაბიჯებდნენ, თავადიშვილი ალექსანდრე თავის ამფსონებთან ერთად სუფრას მიჯდომოდა და ბრაზით აღსავსე, წყევლა-კრულვას უთვლიდა მარკოზს, სარფიანი საქმე რომ ჩაუშალა მოძალადეებს. - მიკვირს, ამდენხანს ცოცხალი როგორ ატარეთ მაგ ფეხმოსატეხი. ისეთი ოხერი და ხელისშემშლელი უნდა მოსპო, თორემ, რასაკვირველია, საშველს არ მოგცემს, საქმეს ყოველთვის დაგიხლართავსო, - უკვირდათ თანამეინახეებს და ამშვიდებდნენ ბატონიშვილს, გვაცალე, წაიყვანოს და მიხედოს ბიჭს ხუცესმა, დროს ვიხელთებთ და ამის ჯავრს არ შეგაჭმევთო...

გავიდა წელიწად-ნახევარი. ხვიჩა მიეჩვია მარკოზ ხუცესთან ყოფნას. მოხუცი მას საკუთარ შვილებისაგან არ არჩევდა. გულკეთილმა მოპყრობამ და საჭმელ-სასმელმა თავისი ქმნა. ბავშვი გამხიარულდა, მოღონიერდა, შვლის ნუკრივით დახტოდა. ხუცესს საყდარში დაჰყავდა, სადაც საცეცხლურს უბერავდა, სანთლებს უკიდებდა. ძლიერ გაიწაფა როგორც ხუცურში, ისე მხედრულ კითხვაში. ერთი წელიწადი კიდევ და დიაკვნობასაც შესძლებსო, ხუმრობდა მღვდელი. მაგრამ ეშმაკს არ ეძინა, შავ ღელესთან, უღრან ტყეში ჩასაფრებოდა ხუცესსა და პატარა ხვიჩას...

მარკოზს უფრო ის ახარებდა, რომ ოჯახის მოგონებით გამოწვეული მოწყენა ბავშვს ასე ჩქარა გაუქარდა. მღვდელი შეეცადა, რაც შეიძლებოდა გაემხიარულებინა ბავშვი.

- აბა, შენ თუ კაი ბიჭი ხარ, ბაიობის სამოციქულოსაც მომიყვები, აი, გუშინწინ რომ გაკითხებდი?

- სულ თავიდან დავიწყო? - ცქვიტად დაეკითხა ხვიჩა.

- სულ თავიდან დაიწყე! - აღტაცებით მიუგო ხუცესმა.

- “და სულისაცა შენისა თაააანა, - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა ტყეში.

- ჰო, ემაგრე, ემაგრე! - ამხნევებდა ხუცესი.

- “წარდგომა, ფსალმუნი დავითისი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, - წართქმით ამბობდა ბავშვი.

- ნუ ჩქარობ, სიტყვები მკვეთრად გამოტეხე, - ტკბილად ეუბნებოდა მღვდელი მარკოზი.

-“ფილიპელთა... მიმართ ეპისტოლე... წმი... დი...სა... პავლე... მო... ცი... ქუ... ლისა... საკით... ხაააავი, - ჩააგალობა ბავშვმა.

- ემაგრე, ემაგრე, - ამხნევებდა მღვდელი.

-“ძმაააანოო! გიხა...როდენ... მარა...დის უფლისა მიერ... კვალად გეტყვი გი...ხა...რო...დეენ! ”

- ჰო, ასე, ერთი მუხლი დაბლა კილოთი უნდა ჩააგალობო, - შენიშნა ხუცესმა.

- “სიმდაბ...ლე თქვენით ცხად იყავნ ყოველთა კაცთა, - თამამად გააგრძელა ხვიჩამ.

- ოჰო, ჰო... აქ უნდა მაღალი კილოთი ჩავაგალობოთ, - ვერ მოისვენა ხუცესმა.

- “უფალი ახ... ლოოოოს არს? - ჩაამღერეს ორთავემ.

- ყოჩაღ, ჩემო ბიჭიკო, - აღტაცებით ამბობდა მღვდელი. - აბა, შენ თუ კაი ბიჭი ხარ, შოთას შაირსაც მეტყვი.

- ეგ რომელი? “მაქვს საქონელი? - მხიარულად დაეკითხა ბავშვი.

- სულ ერთია, თუ გინდ “მაქვს საქონელია“ მითხარი.

-“მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები, მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები, - შეუსვენებლად ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.

KvirisPalitra.Geსაცოდაობა არ იყო, რომ ეს ბავშვი სამშობლო მიწა-წყლისთვის მოეწყვიტათ და ოსმალეთში გაეყიდათ! - ფიქრობდა მღვდელი. -+ ჰოი, უბედურო, მამულო! განა საკმარისი არ იყო, რაც შენ შვილებს თავი შეუკლავთ გარშემორტყმულ უანგარიშო მტერთათვის, რომ სამშობლოს დაცვისათვის თავდადებულთაგან გადარჩენილნიც, ისევ ჩვენივე გონების დაბნელების წყალობით, ურჯულოთა სათრევი არ გამხდარიყვნენ?

- აი, შვილო, ეს შაირი ხუთას წელზე მეტი იქნება, რაც გამოთქვა ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა, - გასაგონად სთქვა ხუცესმა, - და ჩვენ ანდერძად დაგვიტოვა, მაგრამ, ჩვენდა სამარცხვინოდ, არა თუ არ აღვასრულეთ, პირიქით, ამ ანდერძის წინააღმდეგ წავედით. რას იტყოდა ის დიდებული ადამიანი, თავის თვალით რომ ენახა ყველა ის სისაძაგლე, რასაც სჩადიან ჩვენი ვაჟბატონები?! კინაღამ შენც მაგ სიბოროტის მსხვერპლი გახდი, მაგრამ უფალმა შეგვაძლებინა შენი გამოხსნა მტარვალთა ბრჭყალებისაგან, - გულდაწყვეტილად დაათავა მღვდელმა მარკოზმა. მაგრამ ჩქარა ისევ მხიარულად წარმოსთქვა: - აბა, ჩემო, ბიჭიკო, კიდევ თუ მეტყვი შაირს. მგონია, მეორე შაირიც დაგასწავლე?

- მეორე რომელი?“ვაჰ სოფელო? - ცქვიტად დაეკითხა ბავშვი.

- კარგი, მითხარი “ვაჰ სოფელო, - ცქვიტადვე უპასუხა გამხიარულებულმა მღვდელმა.

- “ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა, - ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.

- ესეც კარგად დაგიხსომებია, - მოუწონა ხუცესმა. - ჭეშმარიტად, შვილო, კაცისაგან განაწირს ღმერთი არ გასწირავს. ჩვენც არ გაგვწირავს, იმედი მაქვს. ღმერთო! - ხელი მაღლა აღაპყრო მღვდელმა, - შენ გაუმარჯვე ერეკლე და სოლომონ ბაგრატოვანთ, შეაძლებინე საბოლოოდ დაამხონ მტერი და ძვირის მოქმედი და ადიდონ სახელი შენი! მაგრამ, ეჰ, შვილო! - უკმაყოფილოდ სთქვა მღვდელმა. - ეს ყოვლისფერი კარგი, მაგრამ ჩვენ კი შუაგზაზე შემოგვიღამდა. მერე რა ბნელი ღამეებია! ნეტავ ახლა სადა ვართ?

- შავ ღელეს ვუახლოვდებით.

- კარგი, შვილო, ტყე ჩქარა გავიაროთ, ნუ გეშინია, ჩქარა ვიქნებით შინა... ეს, საკვირველია ჩვენი ხალხი! რაც გინდ უბედურება დაატყდეს თავს, რაც გინდ გაჭირვებული იყოს, თუ ღვინო ნახა, ყოველგვარი ჭირ-ვარამი დაავიწყდება. აბა, რა საჭირო იყო, იმდენხანს სმა-ჭამა საბრალო ლუკაიას სახლში? ცოლი რომ მოუკვდა, არ ეყოფოდა, აღაპშიაც ამდენი უხეირო ხარჯი არ გაეწია? მეც ხათრი ვერ გავუტეხე, დავრჩი და, აი, შუაღამე სადღაც ტყეში მიხდება ფორთხიალი, - უკმაყოფილოდ სთქვა ხუცესმა.

- აი, შავი ღელეც, - სთქვა ბავშვმა...

- ჰხედავ, ბიჭო, რასმე? მე კი ვერაფერს ვარჩევ. მაინც რა უკუნეთი ღამეა! ოი, ძნელია, შვილო, სიბერე! შენ ჰასაკში მეც ისე ცქვიტად დავხტოდი ყოველგან, თვალი კატასავით მიჭრიდა, მაგრამ დრომ თავისი ქნა. ეეჰ, სადა ხარ, ახალგაზრდობავ! რამდენი ამბები მახსოვს ამ ღელის პირას. ჰე, შვილო, ყური დამიგდე, რომ გაიზრდები, გაგახსენდება ჩემი ნათქვამი ამბები.

მე მაშინ მონასტერში სწავლას ვათავებდი, - ჩვეულებრივ ტკბილად დაიწყო ხუცესმა, - ის იყო სადიაკვნოდ ვემზადებოდი. ახლაც არ არის სახარბიელო დროება და მაშინ ხომ ჯოჯოხეთი იყო. მონასტერში კაცი მოიჭრა: არიქათ, გაიხიზნეთ. ოსმალები საცაა დაგვეცემიანო, მა...

მღვდელმა სიტყვა ვეღარ დაათავა... ერთი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა. ჯორი გამწარებით ტლინკებს ისროდა. ბავშვმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცას მაგარი ხელები მკლავებში ჩაებღაუჭა.

- ჩქარა ბურთი ჩასჩარე და ტომარაში ჩააჯდინე, - ყურში მოხვდა ხვიჩას აღელვებით წარმოთქმული ჩურჩული. სხვა რა მოხდა იქა, ვერ გაიგო რა, რადგან შიშისაგან მაშინათვე გონება დაჰკარგა და როცა გონს მოვიდა, უკვე ცხენზე დაკრული სადღაც უდაბურ ტყეში ვიღაც უცნობებს გაჩქარებით მიჰყავდათ.

მეორე დღეს მთელი სოფელი შეშფოთებული ერთი მეორეს ეკითხებოდა:

- გაიგეთ, რა უბედურება დატრიალებულა? მარკოზ ხუცესი ჯორს გადმოუგდია და მოუკლავსო.

- ვაი, ახავაი! ვაი ახავაი! რა კაცი, რა ანგელოზი კაცი, რა საღმრთო კაცი! - ამბობდნენ გულდამწვარი სოფლელები.

* * *

შავ ზღვაში აფრააშვებული ხომალდი მისცურავდა. ზღვის ლურჯი, ფაფარაქაფებული ტალღა ტალღაზე მოგორავდა და გემის კედლებს მრისხანედ ეხეთქებოდა - თითქოს დიდებული სტიქიონიც უკმაყოფილოა გემით და მისი დანიშნულებით, სურს შეანგრიოს სქელი კედლები და უფსკრულში ჩასძიროს ეს მრავალ ცოდვათა მტვირთველიო, მაგრამ კედლის სიმაგრეს ვერ უძლებდა, უანგარიშო წინწკლებად იყოფოდა და იფანტებოდა, რომ ხელახლა ერთ მტკიცე ძალად შეერთებულს, ახალი იერიში მოეტანა და უფრო მძლავრად სცემოდა.

თუმცა ჯერჯერობით ხომალდი რჩებოდა გამარჯვებული, ის უშიშრად აპობდა ტალღებს და თამამად მიდიოდა სტამბოლისაკენ; სრულებით ანგარიშს არ უწევდა ტალღათა შხაპუნს და არჩეული გზიდან არ უხვევდა, მაგრამ არც ტალღა ცხრებოდა; გამოცდილებით იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, ამოვარდებოდა ქარიშხალი, ჩაუნერგავდა მას არაჩვეულებრივ ძალ-ღონეს და მაშინ? ფრთხილად ხომალდო! შავ ზღვას არა ერთი და ორი შენისთანა ამპარტავანი და თეთრ ლეჩაქებით მორთულ-მოკაზმული თავქვე მოუქცევია და სამუდამოდ დაუსამარებია თავის უფსკრულში.

ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფას ხალიჩებით და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე: ზოგი მათგანი ფეხმოკეცით იჯდა ბალიშზე, ზოგი ყავას მიირთმევდა, ან ყალიონს აბოლებდა, ზოგი წამოწოლილი იყო და სთვლემდა, ზოგიც გემის პატარა ფანჯრიდან თვალუწვდენელ ზღვას გაჰყურებდა.

ერთი მათგანი, სახით გამხდარი, თეთრწვერა მოხუცი, სხვებისაგან განირჩეოდა. ის ხნით ყველაზე უფროსი ჩანდა, სხვებზე უფრო მდიდრულად იყო ჩაცმული და წითელ ოსმალურ ქუდს ირგვლივ თეთრი დოლუბანდი ჰქონდა შემოხვეული. მას სხვები მორიდებით და პატივით ეპყრობოდნენ. ამას თვითონ მოხუციც გრძნობდა და ცოტა არ იყოს თავი ამაყად ეჭირა, ბალიშზე დაფიქრებული იჯდა და მსხვილ გიშრის კრიალოსანს აუჩქარებლად აჩხაკუნებდა.

- არა, რჯულის მადლმა, სრულებით არა ვარ კმაყოფილი ამ მოგზაურობით, - წყნარად სთქვა მოხუცმა და კრიალოსანი დააჩხაკუნა. - რა ხანია ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელნაკლები ჯერ არ წამოვსულვარ. სტამბოლში სირცხვილით თვალს ვერ გავახელ.

სხვებმა მოხუცს ლმობიერად შეჰხედეს.

- ვაჰ, რას ბრძანებ, პატივცემულო ეფენდი ალი-უსუფ! - მორიდებით მიუგო ბალიშზე წამოწოლილმა, კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდა ოსმალომ. - შენც რომ წუწუნებ, ჩვენ რაღა გვეთქმის? შენ, პატივცემულო, ორმოცდაათი ტყვე მაინც მოგყავს და ჩვენ ყველას ერთად იმდენი ვერ გვიშოვნია.

- ჰა, მართლაც და ესეც რომ წუწუნებს, - გამოეხმაურა ერთი შუახნის პირმოპარსული, ნაყვავილარი ოსმალო, - ჩვენზე მეტი რომ მოჰყავს, - ეს ხომ ცხადია, და შენ ის იკითხე, იბრაჰიმ, რა რჩეული ქალ-ვაჟები მოჰყავს! ერთი ორი გოგონა ისეთი ურევია, რჯულის მადლმა, რომ ფადიშაჰის ჰარამხანაც არ დაიწუნებს.

- ეხ, იმ დღესაც მოვესწარი, რომ რაღაც ორმოცდაათი ტყვეც შურთ ჩემთვის, - დინჯად წარმოსთქვა მოხუცმა ალი-უსუფმა, - აბა, ერთი გემის პატრონს ჰკითხე, რამდენი ტყვე წამისხამს მარტო ამ გემით გურჯისტანიდან სტამბოლში... არ მოგიკვდეს იმის მეტი ალი-უსუფი, რომ მისთვის არც ფადიშაჰის ჰარამხანა იყოს მიუწვდომელი. არა ერთი და ორი ჩემ მიერ მოყვანილი გოგო მოხვედრილა იქ.

ოსმალეთმა უარი თქვა ადამიანების ხარკზე...

1770 წელს საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც  აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათის, შორაპნის, ქუთაისის და ბაღდადის ციხეები აიღეს.

ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. მისმა თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც დაძაბა ურთიერთობა. 1770 წლის ოქტომბერში ტოტლებენი სოლომონ მეფის უკითხავად ფოთის ციხეს შემოადგა, რასაც ოსმალების მხრივ ფოთის მიმართულებით ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს.

1771 წლის 3 იანვარს რუსებმა ფოთი აიღეს... ახალციხის ფაშა აგრძელებდა საქართველოში დამრბევი რაზმების შემოგზავნას. 1773 წელს  სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს, ჯარებით გორში შეიყარნენ და ჯავახეთში გაილაშქრეს. ქართველთა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა. 1774 წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში ჯარი გაგზავნა, თან დადიანიც წააქეზა, მაგრამ დადიანისგან უარი მიიღო. თურქთა ჯარმა უკან დახევა დაიწყო. სოლომონი თავს დაესხა ჩხერიმელასთან ოსმალებს და გაანადგურა.

ამ დროს კი უკვე დადებული იყო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი, რომლის შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო - ამ ზავით იმერეთში ოსმალთა ბატონობა სრულად არ აღმოფხვრილა - რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდადს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა.

ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახადზე, ვალდებულებას კისრულობდა, არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა.  ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)