"მშვენიერი ხმა ჰქონდა, ხალხი სპეციალურად მიდიოდა ეკლესიაში მის მოსასმენად" - უცნობი ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან
"მშვენიერი ხმა ჰქონდა, ხალხი სპეციალურად მიდიოდა ეკლესიაში მის მოსასმენად" - უცნობი ფაქტები  სტალინის ცხოვრებიდან
"სტალინმა ბერძნული ენა ბრწყინვალედ იცოდა, უყვარდა ბიბლიის ციტირება, ბავშვობა მძიმე ჰქონდა - დედ-მამა ხშირად სცემდა..."

"დედ-მამა ეკლესიაში მუხლებზე დახოხავდნენ, რომ იოსებიც არ გარდაცვლილიყო"

ფოტოგალერეა

რუსული გამოცემა «Новая газета» აქვეყნებს ინტერვიუს მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ("ალექსანდრინის თეატრის") სამხატვრო ხელმძღვანელ ვალერი ფოკინთან, სათაურით: იოსებ სტალინი ისევ "წამოდგება", თუ ჩვენ ამის ნებას მივცემთ".

ფოკინი საუბრობს მძაფრი ისტორიული მოვლენების ამსახველი ახალი სპექტაკლის შესახებ, რომლის მთავარი გმირი იოსებ სტალინი იქნება.

"მომავალი სასცენო
წარმოდგენა ან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მონანიების პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ანდა კიდევ უფრო გაამწვავებს იმ ადამიანებთან დამოკიდებულებას, რომლებსაც იოსებ სტალინი ეროვნულ სიმაყედ მიაჩნიათ", - ნათქვამია ინტერვიუს წინათქმაში (ავტორი - მარინა ტოკარევა).

ვალერი ფოკინი ლაპარაკობს იოსებ სტალინის ბავშვობა-ახალგაზრდობის პერიოდზე, მის მშობლებზე - კეკესა და ბესარიონზე,
ეკლესიასთან დამოკიდებულებაზე და სხვა მრავალ საკითხზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დარჩა კიდევ რაიმე იოსებ სტალინის ბიოგრაფიიდან შეუსწავლელი?
- ძალიან ბევრი. პიესის ავტორი არტურ სოლომონოვი თბილისში სპეციალურად ჩავიდა და ისტორიულ და პარტიულ არქივებში დაცული მასალები გამოიკვლია, იქ ბევრი უცნობი და ნაკლებად ცნობილი დოკუმენტები იპოვა.
კეკეს მოგონებებიც კი დღემდე სრულად არ გამოქვეყნებულა. თავის დროზე მისი დაბეჭდვა აკრძალული იყო. არადა, დედამისმა არამარტო მოგონებები დაწერა, არამედ ინტერვიუც მისცა 1920-იანი წლების ბოლოს. იოსებ სტალინი ძალიან შეშინდა ამ ინტერვიუს გამო, თუმცა მასში სრულიად ნორმალური ფაქტები იყო წარმოდგენილი: დედა იხსენებს ვაჟის ბავშვობას - როგორი იყო ის, როგორ მირბოდა დედასთან თანატოლებთან ჩხუბის შემდეგ...

- და როგორ ჩხუბობდა იოსები?
- ძალიან მზაკვრულად: ზურგიდან ეპარებოდა ჩუმად და ისე ურტყამდა ხოლმე. ეს მისი თანატოლების მონაყოლიდანაც არის ცნობილი. ყველამ ვიცით ბავშვობიდან, რომ წაქცეულს აღარ სცემენ, მისთვის კი ეს წესი არ არსებობდა...

- რამდენადაც ცნობილია, იოსები საეკლესიო გუნდშიც მღეროდა...
- მას მართლაც მშვენიერი ხმა ჰქონდა! ხალხი სპეციალურად მიდიოდა ეკლესიაში მის მოსასმენად. ყრუ ხმა და დაყოვნებული მეტყველება სტალინმა მოგვიანებით გამოიმუშავა - იგი კარგი მსახიობიც იყო. დაყოვნებული მეტყველება ხომ იმის საშუალებაა, თვალი ადევნო სიტუაციის განვითარებას შენი გამოსვლისა და ლაპარაკის დროს. ძალიან ბევრი ჩანაწერია, როგორ იქცეოდა სტალინი საჯარო გამოსვლებისას: დარბაზი მის გამოჩენას ტაშით ხვდება, ისმის შეძახილები, მქუხარე აპლოდისმენტები, იოსებ სტალინი კი სრულიად სხვა რიტმით მოქმედებს - დინჯად იღებს "ბორჯომის" ბოთლს, ხსნის, ჭიქაში ცოტას ახამს, დგამს, ბოთლს საცობს ახურებს, იღებს ჭიქას, ნელ-ნელა ორ ყლუპს აკეთებს... დარბაზი კი გაგიჟებულია აღტაცებისგან... იგი ჭიქას დგამს, აუჩქარებლად იწმენდს ულვაშებს... ამ დროს ყველა აჩქარდებოდა, იოსებ სტალინი კი არა.

- ეს სტილი ბავშვობიდან მოჰყვებოდა, როცა მზაკვრულად ჩხუბობდა და იმავდროულად მშვენივრად მღეროდა საეკლესიო გუნდში?
- შეიძლება. იოსებ სტალინს ბავშვობა ძალიან მძიმე ჰქონდა. ღარიბი ოჯახი, მამა - ხარაზი. ოჯახში ორი უფროსი შვილი მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა. დედ-მამა ეკლესიაში მუხლებზე დახოხავდნენ, რომ იოსებიც არ გარდაცვლილიყო. იგი დაბადების დროიდანვე ხშირად ავადმყოფობდა. მშობლები ნატრობდნენ, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ბავშვობაში ყვავილი შეხვდა და სახე ნაყვავილარი დარჩა. ხუთი წლისა იყო, როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაკოჭლდა და ხელიც იტკინა... მოგვიანებით მამამისი ბესო სასმელს მიეძალა, თვრებოდა და შვილს ხშირად სცემდა. სხვათა შორის, ხელს არც დედა არ აკლებდა. თან ხმები ვრცელდებოდა, რომ სოსო კეკეს ბესოსაგან კი არ ჰყავდა, არამედ სხვისაგან. ბესო ძალიან ეჭვიანობდა, დედასაც ურტყამდა და შვილსაც... პატარა სოსო ხშირად ზამთარში, თოვლზე შიშველი ფეხებით გაქცეულა მეზობელთან, რათა შველა ეთხოვა. მას შემდეგ სტალინი მთელი სიცოცხლე თბილ წინდებს იცვამდა.

როცა 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიამ კეკე კრემლში ჩაიყვანა, იოსებმა დედას, ნახევრად ხუმრობით, ჰკითხა: "რატომ მცემდი, ახლა მაინც მითხარიო". დედამ ასე უპასუხა: "რომ არ მეცემე, განა ასეთი დიდი კაცი გახდებოდიო?"

- მოსწრებული ნათქვამია...
- დიახ, თუმცა ყველაზე მოსწრებულად კი იცი, ვინ თქვა? მიტროპოლიტმა სერგი სტაროგოროდსკიმ, რომელიც იოსებ სტალინმა ომის დროს ბანაკიდან დააბრუნა და უთხრა: "გახსენი ეკლესიები და სემინარიებიო", თან დაიჩივლა: "რატომ გვყავს ასე ცოტა მღვდლები?" (არადა, რელიგიის მსახურები სწორედ მისი ბრძანებით დაიჭირეს და დახვრიტეს). ამაზე სერგი სტაროგოროდსკიმ გენიალურად უპასუხა: "ჩვენ მღვდლებს ვზრდით, ისინი კი გენერალისიმუსები ხდებიან". მართლაც მაგარია ასეთი პასუხის მოფიქრება.

- როგორც ამბობენ, იოსებ სტალინს ბიბლიის ციტირება უყვარდა...
- რა თქმა უნდა! არის დაცვის თანამშრომლების მოხსენებები, რომლებიც კუნცევოს აგარაკის ოთახის კართან იდგნენ. ისინი ავტომატებით არიან შეიარაღებულნი, გაჭიმულები დგანან და ამ დროს ესმით: სტალინი მღერის (გალობს) "ნეტარ არიან გლახაკნი"...
მან ბერძნული ენა ბრწყინვალედ იცოდა ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროიდან, სადაც იგი ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, შესაბამისად, დიდი ცოდნის დაუფლება შეძლო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიბლიოთეკა აღწერეს - 30 ათასი წიგნით, ყველა მონიშნულ-წაკითხული... წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

მოამზადა სიმონ კილაძემ

...
24 აპრილი 2018 22:52
სტალინს არ დაუხვრეტავს და არ დაუჭერია ეკლესიოს მსახურები, ეს ლენინის ბრძანებით მოხდა. სტალინმა გააუქმა ეს ბრძანება ლენინის სიკვდილის შემდეგ. მასზე უკეთესად არავის ესმოდა ქრისტეანიზმის ჭეშმარიტი არსი. და, საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანები „ თავისი საზომით“ აფასებენ სტალინს მაშინ, როცა ის ზეადამიანი იყო. სამწუხაროდ, უამრავ სიცრუეს თხზავენ მასზე, მის მშობლებზე... ღმერთმა შეუნდოთ...აუგის მთქმელებსაც და ჩვენ ყველას დაგვივიწყებენ, სტალინი კი მუდამ დარჩება ადამიანის შინაგანი ევოლუციის სიმბოლოდ!
ისტორიკოსი
18 აპრილი 2018 10:55
პასუხი ???????-ს
დიახ, სტალინი ომის დროს გენერალისიმუსი იყო. მართალია, ტექსტში ნახსენები არაა, რომელი ომის დროს, მაგრამ იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი. განვმარტავ: იოსებ სტალინს გენერალისიმუსის წოდება 1945 წლის ივნისში მიანიჭეს და იმ დროს მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. მეორე მსოფლიო ომის ნაწილი იყო სსრ-კავშირ-იაპონიის ომიც 1945 წლის აგვისტოში. ომი დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით.
shoda
17 აპრილი 2018 21:00
სულ როგორ შეიძლება იცრუოს ადამიანმა? ტროცკის, ლენინის და სვერდლოვის დანაშაულებებს სტალინს აბრალებს. ეს ცილისწამებაა. ცილისწამება + სიცრუე ყოველი ფეხის ნაბიჯზე! სადამდე?
ამ კაცს დარწმუნებული ვარ წაკითხული აქვს ლენინის დეკრეტი (1 მაისი 1919 წელი) რელიგიისა და მღვდლების შესახებ! ამ დეკრეტის ხელმოწერიდან 2-3 წელიწადში 80 ათასი ეკლესია დაანგრიეს და დაწვეს ლელინისა და ტროცკის ბრძანებით. ასობით ათასი ღვთისმსახური დახვრიტეს. არნახულ ბოროტებას და სივერაგეს სჩადიოდნენ. ტროცკი თვითონ წვავდა ეკლესიებს და საკუთარი ხელით ხვრეტდა ხვთისმსახურებს!
ვისაც არ უნახავს ის ფილმი, რომელშიც ტროცკი საკუთარი ხელით ხვრეტს მღვდლებს და პირტიტველა ბიჭებს, ნახეთ!
P.S ლენინის ის დეკრეტი კანცელარიაში 13-666 ნომრით გაატარეს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები