"რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე...სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ..." - კვირის პალიტრა

"რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე...სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ..."

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. გთავაზობთ მის სახალისო მოგონებებს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

ჩემი მეგობარი იყო პეტრე ბაგრატიონი - უნიჭიერესი კაცი... ზოგჯერ ისე იქცეოდა, იფიქრებდი, გიჟიაო... ვეუბნებოდი, აფერისტი ხარ-მეთქი... რა ექნა, რაღაცნაირად ხომ უნდა გადაერჩინა თავი რეპრესიისგან.

ერთხელ ნასვამები მოვდიოდით საიდანღაც. პეტრემ გვითხრა, წამოდით მამაჩემის საფლავზეო. წაგვიყვანა სვეტიცხოველში. ტაძარში ხელმოჭრილი კაცი იყო ყარაულად. უსიტყვოდ გაგვიღო კარი შუაღამისას, რომ გაიგო, მეფის შთამომავალი მიდიოდა მამის საფლავზე. ვხედავთ, საფლავებს დიდი ქვები ადევს წარწერით. პეტრემ მამის საფლავი დაგვანახა... შავი მარმარილოს პატარა დაფა იყო. გამეღიმა: ეს "ზაჟიგალკის" ქვა რამ დაგადებინათ-მეთქი... იმ ცალხელა კაცმა რომ გაიგონა, გაგვიბრაზდა, ახლავე წადით აქედანო, გამოგვრეკა.

მახსოვს პეტრეს მებრძოლი მამალი... გვეშინოდა იმ მამლის, ძაღლივით გლეჯდა ხალხს. მეზობლის ქათმებს ჭამდა... ერთხელ ერთი პოლკოვნიკი შესულა პეტრესთან, ეცა თურმე მხრებზე და პაგონები ააგლიჯა, "ჩამოაქვეითა"... პაგონიან ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანდა, ბაგრატიონის მამალი იყო და ასე გამოხატავდა პროტესტს. პეტრეს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ფერებით წააქცია მამალი და დაკლა როგორც იქნა. მერე ყვებოდა, მდუღარე წყალში რომ ჩავაგდეთ, ამოხტა და პეტრეს უთხრა, - ვის კლავთ, თქვენი დედა ვატირეო... მერე ქვაბში ჩავდეთ და ნოემბერში რომ ცეცხლზე დავადგით, დეკემბრის ბოლოს იყო მზადო. ასე იყო მამაძაღლი მამლის ამბავი.

ჩემს ხუმრობებზე ლაპარაკობენ?

რა ვიცი, აბა... მე ჩვეულებრივად ვიტყოდი რამეს და აიტაცებდნენ მოულოდნელად... რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე... უცაბედად ათი შავი "ვოლგა" შემოვიდა. რობიკომ იკითხა, რა მოხდაო. ვუთხარი, არაფერი, მოშავდნენ-მეთქი. უბრალოდ ვთქვი, ესენი კიდევ გადაირივნენ, ეს რა თქვიო. ატეხეს სიცილი. ასე იცოდნენ. მე უბრალოდ, სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ...

თუ დავუბარებივარ ვინმეს ცეკაში? როგორ არა! ერთხელ იმისთვის დამიბარეს, გინდა თუ არა, ოპერა დაწერეო. ვუპასუხე: ლიბრეტო არ არის და როგორ დავწერო-მეთქი... "აბესალომ და ეთერი" ხომ ოპერა არის, ლიბრეტო ხომ აქვსო? აქვს-მეთქი. მერე რაღას უყურებთ, აიღეთ ეგ ლიბრეტო და ახალი ოპერა დაწერეთო. ახლა ღიმილით კი გიყვებით, მაგრამ მაშინ არ მეღიმებოდა. ასეთები უნდა მოგესმინა სერიოზული სახით და სერიოზული პასუხი გაგეცა. საფრთხილო საქმე იყო...

მიწა ძალიან მიყვარს, იმდენად, რომ კავთისხევში ნაკვეთი ვიყიდე. ბევრჯერ ფეხშიშველიც დავდივარ იქ.

ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის. ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა...

მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე "ასეთია ქურდი კაცის ბედი". მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო... არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, - ვპასუხობდი. ხან ღამეც მოსულან ჩემთან... ახლა ამ სიმღერის გამო მგონი ძლივს გადავრჩი აკრძალვას. თვითონ სიმღერა კი აუკრძალავთ... აკრძალონ, რა ვქნა. როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, ახლა რაც უნდა თქვან ჩემზე, ვერაფერს დამაკლებენ. იხილეთ სრულად