"მამა 400-მდე ქართული ჩუქურთმის ავტორი გახლავთ" - როგორ მოხვდა არსენ ფოჩხუას ქართულორნამენტიანი ლარნაკი თეთრ სახლში - კვირის პალიტრა

"მამა 400-მდე ქართული ჩუქურთმის ავტორი გახლავთ" - როგორ მოხვდა არსენ ფოჩხუას ქართულორნამენტიანი ლარნაკი თეთრ სახლში

"მამა მივიდა და არც კი იცოდა, მისი ნამუშევარი ბატონ ლადოსთან თუ იდო... ასე დაიწყო მამასა და ლადო გუდიაშვილის ურთიერთობა, რამდენიმე თვეში კი ბატონმა ლადომ იგი დამხმარე მხატვრის რანგში ქაშვეთის ტაძრის მოხატულობაზე სამუშაოდ მიიწვია"

ბზა, რომელსაც იესო ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 1000 წლით ადრე აქვს დაწყებული ზრდა...

ქუთაისში დაიბადა, იქვე სწავლობდა სკოლაშიც და პარალელურად - სამუსიკო სასწავლებელშიც. შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა, ვიოლინოს სპეციალობით. სწავლა რომ დაასრულა, თითქმის 40 წლის განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში ჯერ მაესტრო ოდისეი დიმიტრიადთან, შემდეგ - მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან; თავდაპირველად მევიოლინე იყო, შემდეგ ალტზე უკრავდა... საბოლოოდ, მხატვრობასა და გამოყენებით ხელოვნებას მიჰყო ხელი და თავის ქვეყანას შესანიშნავი ნამუშევრები დაუტოვა...

როგორ იქცა პროფესიონალი მუსიკოსი პროფესიონალ მხატვრად, რა კვალი დააჩნია ქაშვეთის ტაძარს და როგორ აღმოჩნდა მისი ნამუშევრები გაეროს მუზეუმსა და თეთრ სახლში? - უნივერსალური ქუთაისელი შემოქმედის, არსენ ფოჩხუას შესახებ ამ და კიდევ ბევრ ამბავს შეიტყობთ მისი ვაჟის, მუსიკოს ბიძინა ფოჩხუას მონათხრობით:

- მამას ძალიან ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა და ასევე, ლამაზად წერდა ნოტებს, გამორჩეულად კი - ქართული ჩუქურთმა უყვარდა. მართალია, ძირითად პროფესიად მუსიკა აირჩია, მაგრამ არანაკლებ იტაცებდა მხატვრობაც. ამიტომ დაუჯერა მეგობარს და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. მამა 400-მდე ქართული ჩუქურთმის ავტორი გახლავთ - კედლის ხატვას რომ იწყებდა, მთლიანად ისე მოხატავდა, იმავე ჩუქურთმას არაფრით გაიმეორებდა. მან თეთრ ქაღალდზე ტუშით შექმნა კომპოზიცია, სადაც 34 ქართულ ჩუქურთმას მოუყარა თავი - 1940-იანი წლების დასაწყისი იყო, ეს ნამუშევარი მამამ სამხატვრო აკადემიის იმჟამინდელ რექტორს რომ მიუტანა. ამ უკანასკნელმა კი, 21 წლის ახალგაზრდას არა მარტო დაუწუნა ნამუშევრები, ურჩია, საერთოდ არ გაჰკარებოდა მხატვრობას. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მამამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ის რექტორიც მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე და უკვე ეხმარებოდა კიდეც, ადგილობრივ თუ საკავშირო გამოფენებში მონაწილეობა რომ მიეღო...

- "ძვირფას და ალალ მეგობარს, ბრწყინვალებით დაჯილდოებულ ადამიანს, ნიჭით და გემოვნებით ჯადოქარს, არსენ ფოჩხუას, სიყვარულით, ლადო გუდიაშვილი", - ეს წარწერა ამშვენებს თქვენი მამისადმი მიძღვნილ უდიდესი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის საჩუქარს. როგორ გაიცნო ბატონმა არსენმა ლადო გუდიაშვილი?

- ამ წარწერაზე მამა ამბობდა, ეს არის ჩემი დიპლომიო. მერე დასძენდა: თუკი რაიმე გავაკეთე სახვით ხელოვნებაში, ბატონი ლადოს დამსახურებაა. მე მისთვის კარგი მასალა ვიყავი და მხატვრადაც მან ჩამომაყალიბაო.

როდესაც აკადემიის რექტორმა ურჩია, მხატვრობას შეეშვიო, მამა იმდენად იმედგაცრუებული წამოვიდა, მისი და რომ არა, ერთი ნამუშევარიც არ გადარჩებოდა - ისე გაფიცხებულა, მათი განადგურება დაუწყია, მისი და კი პარალელურად, ნელ-ნელა, თითო-ოროლა ნახატს მალავდა. შემდეგ მამას მეგობარს, მისგან დაფარულად, 34-ჩუქურთმიანი დატუშული ნამუშევარი ("ქართული რაფსოდია") ლადო გუდიაშვილთან მიუტანია. ბატონი ლადო შესრულებული ნახატის ტექნოლოგიით დაინტერესებულა და მაშინვე მის ავტორთან შეხვედრა უთხოვია. მამა მივიდა და არც კი იცოდა, მისი ნამუშევარი ბატონ ლადოსთან თუ იდო... ასე დაიწყო მამასა და ლადო გუდიაშვილის ურთიერთობა, რამდენიმე თვეში კი ბატონმა ლადომ იგი დამხმარე მხატვრის რანგში ქაშვეთის ტაძრის მოხატულობაზე სამუშაოდ მიიწვია. მოგვიანებით მამა ამბობდა, 6 თვის განმავლობაში გუდიაშვილთან მუშაობით ისეთი აკადემია გავიარე, რასაც სამხატვრო აკადემიაში სწავლით ვერაფრით გავივლიდიო. არსენ ფოჩხუა ბატონი ლადოს სტილის მიმდევარია და ეს აშკარად იგრძნობა მის შემოქმედებაში.

- ბზაზე მუშაობით როდისღა დაინტერესდა ბატონი არსენი?

- ყველაფერი შემთხვევით მოხდა და აქაც ლადო გუდიაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. მამას ორკესტრთან ერთად გაგრაში ჰქონდა გასტროლი. დაემთხვა და, გაგრაში ისვენებდა ბატონი ლადოც. იმ დღეებში ერთად დიდ დროს ატარებდნენ და ერთ-ერთი გასეირნებისას იქვე, ჯიხურში დაზგაზე გამოჩარხული გასაყიდი დანები შენიშნეს. უბრალო ბზის დანები იყო, მარტივად გამოთლილი. ბატონმა ლადომ აიღო ერთ-ერთი დანა და მამას უთხრა: ბატონო არსენ, თქვენ ხომ ჩუქურთმა გიყვართ! ამ დანას თქვენი პატარა ორნამენტიც კი ძალიან დაამშვენებდაო. მამას იდეა მოეწონა, იყიდა ეს დანა და ნახეთ, რა მივიღეთ აქედან? - ეს მამას პირველი დანაა (მაჩვენებს ფოტოს. - ავტ.).

გასაოცარი ბზა, რომელიც სამწუხაროდ, მხოლოდ აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში იზრდება, მართლაც უნიკალური მასალაა.

ჩვენ ქუთაისში გვაქვს ბზის მორი, რომელიც მოჭრეს მონრეალის გამოფენისთვის, რათა ეჩვენებინათ, თუ რა დიამეტრზე შეიძლება გაიზარდოს კოლხური ბზა.

ექსპერტების აზრით, ამ ბზას იესო ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 1000 წლით ადრე აქვს დაწყებული ზრდა, ანუ ეს არის 3000 წლის მასალა და იმდენად უნიკალურია, რომ სულ პატარა ნაჭერზე ადამიანის განწყობის გამოსახვაც კი შეგიძლია. ამავე დროს, ეს არის ურთულესი მასალა და მამამ მასზე მუშაობის საკუთარი ტექნოლოგია შექმნა.

ასე დაიწყო მამას და ბზის "მეგობრობა", რასაც ბევრი საინტერესო ნამუშევარი მოჰყვა. მამას შემოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ ერთი თემა გასდევს - ეროვნულობა. იგი აბსოლუტურად ქართულია და მის ნამუშევრებში მთელი საქართველოს ისტორიაა გადმოცემული. აქ არის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები, მეფეების პორტრეტები, ქართველი ლამაზმანები, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში ქართველი და მსოფლიოს კორიფეების პორტრეტების შექმნაც დაიწყო. მამას ნამუშევრების ცალკე თემაა ალეგორიული სტილი. მისი ერთ-ერთი საუკეთესო, საეტაპო მნიშვნელობის ნამუშევარი არის "კიბო", რომელიც "გაგანია" კომუნიზმის პერიოდში - 1969-72 წლებშია გაკეთებული. დამთვალიერებლები ამ კიბოს აღიქვამდნენ, როგორც ადამიანის სენს, რომელსაც საცეცები ადამიანის სხეულის იმ ადგილებში აქვს ჩავლებული, სადაც ყველაზე ხშირად ვრცელდება. მამას სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა - დამთვალიერებლები არ უკვირდებოდნენ კიბოს რუსულს-მონღოლურ ცხვირს.

ბაგრატის ტაძარში ვინც არის ნამყოფი, მის მთავარ შესასვლელთან აუცილებლად შენიშნავდა ქართული ჩუქურთმებით დამშვენებულ კაპიტელებს. მამას ნამუშევარში ეს ჩუქურთმიანი კაპიტელი წაქცეულია, ზედ არის დამხობილი საქართველო-ქალი, რომელსაც კიბო უკრძალავს გამრავლებას და ახრჩობს. მსგავსი ალეგორია მამას ბევრ ნამუშევარში გვხვდება. საერთოდაც, მთელი მისი შემოქმედება ანტიკომუნისტური, ანტირუსული პროპაგანდაა, რომელსაც ვერც საბჭოთა მეთაურები ხვდებოდნენ და ვერც თავად რუსები, თორემ მამას კარგი დღე არ დაადგებოდა... მას საქართველოშიც მრავლად ჰქონდა გამოფენები და რუსეთშიც. ასევე, არ არსებობდა, ქუთაისში ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ჩამოსულიყო და ჩვენთან არ მოეყვანათ. თავისი გუბერნატორობისას და მერობისას ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას თემურ შაშიაშვილი იჩენდა. ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა მამას ნამუშევრებით. მახსოვს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი პეტ ჰატჩინსონიც გვსტუმრობდა და შემდეგ ამერიკიდან მადლობის წერილიც გამოუგზავნა მამას...

ძვალზეც მუშაობდა - მამონტის ეშვზე, რომელიც დაახლოებით 300 ათასი წლის იყო. ამ დაუმუშავებელ ეშვს შემთხვევით, მოსკოვის მაღაზიაში გადააწყდა. მან ძვალზე ამოკვეთილი პირველი ქართული პანაღეა, ქართული ორნამენტებით დამშვენებული, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკვეთით შექმნა და იგი პატრიარქის საკუთრებაა.

მამას შემოქმედების ცალკე თემაა ბროლზე მუშაობა. 1978 წელს ჩატარდა ბროლის გაქართულების ექსპერიმენტი, ანუ ბროლზე ქართული ჩუქურთმა უნდა ამოეტვიფრათ. ქართული ჩუქურთმა პლასტიკურია და არა - კუთხოვანი, ბროლი კი ურთულესი დასამუშავებელია, ამიტომ ბროლის "დასამორჩილებლად" მამამ შექმნა საკუთარი ტექნოლოგია, რითაც დაუპირისპირდა ბროლის ძირითად, ევროპულ, სწორხაზოვან ჭრას. მისი დამზადებული ლარნაკი დღეს გაეროს მუზეუმშიც დევს და აშშ-ის პრეზიდენტების სასაჩუქრე მუზეუმშიც - ეს უკანასკნელი შინ გვედგა და 1992 წელს საქართველოში სტუმრად ჩამოსულ აშშ-ის იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს ბეიკერს ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან საჩუქრად გაატანა.

45 წლის განმავლობაში მამამ 300 ნამუშევარი შექმნა. არაფერს ყიდდა, ჩუქებით კი - ხშირად გასცემდა. ამბობდა, ჩემი შემოქმედება ერის საგანძური და ერის სახეაო. მამა 2001 წელს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, დღეს აღარც ის ადამიანები არიან, ვინც მის შემოქმედებას იცნობდა და აფასებდა. არსენ ფოჩხუას მთელი შემოქმედება დღეს იმ სახლშია თავმოყრილი, სადაც თვითონ ცხოვრობდა - "ბჯოლებში", თეთრ ხიდთან ახლოს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ შარშან ქუთაისის მერიამ თანხა გამოყო და მამას სახლში სახლ-მუზეუმი გაკეთდა. მისი შემოქმედება საქართველოს კულტურის, ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და რა სასიხარულოა, რომ მას ახალი საქართველო, ახალი თაობაც გაიცნობს. წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა

ირმა ხარშილაძე