შაბათობა და მზე მიწაზე... - კვირის პალიტრა

შაბათობა და მზე მიწაზე...

ერთი ფოტოს ისტორია

შაბათობა იყო ალბათ, და იმ დღესაც, როგორც პარადზე იცოდნენ ხოლმე, ათასი გაფრთხილებითა და კატეგორიული მითითებით მოაგროვებდნენ სამსახურებიდან ადამიანებს. სატვირთო მანქანების ძარებზე გადაანაწილებდნენ და რა ვიცი, სად წაიყვანდნენ...  იქნებ ხეებსაც არგვევინებდნენ, ან, მაგალითად, ძველი ნანგრევებით სავსე ტერიტორიას აწმენდინებდნენ...

ასეთ შაბათობებზე ყოველთვის თვალში საცემ ადგილას იყვნენ თეთრპერანგა, ჰალსტუხიანი ფუნქციონერები. ეს უკვე ფოტოებზე მაქვს ნანახი, ძველ, გაყვითლებულ "კომუნისტსა" და "სოფლის ცხოვრებაში"... ამ უმტვერო პერანგიანებს "დიდი საქმე" ჰქონდათ გასაკეთებელი: ამდენი ხალხი უნდა მოეგროვებინათ და მერე თვალი ედევნებინათ, რომ დროზე ადრე არავინ გაპარულიყო.

სიმართლე ერთი იყო: დიდად ამ თეთრპერანგიანებსაც არ ეხალისებოდათ შაბათობა, მაგრამ რა ექნათ, სახელმწიფო ითხოვდა და... ამ წყობილების დასასრული კი ისე არ ჩანდა ჰორიზონტზე, როგორც უშაბათო კვირა კალენდარზე...

საოჯახო ალბომს რომ ვათვალიერებდით, მაშინ მითხრა რეზო ინანიშვილის მეუღლემ: მგონი, ეს ფოტო შაბათობაზე აქვთ გადაღებულიო. სხვები ვინ იყვნენ, არ ახსოვდა. რეზოს გაღიმებული სახე კი მარტო მას კი არა, მეც სიკეთედ მეფინებოდა გულზე, მხარზე გადებული ნაჯახიც რაღაცნაირად უბრალოდ და კეთილად უჩანდა. გულს კი ნაჯახის დანარტყამზე უფრო ღრმად ეტყობოდა ძველი ნაჭდევი - კახეთში, ინანიშვილების ოჯახისათვის გაჩეხილი ვენახისა.

ეს მოუშუშებელი იარა იყო.

"კოლექტივიზაციის დასაწყისი, ჯანყი, ანუ "კეტაობა" ჩვენს სოფელში. შემაზრზენი ხმები ზემოდან, სოფლის ცენტრიდან, რომელზედაც კრთებოდა, მოუსვენრობდა საქონელიც კი. ბებიასა და დედას ეშინოდათ, არ ამოგვწყვიტონო (მამა ერთ-ერთი მოთავე იყო კოლექტივიზაციისა), დაგვავლეს ხელი ბავშვებს და წაგვიყვანეს პაპაანთა. სასოფლო ქვაფენილს რომ გადავდიოდით, წყაროსთან ჟატელი ფშაველი მოდიოდა ზემოდან, ბოხოხი ეხურა, საფქვავებგადაკიდებულ ცხენს მოუძღვებოდა, მოაკაკუნებდა გრძელ ხანჯალს და იძახდა:

- ოჰ-ოჰ-ოჰ, სისხლი დაიღვრება, სისხლიო. მართლაც დაიღვარა სისხლი. ერთი კაცი მოკლეს, დაბეგვეს და თავები დაუმტვრიეს მრავალს.

მამა მეგობარმა გადაარჩინა, რომ მისწვდნენ, იმ მეგობარმა ტაბურეტი ჩამოადგა თავზე", - წერდა რეზო ინანიშვილი.

ათი წლისას მამა დაუპატიმრეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ გამწარებულ, გამძვინვარებულ ხალხს უზომო სიძულვილიც შეეძლო. მალე გაიგო... ჯერ ერთი კოლექტივიზაცია მამამისის მოგონილი და მოტანილი სულ არ იყო, როგორც ამას სოფელში თვლიდა ზოგიერთი, მერე მეორე, შვილისა რა ბრალი იყო: ტროცკისტის შვილს ეძახდნენ, სკოლაში ბავშვები კი არა, მასწავლებლებიც ურიგოდ ელაპარაკებოდნენ ზოგჯერ. ერთხელ კი ბავშვებმა ჭიქაში ჩაუფურთხეს, - დალიეო, - დააძალეს... მის გვერდით ყოფნა აღარავის უნდოდა თითქოს. ახლა იტყვის ზოგიერთი, ასე არ იყოო... მაშინ ასე აგრძნობინებდნენ და...

და მესამე და მთავარი: ვაზი სულაც რა შუაში იყო, ვიღაცამ რომ მტევნებდასხმული აკაფა.

მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ უნდა ეთქვა, რომ ძალიან ეტკინა.

და მერე კი, როცა გაიგო, დაწერა. ოღონდ ეს არ იყო გაბრაზებული სიტყვები, არ იყო საყვედური და სამდურავი. მის ნაწერში იყო მზე - დაბლა, მიწაზე ჩამოტანილი, იმ აკაფული ვაზის მარტო ცრემლი კი არა, მის მტევნებში ჩასვენებული მზის სხივებიც. სადაც მზეა, იქ სიბნელესა და სიავეს რა უნდა...

რეზო ინანიშვილმა იცოდა, თუნდაც იმ ჩასვენებული მზის წილ, მზე თვითონ უნდა ამოეყვანა - უნდა დაერგო.

უჯარმიდან დაუზარებლად წამოიღებდა ნერგებს, ზოგისთვის ალუბლისას, ზოგისთვისაც ჟოლოსას ან ტკბილი ატმისას. საქმიანად, სინათლიანად მიუტანდა და თავისივე ხელით დაურგავდა ხშირად.

თეიმურაზ მაღლაფერიძის ეზოში მისი დარგული ალუბალი ბღუჯა-ბღუჯა იხუნძლავდა ნაყოფს... მისივე ხელით დარგული ჟოლო კი მგონი, თავისით მრავლდებოდა სიკეთესავით. მიწამ რა იცის, შაბათობა ჰქვია ამას, თუ ოჯახის სარჩენად დაღვრილი ოფლი. მიწამ იცის, რომ შვილი მოვიდა და რაღაცას ედუდუნება. ბარი - ბარად, ნაჯახი - ნაჯახად, კაცი კი კაცად ვიდრე დარჩება, ყოველთვის ექნება სათქმელი მშობელთან.

მიდის რეზო ინანიშვილი გასარჯელად. ნაჯახმაც იცის, მრუდედ არამც და არამც არ მოიქნევს ამ გულისა და მარჯვენის პატრონი. რეზო კი იღიმება, იღიმება, რადგან თავისი ხელით არაფერი წაუხდენია... ხანდახან სხვისი წახდენილის გამო დაღლასა გრძნობს ოდნავ დახრილ მხრებში. მაშინ ცაზე ჩახჩახა მზე თითქოს ნელდება და დაღლილი მზე ამოდის მისი გულიდან.