"ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!" - როგორ იღებდნენ "ჯარისკაცის მამას" და როგორ გადარჩა ფილმი დაჩეხვას
09-05-2018
"ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!" - როგორ იღებდნენ "ჯარისკაცის მამას" და როგორ გადარჩა ფილმი დაჩეხვას
კინოსურათ "ჯარისკაცის მამას" განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ამ ნამუშევარმა აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიაში დამსახურებული ადგილი სამართლიანად დაიკავა. ალბათ საინტერესო იქნება ამ სურათის გადაღების პერიპეტიების ხელახლა გახსენება. კინოფილმზე მუშაობას ბატონი რეზო ჩხეიძე შემდეგნაირად იხსენებდა:

"ფილმის გადაღების იდეა სცენარისტ სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. მე და სულიკო ერთმანეთს მოსკოვიდან ვიცნობდით, სადაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდით. ის სასცენარო ფაკულტეტზე იყო, მე - სარეჟისოროზე.

ერთ დღეს, თბილისის კინოსტუდიაში სულიკომ ხუთ
ფურცელზე დაწერილი სცენარი მომცა და მთხოვა რომ ყურადღებით წამეკითხა.
სცენარისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეორე დღის გადაღებაზე ვფიქრობდი. კინოსტუდიიდან რომ გამოვედი, ტრამვაიში ჩავჯექი და თან სცენარის ფურცვლა დავიწყე. სულ რამდენიმე ფურცელი იყო და სათაური ჰქონდა "ჯარისკაცის მამა". პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში
აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო - ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა.

მეორე დილით ბატონ სერგო ზაქარიაძეს შევხვდი და სცენარი მოკლედ მოვუყევი. რაც მეტს ვუყვებოდი, ვატყობდი, როგორ ეცვლებოდა სახე. როცა სცენარის თხრობა დავამთავრე, აღტაცებით თქვა: "ბიჭო, რა კარგი რამეა!" სერგო ატირდა, მეც ავტირდი და გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა, მთავარი როლი კი სერგოს ეთამაშა.

ნახევარი წელი სცენარზე ვმუშაობდით. მერე კი დაიწყო ბრძოლა მის დასადგმელად, რადგან კინოსტუდიას არაფრით უნდოდა, რომ გადაღებები დაგვეწყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია. ადამიანი ხალხის აღიარებას რომ მიიღებს, ბევრ მოყვარესთან ერთად ბევრი მტერიც უჩნდება. ასე მოხდა ბატონი სერგოს შემთხვევაშიც, რადგან მას ბევრი ემტერებოდა. სულიკოც ჯერ დიდად არ იყო კინემატოგრაფიის წრეში მიღებული, რადგან ძალიან ახალგაზრდა გახლდათ.

ერთ-ერთ კრებაზე ჩემი ფილმის გადაღება-არგადაღების საკითხი წამოიჭრა. ერთი ადამიანი გამოვიდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და თქვა, მოსკოვის კულტურის სამინისტროში სცენარი არ მოეწონათ, მაგრამ, რადგან რეზო ჩხეიძეს ასე ძალიან უნდა, უარის თქმა გვერიდებაო. მაშინვე გავედი და მოსკოვში დავრეკე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საერთოდ არ მისულა სამინისტროში და კრებაზე ტყუილი თქვა. ნერვები ძალიან მომეშალა და იმ ადამიანს სილა გავაწანი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა. არც სკოლაში, არც მოზრდილობაში, როგორი აღშფოთებულიც უნდა ვყოფილიყავი, ხელით არავის შევხებივარ.

ფილმის გადაღებას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. სცენები გადავიღეთ როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვის სამხედრო ოლქში და ლატვიაში. გადაღებები ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ გარეშე პირების დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. მაგალითად, ფილმში არის ერთი ასეთი სცენა, სადაც ბატონი სერგო ვედროებით დადის და მრეცხავ ქალებს მეთვალყურეობს. ამ ეპიზოდის ჩამატება შემდეგ გადაწყდა. არადა, სცენარი უკვე გაგზავნილი გვქონდა და რამის ჩამატება არ შეიძლებოდა. ამ სცენისთვის გვჭირდებოდა ტაშტები, რაშიც ქალებს სარეცხი უნდა გაერეცხათ. ტაშტები თბილისში კერძო შეკვეთით დავამზადებინეთ.

ერთ დღესაც რუსთავში ფილმის სცენას ვიღებდით. პარტკომის წარმომადგენლობა ჩამოვიდა და მითხრეს, ჩვენთან სიგნალი შემოვიდა, რომ რაღაცას იღებთ, რაც სცენარში არ წერიაო. რა თქმა უნდა, ვიუარე. მოგვთხოვეს, გვეჩვენებინა, რა გვქონდა წამოღებული. კიდევ კარგი, ტაშტები ვერ ნახეს, რადგან დამალული გვქონდა.

ეს სცენა საქართველოში ვეღარ გადავიღე და რუსეთში რომ წავედი, ვიფიქრე, იქ გავაკეთებ-მეთქი. იქაც გამომეცხადნენ პარტკომიდან და მითხრეს, თქვენი "სარეცხის ნავები" გვაჩვენეთო. მაშინაც როგორღაც თავიდან მოვიშორე ისინი. ბოლოს ლატვიაში რომ წავედით, ეს სცენა იქ დაუგავაზე გადავიღეთ, რადგან პარტკომიდან აღარავინ მოსულა. ასე მოიარა ჩვენმა ტაშტებმა თბილისი, მოსკოვი და რიგა.

დასრულებული ფილმი მოსკოვში 31 დეკემბერს ჩავიტანეთ. კვირადღე იყო და რედკოლეგია, რომელიც სურათს იბარებდა, არ იყო. ჩვენებას მხოლოდ კულტურის მინისტრი რომანოვი და მისი მეუღლე ესწრებოდნენ. მათ გარდა, მე და ხმის ოპერატორი - დავით ლომიძე ვიყავით და ორი კაციც ხმის აპარატურასთან იჯდა. ჩვენება რომ დაიწყო, ამ რომანოვს შევატყვე, უინტერესოდ უყურებდა. ხან ფეხებს აბაკუნებდა, ხან საათს დახედავდა, ხან მეუღლეს დაელაპარაკებოდა. ის ქალი კი ფილმს ინტერესით უცქერდა. ჩვენების დასრულების შემდეგ რომანოვი ჩემთან მოვიდა და მითხრა:

- ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!

- რატომ, ბატონო მინისტრო? - შევეკითხე...

- იმიტომ, რომ თქვენი გმირი, მახარაშვილი, საბჭოთა ოფიცერს ხელს არტყამს. ეს არის წითელი არმიის წესდების დარღვევა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, კინემატოგრაფიის საშუალებით ამას აგიტაცია გავუწიოთ. ასე რომ, ამ ფილმს არ მივცემთ იმის რეკომენდაციას, რომ ფართო მასებმა ნახონ!


რომანოვმა ეს რომ თქვა, ეგრევე წავიდა. საშინელ ხასიათზე დავდექი. ახალი წელი თენდებოდა და მთელ ჯგუფს ქართველ მეგობრებთან ერთად იქაურ ქართულ რესტორან "არაგვში" უნდა გვექეიფა. ბევრი ადამიანის დაპატიჟებას ვაპირებდით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ფილმს შეაქებდნენ და მიიღებდნენ. მინისტრის ასეთმა შეფასებამ კი ყველას ნერვები მოგვიშალა და რესტორანში აღარ წავსულვართ. სასტუმროში დავბრუნდით და დავიძინეთ.

რამდენიმე დღის შემდეგ "ჯარისკაცის მამის" კიდევ ერთ ჩვენებაზე მიგვიწვიეს. კარი გაიღო და გენერალ-პოლკოვნიკი და 15-მდე გენერალი შემოვიდნენ. მისალმებაზევე მივხვდი, რომ ისინი რომანოვის ტყუილებით იყვნენ გატენილი, მაგრამ პირველივე ეპიზოდიდან რომ დაიწყეს გენერლებმა ტაშის კვრა და ოვაციები, ბოლომდე ასე გაგრძელდა. თან ხელით გვანიშნებდნენ, მაგარიაო. დასრულების შემდეგ მე და ხმის ოპერატორს შემოგვეხვივნენ. გენერალ-პოლკოვნიკმა გვკითხა:

- გვითხარით, რა არ მოსწონს თქვენს მინისტრს?
- ჩვენი ქართველი მინისტრი თვლის, რომ ეს საჭირო საბჭოთა სურათია, - ვუპასუხე გენერალ–პოლკოვნიკს.
- არა, არა, მე მხედველობაში მყავს ამხანაგი რომანოვი.
- რომანოვს არ მოსწონს ის, რომ სამხედრო ხელს არტყამს საბჭოთა ოფიცერს.
- აი, თქვენი მინისტრი ვერაფერს მიხვდა. ის არ არის სამხედრო, ის მამაა. მამას კი ყოველთვის აქვს უფლება, ასე მოექცეს შვილს. სურათსაც იმიტომ ჰქვია "ჯარისკაცის მამა". მას მთელი ქვეყანა უყურებს. გისურვებთ წარმატებას! - ასე თბილად გამოგვემშვიდობა გენერალ–პოლკოვნიკი. დანარჩენი გენერლები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ნახე, როგორი სილა გააწნაო.

ამის შემდეგ ფილმი ვინ აღარ ნახა, მათ შორის ლეონიდ ბრეჟნევმა და ეს საკითხი აღარავის წამოუწევია".

იხილეთ ასევე: "ჯინა ლოლობრიჯიდამ მითხრა, - ბედნიერი ვარ იმ ხელს რომ ვაკოცე, რომელმაც "ჯარისკაცის მამა" გადაიღოო"

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

ნანა
18 მაისი 2018 15:21
გენიალური ფილმია!!!რაც შეეხება რუსების სიძულვილს,საკმადო ბევრი იმუშავეს ევროპამ და ამერიკამ ,რაც შეიძლება მეტად გვძულდეს.ეს მათ აწყობთ,მიაღწიეს კიდევაც. რუსეთის იმპერიაც ევროპელებმა დაანგრიეს და ხელი შეუწყვეს ლენინს-სატანას ხელისუფლებაში მოსულიყო.მერე ისევ თვითონ არ მოსწონდათ სსსრკ. სტალინი, კი არ აწყობდათ მათ და იმტომაც არის სტალინი ტირანის სახელწოდებით ცნობილი. არა და ლენინით დაიწყო ყველაფერი.ლენინი რუსი არ იყო,არც ბევრი მის გვერდით მყოფი.და დღევანდელ რუსეთის ხელისუფლებაში ნამდვილი რუსი ეროვნების თითზე დასათვლელია.სწორედ მათ აწყობთ და მათ მოკავშირეებს ევროპაში ,რუსეთ-საქრთველოს მტრობა. ევროპასაც და მის მოკავშირეებს არც ადარდებთ საქართველო,მათ არ ვჭირდებით ჩვენ.მათ ხელში მარიონეტები ვართ... საღი აზროვნებაა საჭირო,რო ვერ ვხვდებით მტერი ვინაა და მოყვარე.რა ვერ დაგვიცვეს რუსეთისგან ამდენი წელია ,რით ვერ დაგვიბრუნეს აფხაზეთი ?!!ამისთვის ხო მივილტვით ევროპისკენ,ამერიკისკენ. ამასობაში ,ჩვენი ხალხი მონებად გაიხადეს იქ ევროპაში უმრავლესობა,მათი მოხუცების მომვლელად.ამისთვის ვჭირდებით,ნაწილს კიდევ ნაროტიკებით გვწმლავენ და ზნეობა ხო საერთოდ შეგვიცვალეს ცბიერობით. გარეო აცხადებდა 2050 წელისთვის ქართველ ერს გადაშენება უწერიაო,რაც გეგმა ქონდათ ანხორციელებენ.
ბარო
10 მაისი 2018 13:21
გიორგი,დაიკარგე აქედან!
დათო
10 მაისი 2018 13:06
მადლობა გადამღებ ჯგუფსაც და ბატონ სერგოსაც, აი 60-ცს გადაცილებული კაცი ვარ და არც ახალგაზრდობაში და არც ახლა ცრემლების გარეშე ვერ უყურებ ამ ფილმს, ის მსოფლიო შედევრია ისე, როგორც დიდი სტალინი, ის მსოფლიოს მთავარ სარდალი იყო და არა მხოლოდ რუსეთის როგორც ერთ-ერთი უვიცი აკომენტარებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები