მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@28)

საუბარ-საუბრით ხუცესი და პატარა ხვიჩა შავ ღელეში შევიდნენ. ტყეში უკუნეთს დაესადგურებინა. ის იყო, ამ უდაბურ ტყეში მომხდარი თავისი ყმაწვილკაცობის ამბის მოყოლა დაიწყო ხუცესმა, რომ სიტყვა პირზე შეაშრა, ერთი მწარედ დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა. ბავშვმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცამ პირში ბურთი ჩასჩარა და ტომარაში ჩასვა.

სხვა რა მოხდა იქ, ვერა გაიგო რა, რადგან შიშისაგან მაშინათვე გონება დაჰკარგა და როცა გონს მოეგო, უკვე ცხენზე დაკრული ვიღაც უცნობებს გაჩქარებით მიჰყავდათ. მეორე დღეს მთელი სოფელი შეშფოთებული ერთი მეორეს ეკითხებოდა: - გაიგეთ, რა უბედურება დატრიალებულა? მარკოზ ხუცესი ჯორს გადმოუგდია და მოუკლავსო...

შავ ზღვაში კი აფრააშვებული ხომალდი მისცურავდა. ზღვის ლურჯი, ფაფარაქაფებული ტალღა ტალღაზე მოგორავდა და გემის კედლებს მრისხანედ ეხეთქებოდა - თითქოს დიდებული სტიქიონიც უკმაყოფილო იყო გემით და მისი დანიშნულებით,  და უფსკრულში სურდა ჩაეძირა ეს მრავალ ცოდვათა მტვირთველი გემი. ის კი უშიშრად აპობდა ტალღებს და გემბანზე უთავბოლოდ მიყრილი ტყვეები სტამბოლისაკენ მიჰყავდა...

ფაშებზე და ნაზირ-ვეზირებზე ხომ არას ვიტყვი. ისინი ჩემს სტამბოლში დაბრუნებას ისე შეხაროდნენ, როგორც მართლმორწმუნე წმინდა ალიას დღესასწაულს. მერე რა იაფი იყო მაშინ ტყვეები! ახლა მხოლოდ ფოთის ფაშის ხელიდან გამოდის ტყვეები, მაშინ კი ვინ გინდოდა, რომ ტყვეებს არ ყიდდა: თავადი, აზნაური, კერძო პირი... ერთხელ, წმიდა ყურანს ვფიცავ... რა ქვია ე? მაგათ მოლათმოლას, თავზე დიდ კოთხოს რომ იხურავს... მგონი, ჭყოინდელს ეძახიან...

იმას, ყმაწვილო, ერთი ქარვის კრიალოსანი ვუფეშქაშე და ერთი ქალი და ორი ვაჟი გამომიგზავნა. რა იაფობა, რა იაფობა იყო! ალლაჰ, ალლაჰ! განა შენ თვითონ არ გახსოვს, ზაიდოლ, - მიუბრუნდა მოხუცი ჩოფურას, - ერთხელ იმდენი ტყვე წავასხით, რომ ტრაპიზონში, სამსუნში და სტამბოლშიაც, ყავახანებში, ნაღდის მაგივრად ტყვეებით ვუსწორდებოდით. ახლა რაა? განა ეს ვაჭრობაა? ზარალის მეტი შიგ არა ყრია რა. რაც მიმყავს, ესენი თუ დავასაღე, ვფიქრობ, სულ ხელი ავიღო ამ ხელობაზე.

- შენ კი სულაც ხელი აიღო, არა გიჭირს რა მაჰმადის იმედით, მაგრამ ჩვენი უნდა იკითხო, - შენიშნა ახალგაზრდა იბრაჰიმმა.

- რათ გამახსენდება მაინც ის წინანდელი დროება! - გულდაწყვეტილად სთქვა ჩოფურა ზაიდოლამ. - ორი წელიწადი რომ დამცლოდა, ეფენდი რომ ბრძანებს ისეთი, მეტი მეც არ მინდოდა. კაი, გაუწყრა ალლაჰი, რა დროს გაფუჭდა საქმე?

- მართლაც და, რა მიზეზია, მართლმორწმუნენო? - იკითხა ერთმა ბალიშზე წამოწოლილმა, კბილებჩაჟანგებულმა ჭაღარა ოსმალომ. - რათ გაფუჭდა ასე უცბად საქმე? შარშან ხომ იმდენი ტყვეები იყო სტამბოლის მოედანზე, არც კი ეტეოდა. ეს სულ ჩემ ჯინაზე მოხდა, მე რომ წამოვედი სავაჭროდ, ტყვეც გაძვირდა.

- ჰაი, ჰაი, სხვა მიზეზი რომ არა იყოს რა, ამას ჩვენც დავდებდით წამალს, სხვა რომ არა ყოფილიყო რა, შენ ქრთამს მაინც მოგცემდით, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ნამდვილი მიზეზი ძნელი გასაქრობია და! - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.

- ეს სულ მაგ იმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიფუჭა საქმე. ჩვენ ჭირად, ღვთის რისხვად გაჩენილა სწორედ ის გიაური, ისა!! - ამბობდა ზაიდოლა.

- ალლაჰ, ალლაჰ, - თავს აქნევდნენ ოსმალები, - ღმერთო, შენ ნუ დააცლი, ღმერთო, შენ ნუ დააცლი!

- ფოთის ფაშა მის სახელის გაგონებაზე ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. სადღაც ორ-სამ ციხეშია კიდევ მართლმორწმუნეთა ჯარი გამაგრებული, თორემ სხვაგან ისედაც ვერ გაივლიანო, - ბრძანებდა ფაშა...

- ოჰ! შარშანწინ დიდი სირცხვილი აჭამა მაგ ჩამოსახრჩობმა ჩვენს მხედრობას, საშინლად დაგვამარცხა და კიდევაც აქედან დაიწყო ტყვეთა სიძვირე, - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.

KvirisPalitra.Ge- ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, - ამბობდნენ და თავს აქნევდნენ ოსმალები.

- იმას მაინც რა ღმერთი გაუწყრა, იმ ოდიშის მთავარს დადიანს? ის ხომ ჩვენი მეგობარი იყო? ტყვეთა ყიდვას გვიშლიდა კი არა, ხელსაც გვიწყობდა, - გაერია ლაპარაკში ერთი წითურა ოსმალო.

- ის ახლა იმ წყეული სოლომონის მოკავშირეა, - მიუგო ზაიდოლამ, - რასაც ის ეტყვის...

- რის მოკავშირე, ყურმოჭრილი ყმაა, - გააწყვეტინა ალი-ეფენდიმ. - ახლა მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთ გურჯისტანის ბატონი სოლომონია. სანამ ის არ დამარცხდება, ჩვენი საქმე წაგებულია!

- ვაი დედასა, ალლაჰ, ალლაჰ! - ბრაზით თავს აქნევდნენ ოსმალები.

- არა, მომითმინეთ! ჭეშმარიტებას თუ მათქმევინებთ, აქ კიდევ სხვა მიზეზიცაა. წყეულ სოლომონს აღმოსავლეთ გურჯისტანიდანაც აქვს ზურგი გამაგრებული. იქ ხომ ახლა ერეკლე მეფობს. იმან ხომ ლეკთა და ყიზილბაშთა ძალა გაანადგურა, განჯა და ერევანი დახარკა, ტყვეთა გაყიდვა სრულებით აღმოკვეთა და, ღმერთი არ დააცლის, თორემ, თუ ასე მიჰყვა, შენი მოსისხლე მტერი, შენ როგორ გგონია, სრულებით უბოდიშოდ ფადიშაჰის მხედრობის წინააღმდეგაც გამოილაშქრებს.

- ალლაჰი არ დააცლის, ალლაჰი არ დააცლის! - ხმაურობდნენ ოსმალები.

- ასეთ პირობებში, რა გასაკვირალია, რომ ტყვე ნაკლებ მოგყავდეს; რაც მოგვყავს, იმაზედაც მადლობა უნდა შევწიროთ დიდებულ ალლაჰს, - სთქვა კბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.

- კიდევ ღმერთმან აკურთხოს ის ზოგიერთი თავადები, მიუხედავად სიძნელისა და შიშისა, კიდევ ახერხებენ ჩუმჩუმად. თურმე ნუ იტყვით, კაცნო, მაგ გიაური სოლომონი, თუ შეატყო ვისმე ტყვეთა გაყიდვა, დააჭერინებს და თვალებს დაათხრევინებს ხოლმე! ის აშენებულები თავს მაინც არ ზოგავენ და ცოტ-ცოტად მოჰყავთ ტყვეები ფოთის ფაშასთან და ისიც ჩვენზე ჰყიდის, - სთქვა ჩოფურამ.

- ალლაჰმა აკურთხოსთ, ალლაჰმა აკურთხოსთ! საკვირველია, რატომ ისინი მართლმორწმუნეობაზე არ გადმოვლენ! - ამბობდა კბილებჩაჟანგებული.

- ეხ! ალლაჰმა ადღეგრძელოს, რა თქმა უნდა, ფოთის ფაშაც, მაგრამ ძვირად კი ჰყიდის ტყვევბს! ეს მეტისმეტია, ძმაო! ახლა ჩვენ რომ ჩავალთ, უეჭველია, ფასიც დიდი უნდა დავადვათ. აბა, ისე მუქთად თუ გავყიდეთ, რა გამოვიდა, ვირის მხედნავი ხომ არ ვართ. შენ ნახე, რა ალიაქოთი ატყდეს სტამბოლის ბაზარზე, - წარმოსთქვა იბრაჰიმმა.

- ეჰ, რაც არის, არის, მართლმორწმუნენო! - ანუგეშა ყველანი ალი-უსუფმა. - დიდებული წინასწარმეტყველი არ დაგვივიწყებს, შეირყევა წესრიგი, დაგვიდგება ისევ ძველებური დრო. მე, აგერ ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ტყვეთა ყიდვის საქმეში ვარ გართული. თქმა არ უნდა, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს, ალლაჰს ვფიცავ! კაცნო, ამდენი ტყვე ჩვენ გავზიდეთ გურჯისტანიდან, ამდენი ეხოცებათ ურთიერთ ბრძოლაში, ამდენი იჟლიტება გარეშე მტერთან ბრძოლაში და მაინც რომ არ ამოწყდნენ სრულებით ეგ სავერანენი?

- გიაურს რა ამოწყვეტს, გვიმრასავით მრავლდება, - შენიშნა კბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.

- რას ამბობ, ალლაჰმა უკეთ არ იცის? - მიუგო იბრაჰიმმა. - სრულებით რომ ამოწყდნენ, მაშინ ტყვესაც ვერ ვიშოვნით საყიდლად...

- კიდევ ვიმეორებ, მართლმორწმუნენო! წინასწარმეტყველს მიანდეთ თქვენი საქმე და ის უკეთ წარმართავს, - სთქვა ალი-უსუფმა, - მე კი ჩემი თავი და ჩემი საქმე კვლავაც იმისთვის მიმინდვია... მან...

- ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! - კვერი დაუკრეს სხვებმა.

- ახლა კი ერთი თვალი უნდა მოვატყუო, წუხელ ძლიერ ცუდად მეძინა. ალმასხან! - მიუბრუნდა ერთ-ერთ ოსმალოს, - წადი, თუ ძმა ხარ, და ტყვეები დაათვალიერე. იმ პატარა ბიჭს, ფაშამ რომ მიფეშქაშა, პური აუტანე, არ მოაშიო. მაინც სულ ტირის ის შეჩვენებული! რომ დამშვიდდებოდეს ის წყეული, ფერ და ხორცში მოვა და უეჭველად კაი ფასად გავყიდი. იმას უსათუოდ ეგვიპტელი მამელუკები იყიდიან. ძარღვიანი და მაგარი ბიჭია, ამასთან ისეთი ცქვიტი და მარჯვე, რომ ერთი წამოუძახო, ამ ბაქანიდან ზღვაში გადაფრინდება. ქორივით თვალებს აბრიალებს. ფაშამ მითხრა, კინაღამ ციხიდან გამეპარაო.

- საჭურისად გაყიდე, ეფენდი, კაი ფასს მოგცემენ, - შენიშნა კბილებჟანგიანმა.

- რას ამბობ! საჭურისად კი რაა, ბავშვს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს. კაცი დავბერდი ამ ხელობაში და ყმაწვილს არ ვცნობ, ვინ სად გამოდგება? - მიუგო ალი-უსუფმა, ბალიში თავქვეშ ამოიდო და მიისვენა.

რამდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ზოგი ყავას მიირთმევდა, ზოგი ყალიონს ეწეოდა, ზოგს ეძინა...

- შესამჩნევად კი გვარწევს, აი, იბრაჰიმ, - მიმართა ჩოფურა ზაიდოლამ და გემის პატარა მრგვალი სარკმლიდან ზღვაში გაიხედა, - ერთი შეხე, რა დიდი ტალღები ადის და ჩადის!

- არაუშავს რა, - გულდამშვიდებით მიუგო იბრაჰიმმა, - ზღვის ღელვის მეტი რა გამოგვიცდია, რაც გავჩნდით, სულ ზღვაში არ დავცურავთ? ზღვა და ღელვა, მეგობარო, ისეთი განუშორებელია, როგორც ქუხილი და ელვა.

- ეს მეც ვიცი, მაგრამ ამ ცოდნაში სანუგეშო ბევრი არაფერია! მე სრულებით არ მინდა ხელმეორედ გამოვცადო ის, რაც ერთხელ, იმ ხუთიოდ წლის წინათ გამოვცადე სამსუნ ქალაქის ახლო. თუ ეს ზენაქარი არ ჩადგა, შენი მტერი, დღესაც უარესი მოგვივიდეს. საძაგელი ზღვა კი არის ეს პონტის ზღვა.

- შენ ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია, ზაიდოლ! გინდა ერთი გადაგიყარო სევდა და დარდი? მოდი, ვითამაშოთ ნარდი.

- ყაბული მაქვს, - მიუგო ზაიდოლამ. - რაზე ვითამაშოთ?

- რაზედაც გინდა.

- თითო ყურუში?

- ვა, ყურუში რაღაა! გლახაკები ხომ არა ვართ?

- მა რა გინდა?

- თუ ვითამაშებთ, რამე რიგიანზე ვითამაშოთ.

- მაინც?

- თუ მოგიგე... მხარბეჭა ვაჟკაცი რომ გირევია ტყვეებში, ახალციხელი, ის ჩემი იყოს.

- ვა! გაგიჟდი? რას ამბობ, გონზე მოდი! ის ერთადერთი მიმყავს თვალსაჩინო და ისიც ნარდში წავაგო?

- ჯერ გაიგე, და არ გესმის, რას გეუბნები? თუ მოგიგე-მეთქი. განა არ შეიძლება შენ მომიგო?

- მე თუ მოგიგე, რას მომცემ?

- ჩემი გრძელთმიანი ცირა შენი იყოს.

- პახ, პახ, პახ, - წამოიძახა ჩოფურამ და თვალები გაუღვივდა.

- ჰა? მოგწონს განა? არ არის ბარი-ბარი შენს ახალციხელთან?

- ე... იფ, თუ თვალები დაგთხარე, მოგიგე და ხელში ჩავიგდე! შენი გულისა, როგორც კაცი, არ გავყიდი. მე თვითონ ჩემ ჰარამხანაში წავიყვან, - აღტაცებით ამბობდა ჩოფურა ზაიდოლა, - მაგრამ თუ წავაგე? ვაი, მაშინ ხომ ფუჭად წამივიდა ეს მოგზაურობა... ცუდი საქმე მომივა რჯულის მადლმა, ზარალ, ზარალ! - საორჭოფოდ თავს აქნევდა ზაიდოლა.

- შენმა მზემ, ერთი ჩემი ზარალიც იკითხე და, თუ წავაგე! ვითომ შენზე ნაკლებ ვიზარალებ? ამ სიძვირეში ცირას ფასი უკანასკნელი ათასი ყურუშია.

- ეეხ, მოდი, რაც იყოს, იყოს! დავხუჭო თვალები და გავბედო? ახ, ბედო, თუ სადმე... აალლაჰ! - ხელებ ზეაპყრობით წამოიძახა ჩოფურამ.

- ალლაჰ! - შეევედრა იბრაჰიმიც და კამათლები ხელში აიღო.

- ვინ უნდა დაიწყოს?

- ვისაც ნაკლები მოუვიდეს, - იბრაჰიმმა კამათლები გადააგდო.

- აჰ! დუ! - დაიძახა მან.

- ჰოჰ! შაში! - ამბობდა ზაიდოლა. - შენ ნაკლები მოგივიდა. დაწყება შენია.

- კარგი, მოდის! - სთქვა იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა, - ჩარუ-ფანჯი, ოო... ეს ჩარუ, ეს ფანჯი.

- შაშ-ბეშ! - იძახდა ზაიდოლა. - ეს შაში, ეს ბეშ!

- დუ-ბარა! ვა, ეს რა ნავსი კამათლები მოდის! - უკმაყოფილოდ სთქვა იბრაჰიმმა.

- დუ-შაში? ერთი მოდი და, შე გიაურების სათრევო! - წახალისდა ზაიდოლა და კამათლები გააჩხაკუნა.

- ე... ეხ! ფანჯუ-იაქე მომივიდა, ნავსად დასარჩენი, - იმედგაცრუებულად დაუმატა მან.

- ჰაჰ! ერთი შეხედე და, - წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა იბრაჰიმმა. - დუ-შაში! შენ კი გენაცვალე, მაჰმად, სულში!

მამელუკებად განსწავლულ მეომრებს თავისუფლებას ანიჭებდნენ

საქართველოდან მოტაცებული ქალ-ვაჟი, აღმოსავლეთის ბაზრებზე საქონელივით იყიდებოდა - ლამაზი გოგონები და ახალგაზრდა ქალები მდიდარი მუსულმანების ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცები, როგორც მუშა ძალა, ასევე დიდ ინტერესს იწვევდნენ მყიდველთა შორის. საზრიანი, ჯანსაღი და ენერგიული პატარა ბიჭები კი  სამხედრო წვრთნას გადიოდნენ ყაზარმებსა და დახურულ სკოლებში, რომლებიც სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ გარემოს და იქ შესვლის უფლება მხოლოდ მეპატრონესა და საჭურისებს ჰქონდათ.

ასეთ სკოლებში ყმაწვილებს  ფუნდამენტურ განათლებას აძლევდნენ - ასწავლიდნენ არაბულს, წერა-კითხვას,  ისლამის საფუძვლებს,  აჩვევდნენ დისციპლინას,  ხოლო სამხედრო ხელოვნების დარგში - ფარიკაობას, ცხენზე ჯირითს,  ჭიდაობას, ბრძოლის წარმოების ტაქტიკას, ურთიერთგატანას, პატივისცემასა და თავგანწირვას პატრონის მიმართ. სკოლის დამთავრების შემდეგ მამელუკებად წოდებულ მებრძოლებს ათავისუფლებდნენ და სულთნის ან ემირის კარზე განაწესებდნენ სამსახურში.

ბევრი მათგანი  აღწევდა მაღალ იერარქიულ საფეხურს, თავად ხდებოდა პატრონი, თუმცა ის პრივილეგიები, რაც მას ჰქონდა მინიჭებული, მცირე გამონაკლისის გარდა, მის შთამომავლობაზე აღარ ვრცელდებოდა, რადგან თანამდებობას, ქვეყნის მმართველობას, მხოლოდ პირადი დამსახურებით მიაკუთვნებდნენ ჭკვიან, შორსმჭვრეტელ, მამაც და საქვეყნოდ ცნობილ მებრძოლს. სანაქებო მამელუკის ემირად არჩევა სულთნის ხელდასხმით ხდებოდა - მატერიალურ დოვლათსაც ანიჭებდა და საპატიო მანტიასაც გადასცემდა.

ყოველ ემირს თავ-თავისი მამელუკთა რაზმები ჰყავდა, რომლებიც მოსასხამზე ემირის გერბს ატარებდნენ. ყველაზე პრივილიგირებულნი სულთნის მამელუკები იყვნენ - სულთნის გვარდია 10-12 ათას სხვადასხვა ეროვნების და წარმომავლობის მამელუკს აერთიანებდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)