"დედა მეორედ გათხოვდა, მამაც მალე დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით"
13-05-2018
"დედა მეორედ გათხოვდა, მამაც მალე დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით"
ულამაზესი ლიანა ასათიანი გარეგნობითა თუ სამსახიობო ოსტატობით მსოფლიო ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდა.

მე-20 საუკუნის გამორჩეულმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა.

ფოტოგალერეა

ერთხელ როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის,
ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!"

ლიანა ასათიანი 1926 წლის
20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მალევე, პირველი როლი მისცეს. მიხეილ ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე" თეკლა დედოფლის როლი შეასრულა.

"16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ, ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, - მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?! მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი - ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ, ბედი იყო. ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე.", - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ლიანა ასათიანი.

ფილმმა დიდი პოპულარობა, ლიანამ კი მაყურებლის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. მოგვიანებით იყო სხვა ფილმები, ერთ-ერთმა ფილმა მომავალ მეუღლეს შეახვედრა. იმ დროისთვის დავით თორაძე უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო.

"ერთმანეთს 1945 წელს, გადასაღებ მოედანზე შევხვდით, როცა ქვეყანა ომისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. ის ფილმისთვის მუსიკას წერდა; საკმაოდ სიმპათიური, ელეგანტური ახალგაზრდა იყო (ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი); მე 20 წლის გახლდით, მაგრამ უკვე ნათამაშები მქონდა თეკლას როლი მიხეილ ჭიაურელის გახმაურებულ ფილმში "გიორგი სააკაძე". გუგულის, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს, ქვეყანა იცნობდა. ის საქართველოში პირველ ჯაზორკესტრს ხელმძღვანელობდა. კარგი ხასიათი ჰქონდა, რთული არ იყო მასთან ცხოვრება, თუმცა სულ მუშაობდა და სტუმარიც უყვარდა", - ამბობდა ლიანა ასათიანი.

"გადაღებების დროს ვხედავდი, როგორ ემუდარებოდნენ მიხეილ ჭიაურელს ცნობილი მსახიობები, მასობრივ სცენებში მაინც გვათამაშეო. ვიფიქრე, წლების შემდეგ, მეც ასეთ დღეში აღმოვჩნდები და სჯობს, სხვა პროფესიას დავეუფლო-მეთქი", - სწორედ ამიტომ ლიანა ასათიანმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, რამდენიმე წელი თვალის ექიმადაც მუშაობდა, პარალელურად კი კინოში იღებდნენ.

მშვენიერი მსახიობის საყვარელი გმირი თავადის ქალი მაია ყოფილა: "ეს ფილმი ("თავადის ქალი მაია") ლანა ღოღობერიძის შედევრი გახლავთ! მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ფილმში ვითამაშე, ჩემი შემოქმედებიდან მხოლოდ ამ როლს გამოვყოფდი, რადგან როგორც მსახიობმა, მისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე".

მსახიობი იშვიათად საუბრობდა მშობლებზე და თავის ბავშვობას გულისტკივილით იხსენებდა.

"13 წლის რომ ვიყავი, დედაჩემი მეორედ გათხოვდა; მეორე ქორწინებიდან შვილი შეეძინა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. მამაც მალე დაქორწინდა სოხუმელ ქალზე და 3 შვილი გაუჩნდა. მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით. ამიტომ ვთქვი, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, თორემ შემდეგ ვინ საით წავა, არავინ იცის-მეთქი. ძნელი იყო ჩემთვის მშობლებთან განშორება. დედა რომ წავიდა, თან წამიყვანა, მაგრამ სწორი იქნებოდა, მამასთან დავრჩენილიყავი. ის ცოლს აღარ მოიყვანდა და მეტ ყურადღებას დაგვითმობდა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მსგავს შეცდომას არასდროს დავუშვებდი - ოჯახს არ დავანგრევდი".
ლიანა ასათიანი შვილებთან ერთად
მსახიობისა და კომპოზიტორის წყვილს ორი შვილი შეეძინა, ბიჭი და გოგონა. ლექსო თორაძე მსოფლიოში აღიარებული პიანისტია. ორივე და-ძმა წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, ლიანა ასათიანი კი თბილისში იყო. მას მუდმივად ენატრებოდა შვილები და შვილიშვილები, თუმცა არაერთ ინტერვიუში აუღნიშნავს, რომ შვილების წარმატებისთვის ასე იყო საჭირო.

"ბუნებრივია, მიჭირს მარტოობა, თუმცა ხშირად ჩამოდიან ჩემი შვილები - ლექსო და ნინოც, მაგრამ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და მათივე კეთილდღეობისთვის სჯობს აქ ვიყო. საზღვარგარეთ ცხოვრება დიდ ენერგიას მოითხოვს. მოგზაურობა მაშინ არის კარგი, როცა სიარული საკუთარი ფეხით შეგიძლია. სხვები არ უნდა გააწვალო. ჩემს სახლში თავს კარგად ვგრძნობ. ახლობელი ადამიანები არ მტოვებენ", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიანა ასათიანი 2014 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნია
29 ივლისი 2018 12:50
ვერ გავიგე თან წერს რომ დედა რომ გათხოვდა თან წამიყვანაო და თან კიდე მტკივნეული იყო მშობლებთან განშორებაო, ანუ ვინ ზრდიდა არ არის დაკონკრეტებული

რედაქტორის რჩევით