17 წლის დომინიკა ძალით გაათხოვეს, გოგონას ქმარი ტირანი აღმოჩნდა - ქართველი ჟორჟ სანდის ცხოვრება
17-05-2018
17 წლის დომინიკა ძალით გაათხოვეს, გოგონას ქმარი ტირანი აღმოჩნდა - ქართველი ჟორჟ სანდის ცხოვრება
ფოტოგალერეა

საქართველოს ქალთა პირველი ორგანიზაციის დამაარსებელი, პოეტი, მწერალი და პირველი ქალი კორექტორი დომინიკა ერისთავი 1864 წლის 9 ნოემბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში, დღევანდელ ვანის მუნიციპალიტეტში, ზურაბ ერისთავისა და ანა მარჯანიშვილის შეძლებულ ოჯახში დაიბადა. გოგონას წერა-კითხვა დედამ ასწავლა, შემდეგ დომინიკა სოფელ როხის პანსიონში მიაბარეს, სადაც მან ათი წლის ასაკში ლექსების წერაც დაიწყო.

ზამთრობით დომინიკას ოჯახი ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც მან გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო და რუსულ ენასა და ლიტერატურას დაეუფლა.

მამის
გარდაცვალების შემდეგ, დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე, მასზე გაცილებით უფროს სოლომონ მდივანზე გაათხოვეს.

როგორც აღმოჩნდა გოგონას მეუღლე ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მომავალმა
უფლებადამცველმა ქალბატონმა ჟორჟ სანდის ნაწარმოებების კითხვა, ამ ნაწარმოებებმა მისცა ბიძგი მის საპროტეტსო განწყობას, ბიძგი იმისა, რომ თავისი უფლებებისთვის ებრძოლა.

დომინიკა ამბობდა, რომ მისი სურვილის გარეშე, ადრეულ ასაკში გათხოვებამ მას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, თუმცა "ტყვეობიდან" თავის დახსნა მაინც შეძლო.
მან თავისი ბიძაშვილის, ანდრია ღულაძის დახმარებით, თავი დააღწია მეუღლეს, თბილისში წავიდა და ქართული ჟურნალის "ნობათის" რედაქციაში დაიწყო მუშაობა. დომინიკა ცნობილ ქართველ მწერლებს დაუახლოვდა.

მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოჩინდა, როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს.

1893 წელს მისი პირველი ლექსი "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო" ილია ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა და როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე, ის უმალ მიიწვია რედაქციაში სამუშაოდ. დომინიკა იყო პირველი კორექტორი ქალიც.

დომინიკას ფსევდონიმი "განდეგილი"გახლდათ, მას ქართველ ჟორჟ სანდსაც უწოდებდნენ.
დომინიკა იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა.

ახლო მეგობრობა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.


1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ "ნობათის" რედაქტორად დაინიშნა.

1914 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა "ქართველ ქალთა საზოგადოების" დაარსებაში, მასთან ერთად ორგანიზაციის წევრები იყვნენ ეფემია მესხი, ნინო ნაკაშიძე, ნინო მაჭავარიანი, ნეიმანი, ოლღა აღლაძე, ნინო დაფქვიაშვილი. დომინიკა ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან შეიმუშავა სამუშაო პროგრამა, მაგრამ ერთ წელიწადში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამიტომ მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების მოძიება. ომის დროს მხოლოდ ლიტერატურული საღამოებით და კონცერტებით შემოსული ფული არ იყო საკმარისი, ამიტომ სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში"გახსნა, სადაც ხშირი სტუმრები იყვნენ იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.

1929 წელს გაზეთ "სახალხო ფურცელში" მისი წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი" გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

დომინიკა 1929 წლის 29 იანვარს, 64 წლის ასაკაში თბილისში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დომინიკას უთხოვია, ფანჯარასთან მიმიყვანეთო. როცა ქუჩაში გადაუხედავს, გაღიმებულს უთქვამს: "მე ვხედავ იმ ხალხს, ვისთვისაც ვიბრძოლე, სიკვდილის უკვე აღარ მეშინია..."

ის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მისივე თხოვნით, მეგობრების, ალექსანდრე ხახანაშვილის და იაკობ გოგებაშვილის საფლავებს შორის დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით