მჯდომარე მიცვალებული უძველეს სამარხში...
25-05-2018
მჯდომარე მიცვალებული უძველეს სამარხში...
"ძვ. წ. III-II საუკუნეების 30-მდე ქვევრი ჩოხატაურის რაიონის­ სოფელ ზემო ფარცხმაში პროფესორმა ამირან კახიძემ აღმოაჩინა 1968-70 წლებში"

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებამ მიცვალებულის მჯდომარედ დასაფლავების შესახებ საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა აღმოჩნდა, რომ დაკრძალვის განსაკუთრებული შემთხვევები (კატასტროფაში მოხვედრა, გაყინვა...) დადგენილებით რეგულირდება და მისი მიღება თვითმმართველობების უფლებამოსილებაა.

ჩვენ ქართული დაკრძალვის წესების შესწავლა ვცადეთ და გაკვირვებულიც დავრჩით: ზუგდიდელები ამ საქმეში პირველები არ ყოფილან - მათზე 34 საუკუნით­ ადრე, ძვ.წ. XIII საუკუნეში, მიცვალებული მჯდომარედ ზემო ავჭალაში
დაუკრძალავთ. დაკრძალვის უძველეს წესებზე ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ­ ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

- ბატონო ვახტანგ, ამ დადგენილებების მიღების შემდეგ ხალხი გაიძახის, მჯდომარედ დაკრძალვას კრემაცია სჯობსო. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია?
- როგორც ზუგდიდის საკრებულო განმარტავს, საუბარია გარდაცვალების იმ შემთხვევაზე, როცა უპატრონო მიცვალებულის, რომელსაც მიზეზთა გამო სხეულის
ფორმა აქვს შეცვლილი, ქრისტიანულად დაკრძალვა­ აღარ ხერხდება.

- ასეთი ერთეული შემთხვ­ე­ვები ყოველთვის იყო და მესაფ­ლავეებს­ საკრებულოებისთვის არ მიუმართავთ.­ საიდან აიღეს მაგალითი? თქვენ ხომ ათასწლოვან სამარხებს თხრით, მიცვალებული რომელიმე საუკუნეში მჯდომარედ დაკრძალული გინახავთ?
- მე არა, მაგრამ პირველ ქართველ არქეოლოგს, გიორგი­ ნიორაძეს უნახავს 1930 წელს, ზემო ავჭალაში, იქ, სადაც ახლა საპატიმროა. მაშინ მეტად უცნაური ამბავი მოხდა - სამშენებლო სამუშაოებისას მუშები სამარხს წააწყდნენ. მათ გასაკვირად, მაშინდელმა ხელისუფლებამ არქეოლოგის მოსვლამდე მუშაობა შეწყვიტა, ასე რომ, იქ მისულმა გიორგი ნიორაძემ ძვ.წ. XIII საუკუნის სამარხი და მასში მჯდომარედ დაკრძალული მიცვალებული აღმოაჩინა. მიცვალებული ქალი იყო, თუმცა­ სამარხში სარდიონის, კვარცისა და მინის მძივებთან ერთად, სატევარი და შუბისპირიც ჩაუტანებიათ.

- ესე იგი, ამ დროს ქართველი­ ქალები იარაღს ხმარობდნენ!.. რა გამოდის? ჩვენი საკრებულოებისთვის ავჭა­ლ­ელებს 34 საუკუნით უჯობნიათ. მჯდო­მარე დაკრძალვის წესი დიდხანს იყო გავრცელებული?

- ჯერჯერობით ეს შემთხვევა­ გამონაკლისია, თუმცა ფაქტად უნდა ვაღიაროთ. ისე კი, ქრისტიანობამდე ყველა ტიპის­ სამარხში, ყორღანები იყო, ორმო-სამარხები, ქვაყუთები თუ ქვევრ-სამარხები, მუდამ ემბრიონივით მოხრილად კრძალავდნენ,­ თანაც ითვლებოდა, რომ საიქიოს სიცოცხლე გრძელდება და იქ მოსახმარ ნივთებსაც ატანდნენ, იარაღსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. მამაკაცს სამარხში მარჯვენა ხელი თავისუფალი ჰქონდა, რათა შუბი ეხმარა და მარცხენა მხარეს იწვა, ქალი კი - მარჯვენა მხარეს. ასე იყო ქვევრ-სამარხებშიც.

- ქვევრებში რატომ კრძალავდნენ? ღვინის კულტთან ხომ არ იყო ეს დაკავშირებული?

- შეიძლება იყო კიდეც. ქვევ­რში დაკრძალვა ქრისტიანობამ­დელ ეპოქაში მეტად გავრცელებული იყო. დაკრძალვისას ქვევრს შუაზე­ ხერხავდნენ, ერთ ნახევარში მიცვალებულს ემბრიონივით აწვენდნენ, მეორე ნახევარს აფარებდნენ და სამარხში პირით მიწისკენ დგამდნენ, შიგ კი, შესაძლებლობის მიხედვით, ოქროს აყოლებდნენ...

ადამიანის გარდაცვალება ისეთივე საკრალურია, როგორიც მისი დაბადება, ამიტომ სარგებლობდა დაკრძალვის წესები ათასწლეულების განმავლობაში ასეთი პატივით. …

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები