"ხმა დაირხა, მედიკო გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგონას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი - კვირის პალიტრა

"ხმა დაირხა, მედიკო გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგონას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

თბილისში მასზე ლეგენდებს დღემდე ყვებიან. ულამაზესი მედიკო მებურიშვილის ცხოვრებაც და ამ ქვეყნიდან წასვლაც განსხვავებული, იდუმალებით სავსე მოვლენა იყო თბილისისათვის. მასზე უამრავი ტყუილ-მართალი შეიქმნა!

ფოტოგალერეა 1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. მისი დაკრძალვის პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა, ეს იმდენად უჩვეულო იყო, ამბობენ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება გვარიანად შეშინდა. თურმე "ამერიკის ხმამაც" კი გადასცა - თბილისში, ულამაზესი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო! გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "ბომონდის" არქივიდან:

"ისინი ერთად გაიზარდნენ. პატარა ქალაქის ერთი უბნის ცნობილ სკოლაში კლასელები იყვნენ, მერე - უახლოესი მეგობრები და ერთად გაატარეს ახალგაზრდობა, - 21 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ამ ასაკში დაიღუპა. მაშინ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა მის გარშემო, მოულოდნელი სიკვდილით, მაგრამ იმ ერთის სიცოცხლე ბოლომდე გამოუცნობ მითად დარჩა. ამ მითს დღემდე ინახავს საზოგადოება, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს გოგონა, შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

ის მეორე ჩემი რესპონდენტია, ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, - ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოგონებებში შემოინახა მედიკო მებურიშვილისა და მაშინდელი თბილისის ხსოვნა. რომელსაც ძალიან ენატრება თბილისური ურთიერთობები და, მასთან ერთად, ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ ქალაქის ნაწილიც იყო და ბიოგრაფიაც. ამიტომ ამბავი, რომელსაც ბატონი ვახტანგი მოგვითხრობს, ამ ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიაცაა.

ვახტანგ კობაიძე

უბანი

მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე დაიბადა. გრიბოედოვის ქუჩის ასახვევთან მდებარეობდა მისი სახლი. დედა, ქალბატონი ვენერა, ექიმი იყო, მამა, ბატონი შალვა, - სტამბის დირექტორი. პატარა გოგონა ძველი, თბილისელი ინტელიგენტების ოჯახში იზრდებოდა. ამ ოჯახის სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა მისაღებ ოთახში, სადაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა მოეწყოთ. თავის ოთახში ცალკე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი სათავგადასავლო წიგნებს ეკავა. თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა. 53-ე სკოლაში მესამე კლასში გადავიდა. მედიკოს სკოლაში ტარება მეზობელმა, 53-ე სკოლის პედაგოგმა, ნინა უჩანეიშვილმა ითავა. მაშინ არავის უკვირდა მეზობლის ამგვარი თავდადება. ძველი თბილისი იყო, გახსნილი ურთიერთობებით, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობდა. მედიკოს მშობლები მუშაობდნენ და მეზობელი ოჯახს ამ ფორმით ეხმარებოდა. პირველივე დღეს ყურადღება მიიქცია ლამაზმა გოგონამ ქერა თმითა და მონაცრისფრო თვალებით. მის გარეგნობას სულიერება კიდევ მეტ ხიბლს მატებდა. კონტაქტური, კეთილი და გახსნილი ბუნების გოგონა კლასელებს უმალ დაუმეგობრდა. განსაკუთრებით ვაჟებთან მეგობრობდა და ამ მეგობრობაში ტოლს არავის უდებდა. რაღაცნაირი, "ვაჟკაცური" გოგონა ყოფილა.

თავისუფლების ფასი

ასეთი ადამიანები უმალ ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და იგივე საზოგადოება დაუნდობელიცაა მათ მიმართ. სკოლიდანვე ყველა იცნობდა, არა მხოლოდ საოცარი, ველური სილამაზის, უფრო თავისუფლების სიყვარულის გამო. იმ წლებისთვის შეუფერებელი სითამამითა და სილაღით გამოირჩეოდა, 60-იანი წლების თბილისი, - მისთვის დამახასიათებელი კონტრასტებით, ერთი მხრივ, იდეალური ურთიერთობებით, ხოლო მეორე მხრივ, იდეოლოგიური ჩაკეტილობით. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულს გამოხატავდნენ და ჩარჩოები, რომელსაც თავადვე ქმნიდნენ. მედიკო ამოვარდნილი იყო საერთო კონტექსტიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ცხენზე ამხედრებულს რუსთაველის გამზირზე ჯირითი შეეძლო, ან პირველს მოკლედ შეეჭრა თმა და სპილენძისფრად შეეღება. დადიოდა შარვლით, მეგობრობდა ვაჟებთან. ყოველთვის იქცეოდა ისე, როგორც სურდა და ამ თავისუფლებაში მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ასეთი გავლენა ჰქონდა მეგობრებზეც: "მის გვერდით საზოგადოების აზრის გათვალისწინება გვავიწყდებოდა და ყველა მისი ქარიზმატული თავისუფლების გავლენის ქვეშ ვექცეოდით", - მეუბნება ბატონი ვახტანგი.

ასე რატომ იცვამს? რა უცნაურად იქცევა? - გაჩნდა პირველი კომენტარები. წლებთან ერთად ვრცელდებოდა უკმაყოფილოთა ჭორები "განგსტერ" გოგონაზე, რომელიც "იარაღს ატრიალებდა" და მასთან გაკარება საშიში იყო. გოგონაზე, რომელიც შილიფად ჩაცმული დადიოდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა. "რაში სჭირდებოდა იარაღი, მთელი უბნის ვაჟები მას ვიცავდით. როგორ გავაქარწყლო ეს ჭორები? მედიკოს არც იარაღი ჰქონია და არც ნარკოტიკებთან "მეგობრობდა", - გულდაწყვეტით მეუბნება ბატონი ვახტანგი.

იზრდებოდა იმ ჩარჩოების გარღვევის ვნებაც, - რაღაც მეტის სურვილით.

ვახტანგ კობაიძის ფოტოარქივიდან

ტვისტი, ტიკო

ძირითადი გასართობი თეატრში სიარული იყო. ახალგაზრდები კაფეებში - "მეტროსა" და "ჩორნი კოფეში" იკრიბებოდნენ. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და სხვანაირი გართობა უნდოდათ. კაფე "მეტროში" საქსოფონზე ჯაზს საშკა კენედი უკრავდა. პრეზიდენტ კენედისთან გარეგნული მსგავსების გამო შეარქვეს ეს მეტსახელი. საშკას შესრულება იშვიათი გამონაკლისი იყო. გამორჩეულად ლუი არმსტრონგის კომპოზიციას - "ქარავანი" უკრავდა. როგორ? მაშინ? ეს ხომ იკრძალებოდა. მინიმალური გასართობის გამო, ახალგაზრდების ინდივიდუალური ნიჭი საოცრად განვითარდა. იკრიბებოდნენ, ცეკვავდნენ, სპექტაკლებს თავად დგამდნენ. სხვა გასართობი რომ არ იყო, ყველა სპექტაკლი ზეპირად იცოდნენ. ერთხელ მაგნიტოფონი, დიდი იშვიათობა, ჩაიტანეს რუსთაველზე და მეგობრებმა "ტვისტი" იცეკვეს. მათთან ერთად იყო მედიკოც. ყველაფერი რუსთაველზე, გამვლელების თვალწინ ხდებოდა. მაშინ ყველას ერთნაირად ეცვა. ის, რაც მაღაზიაში იყიდებოდა. განსხვავებული სამოსი სუხიშვილებს გასტროლებიდან ჩამოჰქონდათ და ყიდდნენ. ალბათ დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა ეს იყო. და მუსიკა, რომელსაც ახალგაზრდები ისმენდნენ.

მედიკო, ძირითადად, შარვალს იცვამდა, რაც დიდი იშვიათობა იყო. მეგობრებთან ერთად ეწეოდა სიგარეტს. თბილისში, პეროვსკაიაზე, ქურთის ქალი, ტიკო ცხოვრობდა, რომელიც ტანსაცმელს ყიდდა. ძვირადღირებული სიამოვნება იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული საქონელი, ამიტომ მედიკო და მისი უახლოესი მეგობრები ტანსაცმელს ერთი კვირით თხოულობდნენ და ისევ აბრუნებდნენ. "წავიდეთ, ტიკოს მივადგეთ", - იტყოდა ხოლმე მედიკო და მეგობრებს აიყოლიებდა. წვეულებისთვის ერთხელ ულამაზესი კაბა ითხოვა. ერთ კვირაში კაბა ტიკოს დაუბრუნა და სხვა წაიღო. ამიტომ, მედიკოს, იმ თბილისისათვის უცხოდ და ამავდროულად, ულტრამოდურად ეცვა. ქალაქში სულ რამდენიმე ნარკომანი იყო. როგორც ავადმყოფებს, მათ ნარკოტიკს მედპუნქტში უფასოდ უკეთებდნენ. ახალგაზრდების ნაწილი მარიხუანას მოიხმარდა. ჩუმად, არავის რომ გაეგო, ისიც მაშინ, თუ სასმლის ფული არ ჰქონდათ.

მარიხუანა შუა აზიიდან შემოსული გასართობი იყო, რომლის გასინჯვის სურვილი ახალგაზრდებს ნაწილს ჰქონდა.

გამხდარი, თათარი კაცი იყო ქოროღლი. აბანოებთან ცხოვრობდა. მარიხუანას მანეთად ყიდდა. თავად უფრო მეტს უხდიდა მილიციას, რომ თვალები დაეხუჭა. თვითონ სულ "კაიფში" იყო, მაგრამ არავინ იჭერდა.

კიდევ, იყო წამლები, რომლის გადაჭარბებული დოზა თრობას იწვევდა. ამაზე მეტი ნარკოტიკი მათ წრეში არავის გაუსინჯავს. მათ შორის, არც მედიკოს. 70-იან წლებში მეგობრების ჯგუფი დანაწევრდა. ნაწილი ნემსზე "შეჯდა", ნაწილმა სმა დაიწყო. მაგრამ მედიკო აღარ იყო მათ შორის.

უკანასკნელი დღე

წინა დღეებში მეგობრებს ცოტა დაბნეული და შეშინებული ეჩვენათ. გარეთ გასვლა არ უნდოდა. თუ გავიდოდა, მხოლოდ მეგობრების თანხლებით. იმ დღეს მედიკო სახლიდან ერთმა ქალმა გამოიყვანა. ორი ვაჟი ქუჩაში ელოდა. სინამდვილეში რა მოხდა, დღემდე არავინ იცის. ქალაქში ხმა დაირხა, მედიკო მებურიშვილი თერთმეტსართულიანის ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო. ექსპერტიზაზე კი მის ახლობლებს ჩუმად უთხრეს: "ამ საქმეს მიხედეთ, თავში აქვს ჩარტყმული". სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის ქალბატონი - მანანა მგელაძე გაასამართლეს, რომელმაც მედიკო შინიდან გაიყვანა. ის ორი ვაჟი არ გამოცხადებულა. მანანას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს მაღაზია "ციცინათელაში" დაიწყო მუშაობა. ახლობლები კიდევ მეტად დააეჭვა ამ ამბავმა. "ციცინათელა" ვალუტის მაღაზია იყო, სადაც უცხოელებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის საუკეთესო უცხოური საქონელი იყიდებოდა. ასეთი მაღაზია საბჭოთა საქართველოში უშიშროების სამსახურის გარეშე ვერ იარსებებდა. "ყველაფერში რომ ნომენკლატურის ხელი ერია, ცხადზე უცხადესი იყო. მედიკო მოკლეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს მის ქარიზმას, რადგან მისი თაობის თბილისელებისთვის ის განუმეორებელი სილამაზისა და სიკეთის მატარებელ გოგოდ დარჩა 47 წლის შემდეგაც", - იხსენებს ბატონი ვახტანგი.

გამოძიების სწორად წარმართვა მეგობრებისა და ოჯახის ძალებს აღემატებოდა. მედიკოს, როგორც ქალაქში ულამაზეს გოგონას, სამთავრობო დელეგაციებს ხშირად აეროპორტში ახვედრებდნენ. იქნებ რამეს შეესწრო და არასასურველ ინფორმაციას ფლობდა? ეს არავინ იცის. დღემდე საიდუმლოდ დარჩა.

თეთრ კუბოში ჩასვენებულ, თეთრი კაბით შემოსილ, მარმარილოსავით პირთეთრ გოგონას, უკანასკნელ გზაზე მთელი თბილისი მიაცილებდა. 1968 წლის 14 აპრილს 21 წელი უნდა შესრულებოდა. 10 აპრილს დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა ქეთი დარჩია