ბოლშევიკებემა სამშობლოში დაბრუნებულ კონსტანტინეს ცოლ-შვილიც შიმშილით ამოუხოცეს - მამულიშვილ ჭილაშვილთა ისტორია - კვირის პალიტრა

ბოლშევიკებემა სამშობლოში დაბრუნებულ კონსტანტინეს ცოლ-შვილიც შიმშილით ამოუხოცეს - მამულიშვილ ჭილაშვილთა ისტორია

დუშელ აზნაურ ჭილაშვილთა შთამომავლის, მედეა ჭილაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს გმირ ჭილაშვილთა ისტორია კიდევ ცოცხლობს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთიდან სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნებულ გენერალ კონსტანტინე ჭილაშვილს არა მხოლოდ ციხე -დარბაზი გადაუწვა დუშეთში, არამედ ცოლ-შვილიც შიმშილით ამოუხოცა...

ჭილაშვილების სასახლე XVII საუკუნიდან დგას დუშეთში, მილახვრიანთკარში. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ესენია: მთავარი კოშკი, გალავანი კოშკებით, კარის ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კედლები გარედან თეთრი ფერით იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი მას "თეთრ სასახლესაც" უწოდებდა. მას ქვეყნისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც თავად ჭილაშვილებს, რომელთა ვაჟკაცობისა და ერთგულების ამბავი საუკუნეებს გასცდა, თუმცა სასახლე განადგურების პირასაა...

მედეა ჭილაშვილი:

"ჭილაშვილთა სასახლე თითქოს ერთი პერიოდი ფრანგებს უნდა აღედგინათ, მაგრამ... აქაურობა ქარსა და წვიმას მიაქვს და კედლებს შლის. სასახლიდან ჭილაშვილების ვინაობის აღმნიშვნელი აბრაც ჩამოუგლეჯიათ და მის ნაცვლად ახალი გაუკრავთ, რომელზეც წერია: "არქეოლოგ რამინ რამიშვილის მუზეუმი". რამინ რამიშვილი ჭილაშვილთა სასახლის აღდგენისთვის იბრძოდა და მის ღვაწლს პატივი უნდა მიეგოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზრად არასოდეს მოუვიდოდა, ისტორიული ციხე-დარბაზისთვის საკუთარი სახელი მიეწერა. ეროვნულ მუზეუმში მითხრეს, აბრა, ალბათ, ვიღაცამ თავისი ინიციატივით გააკრაო. შესაბამის ხალხს მივმართე სხვადასხვა სამინისტროში. ზოგმა პასუხი არ გამცა, ზოგმა აბრის აღდგენაზე ტენდერს გამოვაცხადებთო. ამ კურიოზული პასუხის შემდეგ თქვენ მოგმართავთ. გთხოვთ, ჩემთან ერთად ხალხსაც გააგებინოთ, რა ბედი ელის ამ სასახლეს".

ვინ იყვნენ ჭილაშვილები?

ჭილაშვილები XVII საუკუნის დასასრულს გადმოვიდნენ დუშეთში. მათი სამკვიდრო საჭილაო იმერეთ-სამეგრელოს საზღვარზე იყო და მუდამ ამ სამთავროთა დაპირისპირებაში მოყოლილმა სამმა ძმა ჭილაშვილმა, როგორც ჩანს, ვეღარ გაძლო და ვახტანგ VI-ს მიაშურა. მან ძმები კარის აზნაურებად ჩაწერა და საგურამოს ზემოთ, ჭილაანთკარში დაასახლა. მერე, მეფის ერთგულებითა და ვაჟკაცობით იმდენად სწრაფად გაითქვეს სახელი, ძმებიდან ერთ-ერთს, ბაბანას, მილახვრიანთკარის სასახლე უბოძეს, - ერთსართულიანი კოშკი. სწორედ ეს კოშკი აქცია ბაბანამ ციხე-დარბაზად და ქალ-ვაჟიც იქვე გაზარდა. მის ვაჟს, გლახას, 5 ვაჟი და 4 ქალი ჰყავდა. მეფე ერეკლემ იცოდა გლახას ვაჟკაცობისა და განსწავლულობის ამბავი და თავისი ვაჟი -ვახტანგ-ალმასხანი აღსაზრდელად მისცა. სწორედ ვახტანგ-ალმასხანთან შეთანხმებით დაესხა თავს გლახა რუსეთის ჯარის პირველ მთავარსარდალ კნორინგს და 18 გრენადერი დაუჭრა. მერე კი გაზრდილს პეტერბურგში გაჰყვა და 16 წელიწადი, სიკვდილამდე გვერდიდან არ მოშორებია ბატონიშვილს.

გლახას ქალიშვილები ამ დროს უკვე გათხოვილნი იყვნენ, ერთი ვაჟი ცოცხალი აღარ ჰყავდა - ყმაწვილი პეტერბურგში საქართველოს უკანასკნელ დედოფალს გააყოლეს მხლებლად, გაცივდა და გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი მამამ პეტერბურგში წაიყვანა და უნივერსიტეტში შეიყვანა. აქედან დაიწყო ჭილაშვილთა აღზევება, რომლებსაც, მართალია, რუსები რუსული სახელებით მოიხსენიებენ, - ჩელიაევი გიორგი (იაგორი), ბაბანა (ბორისი), შიოში (სერგეი) და კონსტანტინე, (ადრე გარდაიცვალა), მაგრამ უწინარეს საქართველოს ღირსებას იცავდნენ.

გიორგი ჭილაშვილი

გიორგი ჭილაშვილი დეკაბრისტების მოსაზრებებს იზიარებდა. გიორგის ერუდიციამ იმდენად მოხიბლა იმპერიის ერთ-ერთი მინისტრი, რომ თავის მდივნად მიიწვია. მოგვიანებთ კი შესთავაზა, - მე შემიძლია იმპერიის ყოველი გზა გაგიხსნა, თუკი იმპერიის ერთგული იქნები, ამის დასამტკიცებლად კი რუსი ქალი უნდა შეირთოო. გიორგისაც უარი არ უთქვამს. მერე ისე მოხდა, რომ გიორგის ცოლი პრასკოვია პოპოვა საქართველოში ჩამოვიდა. აქაურობის შემხედვარემ სამშობლოში დაბრუნება აღარც მოინდომა და რუსეთში დარჩენილ დიდმოხელე ქმარს წერილს წერილზე სწერდა, - მანდ რაღას უზიხარო! გიორგიც საქართველოში უზენაესი პროკურორის რანგში დაბრუნდა, ვახტანგ VI-ის კანონების შემსწავლელი და მთარგმნელი კომისიის წევრი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ისტორიკოსი და 1832 წლის შეთქმულთა საყრდენი გახდა. შეთქმული თავადები, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, სწორედ გიორგი ჭილაშვილს უპირებდნენ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად დანიშვნას. ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, მისი კარიერა დამთავრდა.

შიოშ ჭილაშვილი

გენერალ-მაიორი შიოშ ჭილაშვილი იმ ქართველთაგანი იყო, რომლებმაც ბოლო მოუღეს შამილს, რაც იქნებ ბევრჯერ ინანეს კიდეც... ცნობილი დეკაბრისტი მწერალი ბესტუჟევი წერდა: "ეს ახალგაზრდა მუდამ მზად არის სიკეთისა და ქველმოქმედებისთვის. იგი ტომით ქართველია და თან სავსებით ევროპელი. ვისურვებდი, ჩემს რუსეთს ამისთანა შვილობილი ბევრი ჰყოლოდა." მაგრამ გენერალ-მაიორ შიოშის დამსახურება რუსული ინტელიგენციის აღფრთოვანებაზე მეტად ქვეყნის წინაშე ის იყო, რომ უჩუმრად პატრონობდა 1832 წლის შეთქმულების გადასახლებულ მონაწილეებს და, ფაქტობრივად, ტყვეობაში შიმშილით სიკვდილისაგან იხსნა ერეკლე მეორის შვილიშვილი, თეკლა ბატონიშვილის შვილი ალექსანდრე ორბელიანი.

ბაბანა ჭილაშვილი

ძმებს შორის იმპერიის ყველაზე გავლენიან კაცად გენერალ-მაიორი ბაბანა ჭილაშვილი იქცა. ვორონცოვი და იმპერატორის მინისტრები მას ასე მიმართავდნენ - თქვენო მაღალკეთილშობილებავ! ხოლო თავადიშვილები იმპერიის დიდმოხელეზე ზეგავლენის მოხდენას სთხოვდნენ. ამასვე ემუდარება 1850 წელს ნინო ჭავჭავაძეც, - "ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ზაქარია ავალოვი დიდი ხანია არის კანდიდატი თავად ვორონცოვისგან რაიმე თანამდებობის მიღებაზე. ამჟამად თავადი ანდრონიკოვი ნიშნავს მას თავად ჩოლოკაევის დამხმარედ, მაგრამ თქვენი თანხმობის გარეშე მას არ დაამტკიცებენ"...

სამხედრო გზაზე მცხოვრები ჭარ-ბელაქნისა და ლეკეთის საკორდონე ხაზის უფროსად დანიშნულმა ბაბანა ჭილაშვილმა მოახერხა ის, რომ ხალხი ყაჩაღობისაგან იხსნა. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი საქმე იმით გააკეთა, რომ გმირად აღზარდა თავისი ვაჟი კონსტანტინე, რომლის ხსენებისას დღეს მთელი ბულგარეთი იყრის მუხლს. 1877 წელს დაიწყო ბულგარეთის თავისუფლებისთვის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები, სადაც ბულგარელებს ასევე თურქეთთან დაპირისპირებული რუსეთის იმპერიაც ეხმარებოდა. კონსტანტინე ჭილაშვილი ბატალიონის მეთაური იყო. როდესაც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ წერტილზე, შიპკის მაღლობზე, ზოგიერთმა ბულგარულმა ნაწილმა ვეღარ გაუძლო მრავალრიცხოვანი თურქების შემოტევას, მეომართა რიგებში ჯერ კონსტანტინე ჭილაშვილის ხმა გაისმა, - "ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, დაე, ჩვენი ძვლები აქ დაიმარხოს თავისუფალი ბულგარეთისთვის ბრძოლაში!", მერე, - "იბობოქრე, მარიცა"წამოიწყო. დაჭრილ-დაჩეხილმა მეომრებმა ბანი მისცეს, -.ეს ისეთივე სიმღერაა ბულგარელებისთვის, როგორიც ქართველებისთვის "შავლეგო". როცა ბრძოლა დამთავრდა, მაღლობის გარშემო მხოლოდ თურქთა ცხედრები ეყარა. კონსტანტინე ჭილაშვილის სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ბულგარეთის ისტორიაში. დღესაც სოფიას მთავარ ქუჩას ქართველი კაცის სახელი ჰქვია.

მის სახელს სამშობლოში ფერფლი წაეყარა

სამაგიეროდ, კონსტანტინე ჭილაშვილის სახელს სამშობლოში წაეყარა ფერფლი... ისტორია, რომელიც ჭილაშვილების სასახლეში დაბრუნებულმა გვარის უკანასკნელმა შთამომავლმა გააგრძელა, ტრაგიკულად დამთავრდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინემ ცოლად შეირთო ელენე ქარუმიძე და ერთადერთი ვაჟი, ბაბუის მოსახელე ბაბანა შეეძინა. კონსტანტინე გარდაცვლილი იყო, საქართველოში ბოლშევიზმის დროშა რომ აფრიალდა. კომკავშირელებმა ჭილაშვილების სასახლე გადაწვეს, უნიკალური ბიბლიოთეკაც ცეცხლს მისცეს. რომელიღაცამ მოახერხა და ჭილაშვილების საგვარეულო რეცეპტები და სამედიცინო წიგნები სკივრით გამოიტანა. მაგრამ მერე, როგორც ამბობენ, რაღაცაზე გაბრაზებულმა ამ კაცმა ეს სკივრიც დაწვა (ერთადერთი განათხოვრებული წიგნი გადარჩენილა, რომლითაც რომელიღაც დუშელი ჯარაექიმი მკურნალობდა ხალხს, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უშვილძიროდ გადაგებულა და ცოდნა ვერავისთვის დაუტოვებია). ბოლშევიკებმა ბაბანა და დედამისი გადამწვარი სახლიდანაც გამოაძევეს. თბილისში ეს ორი უმწეო მიწურში დასახლდა. თავის სარჩენად ბაბანამ ქუჩაში სიგარეტით ვაჭრობა დაიწყო, რის გამოც გაცივდა, ტუბერკულოზი დაემართა და გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ ვინმე ასლამაზოვმა კუკიის სასაფლაოზე იცნო კონსტანტინე ჭილაშვილის ქვრივი, რომელიც მწარედ დასტიროდა ერთადერთი შვილის საფლავს.

დავუბრიუნდე სასახლეს, რა ელის მას?

ქეთევან ჭილაშვილი, დუშეთის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი: - უკვე არსებობს პროექტი - სასახლის აღდგენას მსოფლიო ბანკი დაიწყებს, დუშეთის შესაბამისი სამსახურების თანამონაწილეობით.

- ჭილაშვილების შთამომავლები გვწერენ, რომ დარღვეულია სასახლის ავთენტურობაც: ჩამოგლეჯილია ჭილაშვილების აბრა და მის ნაცვლად გაკრულია: "რამინ რამიშვილის მუზეუმი".

- აბრის ამბავს უსათუოდ გამოვიკვლევთ და ჭილაშვილების აბრასაც აღვადგენთ. ვინც უნდა იყოს ამის ჩამდენი, უნდა ესმოდეს, რომ ისტორიული ძეგლის ავთენტურობის დაკარგვა არ შეიძლება.

ეთერ ერაძე