წყალქვეშ ჩაძირული ქალაქების საიდუმლო - კვირის პალიტრა

წყალქვეშ ჩაძირული ქალაქების საიდუმლო

ლაზმა მეთევზემ უძველესი გემის ცხენისთავიანი კოლხური კიჩო, ჭურჭლის ნამტვრევები და ორი ამფორა იპოვა

ადამიანები მიდიან, მათი კულტურის კვალი კი საუკუნეებს უძლებს. უძველესი არქეოლოგია მისტიკაა და თუ საქმე წყალქვეშა არქეოლოგიას ეხება, მით უფრო - მოიპოვება კი რამე წყალქვეშ ჩაძირულ ქალაქებზე მისტიკური?! ბოლო დროის ტექნოლოგიებმა მეცნიერებას ზღვის ყველაზე ბნელ კუნჭულებშიც შეაღწევინა და ასე აღმოჩნდა ლეგენდარული ჰერაკლიონი ხმელთაშუა ზღვაში, თავისი ამონის დიდებული ტაძრის ნაშთებით, სადაც ეგვიპტელებმა კლეოპატრას ეგვიპტის მბრძანებლის ტიტული მიანიჭეს. ჩაძირულ ქალაქებს შორის კოლხეთის სამეფოს ნაწილიც არის. როგორც ისტორიკოსი სტრაბონი წერს, წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე 120 გემი სერავდა ტალღებს, მათ შორის, კოლხეთის გემებიც იყო - ის ხომ უძლიერესი ზღვისპირა სახელმწიფო იყო დედაქალაქ ფაზისით (ფოთი). არავინ იცის, რა საიდუმლოს ამოხსნა გველოდება ჩვენს წყალქვეშეთში, ჯერჯერობით კი ზღვისპირა ძიებას ორი რამ უშლის ხელს: სოხუმში ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება და უფულობა - წყალქვეშა არქეოლოგია ხომ უძვირესი დარგია! მიუხედავად ამისა, ჩვენი წყალქვეშა არქეოლოგიის კარის შეღება მეცნიერებმა ორჯერ მაინც სცადეს - პირველად 1985 წელს, როცა ქართველმა მეცნიერებმა შავი ზღვისა და პალიასტომის ფსკერი დაზვერეს და კოლხეთის კულტურის მნიშვნელოვან კვალს წააწყდნენ; მეორედ - 2013 წელს, როცა ქართულმა ექსპედიციამ პოლონელებთან ერთად პეტრას (ციხისძირი) ციხესთან ჩაყვინთა. წყალი კი დაუნდობლად რიყავს სანაპიროზე წარსულის ნაშთებს და ბედნიერებაა, თუკი კეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდებათ ხელში - ბათუმის მუზეუმს არაერთი მოხალისე-მაძიებელი მისდგომია ექსპონატებით. თუმცა მათ შორის არის ისეთიც, რომლის მუზეუმში მიტანა შეუძლებელია - ეს ჩაძირული გემების კიჩოებია. ბათუმელი ჟურნალისტი ზურაბ ბაუჟაძე, სავარაუდოდ, ჩაძირული გემის კიჩოს, ზღვისა და მდინარის შესართავთან წააწყდა და მუზეუმს შეატყობინა.

- შავმა ზღვამ ნაპირების დაფარვა ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც ამბობენ, ძველი ფაზისი სანაპიროდან დაახლოებით 13 კილომეტრშია ზღვაში ჩაძირული და წყალი სწორედ მის ნაშთებს რიყავს. მეცნიერი არ ვარ, რამე ვამტკიცო, თუმცა, მგონია, რომ უძველესი ხის ნივთი, რომელიც ვიპოვე, სწორედ კოლხეთის ზღვაში მცურავი გემის კიჩოა. გემის ასეთ უძველეს ნაწილებს ზღვა გამუდმებით რიყავს, მაგრამ ზოგს წარმოდგენა არც აქვს, ეს რა საგნებია. ერთხელ უძველესი გემის ნაწილი ვიღაცამ დაჭრა და ცეცხლს შეუკეთა. თუმცა, ისეთებიც არსებობენ, ვინც მათი ფასი იცის - თურქული გემის ლაზმა მეთევზემ, სახელად ზექი აქილთაზმა (ფაჩულია) ბადეს თიხის დოქი და ჭურჭლის ნამტვრევები ამოაყოლა. მაშინვე მიმხვდარა, რომ ეს ჩვეულებრივი ნივთები არ იყო და საზღვაო ტექნოსერვისის უფროსს დაჰკავშირებია, მან კი მეცნიერებს დაურეკა. როდესაც ეს ხალხი მის სეინერში ავიდა, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - სეინერის ეკრანზე ქობულეთის სანაპიროდან 10 კილომეტრში, 120 მეტრ სიღრმეში გარკვევით ჩანდა თიხის ჭურჭელი: ორი ამფორა, ერთი დოქი და გემზე ნიჩბების დასამაგრებელი ორკაპი. მოგვიანებით მეზღვაურმა მეცნიერებს ისევ მიაკითხა და უთხრა, რომ ზღვიდან ამჯერად ხის უცნაური საგანი ამოიღო. ეს ხის კიჩო აღმოჩნდა. ასეთი კიჩოები უძველეს გემებს შტორმისგან იცავდნენ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მსგავსი მასალა არ აღმოჩენილა. კოლხური კიჩო ცხენისთავიანია და დაახლოებით ძვ.წ. მეორე საუკუნისაა.

- რა ითვლება ჩვენი შავიზღვისპირეთის უძველესი ჩაძირული ქალაქების ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად? - დიოსკურიის ნანგრევები და ძვ.წ. V საუკუნის მართლაც ულამაზესი, ლეგენდარული სტელა. ამბობენ, რომ ამ მარმარილოს საფლავის ქვაზე მომაკვდავთან გამოთხოვებაა ასახული. ის სკამზე ზის და მუხლებთან პატარა ბიჭი ჰყავს ჩახუტებული. იქვე ქალს ყუთით რაღაც უჭირავს - მეცნიერთა თქმით, ეს საფლავში ჩასატანებელი სამკაულია.

- როგორც ამბობენ, პალიასტომის ტბის ფსკერზე ეკლესიის ნაშთებია აღმოჩენილი. ლეგენდის თანახმად, ცნობილი ხატი - "პალიასტომის ღვთისმშობელი" სწორედ ამ ტაძარში ესვენა. იქ ჩაძირული ტაძრის ხუცესს ეს ხატი ოთხჯერ გამოსცხადებია - ქალაქი იძირება, ხატი საყდრიდან გამოაბრძანეო. მას მხოლოდ მეოთხე დასიზმრებისას გამოუბრძანებია ხატი და ქალაქიც ჩაძირულა...

- როგორც პალიასტომის ექსპედიციის მკვლევრები წერენ, აქ, წყლის ფსკერზე, დაახლოებით 900 კვ მეტრის მანძილზე, დაახლოებით VIII საუკუნის დასახლებაა აღმოჩენილი: ყორის ქვით აშენებული ტაძრის ნანგრევები, წითელლაქიანი კერამიკის ჭურჭელი და მინის სამკაულები. ჩოლოქ-ფიჩორის მონაკვეთში სამი სამოსახლო ბორცვია აღმოჩენილი, რომელთაც გამოკვლევა სჭირდება. ბათუმის მუზეუმის დირექტორის, პროფესორ ამირან კახიძის თქმით, წლის ბოლოსთვის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მზადდება იმ ექსპონატების გამოფენა, რომლებიც ზღვამ გამორიყა. კოლხური წყალქვეშა მასალის შესწავლა კი არცთუ შორეული მომავლის საქმეა.

ეთერ ერაძე