მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@29)

ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფასი ხალიჩებითა და ნოხებით იყო მორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყო ჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე: ზოგი მათგანი ფეხმოკეცით იჯდა ბალიშზე, ზოგი ყავას მიირთმევდა, ან ყალიონს აბოლებდა, ზოგი წამოწოლილი იყო და სთვლემდა, ზოგიც ბედს ემდუროდა, რომ სოლომონ მეფის შიშით, გიაურების ქვეყნიდან ძველებურად ვეღარ მოჰყავდა საჯიშე ქართველები. ზაიდოლა და იბრაგიმი კი ნაძლევის ეშხით აზარტულად აგორებდნენ ნარდის კამათელს და იმედი ჰქონდათ, რომ მოგება პარტნიორის გასაყიდ საქონელს - მშვენიერი აღნაგობის ახალციხელ ვაჟკაცს ან მომხიბვლელ გრძელთმიან ცირას ჩაუგდებდა ხელთ...

- ვაჰ, არ უყურებ მაგ ყურუმსაღსა! - შურით წარმოსთქვა ჩოფურამ, როცა დარწმუნდა, რომ იბრაჰიმს მართლა დუ-შაში მოსვლოდა.

- მოდი, შე ოხერო, რაღა? ჰა! შაშ-ჩარი! ჰო, ამასაც არა უშავს რა, - გული დაიიმედა ზაიდოლამ.

- ვითომ ჩემ ცირაზე ხელი ამაღებინო გინდა, რაღა?

- წინასწარმეტყველის იმედით, - სასოებით ამბობდა ჩოფურა.

- წმინდაო ალია, თუ შენ შემეწევი და იმ ახალციხელს ხელში ჩამიგდებ... - აღთქმას სდებდა იბრაჰიმი.

- ჰა, კარგი, ითამაშე, - აჩქარებდა ზაიდოლა.

- დამაცადე ერთი, არც შენა გაქვს დაკვანწული საქმე, - მშვიდად მიუგო იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა.

- შაში-ფანჯი! ეს შაში, ეს... იქ... მოიცა, საშიშია... დამიკეტავს მაგ პირძაღლი... არა, ასე იყოს... აჰა, ესეც ფანჯი!

- ახლა, თუ დუ-შაში მომივიდა, ხომ გამოგიბრიცე თვალები! - აღიზიანებდა ზაიდოლა. - სე-დუ, ღმერთიც გასწყრომია. ვაჰ, მართლაც და, არ მომიგოს მაგ გიაურების სათრევმა!

- მაშ, რა გგონია! თავის ქება ბრძოლის შემდეგ უნდა! ჰა, იფ, ერთი შეხედე და, დუ-შაში, ალია, შენ კი გენაცვალე სულში, - სიხარულით წამოიძახა იბრაჰიმმა, - ახლა როგორ გინდა? დავ!

- მოვიდეს. შეგიშინდები გგონია, თუ? - მიუგო ზაიდოლამ.

- რამდენი მოვიდეს?

- რამდენიც გინდა.

- ორმოცი ყურუში!

- ყაბული მაქვს... სე-დუ, ფუ შენს გამომთლელს!

- შაში-ჩარი!

- დუ-შაში? ვააჰ, ალლაჰ, ალლაჰ! - ისე მძლავრად წამოიძახა ჩოფურამ, რომ მძინარე ალი-უსუფი შეინძრა და რაღაც ჩაიწმუკუნა.

- დავბა-სე, გინდა? - დაეკითხა ჩოფურა.

- ზაიდოლ! ძლიერაც ნუ თავხედობ! - გაჭიანურებით შენიშნა იბრაჰიმმა.

- დავბა-სე-მეთქი, - განიმეორა ზაიდოლამ.

- კარ...გი, თამაშობა ხომ ჩემია. ესეც ჩარი-სე.

- ფანჯუ-სე.

- დუ-შაში.

-ჰოი, შე შეჩვენებულო! - წყენით წამოიძახა ჩოფურამ, ერთ-ერთი კამათელი აიღო და ნარდის ფიცარზე დაანარცხა...

- ჯერ რას ცხარობ, ბოლო ვნახოთ, და! - მშვიდად ამბობდა იბრაჰიმი.

- ალი-უსუფ! ზაიდოლ! იბრაჰიმ! - ყვირილით შემოიჭრა ამ დროს გემის უფროსი, - ტყვეები ჩხუბობენ. შენ რომ სქელ-სქელი კაცი მოგყავს, რა ჰქვიან, ახალციხელია, თუ რა ჯანდაბაა, დიდი შფოთის მოყვარე ვინმე ყოფილა. რატომ მაგისთანებს ხუნდს არ ადებთ, კაცნო!

ყველანი წამოიშალნენ.

- რა მოხდა? რა ამბავია? ესენი ხომ... - ბუტბუტებდა ალი-უსუფი და თვალებს იფშვნეტდა.

- ალი-უსუფ! მიშველე... ტყვეები აჯანყდნენ, - აღელვებით ამბობდა გემის უფროსი.

ყველანი საჩქაროდ გემის ბაქანისაკენ გაემართნენ.

- რა დროს შემიშალეს ხელი მაგ წყეულებმა, უეჭველია მოვიგებდი, - ფიქრობდა იბრაჰიმი და უკმაყოფილოდ თავს აქნევდა.

- ალლაჰ! ალლაჰ! რანაირად შესცდება კაცი? როგორ ავყევი მაგ ცხოველ ეშმაკს და კინაღამ არ ვიზარალე? სწორედ ბეწვზე ეკიდა ჩემი საქმე, ერთი ორი თამაში და მოიგებდა მაგ პირძაღლი, - ფიქრობდა ჩოფურა ზაიდოლა. - ყოჩაღ, ჩემო ახალციხელო! რა კაი დროს აუტეხია აურზაური! მე შენ დაგაფასებ, თუ ბიჭი ვარ. ორ-ორ პურს ზედმეტს მოგცემ ყოველდღე.

* * *

გემის ფართე ბაქანზე ტყვეები უთავბოლოდ ეყარნენ. მათში რამდენიმე ჭაღარაც ერია. უმრავლესობა კი, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდობა იყო, ათიდან ოცდაათ წლამდე. ზოგს ფეხზე სრულებით არაფერი ეცვა. ზოგს რაღაც ჭინჭებში ჰქონდა ფეხები შეხვეული, ზოგს ზედატანიც რაღაც ნაფლეთებით ძლივ-ძლივობით ჰქონდა დაფარული. აქა-იქ, ტყვეებს შორის, წითელქუდიანი ოსმალებიც მოსჩანდნენ, უშველებელი შოლტით ხელში. ესენი ტყვეთა მეთვალყურენი იყვნენ. თავიანთ შოლტებს ისინი ხშირად ძლიერ მარჯვედ ხმარობდნენ. სულ მცირე რამ მიზეზისათვის, ზოგჯერ ისე, თავშესაქცევადაც, გადაუტყლაშუნებდნენ ხოლმე უბედურ ტყვეებს ტიტველ მხარ-ბეჭზე.

სიცივისა, შიმშილისა და ხმელ იატაკზე პირუტყვივით გდებით არაქათგამოლეულნი და ბევრი ტირილისაგან თვალებჩალურჯებულნი ეყარნენ თავისთვის, ვინც სად მოხვედრილიყო. დაღვრემილნი, გულმოკლულნი და სასომიხდილნი, დამფრთხალი ნადირივით აქეთ-იქით იყურებოდნენ, თითქოს თავიანთი მდგომარეობა თვითონაც არა სჯერათო... ხანდისხან ზოგიერთთა თვალებში იმედის ნაპერწკალიც ანათებდა, ალბათ, ეს იყო ნაყოფი ან მხურვალე ლოცვისა, ან ტკბილი ოცნებისა. მაგრამ დრო მიდიოდა, შველა კი არსაიდან სჩანდა და მოსალოდნელიც არსაიდან იყო. ირგვლივ პირქუში, მოუსვენარი, წამდაუწუმ ამავალ-დამავალი ზღვა სჩანდა. წინ წყალი, უკან წყალი, მარჯვნივ წყალი და მარცხნივ წყალი...

მაღალი ანძის ძირს ახალგაზრდა ტყვე ქალი იჯდა. ტანთ ეცვა შედარებით სუფთა, შინ მოქსოვილი ბამბის კაბა. თვალებზე ლეჩაქი ჩამოეფარა და თითქმის სულ ტიროდა.

ტიროდნენ და მოსთქვამდნენ სხვებიც. ოხერი კაცის გული ყოველგვარ მდგომარეობას, ყოველგვარ უბედურებას შეეგუებ-შეეთვისება. ზოგმა უკვე გამოიტირა თავისი თავი. ინაღვლა, იტირა, თავი ქვას ახალა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და მომავალს გულგრილად დაუწყო ყურება.

განსაკუთრებით ჩქარა შეეჩვივნენ თავიანთ ახალ მდგომარეობას ახალგაზრდები. თავდაპირველად ისინი სხვებზე მეტს სწუხდნენ, ბღაოდნენ, ხელებსა და ფეხებს აქნევდნენ, მაგრამ ისევ ჩქარა დამშვიდდნენ და ჩქარა სიცილ-თამაშიც დაიწყეს, თუმცა ხანდისხან გადაეკვროდა ბინდი მათ პირისახეს, გაახსენდებოდათ მშობლები, სახლ-კარი, სამშობლოს ველ-მინდვრები, აუტოკდებოდათ ახალგაზრდა გული, აემღვრეოდათ თვალები და ცრემლი, ცრემლი, ერთადერთი მათი ნუგეში, კამკამით ჩამოვარდებოდა იმათ ლოყა-ნიკაპზე.

- ჰასან, რა ვუყოთ, სულ ტირის და ტირის ის წყეული ქალი? მესამე დღეა, რაც ფოთი დავტოვეთ, და კიდევ არა ცხრება ის გიაურის შვილი, - სიცილით უთხრა ერთმა მეთვალყურემ მეორეს, - რჯულის მადლმა, ყურთასმენა წაიღო მაგის მოთქმა-წუწუნმა.

- გინდა, დავამშვიდო? მაგის ვაი-ვუი მეც არ მაძლევს მოსვენებას. წუხელ ისეთ დროს გამომაღვიძა მაგის გოდებამ, ისეთი კარგი სიზმარი გამაწყვეტინა, რომ კინაღამ მივედი და გადავუჭირე ეს ჩემი მათრახი.

- ალბათ, ქმარი თუ აგონდება. ო... ხო, ხო, ხო!.. - უშნოდ დაიღრიჯა ოსმალო.

- ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაჟკაცი იქნებოდა მისი ქმარი? მართლმორწმუნე პირისახით რაც გინდ უშნო იყოს, გიაურს მაინც სჯობიან, - ამაყად წარმოსთქვა ჰასან მეთვალყურემ და მტირალ ქალს მიუახლოვდა.

- ეი, შენ, ჰაანუმ! ა, ჰაანუმ! თირილი რა თირილი, გაჩუმდა, გაჩუმდა... შენი არ... ესმის? - დამტვრეული ქართულით მიუბრუნდა ოსმალო მტირალ ქალს.

გაოცებულმა ქალმა პირისახეზე მიფარებულ ლეჩაქს გადასწია და შავგვრემანი, ცრემლით დანამული თვალებით ოსმალოს შემოხედა...

ვნებათა ღელვით გაბრუებულმა ჰასანმა ერთი ხელი ქალს მხარზე უბოდიშოდ დაადო და მეორე ძუძუებისაკენ წაიღო.

ქალმა შეჰკივლა, მოძალადეს ხელი ხელში სტაცა და ასადგომად წამოიწია, ოსმალომ კი ხელი კისერზე მაგრად შემოჰხვია და საკოცნელად მიიწია, მაგრამ ამ დროს ვიღაცას ხელი ისე მძლავრად მოხვდა ბეჭზე, რომ საჩქაროდ ქალს ხელი უშვა და გაცოფებულმა უკან მოიხედა. მის გვერდით ტყვე იდგა - ასე ოცდაათი წლის კარგა ჩასკვნილი ვაჟკაცი. ტანზე დახეული ჩოხა ეცვა, თავზე ნაბდის პატარა ქუდი ეხურა.

- შე ურჯულოვ, შენა! მაგას თავისი მწუხარება და დამცირება არ ეყოფა, რომ შენც ნამუსი არ ახადო? მაგის ლეჩაქი შენთვის დამიხურავს ემაგისთანა ვაჟკაცობისათვის, - დასჭყივლა თვალებანთებულმა ტყვემ.

- ოჰ, გიაურ! ვის უბედავ ხელის მიკარებას, - წამოიძახა ოსმალომ და ქამარში გარჭობილ შოლტისაკენ ხელი წაიღო, მაგრამ ტარზე ხელის მოკიდება და მომარჯვება ვერ მოასწრო, რომ გემის ბაქანზე პირაღმა გაშხლართული იწვა.

შეიქმნა ერთი ალიაქოთი. ტყვე ქალებმა წივილ-კივილი ასტეხეს. საჩქაროდ მოცვივდნენ მეთვალყურეები და უწყალოდ მოურთეს შოლტი მოჩხუბარ ტყვეს. გამწარებულმა ხელი გაიქნია. სწვდა ერთ-ერთ მეთვალყურეს, წაართვა შოლტი და თვითონაც გადუჭირა მარჯვნივ და მარცხნივ. რა თქმა უნდა, ტყვესაც ბევრი მოხვდა, ნახევრად ტიტველი ზურგი ბევრგან ლურჯად აებურთა, მაგრამ ორი-სამი მეთვალყურე მაინც კიდევ მიაწვინა. ამის შემყურე დანარჩენმა ტყვეებმაც ვერ მოითმინეს, წამოიშალნენ, დაავლეს ხელი რაც მოხვდათ...

ჩქარა გემის უფროსი, ვაჭრები და სხვა შეიარაღებული ბიჭებიც გამოჩნდნენ.

- რა ამბავია? რა მოხდა? დაწყნარდით, დაშოშმინდით! - იძახოდა ალი-უსუფი.

მათ დანახვაზე ტყვეები ცოტ-ცოტად დამშვიდდნენ.

- აი, ამან, აი, ამან, ეფენდი! - უთითებდა ერთი მეზღვაური ოფლში გაწურულ ზურგ გასისხლიანებულ ტყვეზე, ამან ასტეხა ჩხუბი, მეთვალყურე ჰასანს სულ ცხვირიდან ძმარი ადინა.

- ეს ხომ ზაიდოლას ახალციხელია! - გაისმა რამდენიმე ხმა.

- უეჭველია, მაგი იქნება ამბოხების თავი... - ყვიროდა იბრაჰიმ. - დაჰკათ მაგას ასი შოლტი!..

- მოიცა, ნუ ჩქარობ, გავიგოთ, რაშია საქმე, - აუჩქარებლად წარმოსთქვა ალი-უსუფმა.

- ასი კი არა, ორასი უკვე დაურტყამთ... მიზეზი უნდა ვიცოდეთ, - უკმაყოფილოდ ამბობდა ზაიდოლა.

- რაც გინდა იყოს, ასეთი მოვლენა გემზე მოსათმენი არაა! ერთი ორი ჩემი მეზღვაურთაგანიც ნაცემია, - ყვიროდა გემის უფროსი...

- შფოთის ამტეხს და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება? -- დაიყვირა მოთმინებისაგან გამოსულმა ერთმა ჭაღარა ტყვემ. - ოსმალებო, თავს ნუ ირცხვენთ! უსამართლოდ ნუ ირჯებით! გვაკმარეთ ამდენი დამცირება, თორემ იცოდეთ, ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულში! სულერთია, რაღა დაგვრჩენია ამის მეტი! მაინც დაღუპულნი არა ვართ? ღვთისა და კაცისაგან განწირულნი და მოძულებულნი!

ჭაღარას სხვებიც მიჰყვნენ. ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ, ყველამ თავი წამოჰყო.

- დაე ყველას სათითაოდ ყელი გამოგვჭრან. რა დაგვკარგვია, ამ ქვეყნისა მაინც ხომ აღარა ვართ! - ყვიროდნენ ტყვეები.

- დაჩუმდით! დაწყნარდით! გამაგებინეთ, რაშია საქმე? - იძახოდა ალი-უსუფი, მაგრამ არც ისე ადვილი იყო მოთმინებიდან გამოსულ, გააფთრებულ ტყვეთა დაცხრობა. როგორც იყო, ცოტ-ცოტად გამოირკვა შფოთის ატეხის ნამდვილი მიზეზი.

- არც ასე შეიძლება, ალლაჰს ვფიცავ, - დინჯად ამბობდა ალი-უსუფი, - ყოველნაირ საქციელს საზღვარი უნდა ჰქონდეს... ამ შემთხვევაში ჰასანი შემცდარია. დედაკაცს ისე აშკარად, ისიც დღისით, ამგვარად არ უნდა მოპყრობოდა.

- მოპყრობოდა კი არა, ხელითაც არ უნდა მიჰკარებოდა! - ცხარობდა ჩოფურა. - ჰასან ხომ ჩემი მეთვალყურე არ არის! რა უფლების ძალით ერეოდა სხვის საქმეში? მაგრამ ვიცი, ეს სულ იბრაჰიმის ოინებია!

- ერთი ჭკუაზე მოდი, და! - წამოჭარხლდა იბრაჰიმი - ჩემი კი არა, თუ მათქმევინებ, შენი ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლოდა, შენს ახალციხელს ნარდში მოგიგებდი...

KvirisPalitra.Geნაფისა ხანუმი - თეთრი განძი ანუ მამელუკთა დედა

საქართველოდან მოტაცებული ტყვე ქალები, მართალია, აღმოსავლელი შაჰებისა და ეგვიპტის სულთნების ჰარმახანებს ამშვენებდნენ, მაგრამ იქაც კი ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა თავისი სამშობლოს კეთილდღეობისთვის მცირე წვლილი გაეღოთ.

რუსი პოლკოვნიკის სტეფანე ბურნაშოვის ცნობით, სტამბოლის ჰარამხანაში მყოფი ტყვე ქართველი ქალები საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ ერეკლე II-ს ოსმალეთის იმპერიის საშინაო მდგომარეობის თაობაზე, რითაც ცხადია, ქართლ-კახეთის სამეფოს უად-ვილებდნენ მოსისხლე გარეშე მტრებთან გამკლავებას.

ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გახმაურებული დიდი ალი-ბეის ულამაზესი ქართველი ცოლის სიტი-ნეფისეს სახელი. ერთი ევროპელი ავტორი წერს: ,,სიტი ნეფისემ (ნეფისამ) ფრანგთა ექსპედიციის დროს თავი ისახელა უაღრესად საპატიო საქმეებით.

ქალთა შორის ცოტა ვინმემ უჩვენა იმდენი თვისება, რამდენიც მან. მისი კეთილშობილური ხასიათი და კდემამოსილება ფრანგების აღტაცებას იწვევდა, ახასიათებდა ისეთ განსწავლულობაც, რასაც აღმოსავლეთის ქალებში ჩვეულებრივ ვერ ვხვდებით".

ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების თანახმად, ნაფისა არასოდეს ყოფილა განწირული ჰარამხანისთვის. ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა, როცა იმ დროისთვის უცნობილესმა მამელუკმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა. ულამაზეს და გამჭრიახ ქალიშვილს ალ-ქაბირმა თავისუფლებაც უბოძა და ცოლადაც შეირთო, მაგრამ მალევე დაიღუპა. ნაფისა მარჯვედ მართავდა ქმრის დიდძალ ქონებას, დიდ მოგებასაც ნახულობდა და ქველმოქმედებასაც ეწეოდა და თავისი გამჭრიახობის წყალობით ისიც მოახერხა, რომ ქმრის დიდძალი სიმდიდრე დაემტკიცებინა. მცირე ხნის მერე იგი მეორე ცნობილი ქართველი მამელუკის მურად-ბეის ცოლი გახდა.

როდესაც ბონაპარტე ეგვიპტეს მიადგა, პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოუხდა მისთვის საძულველ მამელუკებთან. მამელუკთა 6-ათასიან ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაგიმ სინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმათნაფიცი მურად-ბეი.

მამელუკებს უკან დახევა მოუხდათ. მაგრამ კაიროში დარჩენილი შორსმჭვრეტელი და დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული მშვენიერი ნაფისა ქალაქის კარიბჭესთან დახვედრია ფრანგ იმპერატორს და ისე მოუხიბლავს, რომ მისი სასახლის სტუმარიც გამხდარა, ძვირფასი სამაჯურიც მიუღია საჩუქრად და იმისთვისაც მიუღწევია,  რომ მამელუკთა ლაშქარი მურად-ბეისთან ერთად მშვიდობიანად დაბრუნებულა თავიანთ ოჯახებში... ხალხმა მშვენიერ ნაფისას "თეთრი განძი" და "მამელუკთა დედა" შეარქვა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)