"გურულებმა ფიცი დადეს: - თუ ბრძოლა არ შეგვიძლია, თავი მოვიკლათ, თუ არადა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლოთო"
"გურულებმა ფიცი დადეს: - თუ ბრძოლა არ შეგვიძლია, თავი მოვიკლათ, თუ არადა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლოთო"
ამას წინათ ერთი გურული ბიჭი გავიცანი - ვანო სალუქვაძე. გურულებს­ რომ ყველაზე ლამაზი სოფელი აქვთ, ლიხაური (ექვთიმეს სოფელია!), იქ ცხოვრობს­ და გურიაც, ალბათ, ყველა გურულზე­ მეტად უყვარს. აბა, მშობლიური კუთხის სიყვარული რა გასაკვირია, მაგრამ 20 წლის ბიჭი იმდენ რამეს მოგიყვება გურიასა და გურულებზე, არც თვითონ ამოისუნთქავს და გაოგნებისაგან აღარც შენ ამოგასუნთქებს. ვკითხე, უნივერსიტეტში რომ უყვები შენს ჯგუფელებს ამ ამბებს, რას შვრებიან-მეთქი? გაეცინა, ყველა ჩუმდებაო. აბა, რა იქნება, ისეთ ფანტასტიკურ ამბებს
ჰყვება! განა ბევრს გაუგია, რომ ერთ დროს გურულებმა შავ ზღვაზე ბურგუნდიელების ფლოტს მუსრი გაავლეს? აი, ვანომ კი იცის - უახლოეს კვლევებზე მისმა ლექტორმა თამარ ქორიძემ უამბო.


ვანო სალუქვაძე: - მეათე საუკუნის­ ევროპაში გაფანტულმა ტომებმა ერთ მშვენიერ დღეს შექმნეს ძლიერი სახელმწიფო, რომელმაც ხმელეთთან ერთად, ლამის მთელი
შავი ზღვა დაისაკუთრა. ზღვისპირეთის ქალაქებსაც შიშის ზარს სცემდნენ - თავიანთი მზვერავები ჰყავდათ, რომლებიც ატყობინებდნენ, რომელ ქალაქში რა სიმდიდრე ინახებოდა, მერე კი ამ ქალაქს დაეცემოდნენ და გაძარცვავდნენ. ასე შეუტყვიათ 1445 წელს, რომ ბათუმში დიდძალი აბრეშუმი ინახებოდა და სიმდიდრის გატაცებაც დაუგეგმავთ. მაგრამ ეს გურიის მთავარს შეუტყვია და კუდით ქვა უსროლინებია. ეს ამბავი ისტორიაში ასეა აღწერილი: "გურიის პატრონმა, ერისთავთერისთავმა, ბურგუნდიელების განზრახვა შეიტყო, ლაშქარი შეკრიბა და ბურგუნდიელების 600-კაციან ფლოტს ბათუმში დაუხვდა. ზოგი ამოხოცა, უმეტესობა კი ტყვედ წაასხა".

- მაღალი დონის დაზვერვის სამსახური ჰქონია გურიის მთავარს.
- არა მხოლოდ... ბრძოლის ტექნიკაც... ბურგუნდიელების დამარცხება ძალზე ძნელი­ იყო. მათ გურიამდე მთელი შავიზღვისპირეთის ქვეყნები მოითარეშეს, გურიელმა კი არა მარტო დაამარცხა მათი ფლოტი, არამედ მათი მხედართმთავარი­ ჟოფრედ ეტაუზიც ტყვედ აიყვანა და ერთი თვე ჰყავდა გამოკეტილი. თუმცა­ ისტორია იმასაც ამბობს, გურულები ტყვეებს კეთილშობილურად ექცეოდნენო. მერე საბერძნეთმა იშუამავლა და გურიელს ტყვეები გააშვებინა, ოღონდ ერთი პირობით - საქართველოს ტერიტორიას აღარასოდეს დალაშქრავდნენ. ბურგუნდიელებმა პირობა შეასრულეს, თუმცა, უკანა გზაზე მთელი მუსლიმური შავიზღვისპირეთი აიკლეს.

- რომელმაც მერე გურია და მთელი საქართველო აიკლო...
- გურია მაინც ვერ დაამარცხეს, ვერ აიღეს. ეს ხომ ფაქტია: შემოვიდოდნენ თურქები, დახოცავდნენ ხალხს, გადაწვავდნენ ყველაფერს, მერე გურულები გონზე მოვიდოდნენ და უკანვე გაყრიდნენ. ლიხაურში ასაკოვან ხალხს დღესაც ახსოვს, 1918 წელს თურქები ოზურგეთში რომ შემოიჭრნენ. ხალხმა ძლივს გაასწრო, მხოლოდ ბავშვების აკვნების წაღება მოასწრეს, სხვა ყველაფერი თურქებმა წაიღეს. რაც ვერ გაჰქონდათ, წვავდნენ, თან სულ "შუხუთ-შუხუთო", გაიძახოდნენ.

- შუხუთი სოფელია ლანჩხუთში...
- კი, არის. ეს ის ერთადერთი სოფელია, სადაც გურულები ცნობილ ლელოს თამაშობენ. და აბა, ვინ იცის, რატომ?­ აქ მათ პირველად ლელო თურქების თავებით ითამაშეს. 1854 წელს, როცა გურიაში თურქები შეიჭრნენ, ვინც ხელში ჩაუვარდათ, ბავშვებიანად გაჟლიტეს. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ თურქებს გურიაში გათურქებული ქართველი ხასანბეგ თავდგირიძე­ შემოუძღვა. გამწარებულმა გურულებმა ფიცი დადეს: - თუ ბრძოლა არ შეგვიძლია, თავი მოვიკლათ, თუ არადა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლოთ თავდგირიძისა და თურქების­ გასაჟლეტადო. ჰოდა, ფიცი შეასრულეს: ხასანბეგს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით წააცალა თავი. სხვა თურქებსაც თავები წააცალეს. ჭყონიამ ხასანბეგის თავი გენერალ ანდრონიკაშვილს მიუტანა - მაინც ქართველი იყო, სხვა თურქების თავებით კი გურულებმა ლელო ითამაშეს. აქედან იღებს სათავეს ცნობილი გურული სიმღერა "ხასანბეგურა".

- სასტიკები ყოფილან გურულები...
- ვინც იმსახურებდა. სხვათა შორის, 1905 წელს, როცა ნასაკირალში რუსი იმპერატორის კაზაკების ჯარი გურულებთან ბრძოლაში დამარცხდა, გურულებმა კაზაკები ტყვედ წაიყვანეს და მეფურ სუფრას უშლიდნენ. Gგადაირივნენ ტყვეები - რა ხალხი ყოფილა ეს გურუ­ლები და რას ვერჩოდით, ველურებს რომ ვეძახდითო.

- გურია, მგონი, მართლაც მეტად უცნაურია. გრიგოლ რობაქიძე წერს, გურულების სიღარიბე ცნობილია, მაგრამ იმისთანა წამოჭიმულ ოდებს, როგორიც გურულებს აქვთ, მთელ საქართველოში ვერსად ნახავთო.
- იმას რატომ არ ამბობთ, კიდევ­ რას წერს რობაქიძე? წერს, გურიაში­ ძალზე განვითარებულია თავისი თავის ღირსების­ გრძნობა, არისტოკრატობა, რჩეულობა. ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. სწორედ ამაყობა და გამორჩეულობა აქცევს ხასიათით რბილ გურულებს ფირალებადო.

- ისიც ვიცი, რომ ომში გურულები ისეთივე გამოპრანჭულები მიდიოდნენ, როგორც ქორწილში - სრული აღკაზმულობით.
- კი ბატონო, მაგრამ განა მარტო აღკაზმულობით, უმამაცესი გულითაც. იცით, ვის მიენიჭა პირველად ეროვნული გმირის წოდება საქართველოში 100 წლის წინ? ვის და, იოთამ ბოლქვაძეს. ეს კაცი დაზვერვაზე მარტო წავიდა თურქეთში. გზად შემოყრილი ასკერების რაზმიც მარტომ გაანადგურა - ოთხი იმ ქვეყნად გაამგზავრა, ოთხიც ტყვედ წამოიყვანა. რაც შეეხება ჩაცმას... რაც უყვარდათ, იმას აკეთებდნენ. ამბობდნენ, თუ მაინც უნდა დავიხოცოთ, ბარემ იმ ქვეყნადაც ლამაზად წავიდეთო. განა მარტო ომში, ფირალად გავრდნილ გურულებს ტყეშიც არისტოკრატულად ეცვათ. ლამაზად ჩაცმა ხასიათში გვაქვს - რასაც ვაკვირდები, თუნდაც ჩემს სოფელში, მანდარინის საკრეფადაც არავინ გავა აჩაჩულ-დაჩაჩული. ეს ძალიან მიხარია.

ვანო სალუქვაძე: "პირველ ფოტზე აღბეჭდილია ოთხი "დიდი" ფირალი - ალექსანდრე იმედაშვილი, მელქისედეკ ბურჭულაძე, თეოფილე ანდღულაძე, სიმონა დოლიძე. უფრო ლამაზად ჩაცმული ხალხი იმ ეპოქაში არ არსებობდა.

განჯის ციხეში სამი ქართველისთვის ფოტო გადაუღიათ. ვინ და რისთვის გადაიღო ფოტო, ახლა ვინ გაიგებს, მაგრამ ფოტოდან, პატიმრების ნაცვლად, ნამდვილი ლორდები იცქირებიან!
ერთი კიდევ მელქისა გუნთიაშვილის ფოტო მაოცებს - ტერორისტის, რომელმაც­ იმპერატორს 17 ჯარისკაცი აუფეთქა სოხუმში. ისეთი გამოწკეპილია წამოწოლილი, გეგონება, მხოლოდ ჩაცმულობაზე ზრუნავს და კაცს ბუზს არ აუფრენსო!"

ეთერ ერაძე
ანო
04 ივლისი 2018 08:15
გაიხარეთ ძალიან კარგი და გემოვნებიანი გაზეთი ხართ,ვისაც გურულების ამბები მითები ჰგონია ცოტა მეტი წაიკითხოს.ვანო სალუქვაძე კი ძალიან კარგი და სანდომიანი ახალგაზრდაა რომელსაც ეს გმირობები ეამაყება და ყველა ზეპირად იცის გენაცვალე ვანო
გიორგი
26 ივნისი 2018 10:44
როგორ უყვარს ხალხს უაზრო ლეგენდების შექმნა :))) ჯერ 600 კაციანი ფლოტი რა არის თუ 1444წლის ბათუმის დასარბევად მოდიოდა . ტუაფსედან ტრაპიზონამდე შავ ზღვაზე გასასვლელი გვქონდა 700კმ სანაპირო ზოლი და ერთი გემი არ აუშენებიათ ქართველებს (არც სავაჭრო და არც სამხედრო ) .... ასეთი , მოგონილი ისტორიული წარსულით რომ ვცხოვრობთ იმიტომაც არ მიდის ქვეყანა წინ .
neno
25 ივნისი 2018 20:04
არ მიმაჩნია გამართლებულად მსგავსი მასალების გამოქვეყნება, მითუმეტეს _ასეთი სათაურებით. თქვენ ხომ ყველაზე გაწონასწორებული გაზეთი ხართ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები