ქართველები მსოფლიოზე - ვინ არის პირველი "ქართული გოლის" ავტორი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში? - კვირის პალიტრა

ქართველები მსოფლიოზე - ვინ არის პირველი "ქართული გოლის" ავტორი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში?

ფოტოგალერეა

მსოფლიო ჩემპიონატებზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში, არაერთ ქართველ ფეხბურთელს მოუწია ასპარეზობა. არაერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, ზოგიერთისთვის კი ეს შეჯიბრება დიდი გულისტკივილის მიზეზი გახდა. დღევანდელ წერილში ქართველების სამუნდიალე ამბებს გავიხსენებ და თხრობას შორეული 1962 წლიდან შევუდგები. მართალია საბჭოელებს მსოფლიო პირველობაზე დებიუტი 1958 წელს ჰქონდათ, მაგრამ სკანდინავიაში ძირითადად რუსებით დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრა და ნაკრებში ჩვენი თანამემამულეებისათვის ადგილი "ვერ" მოიძებნა.

ჩილე, 1962 1962 წლის მსოფლიოს პირველობას ჩილემ უმასპინძლა. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და სერგო კოტრიკაძე ირიცხებოდნენ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან აღსანიშნავია, რომ გუნდის ძირითადი კარის დარაჯი ლევ იაშინი საშინელ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და მთელი ქვეყანა მის სათადარიგოთა სკამზე დასმას მოითხოვდა, მაგრამ... მწვრთნელებმა სერგო კოტრიკაძეს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

"მეოთხედფინალში ჩილესთან თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი მესაუბრა და მითხრა, მოემზადე, ხვალ კარში უნდა ჩადგეო. სრულ მზადყოფნაში ვიყავი, ამ ამბავმა კი ფრთები შემასხა, მაგრამ როცა ძირითადი შემადგენლობა დაასახელეს, პირველი ნომერი კვლავ ლევ იაშინი იყო. კაჩალინმა მომიბოდიშა და მითხრა - ხომ იცი, გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებო", - იხსენებდა მოგვიანებით ბატონი სერგო.

ერთი ვერსიით, ნაკრების თავკაცმა გადაწყვეტილება დელეგაციის ხელმძღვანელს, გუნდის უფროსს ანდრეი სტაროსტინს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, უმალ მოსკოვი "ჩააყენა საქმის კურსში". დედაქალაქის დირექტივას - "ითამაშოს მხოლოდ იაშინმა"! - კაჩალინი წინ ვერ აღუდგა.

საბოლოოდ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ჩილესთან 1:2 დათმო დ მუნდიალს დაემშვიდობა, ორივე გოლი იაშინის უხეში შეცდომების შედეგად გავიდა...

ინგლისი, 1966 ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებში იყვნენ მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი. მიხეილ მესხის ნაცვლად კი ინგლისში ჰუსაინოვი და პორკუიანი წაიყვანეს. "ნისლიანი ალბიონის" ქვეყანაში იასპარეზა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმაც, მაგრამ ამ დროისთვის ფეხბურთელს საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა. რუსული მასმედია დღემდე კავაზაშვილს რუს მოთამაშედ მოიხსენიებს. მან 1970 წლის მუნდიალზეც იასპარეზა. სლავა მეტრეველი

პირველ შეხვედრა გუნდმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან ჩაატარა მიდლსბროში და 3:0 გაიმარჯვა. საბჭოელთა კარს სწორედ კავაზაშვილი იცავდა, ასევე თამაშობდნენ მურთაზ ხურცილავა და გიორგი სიჭინავა. ამ უკანასკნელმა მენისკის ტრავმა მიიღო და ნაკრებს მხოლოდ ტურნირის მიწურულს, მესამე ადგილისთვის მატჩში დაუბრუნდა...

იტალიასთან თამაშის დროს იტალიელთა ლიდერის ალესანდრო მაცოლას წინააღმდეგ თამაში მწვრთნელმა ხურცილავას დაავალა და მანაც ჩინებულად იასპარეზა. მეორე დღეს ერთ-ერთი გაზეთი იუმორით წერდა: ხურცილავა ისე დარაჯობდა მაცოლას, თითქოს ყველა აქცია მასში ჰქონდა დაბანდებულიო...

მურთაზ ხურცილავა:

"კორეის შემდეგ იყო შეხვედრა იტალიასთან. იმ დროს ინგლისში სუხიშვილებს ჰქონდათ გასტროლები და მთელი დასით მოვიდნენ სტადიონზე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილიც იქ იყვნენ. ისინიც თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოსულიყვნენ სტადიონზე და როგორც კი მოთელვაზე გავიდნენ, ჩვენი გამხნევება დაიწყეს.

ქართველები რომ მგულშემატკივრობდნენ, ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გამოდგა. გიორგი სიჭინავა და მურთაზ ხურცილავა

მოროზოვმა სანდრო მაცოლას მეურვეობა დამავალა. ამ იტალიელ თავდამსხმელზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ყველამ კარგად იცის, რა დონის ფორვარდი გახლდათ, ნაკლის დანახვა მის თამაშში შეუძლებელი იყო. მაცოლას ამოკეტვა მოვახერხე, სუხიშვილების ქომაგობითაც უფრო თამამად ვვრძნობდი თავს მოედანზე.

იტალიას პირწმინდად ვაჯობეთ და ისე მოვუგეთ 1:0. ქართველებიდან მხოლოდ მე ვითამაშე. სიჭინავა ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. რაც შეეხება სლავას, მოროზოვმა ისევ არ ათამაშა. სლავა მეტრეველი გუნდში გყავდეს და არ ათამაშო - ეს უხერხული მომენტი იყო..."

მეოთხედფინალში საბჭოელებმა 2:1 მოიგეს. ქართველებს არ უთამაშიათ.

იმ ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ისტორიაში პირველად და უკანასკნელად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში - გფრ-ს ნაკრებთან 1:2 წაგებულ მატჩში ქართველები კვლავ არ გასულან მინდორზე.

მალევე "უემბლიმ" მესამე ადგილისთვის შეხვედრას უმასპინძლა - სსრკ ჩემპიონატის დებიუტანტ პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშობდა.

მურთაზ ხურცილავა: "წინა დღეს ვიცოდი, რომ პორტუგალიელთა ლიდერის და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მწვრთნელმა მითხრა, ცენტრფორვარდი ტორესი უნდა "დაიჭიროო". ეს უკანასკნელი ჩემზე კარგა მაღალი იყო, მოროზოვის ნათქვამმა კი იმ ღამის სიზმარი გამახსენა - ვნახე, თითქოს საკუთარ საჯარიმოში ხელით ვითამაშე... ეს ამბავი მხოლოდ გიორგი სიჭინავას გავუმხილე, რომელმაც მეგრულად მიყვირა, ოღონდ ეგ არ ქნაო... სამწუხაროდ, სიზმარი ამიხდა: ერთ მომენტში ავხტი, ბურთი ხელზე მომხვდა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა, რომელიც ეუსებიომ გაიტანა"...

ეუსებიომ მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, 44-ე წუთზე კი მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი ქართული გოლი გავიდა: სლავა მეტრეველმა დაარტყა ზუსტად!

იმ შეხვედრის მონაწილე მეორე დინამოელი, ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა იხსენებს: "პორტუგალიასთან მატჩის წინ დელეგაციის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, თუ მოიგებთ, ავტომობილით დაგასაჩუქრებთო. ბიჭებმა მანქანის "შერჩევა" დავიწყეთ - ყველამ "მერსედესით" გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ერთი ხურცილავა იყო, რომელიც "კადილაკს" ანიჭებდა უპირატესობას. ვისაც ბრინჯაოს მედლები გვერგო, პრემიის სახით 10 ათასი მანეთი გადმოგვცეს. ანზორ კავაზაშვილს მედალი და თანხა არ ერგო, თუმცა ბიჭებმა ის მაინც დავასაჩუქრეთ.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ყველა ნახევარფინალისტი სრული შემადგენლობით მიგვიღო სასახლეში და საზეიმო სადილის შემდეგ დაგვასაჩუქრა. შეხვედრას ფიფას პრეზიდენტი სტენლი როუზიც დაესწრო. მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველა გააფრთხილეს, რომ სასახლეში ფრაკით მისულიყვნენ, თუმცა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, საბჭოთა ნაკრები რუხ პიჯაკებსა და ლურჯ შარვლებში გამოეწყო, კოსტუმებს კი დიდი საბჭოთა ღერბი "ამშვენებდა..."

მექსიკა, 1970 მომდევნო პირველობას 1970 წელს მექსიკამ უმასპინძლა. მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართველთაგან რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია და სლავა მეტრეველი იახლა. სსრკ-ის ეროვნული გუნდის ღირსებას კარის დარაჯი ანზორ კავაზაშვილიც იცავდა.

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, კაჩალინის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მინდორზე საერთოდ არ გამოიყვანა სლავა მეტრეველი. ამ ფეხბურთელის "თამაშგარე" მდგომარეობაში დატოვებას წინ ერთი ისტორია უძღოდა. ჩემპიონატის დაწყებამდე სსრკ-ის ნაკრები ვარჯიშს ატარებდა. ერთ ეპიზოდში ბურთი ევგენი ლოვჩევმა მიიღო და კარისკენ დაიძრა. კუთხურის ალამთან მისულს ფეხი დაუსხლტა და დავარდა. ამაზე სლავას სიცილი აუტყდა, რაზეც კაჩალინი სასტიკად განრისხდა და მეტრეველიც, საბჭოთა სპორტსმენისათვის შეუფერებელი საქციელისათვის "უმკაცრესად დასაჯა".

ამ ჩემპიონატზე მეორე "ქართული გოლი" გავიდა, მისი ავტორი კახი ასათიანი გახლდათ. ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას და მუნდიალზე მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოახერხა დაბრუნება.

ესპანეთი, 1982 ესპანეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე (კაპიტანი), ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელია ირიცხებოდნენ. ასევე ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი.

ეს პირველობა ქართველ ფეხბურთის მოყვარულებში დავით ყიფიანის გამო დღემდე გაორებულ გრძნობას იწვევს. ერთი მხრივ - ბრწყინვალე სპორტული შეჯიბრება, მეორე მხრივ კი - დიდებული მოთამაშის ნაკრებს გარეთ დატოვების გამო მიღებული დაუვიწყარი წყენა.

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოსაყოფია ბრაზილიის ნაკრებთან შენგელიას მიერ სრული წესების დაცვით გატანილი და არჩათვლილი გოლი.

რამაზ შენგელია იხსენებდა: "ბესკოვი და ლობანოვსკი გვიკიჟინებდნენ, მიდით ბიჭებო, ბრაზილიელები გავანადგუროთო. ჩვენ პირველივე ტაიმში დავიხარჯეთ, თანაც, აუტანელი ტენიანობა და სიცხე იყო. ერთი სიტყვით, დავიღალეთ, შესვენების შემდეგ კი სამხრეთამერიკელებმა "მიგვაძინეს" - ფალკაო, ზიკო, ედერი... რომელი ერთი გავიხსენო, მაგრამ ტელე სანტანას გუნდის ნამდვილი "ტვინი" სოკრატესი გახლდათ"!

შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს. ფაქტობრივად, ალექსანდრე ჩივაძემ და და რამაზ შენგელიამ გაიყვანეს ნაკრები მეოთხედფინალურ სტადიაზე .

ალექსანდრე ჩივაძე: "შოტლანდიასთან მე და რამაზ შენგელიამ გავიტანეთ გოლები. ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ შეაგდო. რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი მე უნდა გამომესწორებინა. შევედით გასახდელში და კაციშვილი ხმას არ იღებს, ვგრძნობ, რომ როგორც ნაკრების კაპიტანმა რაღაც უნდა ვთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით-მეთქი! ხმა არავის ამოუღია, ძალიან აღგზნებული ვიყავი. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იტალიამ მოიპოვა, იმ ტურნირის საუკეთესო გუნდად მაინც ბრაზილია მიმაჩნია. არ დაგიმალავთ, სწორედ მათ ვგულშემატკივრობდი. დიდებული ფეხბურთელი იყო ფალკაო, მგონი, იმ ტურნირზე ის საუკეთესო იყო. ფეხბურთელის ისეთი თამაში, როგორიც ფალკაომ იტალიასთან აჩვენა, იშვიათად მინახავს".

მეოთხედფინალურ ტურში სსრკ-ის ნაკრები ასპარეზობას გამოეთიშა.

მექსიკა, 1986

უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, ალექსანდრე ჩივაძე აღმოჩნდა. 1986 წელს, მექსიკაში იგი ტრავმირებული იყო და ნაკრების მწვრთნელი ლობანოვსკი მას მეოთხედფინალური მატჩისათვის ამზადებდა. საბჭოელები მერვედფინალში ბელგიელებთან დამარცხდნენ და ჩივაძესაც სამშობლოში უთამაშებლად დაბრუნება მოუწია.

ალექსანდრე ჩივაძესთვის ვინმეს რომ ეთქვა: წლების განმავლობაში შენ უკანასკნელი ქართველი იქნები, რომელიც მუნდიალს სათადარიგოთა სკამიდან მაინც მიადევნებს თვალსო, ალბათ სიცილადაც კი არ ეყოფოდა.

უკვე დამოუკიდებელ საქრათველოში ჩვენმა ნაკრებმა ვერა და ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა. გვჯერა ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო მუნდიალზე კიდევ გაიბრწყინებენ...

იხილეთ ფოტოგალერეა

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)