"წყეული დიდი მხატვარი" - კვირის პალიტრა

"წყეული დიდი მხატვარი"

პოლ სეზანის ბიოგრაფია, შესაძლოა, არ იყოს ისეთივე საინტერესო და გამორჩეული, როგორიც მისი თანამედროვე მხატვრების, მაგალითად, ვან გოგის ან გოგენისა. მას არც ეგზოტიკური მოგზაურობა ხიბლავდა, არც ქალები უცდუნებია და არც ფსიქიკის პრობლემებს შეუწუხებია ოდესმე.

ექს-ან-პროვანსელი ბანკირის ვაჟს ნიჭთან ერთად მატერიალური მდგომარეობაც აძლევდა საშუალებას, მთლიანად ხელოვნებისთვის მიეძღვნა თავი და ზოგი მისი მეგობარი მხატვრისგან, მაგალითად, რენუარის ან მონესაგან განსხვავებით, ყოფით პრობლემებზე არ ეზრუნა.

სეზანის მიზანი სამუზეუმო ხელოვნების შექმნა და ცნობილი დიდოსტატების გვერდით საკუთარი ტილოების ხილვა იყო. ზოგიერთი კრიტიკოსი  სეზანს იმ ხელოვანთა წინამორბედად აღიარებს, რომლებმაც XX საუკუნის ფერწერა ბევრად დახვეწილი და მრავალფეროვანი გახადეს. სწორედ ამის გამო, კუბისტები პიკასო და ბრაკი სეზანს ,,თავისიანად" მიიჩნევდნენ.

პოლ სეზანი 1839 წლის 19 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში დაიბადა. მამამისი თავიდან შლაპებით ვაჭრობდა, მაგრამ შემდეგ ბანკი "სეზანი და კაბასოლი" დააარსა და სულ მალე ექს-ან-პროვანსის მდიდარ მოქალაქეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.

კოლეჯ ბურბონში, სადაც პროვანსის შეძლებული მოქალაქეების შვილები  სწავლობდნენ, პოლი პირველად შეეჩეხა სოციალურ წინააღმდეგობას, -  წარჩინებულთა შვილები მასხრად იგდებდნენ ცოტა ხნის წინ გამდიდრებული მექუდის ვაჟს. სწორედ ამ დროს დაიწყო სწავლა კოლეჯში ემილ ზოლამ. ემილი პოლზე ერთი წლით უმცროსი იყო. მასაც მაშინვე გამოუცხადეს ბრძოლა და პოლი დაჩაგრულის მხარეს დადგა, - აქედან დაიწყო მათი მრავალწლიანი  მეგობრობა.

კოლეჯის შემდეგ პოლი მამის მოთხოვნით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მალე მიატოვა და ემილ ზოლასთან ერთად პარიზში გაემგზავრა ხელოვნებასთან საზიარებლად, მაგრამ დედაქალაქში თავის დამკვიდრების პირველივე ცდა მარცხით დასრულდა. სეზანი ისევ პროვანსში დაბრუნდა და მამის ბანკში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხატვა არ მიუტოვებია.

მისი ცხოვრების ეპიზოდთან დაკავშირებული ასეთი ანეკდოტიც არსებობს: სეზანს მამის საბანკო ანგარიშების დავთარში მრავლისმეტყველი ფრაზა ჩაუწერია: ,,ბანკირ სეზანს ტანში აჟრჟოლებს იმის წარმოდგენისას, რომ მის ბანკში მომავალი მხატვარი იჩეკება".

KvirisPalitra.Geსეზანმა მალე დაანება ბანკში მუშაობას თავი, ისევ პარიზში გაემგზავრა და კვლავ შარლ გლეირის აკადემიაში ჩაეწერა. ხშირად სტუმრობდა კამილ პისაროს, ალფრედ სისლეის, რენუარს,  მათთან ერთად ესწრებოდა შეკრებებს კაფე ,,გერბუაში".

1863 წელს ნაპოლეონ III-მ მხატვრებს სალონისგან უარყოფილი ნაწარმოებების გამოფენის ნება დართო. სხვა მხატვრებთან  ერთად სეზანმაც წარადგინა თავისი ნამუშევრები "უარყოფილთა სალონში".

სეზანის შემოქმედება ნელ-ნელა იმკვიდრებდა ადგილს საზოგადოებაში. მის საუკეთესო ნამუშევრებს შორის არის იმ დროისთვის ძალზე გაბედული კომპოზიციით გამორჩეული ,,მამის პორტრეტი".

პორტრეტზე გამოსახულია ლუი ოგიუსტ სეზანი გაზეთ "ევენმანის" კითხვისას. მხატვარმა  მაინცდამაინც ეს გაზეთი იმიტომ გამოსახა, რომ ემილ ზოლამ სწორედ მის ფურცლებზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ახალ მხატვრულ კონცეფციებს ექომაგებოდა და თავის მეგობარს იცავდა.

1877 წელს იმპრესიონისტების მესამე გამოფენაზე პოლ  სეზანის ნაწარმოების, ,,მობანავეების" თემის პირველი ნაწილი უმწვავესი კრიტიკის ობიექტად იქცა. ეს ტილო მხატვარს მრავალჯერ ჰქონდა გადამუშავებული. სეზანმა გადაწყვიტა, პარიზულ სახელოვნებო სამყაროს გასცლოდა და ურთიერთობა მხოლოდ პისაროსთან და ზოლასთან შეენარჩუნებინა.

1886 წელს ემილ ზოლამ გამოაქვეყნა რომანი ,,შემოქმედება", რომელიც მეგობრებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. რომანის მთავარი გმირის ცხოვრება ძალიან ჰგავს სეზანისას. ზოლამ იგი დაგვიხატა როგორც უნებისყოფო ხელოვანი, რომელსაც მშოთვარე ცხოვრება ხელს უშლის შედევრის შექმნაში, ამას კი სიგიჟემდე და თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

1889 წელს მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო გამოფენაზე ,,ფრანგული ფერწერის 100 წელი", რომელიც პარიზში ჩატარდა. სწორედ ამ გამოფენისთვის აიგო შემდგომში სახელგანთქმული ეიფელის კოშკი.

90-იან წლებში, მძიმე ხასიათის გამო, ბევრმა სეზანთან თითქმის გაწყვიტა კავშირი. ურთიერთობა დაეძაბა გოგენსა და ვან გოგთანაც. გოგენს ის ძალიან უყვარდა, მაგრამ სეზანი არც კი მალავდა ღვარძლიან დამოკიდებულებას ,,ველური" მხატვრის მიმართ, რომელმაც რამდენიმე მხატვრული იდეის მოპარვაში დაადანაშაულა.

კრიტიკოსთა უმეტესობა, მათ შორის - მისი მეგობარი ემილ ზოლაც, სეზანს "წყეულ დიდ მხატვრად" მოიხსენიებდა და ბევრი რამის გამო კიცხავდა, ხელოვანთა დიდი ნაწილი კი მას გამოჩენილ მხატვრად აღიარებდა. ასეთი იყო, მაგალითად, ანრი მატისი, რომელმაც "მობანავეების" სერიის ერთ-ერთი ტილო შეიძინა. ამბობენ, როცა შემოქმედებითი გზის ძებნისას ეჭვი შეიპყრობდა, ეს ტილო მას ეჭვის დაძლევაში ეხმარებოდაო.

ემილ ზოლას გარდაცვალების შემდეგ, როცა მწერლის კოლექციის ნაწილი გაიყიდა, აღმოჩნდა, რომ სეზანის მრავალი ტილო - აკვარელით შესრულებული  თუ ჩანახატი - მისი ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა.

სულ მალე ბაზარზე მისი სურათების ფასმა ნელ-ნელა აიწია. მისი თანამედროვე მხატვრები ფიქრობდნენ, რომ სეზანს დიდ აღიარებას მოუტანდა 33 ტილო, რომელიც 1904 წელს შემოდგომის სალონის ერთ-ერთ დარბაზში  უნდა  გამოეფინათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ - მისი შემოქმედება ოფიციალურად არ აღიარეს.  ეს სეზანს ხელს არ უშლიდა მუUშაობაში, მთელი ყურადღება ,,მობანავეების" სერიისკენ ჰქონდა მიპყრობილი, არც კრიტიკოსთა თუ თაყვანისმცემელთა ქებას აღუფრთოვანებია  დიდად. შემოქმედს მალე ავადმყოფობამ დარია ხელი, მაგრამ ხატვა სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია.

კარიერის მიწურულს მხოლოდ ეს აზრი აწუხებდა - მიაღწია თუ არა სრულყოფილებას ხელოვნებაში: "ჯიუტად ვშრომობ და აღქმულ მიწასაც ვხედავ. მელის კი ნეტავ ებრაელთა წინამძღოლის ბედი თუ მაინც მივაღწევ მიზანს?" სიცოცხლის ბოლოს ფიქრობდა, რომ ვერ მიაღწია იმას, რისკენაც ილტვოდა.

პოლ სეზანი 1906 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მართალია, სიცოცხლეში არ უღიარებიათ, მაგრამ მაინც შეძლო გამოჩენილ მხატვართა შორის ადგილის დამკვიდრება. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი პაბლო პიკასოს, ჯორჯ ბრაკისა და თუ ანრი მატისის რევოლუციურ ხელოვნებას. პიკასო ამბობდა: "სეზანი ჩვენი ერადერთი მასწავლებელი იყო... შეიძლება ითქვას, იგი ყველა ჩვენგანის მამა გახლდათ".  თანამედროვეთაგან უარყოფილმა და მასხრად აგდებულმა სეზანმა უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. ერთხელ ნაღვლიანად უთქვამს ერთ ახალგაზრდა მხატვართან: ,,როგორც ჩანს, მეტისმეტად ნაადრევად დავიბადე, მე უფრო თქვენი თაობის მხატვარი ვარ".

ნინო კურტანიძემ