ვაჩუქოთ მსოფლიოს "საქართველოს სმაილი" - კვირის პალიტრა

ვაჩუქოთ მსოფლიოს "საქართველოს სმაილი"

როგორ მოგვევლინა ღიმილის ელჩად საყვარელი ბაბუა ჰარვი

ამას წინათ ჩემს ლექტორს ელფოსტით წერილს ვწერდი. ბოლო ფრაზა რომ დავასრულე, ძალიან მომინდა, "სმაილიც" გამეგზავნა, თუმცა თავი შევიკავე - ამ შემთხვევაში ოდნავ ზედმეტი მომეჩვენა. თუმცა დამრჩა განცდა, რომ ბოლომდე ვერ გამოვხატე, რისი თქმაც მსურდა... ჩემდა უნებურად დავფიქრდი ამ მარტივ, გრაფიკულ გამოსახულებაზე და მივხვდი, რომ ის გაცილებით დიდი ემოციის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ინტერნეტი გადავქექე და "სმაილის" ისტორიამ მეც "სმაილი" მომგვარა...

წინა საუკუნის 60-იანი წლების ამერიკაში, სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გამო ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულა - მონსტრი კომპანიები ყლაპავდნენ და ინელებდნენ შედარებით პატარებს. სამსახურიდან დათხოვნის შიშით, თანამშრომლები მუდმივი სტრესის ქვეშ იყვნენ, დაეცა შრომისუნარიანობაც. კომპანიის თავკაცებს პერსონალის გასამხნევებლად სასწრაფოდ რაღაც უნდა ეღონათ.

გადაწყვიტეს სარეკლამო აქციის ჩატარება. ბუნებრივია, დასჭირდათ "ლოგო". და აი, თითქოს ღმერთმა გაუგზავნა მათ ამერიკელი მხატვარი - ჰარვი ბოლი, რომელმაც გაიგო თუ არა საქმის ვითარება, გაგეცინებათ და ზუსტად 10 წუთში 45 დოლარის საზღაურად, მოხაზა დღეს უკვე "სასიცოცხლოდ აუცილებელი" ვირტუალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული ნიშანი - "სმაილი".

ასე მოგვევლინა ღიმილის ელჩად საყვარელი ბაბუა ჰარვი. მას შემდეგ "სმაილი" გამრავლდა, გამრავალფეროვნდა და ჩვენი თანამედროვე, ვირტუალური სამყაროს "სასვენ ნიშნებად" იქცა.

ღიმილის საერთაშორისო დღედ 1-ელი ოქტომბერი დაწესდა, რომელიც ჰარვი ბოლის პატივსაცემად ყოველწლიურად ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. იქნებ ჩვენც შევუერთდეთ ამ ქვეყნების სიას "საქართველოს ღიმილით". საკუთარ ხალხს და ქვეყანას კი კიდევ ერთი ღიმილიანი დღე ვაჩუქოთ, რომელიც ახლა ყველას განსაკუთრებით გვჭირდება.

ნია ბიჩინაშვილი