"მარგო, მხოლოდ შენ იყავი კარგად, ბოვშვებს მოუარე, ჩვენს ბინამდე ვერ მივედი, დივერსანტები ისროდნენ ყველა მხრიდან" - კვირის პალიტრა

"მარგო, მხოლოდ შენ იყავი კარგად, ბოვშვებს მოუარე, ჩვენს ბინამდე ვერ მივედი, დივერსანტები ისროდნენ ყველა მხრიდან"

"ომის დაწყების პირველსავე დღეს, დილის 6 საათზე მოვიდა ლადო, მეუბნება ქალაქი უნდა დატოვო. სასწრაფოდ ბავშვებით თბილისში უნდა გაემგზავროო. პირველი სწორედ ეს ქალაქი დაბომბეს"

რაჭაში არის ასეთი სოფელი - ქვედაშავრა. ვლადიმერ კიკვიძე სწორედ ამ სოფლიდან იყო. ეს ისტორია სწორედ ვლადიმერის და მის ოჯახზეა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ის პოლონეთში, ქალაქ პერემიშლში მეუღლესთან - მარგარიტა ჯაფარიძესთან და ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ის ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონის ზურგის უფროსი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ვლადიმერმა მეუღლე და შვილები ქალაქიდან გაიყვანა და დაიწყო ხანგრძლივი, მტანჯველი გზა თბილისამდე. 28 წლის მარგარიტამ ომის ქარცეცხლი გამოიარა და უვნებელი ჩამოიყვანა შვილები. შიმშილი, აფეთქებები, ტყეში გათენებული ღამეები, შიში და ტერორი გამოიარეს ახალგაზრდა ქალმა 6 და 1 წლის ბავშვებთან ერთად და ერთთვიანი მგზავრობის შემდეგ საქართველოში ჩამოაღწიეს. 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ ლადოს და მარგარიტას ერთმანეთი აღარ უნახავთ. მოდიოდა მხოლოდ ლადოსგან გამოგზავნილი წერილები, რომელიც თავად არც კი იცოდა მიაღწევდა თუ არა ადრესატამდე. მარგარიტა გზას პერემიშლიდან თბილისამდე მრავალჯერ მოიგონებს, მოუყვება თავის შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და kvirispalitra.ge-ს მკითხველსაც კი.

მარგარიტა ჯაფარიძის მოგონებები

პერემიშლი, ომის პირველი დღე

ომის დაწყების პირველსავე დღეს, დილის 6 საათზე მოვიდა ლადო, მეუბნება ქალაქი უნდა დატოვო. სასწრაფოდ ბავშვებით თბილისში უნდა გაემგზავრო. პირველი სწორედ ეს ქალაქი დაბომბეს. მახსოვს მოვკრიბე ჩემი და ბავშვების ტანსაცმელი, ძვირფასეულობა, ნივთები, ლადომ სევდიანად შემომხედა - "ამას ვერ წაიღებ მარგარიტა, დატოვე, ახლა ამის დრო არ არის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება ის ნივთები ჩაალაგე და იჩქარე". ქალაქი იბომბებოდა და მთელი მოსახლეობა ტყისკენ გარბოდა. გავრბოდით ჩვენც, მე და ჩემი ორი ქალიშვილი, 6 წლის ლამარა და 1 წლის ლაურა. კიდევ ერთი ქართული ოჯახი იყო ქუთაისიდან, ქალი ორ ბიჭუნასთან ერთად. იმ ქალმა უმცროსი შვილის გადაგდება მირჩია - "პატარააა, ცოცხალი ვერ ჩააღწევს, შიმშილით მოკვდება, ჩვენ კი თავისი ტირილით გაგვცემს, თვითმფრინავები დაბლა დაფრინავენ და ხმას გაიგონებენო". ლაურა, რა თქმა უნდა ვერ გავიმეტე, უფრო მაგრად ჩავიკარი გულში. ყველა ჩამომშორდა, ვინც ერთად გამოვიქეცით, სრულიად მარტო დავრჩი პურის ყანაში, მხოლოდ ნათესავი მედგა გვერდში, რომელიც ჩემთან პოლონეთში ცხოვრობდა.

ბრძოლა გადარჩენისთვის

პურის ყანაში ლამარა დავკარგე, მიმოვიხედე და ბავშვი აღარსად იყო, არადა ჭურვები სკდება გარშემო, ვყვირი ლამარა მაგრამ პასუხი არ ისმის. ხელში პარატა ლაურა მიჭირავს, ნათესავმა არ დამტოვა ამ მძიმე მომენტშიც კი და ჩემთან ერთად ძებნა დაიწყო, გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით, არადა ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. ერთი 500 მეტრში ვხედავ ლამარა დგას და ყაყაჩოებს კრეფს. პურის ყანებამდე ყაყაჩოების მინდორი იყო. კიდაღამ გადავირიე, ვეცი ავიყვანე ხელში და რას აკეთებთქო? ბებიასთვის ყაყაჩოები დავკრიფეო - მიპასუხა. გამოვიქეცით, გამოვაღწიეთ ჭურვების წუილში და ტყეს შევაფარეთ თავი. იქ ხეტიალისას ეკლესიას მივადექით. როგორც კი შევედი ლოცვა დავიწყე, კათოლიკური ეკლესია იყო. გამოვიდა ეკლესიის მსახური, ნახა რა მდგომარეობაში ვიყავი ორ ბავშვთან ერთად, გამოგვიტანა რძე, ბავშვებს დაალევინა. თავშესაფარი შემომთავაზეს. ლამარა, უფროს ქალიშვილზე მითხრეს მოვნათლავთ თუ წინააღმდეგი არ იქნებითო, რა თქმა უნდა, არ ვიყავი წინააღმდეგი და ლამარა კათლიკურ ეკლესიაში მოვნათლე. ეს იყო შვება იმ წამებაში, რაც წინა დღეებში გამოვიარე. რა თქმა უნდა, ეკლესია დიდხანს ვერ შეგვიფარებდა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ წამოვედით. ბევრი ღამის გათენებამ მომიწია ღია ცის ქვეშ. იყო დღეები შიმშილის, როდესაც ჩემს ბავშვებს უმი კარტოფილის წვენს ვასმევდი, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ვაივაგლახით ჩამოვაღწიე შინ. მატარებელი რომელშიც ჩაგვსვეს, დაბომბეს, ნახევარი შემადგენლობა დაიწვა, მეორე ნახევარში ჩვენ ვიმყოფებოდით, გადავრჩით. ღმერთმა არ გაგვწირა. ამ დროს ლადო წამოგვეწია თანმხლებ პირებთან ერთად და სხვა მატარებელში გადაგვსვა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

წერილი მარგარიტას, ლადოსგან

გამარჯობა, საყვარელო მარგარიტა. შვილებო, ლაურა და ლამარა გკოცნით იმდენს, რამდენადაც მენატრება თქვენი ნახვა. ჩემო დატანჯულო ოჯახო, თქვენი ჯავრით ცეცხლი მიკიდია, იმაზე დარდით, შიმშილით ან სხვა უბედურებით რამე ხომ არ მოგივიდათ?! მე კი, არაფერი ვიცი.

24 ივლისს გამოვგზავნე წერილი. დღეს მივიღე მისამართი და გწერთ წერილს. როგორც კი ნახავთ ამ წერილს მომწერეთ როგორ ხართ, ყველაფერი დაწვრილებით. მე კიდევ ვიყავი პერემიშლში, მაგრამ ჩვენს ბინამდე ვერ მივედი, რადგან დივერსანტები ისროდნენ ყველა მხრიდან, ისე გავიგე, რომ ოთახი დაკეტილიაო. ისე, მარგო, ქონებაზე ნუ იჯავრებ, მხოლოდ შენ იყავი კარგად, ბოვშვებს მოუარე, მე კი არაფერი მიჭირს, ვცხოვრობ ტყეში, ცისქვეშ, ამხანაგებთან ერთად.

მარჯვნივ სკამზე ლაურა კიკვიძე, ფეხზე ლამარა კიკვიძე და მათი ბიძაშვილი ლედი ჯაფარიძე, ომიდან რაჭაში დაბრუნებულები

დაბრუნება საქართველოში

საშინელი ტანჯვა, შიში და შიმშილი გამოიარა მარგარიტამ შვილებთან ერთად. ბოლოს ჩამოვიდნენ თბილისში, მატარებელი შემოვიდა რკინიგზის სადგურში, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა, ყველა თავისიანს ელოდა და ეძებდა. ეს იყო პირველი მატარებელი, რომელიც ომის დაწყებიდან თბილისში შემოვიდა. საქართველოში მარგარიტას მაზლები, ძმები და დედ-მამა ელოდა. მათ არც კი იცოდნენ ცოცხლები თუ გადარჩებოდნენ. სადგურში ჩამომდგარ მატარებელს გულის ფანცქალით დახვდნენ, გაიღო კარი და გამოჩნდა მარგარიტა თავისი ბავშვებით. შიმშილით დაუძლურებულები სადგურიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მარგარიტას მამამ ისინი ონში, რაჭაში წაიყვანა. ომის დასრულების შემდეგ კი თბილისში გადმოსახლდნენ. იმ დროინდელმა ხელისუფლებამ დიდი დახმარება გაუწია მარგარიტა ჯაფარიძის ოჯახს, თბილისში მისცეს ბინა, ბავშვებს დახმარება დაუნიშნეს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ვერ ეგუებოდა ქმრის დაკარგვის ამბავს, დაეძებდა სამხედრო კომისარიატში, რედაქციებში, რომ მიეგნო მისი კვალისთვის, მაგრამ ამაოდ. მან გაზარდა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილების გაზრდაშიც მიიღო მონაწილეობა.

მარგარიტა მთელი ცხოვრების განმავლობაში უგზავნიდა წერილებს ლადოს, სამწუხაროდ ყველა გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდებოდა. მოგვიანებით ლადოსგანაც შეწყდა წერილები. წლების შემდეგ მარგარიტას ძმამ ლადოს შესახებ ერთერთ წიგში ამოიკითხა - მიხეილ დავითაშვილის წიგნი სახელწოდებით " საბრძოლო დიდების ფურცლები" ლადოზე წერს: "21 იავნარი - ცნობა უკრაინაში მოქმედ ბერიას სახელობის პარტიზანული რაზმის მებრძოლის ვლადიმერ კიკვიძის საბრძოლო საქმეების შესახებ გაზეთ "ზარია ვასტოკაში" დაიბეჭდა. 1945 წელი. "

მარგარიტა ჯაფარიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ლადოსგან მხოლოდ რამდენიმე წერილი და მოგონებები დარჩა.

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)