მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-30)

სანამ მონარდეები კამათელს აჭახუნებდნენ, ზემოთ, გემბანზე, ტყვეები აჯანყდნენ... გემის ფართე ბაქანზე ტყვეები უთავბოლოდ ეყარნენ. მათში რამდენიმე ჭაღარაც ერია. უმრავლესობა კი, ახალგაზრდობა იყო, ათიდან ოცდაათ წლამდე. აქა-იქ, ტყვეებს შორის, წითელქუდიანი ოსმალებიც მოსჩანდნენ, უშველებელი შოლტით ხელში და ხშირად სულ მცირე რამ მიზეზისათვის, ზოგჯერ ისე, თავშესაქცევადაც, გადაუტყლაშუნებდნენ ხოლმე უბედურ ტყვეებს ტიტველ მხარ-ბეჭზე.

მაღალი ანძის ძირს ახალგაზრდა ტყვე ქალი იჯდა. თვალებზე ლეჩაქი ჩამოეფარა და თითქმის სულ ტიროდა. - ეი, შენ, ჰაანუმ! თირილი რა თირილი, გაჩუმდა, გაჩუმდა... - დამტვრეული ქართულით მიმართა ჰასანმა მტირალ ქალს და ერთი ხელი ქალს მხარზე უბოდიშოდ დაადო. ქალმა შეჰკივლა და ასადგომად წამოიწია, ოსმალომ კი ხელი კისერზე მაგრად შემოჰხვია და საკოცნელად მიიწია, მაგრამ ამ დროს ვიღაცას ხელი მძლავრად მოხვდა ბეჭზე. გაცოფებულმა უკან მოიხედა.

მის გვერდით ტყვე იდგა, კარგა ჩასკვნილი ვაჟკაცი. ოსმალომ ქამარში გარჭობილ შოლტისაკენ ხელი წაიღო, მაგრამ ტარზე ხელის მოკიდება ვერ მოასწრო, რომ გემის ბაქანზე პირაღმა გაიშხლართა. ქალის ქომაგი, ზაიდოლას ახალციხელი, სწვდა ერთ მეთვალყურეს, წაართვა შოლტი და თვითონაც გადაუჭირა მარჯვნივ და მარცხნივ. რა თქმა უნდა, ტყვესაც ბევრი მოხვდა, მაგრამ ორი-სამი მეთვალყურე მაინც კიდევ მიაწვინა. ამის შემყურე დანარჩენმა ტყვეებმაც ვერ მოითმინეს, წამოიშალნენ და დაავლეს ხელი რაც მოხვდათ... გემბანზე ერთი ალიაქოთი შეიქმნა...

- მე მითხოვნია, შენმა მეთვალყურეებმა ჩემს ტყვეებს ხელი არ ახლონ, - ყვიროდა ზაიდოლა და ქამარში ჩარჭობილ ფიშტოს მალ-მალ სინჯავდა.

- გაგონილა? იწამეთ ალლაჰი! - ცხარობდა თავის მხრივ იბრაჰიმი. - კაცნო, ვერ გამიგია, რა ოინებს მწამებს ეს ადამიანი! ჩვენ ნარდს აი, იქ, გემის დარბაზში ვთამაშობდით, ფეხი იქიდან არ მომიცვლია...

- ერთი ახლა თქვენცა... როგორ გეკადრებათ, სოვდაგრებო! - ჩაერია გემის უფროსი. - პირველად მეც ტყუილად ავჩქარდი. სრულებით დამავიწყდა, რომ ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ღვთის გულისთვის, დაარიგეთ მეთვალყურეები, თორემ ხუმრობა იქით იყოს და ნუ გავაღიზიანებთ, თორემ საშიშია. როგორ გგონიათ? არ ყოფილა მაგალითი, რომ ტყვეებს გემი დაეღუპოთ?

- აი ჭკუა! მაშინ რად არ გახსოვდა, როცა ხალხს ტყვეების საცემრად იწვევდი? - დინჯად შენიშნა ეფენდი ალი-უსუფმა. - შენც ფიცხი კაცი ხარ. იცოდე, არავითარ საქმეში აჩქარება და აღელვება არ ვარგა. რამდენს მეტს იყვირებ და იშფოთებ, იმდენს უფრო გააფუჭებ საქმეს. მეთვალყურეებს სასტიკი ბრძანება უნდა მივცეთ, დედაკაცებთან განსაკუთრებით ძლიერ თავდაჭერილად იყვნენ. მივიდეთ, ბატონო, სტამბოლში, ფეხი დავდგათ დედამიწაზე და მერე, ვისაც როგორ მოესურვოს, შენს ტყვეს, თუ გინდ სცემე, თუ გინდ ტყავი გააძრე, ვინ გიშლის? იქ ქე მაინც, შენ მიერ ჩადენილ საქმეზე შენვე აგებ მარტო პასუხს. აქ კი, შე ოხერო, რას ამბობ, ერთი მრუდედ გადადგმული ნაბიჯით შეიძლება თავიც დაიღუპო და ამოდენა ხალხიც დაღუპო.

ალი-უსუფმა გემის უფროსთან ერთად ტყვეები დაიარა, ზოგს უსაყვედურა, ზოგს მოეფერა, ზოგს დაემუქრა და ერთი-ორი საათის განმავლობაში ყველანი დაამშვიდა.

...

KvirisPalitra.Geთამამად აპობდა ხომალდი ზღვის ტალღებს და წინ მიეჩქარებოდა. მაისის მზემ გამოანათა და ერთნაირი პირუთვნელი ღიმილით მიესალმა ზღვასაც, გემსაც და ბედკრულ ტყვეებსაც.

გუშინ ჰასან მეთვალყურის მიერ შეურაცხყოფილი ქალი ჩვეულებრივ ანძასთან იჯდა. თავზე გადაგდებული ლეჩაქი პირისახეს სანახევროდ უფარავდა. დღეს ის არ ტიროდა, მხოლოდ მოწყენილი გაჰყურებდა თვალუწვდენელ ზღვის სივრცეს.

მის გვერდით ათიოდე წლის ბიჭი იჯდა და გამხმარ პურის ქერქს კვნეტავდა. ბავშვს ტირილისაგან თვალები ჩალურჯებოდა, სახე ძლიერ გამხდარი ჰქონდა. თავისებური მოგრძო ცხვირი და ნიკაპი მოგაგონებდათ, რომ ეს ის ხვიჩა იყო, რომელიც ასე ვერაგულად მოიტაცეს უცნობებმა შავი ღელეს პირას და იმავე ღამეს ფოთის ფაშას მიჰგვარეს. ფოთის ფაშამ კი ბავშვი ეფენდი ალი-უსუფს უფეშქაშა. გემზე ასვლისთანავე ბავშვი ქალს მიეჩვია და არ შორდებოდა. ალი-უსუფსაც ჯერ-ჯერობით ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

- კიდევ გინდა ქერქი? - ალერსიანად დაეკითხა ქალი ხვიჩას.

- ქერქი კი არა, რბილ პურს მივცემ, - გაისმა ხმა და მათ წინ ახალციხელი გამოიჭიმა. ხელში ორი მრგვალი პური ეჭირა.

ქალი შეკრთა, წამოწითლდა და თვალები ძირს დაჰხარა.

- შენ რად სწუხდები... მეც... - არეულად მიუგო ქალმა.

- შესაწუხებელი რა მაქვს. შესაწუხებელი რეზოს გუშინ ჰქონდა, როცა შავი დღე ადგა, თორემ დღეს რა მიშავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე მომივიდა, ქალო სალომე, - აღტაცებით ამბობდა რეზო. - გუშინ, მართალია, ცოტა ამიწვეს ზურგის კანი მაგ ძაღლებმა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს ჩემმა ბატონმა ერთის მაგივრად ორი პური მომცა. შემდეგშიაც დამპირდა, ყოველ დღე ორ-ორ პურს მოგცემო... ვერ გამიგია! მე დამტუქსავდა მეგონა, ის კი ისე მომეფერა, რომ... გაოცებული ვარ! გამიხმო ცალკე და, ყოჩაღ, ყოჩაღო, მეუბნებოდა და ხელს მხარზე მიცაცუნებდა... საცა თავისი დაიკვეხონ, იქ ჩემიცა სთქვან მაგ წუნკალებმა, - თავისთვის ჩაილაპარაკა რეზომ, პურის კარგა მოზრდილი ყუა მოსტეხა და ბავშვს გაუწოდა.

- ჰა, ხვიჩა, შვილო, ჭამე! - ტკბილად უთხრა მან, - შენ კიდევ არა გიშავს რა, ჯერ პატარა ხარ. ახალ ადგილას, ხალხს და ენას შეეთვისები. ვინ იცის, შვილო, რა კარგი ბედი გიძევს წინ. შეიძლება ისეთი კაცი გახდე, რომ შენ სახლში ისეთი კაცობა სიზმარშიაც არ მოგლანდებოდეს. ჩვენი საქმე უნდა იკითხო, ჩვენ უბედურების! ათასი წელიც რომ ვიცოცხლო, ოქრო-ვერცხლში რომ ვიჯდე, მაინც როგორ დამავიწყდება ჩემი სახლ-კარი, ჩემ მიერ დამყნობილი, ყოველწლივ აუარებელ ნაყოფის მომცემი ხეხილი... ჩემი პატარა, ერთი ბეწო ნუცა... პატარა დოქით წყალს რომ ამომიტანდა ბაღში და თავისი მოტიკტიკე ენით დამიძახებდა, “მამა, მამა, ტყალი მოგიტანეო...” ვაი, მოგიკვდეს, შვილო, მამაშენი, - მკერდში ხელი ჩაიკრა ვაჟკაცმა და თვალებიდან მსხვილი ცრემლები გადმოუცვივდა...

- ნანა, შვილო, მოგიკვდეს დედაშენი! - მწარედ დაჰკვნესა ქალმაც.

ხვიჩაც ატირდა. თვალებიდან ლოყებზე ნაკადულად წამოსული ცრემლები ნიკაპთან ერთდებოდა და მსხვილ-მსხვილ წვეთებად პურის ყუას ეცემოდა.

- ე... ეხ! მინდოდა რამე სანუგეშო მეთქვა, - თავშეკავებით სთქვა რეზომ, - მაგრამ მაინც სამწუხაროზე გადავედი. ჩვენი მდგომარეობა ისეთი საცოდავია, ისეთი უმწეოა, რომ რაც გინდა გამაგრდე, მაინც საკაეშნოზე უნდა გადახვიდე, მაინც ცრემლით და ტირილით უნდა გაათავო.

- რეზო, ღმერთს გეფიცები, - თან ტირილით, თან ბრაზით წარმოსთქვა სალომემ, - პირდაპირ თათრებს მოვეტაცე, იმდენს არ ვინაღვლებდი. გულს ის მიკლავს, კაცო, ის ვერ მომინელებია, რომ ისევ ჩვენებმა, ჩვენმა ნათელ-მირონებმა მიღალატეს. ყოვლად წმინდაო, ნუ მისცემ ნურაფერს სიკეთეს და წარმატებას თავად ალმასხან წვერაძეს და მის ჩამომავალს... ოოხ! შხამად შეარგე მას ჩვენი პურ-მარილი...

- თავადის სახლში თუ მოხვდი, ქალო, რა გამიკვირდება, არ დაგინდობდა, - მიუგო რეზომ, - ჰაი დედასა, მძინარე მომიმწყვდიეს მთაში, თორემ მე მაგათ დედას აუტირებდი, მაგრამ რაღა დროსია! მადლობა ღმერთს, ეს ყოფილა ჩემი ბედისწერა!..

- ეს საცოდავი ბავშვი ორჯერ არის მონატაცები თურმე, - ამბობდა სალომე, - ერთხელ დედ-მამის სახლიდან და სანამ თათრებს ჩაუვარდებოდა ხელში, ვიღაც ღვთისნიერ ხუცესს გამოუსყიდნია და თავის სახლში დაუნარჩუნებია. შვილივით ეპყრობოდა თურმე, ზრდიდა, ასწავლიდა, თვალიდან არ იშორებდა, სულ თან დაჰყავდა თურმე. მაგრამ უღმრთოები ღამე გზაზე მიმავალს თავს დასხმიან და ბავშვი მოუტაცნიათ.

- თათრებსა?

- რის თათრებს, ვაჟო, ჩვენებურებს! იქნება იმ ხუცის მეზობლებიც იყვნენ.

- ჰაი დედასა, - თავს იქნევდა რეზო.

=- თათრები ახლა, ბოშო, ჩვენში ბევრს ვერაფერს გაბედავენ. ისევ ჩვენიანები იკლებენ ქვეყანას. მელა-ტურასავით დაეხეტებიან დაუნდობლები და, თუ სადმე მოხერხებულ ალაგას მოიმწყვდიეს ვინმე, შებორკავენ, პირში ბურთს ჩასჩრიან და ოსმალებთან მიჰყავთ. აშკარად ახლა ჩვენებიც ვერაფერს გაბედავენ. მეფემ რომ შეუტყოს, თვალებს დასთხრის.

- სხვა არა მინდა რა, ერთი ეს ვიცოდე... ცოცხალია თუ არა მარკოზ ხუცესი, - ტირილით სთქვა ბავშვმა.

- ბიჭო, შენ რომ მოგიტაცეს, არაფერი დაიძახა?..

- ერთი კი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა... სხვა არაფერი დაუძახნია... ბნელი ღამე იყო... მე დამიჭირეს... სხვა არაფერი მახსოვს.

- მოჰკლავდენ ის უსვინდისოები, - უკმაყოფილოდ თავი ჩაიქნია რეზომ, - კაცი რომ გამხეცდება, ნადირზედ უარესია... ჩვენში კი, ქალო, მეფე ერეკლეს

საბრძანებელში, ემაგისთანები ვის გაუგონია. ყმის ტყვედ გაყიდვას იქ ვინ გაბედავს. მე სულ შემთხვევით მოვყევი, გაუწყრა ღმერთი... მე ბორჯომის ხეობიდან ვარ. შარშან ზაფხულ ახალციხის მთებში მოვყევი და იქ სულ უცაბედად ურჯულოთ ხელში ჩაუვარდი... ეეხ! დამშვიდდი, ქალო, - ლმობიერად უთხრა რეზომ... - აი ეს პური გაღეჭე, ათასიც რომ ვიდარდოთ და თავში ქვა ვიხალოთ, ვერას გავხდებით. ჩვენი საქმე მორჩომილია.

ქალმა პურის ნატეხი ნელა გამოართვა და რეზოს შეხედა. რეზო ოდნავ გაფითრებული იყო.

- დიდი მადლობელი ვარ შენი, რეზო, - მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ, - გუშინ შენ არ ყოფილიყავი... - ქალმა სიტყვა ვერ დაამთავრა, ტირილი მოერია და ლეჩაქი თვალებზე მიიფარა...

- ნუ გეშინია, ქალო, - მტკიცედ უთხრა რეზომ, - სანამ პირში სული მიდგა, შენთვის ხელს არავის ვახლებინებ. - ქალმა თავი მაღლა აიღო, ლეჩაქს გადასწია, მათ ერთმანეთს შეჰხედეს და ორთავეს სახეზე ღიმმა გადაურბინა.

- ნეტავ როდის მოეღება ბოლო ჩვენს ტანჯვას. ამ საზიზღარ გემს მაინც მოვშორდებოდეთ როგორმე! ვნახო ქე მაინც ჩემი საბოლოო ბედი... ალბათ, სადმე ადამიანებთან ვიქნები... ხეზე ხომ არ ჩამომკიდებენ... თუ გინდ ჩამომკიდონ, დამახრჩონ, ოღონდ ამ დამცირებას, ამ შეურაცხყოფას, რასაც ამ გემზე გვაყენებენ, მოვშორდე.

- გადავრჩებით, გადავრჩებით, ქალო, - მოწყენით მიუგო რეზომ. - მეზღვაურები ამბობენ: თუ ზღვა ძლიერ არ გაფუჭდა, ორ-სამ დღეში მივალთ სტამბოლშიო. ეეხ. სახარბიელო იქაც არა ყრია რა! აქ ჩვენ ენაზე ხმას მაინც ვცემთ ერთმანეთს, იქ კი გაგვთიშავენ და სააღდგომო ბატკნებივით თითო-თითოდ დაგვყიდიან.

- ვაიმე, ეს სრულებით არ გამხსენებია! - მწარედ წამოიძახა ქალმა და რეზოს თვალებში შეაჩერდა, - მერე ისე ვერ მოხერხდება, რომ ერთმანეთს არ დაგვაშორონ... რეზო?.. - ამბობდა ქალი და გაფითრებული ვაჟკაცს თვალს არ აშორებდა.

- ვეცდები, თუ გამოვიდა რამე, ჩემი ბატონი, რაც ის წუწკი აქ გავშოთე, კარგად მიყურებს. მივალ, შევეხვეწები, არ დაგვაშოროს ერთმანეთს...

- მეც თქვენთან მინდა ყოფნა, მე თქვენ არ მოგშორდებით! - წამოიძახა ბავშვმა და იმედით აღსავსე თვალებით რეზოს და სალომეს შეხედა.

- ხვიჩა, ნანა შვილო, ბედდამწვარი დედაშენი! - მიეალერსა ქალი და ბავშვი გულში ჩაიკრა. - რეზო! გესმის, რას ამბობს ეს ჯერ უსუსური ყრმა, ესეც ჩვენსავით უღმერთოთაგან ძალად დაობლებული და დამცირებული, მეც თქვენთან მინდა ყოფნაო! ჩვენ ვითომ რა სიკეთეს მოველით, რა ბედნიერ დღეს შევხარით, მაგრამ ერთადერთი ნუგეში მაინც ერთად ყოფნა დაგვრჩენია, ჰხედავ, ეს ბავშვიც ამით ნუგეშობს, თურმე... ღმერთო... - ძლივს წარმოსთქვა ქალმა, ბოღმა მოაწვა, სული ყელში მოებჯინა და მწარედ აქვითინდა.

ატირდა რეზოც, სამთავენი ტიროდნენ.

ირგვლივ კი მრისხანე ზღვა თავისებურად შხუოდა, ფაფარგათეთრებული ტალღა ტალღას მოსდევდა, გემის კედელს ეხეთქებოდა და ზედ აკვდებოდა.

KvirisPalitra.Geსულთანი ალი-ბეი - "ქარიშხლის დამაოკებელი"!..

1763 წელს კაიროში, სასახლის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს აუწყეს: ეგვიპტის მმართველი და სულთანი ამიერიდან შეიხი ალი-ბეი არისო... შიშნაკრავი აღტაცებით შეეგება კაირო ახალი სულთნის გამოჩენას. თუმცა,  მალე მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ ალი-ბეის მოსვლით იწყება ოქროს ხანა ნილოსის ქვეყანაში. მაგრამ ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩება ის ამბავი, რომ ეგვიპტის აღორძინებისთვის თავგადაკლული ალი-ბეი ქართველი იყო, სახელად იოსები, პატიოსანი მღვდლის შვილი და 13 წლისა სტამბოლის მონათა ბაზარზე უღვთოდ გაყიდული...

ქართველი ალი-ბეი ჯერ უდაბნოში მოთარეშე ბედუინთა რაზმებს დაერია, სისხლს რომ უშრობდნენ ეგვიპტელებს. ვინც გაწყვიტა - გაწყვიტა,  ვინც გადაურჩა ალი-ბეის უდაბნოს მზის სხივებზე მოელვარე ხმალს, უგზოუკვლოდ გადაიხვეწა. მანამდე ვერავის მოეხერხებინა თავგასული ბედუინების თარეშის ალაგმვა, მათ შორის,  ვერც ეგვიპტეში გაბატონებულ თურქებს. უდაბნოს ქარიშხალს უწოდებდნენ ბედუინთა ყოველ ლაშქრობას ეგვიპტელები.

...და უწოდეს ალი-ბეის მითური და გამაოგნებელი თიკუნი -"ქარიშხლის დამაოკებელი"!..

ბედუინთა დასამარების შემდეგ ქარიშხლის დამაოკებელმა ოსმალებისთვისაც მოიცალა. 5 წელი არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში და მთელი ეგვიპტე გაწმინდა თურქთაგან. რა აღარ სცადეს ოსმალებმა - ქრთამი, საწამლავი თუ პირდაპირი ხმალთა კვეთება, მაინც ვერაფერი დააკლეს ალი-ბეი ქართველს. უკვირდათ, სხვისი საქმისთვის რა თავს გვაკლავს ეს წყეული გურჯიო... ის კი არ უწყოდნენ, რომ გურჯი, სადაც უნდა იყოს, მონობას ყოველთვის მეომრის მარცხ-ხიფათიან ცხოვრებას არჩევს...

მთელი ეგვიპტე, დიდი და პატარა, ალი-ბეის მზეს ფიცულობდა. ააყვავა და ააღორძინა ოსმალთაგან დაქცეული ქვეყანა სულთანმა. ძველი დიდება უბრუნდებოდა პირამიდების სამშობლოს...

ახლა ეგვიპტის საზღვრებს იქითა სამფლობელოებს გადაჰკრა თვალი ალი-ბეიმ. მტკიცე ნებითა და ხელით მოდრიკა ყველა, ვინც წინააღმდეგობა შეჰბედა. მთელ სამუსლიმანოში გაუვარდა სახელი ეგვიპტის უძლეველ სულთანს. ალი-ბეი მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექაში ჩავიდა ლაშქრით,  ქალაქის მთავარი შეიხი გადააყენა და მის ადგილას თავისი ხელქვეითი დასვა, იქიდან წითელი ზღვის სანაპიროს ჩამოუყვა და უზარმაზარი ტერიტორია ეგვიპტეს დაუმორჩილა...

მისი მოღვაწეობის აპოთეოზი კი 1771 წელი იყო. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო - სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!.. ეგვიპტელებმა ქარიშხლის დამაოკებლის თიკუნი აღარ აკმარეს სათაყვანებელ სულთანს და "ორი ზღვის ყაენი" უწოდეს!.. შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული თვალცრემლიანი ქართველი ბიჭი აზია-აფრიკის გზასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა!.. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ...

ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი - მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ.

ღამის სიმყუდროვეში გაყუჩებულა კაიროს სასახლე. სულთნის სადგომისკენ მიიპარებიან შეთქმულნი. სასახლის კარის მცველთა უმთავრესიც მათთანაა. თავისი ერთგული ხალხი გაუმწესებია სულთნის ყოვლად შეუღწევ სასახლის ნაწილში... გაატარეს შეთქმულნი მცველებმა... მშვიდად სძინავს ალი-ბეი ქართველს...

მძიმე კარის ჭრიალმა გამოაღვიძა.

მისკენ მიმავალ ლანდებს ჰკიდა თვალი. ელვის უსწრაფესად წამოხტა და მახვილისკენ გადაიწოდა ხელი. დაასწრეს, გადაუქნიეს მრუდე ხმალი... მძიმედ დაჭრილი გადავარდა სარეცელზე. ხმლის ხელმეორედ დაკვრა ვეღარ შეჰბედეს ორი ზღვის ყაენს. მხოლოდ აბუ-ზაჰადი მიუახლოვდა... თვალი გაახილა მომაკვდავმა. სიკვდილის დანისლული ფარდის მიღმა მაინც გაარჩია სისხლიანი მახვილი და ამ მახვილის პატრონი. სინანულის ეული ცრემლი ჩამოუგორდა ალი-ბეის და გათავდა კიდეც. მახვილი გაუვარდა ხელიდან მუჰამედ აბუ-ზაჰადს, მუხლებზე დაეცა გამზრდელის წინაშე და ატირდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)