შვილმა მამა მოკლა - რა ბედი ეწია მამა-შვილს, რომლებმაც თვითმფრინავი ბათუმი-სოხუმის რეისის შესრულებისას გაიტაცეს?
29-07-2018
შვილმა მამა მოკლა - რა ბედი ეწია მამა-შვილს, რომლებმაც თვითმფრინავი ბათუმი-სოხუმის რეისის შესრულებისას გაიტაცეს?
1970 წლის 15 ოქტომბერს 13:35 სთ-ზე, ბათუმის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი AH-24 46 მგზავრით (მათ შორის იყო 4 წლის ბავშვი), სოხუმის მიმართულებით გაფრინდა. 7-8 წთ-ის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი შეწყდა. ფოთსა და ქობულეთს შორის საჰაერო ლაინერი 1800 შემობრუნდა, რამდენიმე წუთში 500-600 მ სიმაღლეზე ბათუმის აეროპორტს თავზე გადაუფრინა და გეზი თურქეთისკენ აიღო.

თვითმფრინავმა საზღვარი გადაკვეთა და ღრუბლებში გაუჩინარდა... საბჭოთა კავშირში გაუგონარი ფაქტი მოხდა. საბჭოთა სივრციდან თვითმფრინავი დაუგეგმავი მიმართულებით გაფრინდა.

მეორე დღეს, 1970 წლის 16
ოქტომბერს, აჭარის ასსრ უშიშროების საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, მაიორმა არჩაიამ განიხილა ფაქტები იმის შესახებ, რომ მოხდა შეიარაღებული თავდასხმა თვითმფრინავის მოსამსახურე პერსონალზე. და თვითმფრინავი თურქეთში, ტრაპზონის აეროპორტში დაჯდა.

ბოროტმოქმედებმა დაჭრეს ეკიპაჟის 2 წევრი (სინამდვილეში კი დაჭრილი იყო 3 წევრი), მოკლეს ბორტგამცილებელი, 19 წლის ნადეჟდა კურჩენკო.

"ორი უცნობი
მოქალაქე", ანუ თავდამსხმელები, ნებაყოფლობით ჩაბარდნენ თურქეთის სამართალდამცავებს, იარაღი ჩააბარეს და თავშესაფარი ითხოვეს.

ვინ იყვნენ გამტაცებლები?
პრანას სტასიო ბრაზინსკასი (იგივე კორევიო, მეორე ქორწინების დროს ცოლისაგან მიღებული გვარი), დაიბადა 1924 წელს ლიტვაში, ტრაკაის რაიონის სოფ ბეიჯონისში; არასრული განათლებით, ორჯერ სპეკულანტობისთვის ნასამართლევი. რამდენიმე ხანს ცხოვრობდა უზბეკეთში. პირველი ქორწინებიდან ჰყავდა 3 შვილი, რომელთაგან უმცროსი ალგირდას პრანო ბრაზინსკასი, იმდროისათვის 15 წლის, თვითმფრინავის გატაცების თანამონაწილე იყო.

ახლობლებმა განაცხადეს, რომ პრანასის არ მოსწონდა საბჭოთა კავშირი, ოცნებობდა კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მისი აზრით, მისი სამშობლო იქ იქნებოდა, სადაც კარგად იცხოვრებდა.

ლიტველი მამა-შვილი - პრანას და ალგირდას ბრაზინსკასები - იმავე თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ სოხუმიდან, რომელიც გაიტაცეს. ბათუმამდე მგზავრობისას მათ კარგად შეისწავლეს ეკიპაჟის შემადგენლობა და დააზუსტეს ყველა წვრილმანი, რაც მათი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი იქნებოდა.

ამ საბედიწერო რეისის ერთ-ერთი მგზავრი ლია მამარდაშვილი, რომელიც ბორტზე მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად იყო, რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზასთან" შემდეგს ჰყვებოდა:
- დილით, 12 საათზე, მე და ჩემი შვილი, ბიძაჩემმა, ბათუმის აეროპორტში წაგვიყვანა. იმ დროს ჩემი ბიძაშვილი იქ ადმინისტრატორად მუშაობდა და ბილეთების საკითხიც უმალ მოგვიგვარა. დღე ღრუბლიანი აღმოჩნდა და ფრენა დროებით გადაიდო. 15 წუთში კი გამოაცხადეს, სოხუმისკენ მიმავალი მგზავრები, თვითმფრინავში ჩასასხდომად მოემზადეთო. ყველანი ტრაპისკენ დავიძარით, მაგრამ ისევ შეგვაყოვნეს. იმ დროს ჩემი ყურადღება, შუახნის მამაკაცმა და მისმა თანმხლებმა, ასე 13-14 წლის ბიჭმა მიიქცია, რომლებიც ტრაპზე პირველები ავიდნენ და პილოტის კაბინის უკან წინა ადგილები დაიკავეს.

- ესე იგი, ეჭვი ტრაპზე ასვლამდე გაგიჩნდათ?

- იმ დროს არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მაშინ ტერორისტულ აქტებს, კინოში თუ ნახავდი და ისიც იშვიათად. უბრალოდ, იმ ადამიანების აქტიურობამ და ფაციფუცმა გამაოცა. პირველები ავიდნენ. პირველ სკამზე დასხდნენ. თან, ქართველები არ იყვნენ, არც აფხაზები, არც რუსები...

ეჭვი უკვე ტერორისტული აქტის შემდეგ გამიჩნდა. ტერაქტი რატომღაც, წინასწარ კარგად დაგეგმილი მომეჩვენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ თვითმფრინავში იარაღი აიტანეს, დიდ ეჭვს იწვევდა. მოკავშირეები ხომ არ ჰყავდათ აეროპორტში ან თვითმფრინავში? ან მარტო სოხუმის თვითმფრინავი რატომ დაუშვეს გასაფრენად? აფრენიდან 5 წუთში, კაცმა ბორტგამცილებელი მოიხმო. ალბათ ცუდად გახდა და ცელოფანის პარკს ითხოვს-მეთქი, - გავიფიქრე. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ბორტგამცილებელს სახეზე შეშფოთება შევატყვე, მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან მგზავრებს კანფეტები დაურიგა და პილოტის კაბინაში შევიდა. ამის დანახვაზე მამაკაცი ფეხზე წამოხტა და უკან გაჰყვა. ცოტა ხანში, გასროლის ხმა გაისმა.
ნადეჟდა კურჩენკო
როგორც მერე გავიგე, ბორტგამცილებელს, ხომლდის ეკიპაჟი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაუფრთხილებია. პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. აფორიაქდა ხალხი, ვიღაც პილოტის კაბინაში შესვლას შეეცადა. იმ დროს იმ კაცის შვილი წამოხტა. მას ხელში ორი ყუმბარა ეკავა და ხალხს, პანიკის შემთხვევაში მათი აფეთქებით დაემუქრა. ჩემს შვილს შეეშინდა და კანფეტი ყელში გაეჩხირა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა ძალამ განაპირობა, ბავშვს ჩემი მღელვარება არ დავანახვე და მის დაწყნარებას შევუდექი. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ კიდევ გაისროლეს. ესროლეს რადისტს, ინფორმაცია რომ არ გადაეცა ცენტრისთვის. არ გაუმართლა პილოტ გიორგი ჭახრაკიას. ტყვია ხერხემალში მოხვდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. მეორე პილოტი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისკენ გასროლილი ტყვია, სავარძლის საზურგის რკინის დეტალს მოხვდა. დაიჭრნენ ბორტმექანიკოსი და რადისტი. ამბობენ, მამაკაცი დაჭრილებს, ფეხითაც უსწორდებოდაო. თავიდან ისინი, ჩვეულებრივი მძარცველები მეგონა. ამიტომაც ყველა სამკაული მოვიხსენი და ფეხსაცმელში ჩავდე. ტერორისტმა მამა-შვილმა, გადარჩენილ პილოტს თვითმფრინავის თურქეთში დასმა უბრძანა. ჩვენ დაშვებულ ზოლზე დაბლა მივფრინავდით, ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, რამდენად ახლოს ვიყავით მიწასთან, შემეშინდა. მერე ამიხსნეს, ასე იმიტომ ვიქცეოდით, ბაზას, რომ არ დავეფიქსირებინეთ, თორემ საბჭოთა ხელისუფალნი მაშინვე ჩამოგვაგდებდნენო, საიდუმლო ინფორმაცია რომ არ გადასულიყო "რკინის ფარდის" მიღმა. როგორც იქნა, ტრაბზონში ჩავფრინდით. უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა. პანიკაში მყოფი ხალხი, ტრაპის მიდგმას არც ელოდებოდა, პირდაპირ ღია კარიდან ხტებოდა.

ტრაპის მიდგმისთანავე, პირველი გარდაცვლილი ბორტგამცილებელი ჩამოასვენეს. მას უკან მამა-შვილი მიჰყვა. ახლაც თვალწინ მიდგას ტერორისტი მამაკაცის უზარმაზარი, ოქროსდისკოიანი ჯაჭვი, რომელიც გადაღეღილ გულმკერდზე უბზინავდა. როგორც გავიგე, მეორე პილოტს, სოს სიგნალის გადაცემა მოუსწრია და ტერორისტები ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აიყვანა პოლიციამ. (იხილეთ სრულად)

რა ბედი ეწიათ გამტაცებლებს?
ბათუმში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ იმავე დღეს სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას, დამნაშავენი უკან დაებრუნებინათ. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ნოტაში გარკვევით იყო აღნიშნული, ორი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობისათვის თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრაზინსკასების გადაცემას.

არა თუ დაბრუნება, თურქეთში საბჭოთა სამართალდამცავებს ბრაზინსკასების დაკითხვის საშუალებაც კი არ მისცეს. მას შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ არაერთხელ იყო მცდელობა თურქეთიდან ბრაზინსკასების ექსტრადაციისა (1970 წლის 29 ოქტომბერი, 1971 წლის დასაწყისში, 1973 წელს, 1974 წ. 5 ივლისი), მაგრამ უშედეგოდ.

თურქეთის საკასაციო სასამართლოს დადგენილებით ბრაზინსკასების დანაშაული იყო არა პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლის, ამიტომ 1971 წლის დასაწყისში საქმე, შემდგომი მსვლელობისათვის, ტრაპზონიდან ანკარაში გადაიგზავნა, ხოლო 1974 წლის მაისში, ამნისტიის საფუძველზე, შეწყალებული მამა-შვილი გაათავისუფლეს პოლიციის ზედამხვედელობის ქვეშ.

თურქეთის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული საბჭოთა თვითმფრინავის გამტაცებლები 1974 წლის 12 სექტემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო კოლეგიამ, ი. სუმბათაშვილის თავმჯდომარეობით, დაუსწრებლად გაასამართლა.

მამას, პრანას სტასიო ბრაზინსკასს (იგივე კორეივო) მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა.

შვილს, ალგირდას პრანო ბრაზინსკასს კი, ვინაიდან იგი არასრულწლოვანი იყო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

როგორ გაგრძელდა მამა-შვილის ცხოვრება ამერიკაში?
1983 წელს მამა-შვილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და მამა - ალბერტ-ვიკტორ, ხოლო შვილი - ფრენკ უაიტებად იქცნენ. ისინი, კალიფორნიის შტატ სანტა მონიკაში დასახლდნენ და მღებავებად დაიწყეს მუშაობა. გაგრძელება


რედაქტორის რჩევით