"კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს, ავად მოეპყრას" - როგორ ისჯებოდა ქალზე მოძალადე და სხვის ცოლთან მოარშიყე უწინ? - კვირის პალიტრა

"კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს, ავად მოეპყრას" - როგორ ისჯებოდა ქალზე მოძალადე და სხვის ცოლთან მოარშიყე უწინ?

ჩვენი წინაპრები სისხლით ნათესაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ნათესავების რვა თაობას ერთმანეთთან ქორწინება ეკრძალებოდა... ჩვენი წინაპრები საქორწილო წეს-ჩვეულებებს განსაკუთრებულ ყურადღებას რომ აქცევდნენ, ამას საარქივო მასალებიც ადასტურებს. ეროვნულ არქივში მე-18 საუკუნეში მოქმედი ქორწინების კანონის ხელით გადაწერილი ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. მხატვრულად გაფორმებული და მოხატული წიგნი იობა მღვდლის (ყრუაშვილის) საკუთრება ყოფილა.

"აღიწერა წიგნი ესე ოვდაბნოსა მრავალ-მთის დავით გარეჯისასა, ხელითა უღირსის ბერის იეროდიაკონის გერონტისათა, თუესა ნოემბრის 16. წელსა 1716."

ქორწინების კანონი რჯულის კანონის ნაწილია და მასში ქორწინების ნათესაობით დამაბრკოლებელი მიზეზებიც არის ნახსენები. ჩვენი წინაპრები სისხლით ნათესაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ნათესავების რვა თაობას ერთმანეთთან ქორწინება ეკრძალებოდა. წყვილი ჯვრისწერის დროს ვალდებული იყო, სიმართლე ეთქვა. თუ მღვდელს მოატყუებდნენ, პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ.

ყველამ იცის, როგორი წმინდაა ნათელმირონობა. ქორწინების კანონით, ნათელმირონობით დაკავშირებულ ოჯახებს საქორწინო კავშირი რვა თაობამდე ეკრძალებოდათ. ასევე მკაცრად იყო განსაზღვრული, ვისთან შეეძლო ქორწინება დაქვრივებულ ადამიანს. კანონში ნათქვამია, "მოკვდეს კაცი იგი", თუ გარდაცვლილ ძმის ცოლს შეირთავსო...

ქორწინების წიგნში ერთგულებაზეც არის საუბარი. დაქორწინებულებს სხვისთვის შეხედვა და საუბარი შეიძლებოდა მრუშობად ჩასთვლოდათ. ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნთა კრებულშიც ბევრია ნათქვამი. განქორწინება, ფაქტობრივად, არ ხდებოდა. "ცოლი და ქმარნი რაგინდ სძულდენ ერთმანეთსა, უბრალოდ გაყრა არ იქნების. კათალიკოზმა წურთნით უნდა შეარიგოს". მაგრამ მამაკაცს ცოლის ტანჯვის უფლება არ ჰქონდა: "კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს და ურიგოს უშურებდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს, ავად მოეპყრას და კათალიკოზმაც ასე უყოს".

დანაშაულისთვის ციხე არ არსებობდა. დამნაშავეს მხოლოდ საზღაურის გადახდა უწევდა. სასჯელი ანუ გადასახადი წოდების, გვარიშვილობის მიხედვით იყო განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუკი კაცი ცოლს მოკლავდა, ან ცოლის ოჯახი მას მკვლელობას დააბრალებდა, მამაკაცი ვალდებული იყო, თავი ემართლებინა: "თუ კაცმა ცოლი მოკლას უბრალოდ და გამოჩნდეს სისხლი, როგორც დაგვიწერია, ისრე მისცეს და საკანონო კათალიკოზმა იცის... თუ ქალის ძმები ქმარს სწამობდნენ, ფიცით, მდუღრით ან შანთით თავი გამოიმართლოს... თუ ცოლმან ქმარს ან სცეს, ან დაჭრას, დიდი გვემა და ტანჯვა უყოს კათალიკოზმან".

წყვილს გაყრა მხოლოდ ღალატის შემთხვევაში შეეძლო: "თუ ქალს ბოზობა შეემთხვიოს, კაცი, უნდა გაუშვებს, თუ უნდა არ გაუშვებს, ორივ კაცის ხელთ არის. მაგრამ თუ გაუშვა, რაც მზითევი მოჰყოლია, ისიცა და ბოზობით შექმნილი შვილიცა თან უნდა გაატანოს. მაგრამ შვილსაც წილი აქუს... რამდენი შვილი ყუანდეს, შვილებსა და დედას თითო-თითო წილი მისცენ, ყველას სწორად".

მამაკაცს გათხოვილ ქალთან არშიყისთვის სასჯელი არ ასცდებოდა: "თუ ქალს კაცი გაუარშიყდეს და ქალი არ აჰყვეს, ქალს არა გარდახდება რა, კაცს გარდაეხდების...".

თუ ქალი ქმარს მიატოვებდა და სხვას გაჰყვებოდა, ამასთან, სახლიდან თავისი მზითევის გატანას მოახერხებდა, ქმარყოფილს იმ ქონების უკან დაბრუნება არ შეეძლო, მაგრამ თუ მზითევს ვერ წაიღებდა, ის ქონება პირველ ქმარს რჩებოდა.

კანონში აღნიშნულია, მამაკაცი დედაკაცისგან ღალატის ღირსი არ არისო: "დედაკაცი ქმრის დაგდებას არაღირსა და ნურც ჰკადრებს"...

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინების შეზღუდვების შესახებ ადვოკატ ციცინო ცხვედიანს ვესაუბრეთ.

- შეზღუდვა მხოლოდ სისხლით ნათესავებს, კერძოდ, აღმავალ და დაღმავალ ნათესავებს ეხებათ. იგულისხმებიან შვილები, შვილიშვილები, ბიძა, დეიდა, მამიდა. ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას, მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ქორწინება არ შეიძლება. კანონით სხვა შეზღუდვა არ არსებობს. ხშირად ადამიანები სამი თაობის იქით ნათესავებს არც იცნობენ და ამის განსაზღვრა ძნელი იქნება. ეს კანონი 1964 წლიდან მოქმედებს. კანონში ცალსახად მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ორცოლიანობა იკრძალება. რაც შეეხება ცოლის ნათესავებს შორის ქორწინებას, კანონში არც ამაზე წერია რამე. ალბათ, ამის განსაზღვრა ძალიან ძნელი იქნებოდა. თან საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, ამხელა ფუფუნების უფლებას ადამიანები თავს ვერ მისცემენ. კარგად რომ გამოვიკვლიოთ, ყველა ერთმანეთის ნათესავი გამოვდივართ. კანონში არც ნათელმირონობაზე წერია რამე.

- ძველად ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. - რასაც თქვენ ამბობთ, ეს უფრო მორალური შეზღუდვაა, ვიდრე - კანონისმიერი.

- ადრე ცოლ-ქმარი ღალატის გამოც ისჯებოდა. - ეს ბევრ ქვეყანაში შემორჩენილია და დასჯის სხვადასხვა მეთოდიც აქვთ, ჩვენთან კი შეიძლება ცოლს ან ქმარს საყვარელი ჰყავდეს, მაგრამ ისინი მაინც ერთად ცხოვრობდნენ და ოჯახს არ ანგრევდნენ. კანონით მამაკაცი ერთდროულად ორ ქალთან დაქორწინებული ვერ იქნება. არის შემთხვევები, როცა მამაკაცს საყვარელთან შვილი ჰყავს, იქაც დადის და ცოლთანაც ცხოვრობს, მაგრამ ამისთვის ვერ დასჯი. ადრე რაც იყო, ეს უფრო მორალის და ზნეობის სამართალია, კანონი კი სხვაა. ვფიქრობ, რაც ახლა გვაქვს, ის სჯობია. მართალია, კანონი არ გვიკრძალავს ნათესავებს შორის ქორწინებას, მაგრამ ჩვენი მორალი რაღაცებს გვიზღუდავს. მაშინ ნათესავს ცოლად ვერ მოიყვანდი, რადგან კანონი გსჯიდა, ახლა კანონი არ გსჯის, მაგრამ გაქვს მორალი, რომლის გამოც ნათესავზე სხვანაირად არ იფიქრებ.

ფოტოზე: ქართველი ფოტოხელოვანი ვასილ როინაშვილი მეუღლესთან ერთად

თეა ხურცილავა