საუკუნის წინანდელი ფასები და ხელფასები
27-08-2018
საუკუნის წინანდელი ფასები და ხელფასები
როგორი იყო შრომის ანაზღაურება და ფასები მსოფლიო ომამდელ რუსეთის იმპერიაში

(ნაწილი II)
იხილეთ ნაწილი I

ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების მიმოწერები

იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია შემონახული ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების მიმოწერაში.

ვაჟა პეტრე უმიკაშვილს 1894 წელს სწერდა: "ჯიბესთან მწყრალად გახლავარ. გზის ფული არა მაქვს. მინდა ლიტერატურული ფონდიდან ვისესხო და თუ ხელი გამიმართეს, პირდაპირ ქალაქში ჩამოვალ ცხვედაძესთან. უფულოდ კი ფეხსაც ვერსად გადავსდგამ. თავართქილაძესთან ლაპარაკი გქონიათ ჩემი ნაწერების გამოცემაზე;
მაგ პირობით არ შემიძლიან ნაწერების დათმობა. ჩემთვის ფულია დღეს საჭირო. ვაჟიც მომესწრო, ეხლა დრო აქვს იმასაც სწავლისა. თუ უნდა ნამდვილად, გულით, მე დავუთმობ ყველა ჩემს ნაწერებს ას თუმნად".

1892 წლის 31 მაისს თელავში მყოფი ალექსანდრე რაზიკაშვილი თედო რაზიკაშვილს სწერდა: "ლუკას
მოცემული 7 მანეთი და შენი მოცემული 1 თუმანი სულ გამითავდა, ძმაო, ისე რომ კაპიკი აღარ დამრჩა. იმიტომ რომ იმ ფულიდგან სახლის პატრონს მივეცი რვა მანეთი, ნისია მემართა საბნისპირის და ფეხის ჩითისა ორი მანეთი­ - ის მოვიშორე... პირის სახოცი ვიყიდე - ათი შაური, სარტყლის და ხანჯლის გაკეთებაში - თოთხმეტი შაური. რაც დამრჩა, ის კიდევ ძმაო აპრილის ცამეტიდან ამ მაისის გასვლამდე მეყოფინა მძლივს. ეხლა კი კაპიკი აღარ მაქვს... ერთი-ორი მანეთი გამომიგზავნე".

1899 წლის 25 ნოემბერს ალექსანდრე თედოს სწერდა: "ამ სამთვენახევარში 86 მანეთი ავიღე ჯამაგირი. აქედამ 20 მანეთი­ კასაში შევიტანე. ვიყიდე პოლსაპოშკები და კალოშები - 7 მან. 40 კაპ., შევაკერინე ზამთრის ქუდი - 3 მ., ზეწარი - 90 კ., მუთაქა არა მქონდა, ისიც ვიყიდე - 50 კ."

1900 წლის 5 მაისს ელისავეტპოლში­ (განჯა) მყოფი მიხეილ რაზიკაშვილი ალექსანდრეს სწერდა: "აქ ამ ერთ კვირამდის იქნება ვაკანსია გაიხსნას მწერლისა "Государственное Управление"-ში, რომელიც ჩემთვის უნდათ ქართველებს აქ მოსამსახურეებს, რადგანაც მარტო ორნი არიან ქართველები (Делопроизводитель Бакрадзе и помощ. Бакрадзе и помощ. делопроиз. Церетели). უკანასკნელი ნათესავია ვასოსი და ჩვენთანა ცხოვრობს. Получает 50 рублей в месяц. ეს ორი დღეა დავყევარ უპრავლენიეში, მაწერინებს, რომ ხელი გაგემართოსო. და რაწამს ვაკანსია გაიხსნება, ვეცდებით, რომ მიგაღებინოთო. მაგრამ ბევრი-ბევრი დამინიშნონ თვეში 20 მ. ნამსახური მწერლები იღებენ 25 მ."

1906 წლის 8 აპრილს თედო რაზიკაშვილი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას სწერდა: "ჯეჯილის" საქმე გამოაკეთეთ თუ ვერა? მეც მასალის გაგზავნას "ნაკადულში" დავეხარბე, რადგან იმედი მქონდა თავის დროზედ მომაწოდებდა ჰონორარის რაღაც საცოდავ გროშებს, რადგან ეხლა ასე გვიჭირს და სხვა საღსარი არა გვაქვს-რა. მაგრამ პატივცემულმა მარიამმა "ბუს ფეხის" კუთვნილი (შარშან ენკენისთვის ნომერში დაიბეჭდა) ფულიდან, სულ რაღაც 22 მ. (სტრიქონ პროზაში 5 კ. იძლევა, ლექსში - 10 კ.) მხოლოდ ჯერჯერობით 10 მ. მომაწოდა. თქვენგანაც მივიღე 7 მ., რისთვისაც დიდ მადლობას გწირავთ".

თედო სახოკიას (1868-1956) მემუარებში, რომელშიც მოთხრობილია 1908 წელს ავტორის მოგზაურობა მატარებლით ციმბირისკენ (პატიმრის რანგში), ვკითხულობთ: "გავუარეთ ჩელიაბინსკს... სადგურებზე გლეხებს გამოაქვთ: გოჭები, ინდოურები, ბატები, ქათმები, კარაქი, მსუქანი რძე... შემწვარ გოჭს 8-10 გირვანქიანს - სამ აბაზად აფასებენ... არიან ისეთი მუშტრებიც, რომელთაც ეს ფასი ებევრებათ და ეჩიჩინებიან, ორ აბაზად აძლევენ... ინდოური 7-8 გირვანქიანი - ათ შაურად, ბატი - ორ აბაზად, მთელი ბოთლი საუკეთესო რძე, ნაღებით სავსე - შაურად, საუცხოო კარაქი - ექვს შაურად გირვანქა, პური - კაპიკად გირვანქა. ჩვენმა კომუნამ, ათი კაცისაგან შემდგარმა, ერთი გოჭი იყიდა, ზედ მიაყოლა ინდოური და ერთი აბაზის რძეც. ჩვენც გავძეხით, კონვოის სალდათებიც დავიწვიეთ და ისინიც მადლიერები დაგვრჩნენ".

განვაგრძობთ ბეჭდვას სტატიისა, რომელშიც განხილულია ქართველ მოღვაწეთა ცნობები XIX საუკუნის მიწურულიდან 1914 წლამდე რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და ხელფასების შესახებ.

"სადილი სტუდენტს თვეში 6 მანეთი უჯდებოდა"


მოსკოვში სასწავლებლად ჩასულ ქართ­ველ­ სტუდენტთა მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული­ მთარგმნელისა და მხატვრის, ლადო ჯაფარიძის­ მოგონებებში:­ "ქართველი სტუდენტები მოსკოვში მაინცდამაინც გაჭირვებულნი არ იყვნენ. რაკი მაშინდელ­…მოსკოვს უფრო ძვირ ქალაქად­ იცნობდნენ,­ იქ მეტ-ნაკლებად უზრუ­­ნველყოფილი სტუდენტები ჩადიოდ­ნენ.­­ მათ შორის იყვნენ დავით სარაჯიშვილის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავადაზნაურთა­ და სხვათა­ სახელობის სტიპენდიატებიც, რომელთაც თვეში 15-დან - 50 მანეთამდე თანხა ჰქონდათ... სტუდენტი თუ 20-25 მანეთზე ნაკლებს­ იღებდა, უფასოდ სადილობდა სტუდენტურ სასადილოში. თვეში სადილი 6 მან. ღირდა, ე.ი. თითო ულუფა - 20 კაპ. სადილი­ ჩინებული გახლდათ: პირველი უთუოდ ხორცით იყო დამზადებული, რომელიც შეიძლებოდა განმეორებითაც მოგეთხოვათ.­ მეორეც ასევე ხორცეული იყო, თანაც იმდ­ენი, ზოგი ვერც ერეოდა. ამგვარად, სადილი სტუდენტს თვეში­ 6 მან. უჯდებოდა,­ დაქირავებულ ოთახთან ერთად სულ 16-18 მან. მე და ჩემი ძმა ერთდროულად 50-ს ვიღებდით და სავსებით გვყოფნიდა. ოთახში 20-ზე მეტი არ იხარჯ­ებოდა, ზოგჯერ - 17-18. ამიტომ, ზამთრის სუსხში სადილს ხშირად სახლშივე ვიღებდით, ან იქვე მის ახლოს; ამას შინაურ სადილს ეძახდნენ, სუფთა ერბოზე მზადდებოდა, სამაგიეროდ, თვეში 7 მან. ჯდებოდა... დილის საუზმე ჩაით იწყებოდა. "სამოვ­არი"­ დილა-საღამოს ოთახის ქირაში შედიოდა, ოღონდ მოსამსახურისათვის "საჩუქრად" 50 ან 75 კაპ. უნდა მიგვეცა თვეში. კარაქი,­ პური, შაქარი და ზეთი ცალკე ხარჯი იყო, ისიც კაპიკები. გაზეთი 3 კაპ. ღირდა. შვეიცარს ყოველთვიურად ვაძლევდ­ით 75 კაპიკს, რათა ტელეფონზე დავეძახეთ ხოლმე. ასე რომ, 25 მან. ერთი სტუდენტისათვის ყველა ხარჯის დასაფარავად, საკმარისი იყო".

"სტალინმა სამშაურიანი კახური ღვინო მოიტანა"

ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში სწავლობდა დიმიტრი ჯავახიშვილი,­ მომავალში ექიმი-კურორტოლოგი, რომელიც იგონებდა: "შევედი სამედიცინო ფაკულტეტზე. ოთახის ქირად თუმანს გვახდევინებდნენ.­ პური უფასოდ გვეძლეოდა. შაქრიანი ჩაი 2 კაპ. ღირდა. წვნიანში 5 კაპიკს ვიხდიდით,­ ერთ მათლაფა "გრეჩიხაში" 3-ს. ამდენივე­ ღირდა ჭიქა რძე. სტუდენტს შეეძლო ორიოდე შაურით ესადილა. ვახშამს უკვე შინ შევექცეოდით. გირვანქა შაქარი 15 კაპიკი­ ღირდა, თეთრი პური - 3, ძეხვი - 20. ამდენივე ღირდა გირვანქა ჰალვა. ყველაზე იაფი იყო ყველი "ბრინზა". ოთახის პატრონი ჩაისათვის წყალს გვიდუღებდა, ოთახს გვითბობდა, გვინათებდა".

თბილისში ჩამოსული დიმიტრი ჯავახი­შვილი ახლობლის, დიმიტრი გურგენიძის ოჯახში რამდენჯერმე შეხვდა იოსებ ჯუღაშვილს. დიმიტრი ჯავახიშვილი იხსენებდა:­ "დიმიტრი გურგენიძე ობსერვატორიაში მუშაობდა დამკვირვებლად. დამკვირვებლად მუშაობდა იოსებ სტალინიც. იგი რამდენჯერმე შემხვედრია ამ ოჯახში. ერთხელ მოვიდა სტალინი, მოიტანა ერთი ბოთლი სამშაურიანი დაბეჭდილი კახური ღვინო, კიტრი, პამიდორი და პური, - "აბა, მოდით და პური ვჭამოთო". ეს იყო 1906 წლის აგვისტოში".

"რამდენიც უნდა ეჭამა მგზავრს, ფასი 4 აბაზი იყო"


1909 წლიდან ასტრახანის გუბერნიის ქალაქ კრასნი იარში ცხოვრობდა რევოლუ­ციური მოღვაწეობისთვის გადასახლებული ისიდორე რამიშვილი. ის იგონებდა, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე გადასახლებუ­ლთ­ ეძლეოდათ სახელმწიფო სუბსიდია, "თვიურად 13 მან. და 50 კაპ. ცოლიც ღებულობდა ქმრის ოდენას და მცირეწლოვანი შვილები­ - ნახევარს. მე, მაგალითად, მეძლეოდა ჩემთვის, ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილისთვის 40 მ. და 25 კ."
რამიშვილი თავის მეუღლესთან ერთად რეპეტიტორობდა კიდეც. მოგონებებში ვკითხულობთ: "გადასახ­ლ­ებაში მე ჩემს სარჩოს ვშოულობდი კერძო გაკვეთილებით. კრასნი იარში ვასწავლიდი ყირგიზის ბავშვებს.­ გასამრჯელოდ ყველა­ მოწაფე­ თითო თუმანს­ მაძლევდა, რაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კარგად გვყოფნიდა ოჯახს, რადგანაც სანოვაგის და ოთახის სიიაფე იყო დიდი. მთელი ბინა სამი ოთახით, სამზარე­ულოთი, საკუჭნაოთი, აივნით, საცვლებისა და ოთახების რეცხვით, ღირდა თვეში 10 მანეთი. მქონდა გაკვეთილები თანამდებობის პირების ოჯახშიც. გუბერნატორი და ჟანდარმერია ამ მხრივ არ გვავიწროვებდნენ... თევზი ყველას­ თავსაყრელად ჰქონდა, თუ უბრალოს ჭამას ისურვ­ებდა. უფრო ეტანებოდნენ ზუთხის ჯიშის თევზებს. საუკეთესო ზუთხი გირვანქა­ 30 კაპ. იყიდებოდა".

1906 წელს, სტოკჰოლმში, რსდმპ IV ყრილობაზე, ვლასა მგელაძესთან ერთად ჩასული ისიდორე რამიშვილი იგონებდა, რომ ფინეთის სადგურებზე მოქმედებდა შემდეგი­ წესი: "რამდენიც უნდა ეჭამა მგზავრს, ბევრი თუ ცოტა, ფასი ერთი იყო დადებული­ - 4 აბაზი. ვლასამ ეს წესი კარგად გამოიყენა: პირველ სადგურზე გაანადგურა ყველაფერი ბუფეტში. აქ გოჭის კანჭი იკრა პირში, იქ ცხვრის სათბილოს დასტაცა ხელი, იქ შემწვარ ქათამს ააცალა მხარ-კურტუმო,­ ყველი, თევზი, ჭიქა რძეც მიაყოლა და გამოვიდა გარეთ. გაოცებულები უცქერდნენ სტუმრები, ბუფეტის პატრონები კი ცხვირჩამოშვებულები უგემურად იღიმებოდნენ".

რიხნელის ქარხნის მუშები


საქართველოს სახალხო გვარდიის ჯა­ვ­შნოსანი მატარებლების მეთაური ვალო­დია­­­ გოგუაძე იგონებდა: "12 წლისა ბათუმში დავდექი მუშად რიხნელის ქარხანაში. დღეში ვმუშაობდი 11 საათს და ხელფ­ასად მეძლეოდა 2 აბაზი... მუშების უმეტესობას შეადგენდა ქართველობა. ხელფასის მიღებისთანავე ისინი გარბოდნენ სამიკიტნოში, მოითხოვდნენ აუარებელ ღვინოს... ფულს "თავმომწონედ" იხდიდნენ და შემდეგ სხვა სამიკიტნოში გადადიოდნენ; არღნითა და ეტლით მთელ ქალაქს შემოივლიდნენ, სტეხდნენ აურზაურს, ჩხუბს... ამდენი უაზრო ქეიფის შემდეგ ქარხანას უკაპეიკოდ უბრუნდებოდნენ და მეორე დღეს პურის ფულს სესხულობდნენ... რიხნელის ქარხანაში მუშაობამ იკლო, რის გამოც გადავედი როტშილდის ხერხის ქარხანაში. ჯამაგირი მეძლეოდა დღიურად 15 შაური".

"ბაგროვს 2.400-ად ვერგე"


1904-1906 წლებში კოტე მარჯანიშვილი მსახურობდა რიგის რუსულ თეატრში, სადაც ის თავის დრამატულ ჯგუფში მიიწვია ანტრეპრენიორმა კონსტანტინ ნეზლობინმა (იმავე ალიაბიევმა). კოტე მარჯანიშვილი იხსენებდა: "მოვევლინე 1904 წელს მოსკოვის თეატრალურ ბაზარს... დიდმარხვის დღეს (ჩემთვის, ცოლისთვის და შვილისთვის დიდმარხვა უკვე კარგა ხნის დამდგარი იყო, ვინაიდან ფული გამითავდა, ანტრეპრენიორი კი არსად ჩანდა), ნეზლობინის სახელით გადმომცეს - შევხვედროდი დილის 10 საათზე ფილიპოვის ყავახანაში ტვერსკაიაზე. ამ დღეს სავსებით შევსანსლეთ ის უკანასკნელი ნამცეცები, რაც კი დანაზოგიდან დაგვრჩენოდა, დავიტოვე მხოლოდ ორი უზალთუნი ყავახანის მეკარისათვის სახვალდილაოდ.

10 საათზე ფილიპოვთან გავჩნდი. ნეზლობინი უკვე მაგიდასთან იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ყავას, ფუნთუშ-ნამცხვარს და ცხელ-ცხელ ღვეზელს. ყავა შემომთავაზა. თუმცა შიმშილისაგან თითქმის მუცელს მგვრემდა, უარი განვაცხადე, ეს არის მადი­ანად ვისაუზმე-მეთქი. მკითხა: "გინდათ ჩემ­თან სამსახური?" ვუპასუხე - მინდა-მეთქი. ნეზლობინმა კმაყოფილებით გაიღიმა. მითხრა: "კარგი, თქვენ ჩემთან მსახურობთ. ჯამაგირი - 250 მანეთი თვიურად. მშვიდობით!" ხელი ჩამომართვა და დამტოვა...

მეორე დილას, თეატრალური საზოგადოების ბიუროში მმართველმა პალმინმა გადმომცა ნეზლობინის სახელით ავანსი 500 მანეთი და მითხრა: "გთხოვათ, არ ეძებოთ საზაფხულო სამუშაო და წახვიდეთ სტარაია რუსაში, რათა გაეცნოთ მის საქმეს, შეიმუშაოთ რეპერტუარი, მუშაობის პირობები".

რიგაში მუშაობის უკანასკნელ წელს, მარჯანიშვილს, როგორც წარმატებულ რეჟისორს, ხელფასი გაუორმაგეს, თუმცა, იმავდროულად, მეორე რეჟისორიც მიიწვიეს.
კ. მარჯანიშვილი იგონებდა: "ნეზლობინს, ცოტა არ იყოს, აჯავრებდა ჩემი წარმატება. ძალიან სწყინდა, რომ პრესაც და საზოგადოებაც ნეზლობინის თეატრზე კი არ ლაპარაკობდა, არამედ მარტო ჩემს მუშაობაზე. მართალია, მაფასებდა, ჯამაგირი ერთი-ორად გამიდიდა - ახლა მე 500 მანეთს ვიღებდი, მაგრამ მაინც ამჯობი­ნებდა, რომ აღვირამოდებული ვყოლოდი,­ ამიტომაც მოიწვია ტუნკოვი. საუკეთესო პიესებს აძლევდა. ეს მე შეურაცხყოფად მივიღე...
ნეზლობინს ჩვეულებად ჰქონდა, სეზონის­ უკანასკნელ დღემდე არას გეტყოდა, მომავ­ალ სეზონში კვლავ მასთან სამსახურის თაობაზე. ვფიქრობდი, უარს უკანასკნელ­ წარმოდგენაზე მეტყოდა. დეკემბერში რამდენიმე წინადადება მივიღე. ხარკოვში მიწვევდა ანტრეპრენიორი ლინტ­ვარიოვი, თვიურად 800 მანეთს მაძლევდა... სეზონი დამთავრდა და წარმოდგენის დასასრულ მომიახლოვდა ნეზლობინი ამ სიტყვებით: "შემდეგ სეზონში მე გაძლევთ თქვენ 800 მანეთს. დანარჩენზე შემდეგ მოვილაპარაკოთ". ბოდიში მოვიხადე, თანხმ­ობა მივეცი ხარკოვში, რადგანაც იმედი არა მქონდა, რომ კვლავ მოისურვებდით ჩემთან მუშაობას-მეთქი. "მაგას მნიშვნელობა არა აქვს, პირგასამტეხლო ჯარიმას მე ვიხდი". გადაჭრით განვუცხადე, რომ ლინტვარიოვის მოტყუება არ შემიძლია..."

ხარკოვის თეატრში მუშაობის­ წლისთავზე, მარჯანიშვილს, როგორც პროფე­სიონალ­ს, კიევში გადასვლა შესთავაზეს. ის იგონებდა: "ანტრეპრენიორმა დუვან­-ტო­რ­­ცოვმა შემომ­აძლია 1.200 მან. თვიურად.­ პირ­ობა დავუდე: დასის ჩემთან ერთად შედგენა, რეპერტუარის დამოუკიდებლად გაძღოლა და განსაზღვრული თანხა დადგმებისათვის. მიიღო ჩემი პირობები".

1908 წლის იანვარში ოდესის ქალაქის საბჭომ მარჯანიშვილს გაუგზავნა დეპეშა­, რომელშიც ნათქვამი იყო: "მომა­ვალი სეზონისათვის შემოტანილია განცხადება თეატ­რის იჯარით აღების თაობაზე სამი ანტრეპრენიორის - მიკულინის, სიბირიაკოვისა და ბაგროვის მიერ. სამივენი თქვენ გასახელებენ, როგორც სამხატვრო ნაწილის ხელმძღვანელს. კეთილი ინებეთ გვიპასუხოთ, ამ სამიდან ვისთან აპირებთ სამსახურს".

მარჯანიშვილი იხსენებდა: "დეპეშა გავგ­ზავნე - თუ ვიქნები, მხოლოდ ბაგროვთან.­ ბაგროვმა თეატრი მიიღო. დუვან-ტორცოვს­ ჩემი გაშვება არ უნდოდა. იმასთან მე 1.200 მანეთს ვიღებდი თვიურად... შემომაძლია 1.500. ეს რომ გაიგო, ბაგროვმა 1.800 შემომაძლია. დაიწყო ვაჭრობა. ასე რომ, თითქო­ აუქციონით ბაგროვს 2.400-ად ვერგე. ეს იყო დაუჯერებელი, სარეკორდო ციფრი, რაც როდესმე რუსეთში რეჟისორს მიეღო".

"დედას ვერ წარმოედგინა, რომ ამდენი ფულის აღება შეიძლებოდა თაბაშირის საგანში"

კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, რომელმაც დაამთავრა ჯერ თბილისის­ სახელოსნო სასწავლებელი (ორთქლმავლის­ მემანქანის სპეციალობით), შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლა (იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით), სპექტაკლებშიც მონაწილეობდა. პარალელურად, იარა­ლოვის ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა და დღიურ ჯამაგირად 80 კაპიკს იღებდა.

1914 წელს მიხეილ ჭიაურელმა შექმნა­ თავისი პირველი ქანდაკება - მსახიობ კოტე მესხის ბიუსტი, გასამრჯელოდ კი სოლიდური თანხა გადაუხადეს.
მიხეილ ჭიაურელი იგონებდა: "შემკ­ვეთი­ მოვიდა და თან კიდევ ჩემთვის უცნობი კაცი მოიყვანა... ბიუსტი ორივეს მოეწონა. შემკვეთმა კიდევ ერთხელ მკითხა შრომის საფასური, მაგრამ ვთხოვე, თავად გადაეწყვიტათ. ამოიღო საფულე და ხუთი წითელი თუმნიანი გადმომცა, თან მადლობა დააყოლა.­ დედაჩემი მთელ ამ სცენას გაკვირვებული უცქერდა. სტუმრების წასვლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ჰონორარი დედას გადავეცი. არ იღებდა, ვერ წარმოედგინა, რომ ამდენი ფულის აღება შეიძლებოდა თაბაშირისაგან გაკეთებულ რაღაც საგანში".

"ვი მნე პონრავილის, ნე ნუჟნო ნიკაკოგო სტაჟა"

საქართველოს დემოკრატიული რესპუ­ბ­ლიკის სამხედრო მოღვაწე შალვა მაღლა­კელიძე 1914 წლის ზაფხულში, როცა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში­ გაემგზავრა, მას მამამ ერთი წლის სამყოფი თანხა გაატანა. მასთან ერთად გაემგზავრა პოეტი ტიციან ტაბიძეც, რომელიც იმხანად მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ჩავედით მოსკოვში და დავბინავდით. მამაჩემმა მე გამატანა 350 მანეთი­ - ერთი წლის ფული ერთბაშად. ტიციანს ვუთხარი­ - ამდენი ფული მაქვს-მეთქი. ტიციანს ჰქონდა 30 მანეთი, დიაკვანი იყო მამამისი­ და ერთი თვის ხელფასი მიუცია. პავლე აბულაძეს, ტიციანის მეგობარი იყო, ისიც სტუდენტი, 20 მანეთი აქვს. დავბინავდით ერთად, 20 მანეთად სამი კაცი. მკერავი ქალი იყო, უნივერსიტეტთან ახლოს აქირავებდა ბინას. ტელეფონიც გვაქვს".
მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, შალვა მაღლაკელიძე მსახურობდა ქალაქის თავ მიხაილ ჩელნოკოვის მდივნად.

შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: "მოსკო­ვის­ თავი იყო რუსეთის ყველა ქალაქის თავის - "სოიუზ გოროდოვის" თავმჯდომა­რე.­ მისცა გაზეთში განცხადება, რომ ქალ­აქის განყოფილების ("პო პრიომუ ი ევაკუაციი რანენიხ") მხრივ მას სჭირდება მდივანი, მაგრამ სასურველიაო მას ჰქონდეს­ 18 წლის მუშაობის სტაჟიო. ხუმრობით შევიარე ქალაქის თავთან, რომ ამ ადგილზე­ დამნიშნოს... მკითხა: "ვი გრუზინ?" - "და!" - "პო აკცენტუ ვიდნო"... ეტყობა მოვეწონე თუ რა არის, მითხრა: "ნაზნაჩუ. სემდესიატ რუბლეი ზოლოტომ პოლუჩიტე ს ლოშადმი... დოკ­ტორსკი ობედ ბუდეტე პოლუჩატ. ვ ვაშემ რასპორიაჟენიი ბუდუტ ვრაჩი იმპერიი. მოი სეკრეტარ ობუჩიტ ვას, კაკ პრისტუპიტ­ კ დელუ. ვი მნე პონრავილის, ნე ნუჟნო ნიკაკოგო სტაჟა".

გამოვედი გარეთ. ბიჭები მიცდიდნენ. მე ვუთხარი: "დამნიშნეს!"... ატეხეს აურზაური: "ჩვენც მოგვაწყეო!" მართლაც, გამოვიგონე თანამდებობა "ეტაჟნი სტუდენტ", ე.ი. სახლებში, რომლებიც ლაზარეთებად იქცა, მორიგე რომ იყოს თითოეულ სართულზე. დაჭრილებს რომ მოიყვანენ, ამისთვის დავნიშნე, ვინც კი ქართველი სტუდენტი იყო... დაენიშნათ ხელფასი 50 მანეთი".

გოგლას პირველი ჰონორარი

გიორგი ლეონიძე, რომელმაც ლექსების წერა ყმაწვილობიდან დაიწყო, იგონე­ბდა: "1913 წელს, ერთ მზიან დილას, მე შევედი "ნაკადულის" რედაქციაში მორიგი, ახალი ნომრის მისაღებად, რომელშიც ჩემი ლექსი "შემოდგომა" იყო დაბეჭდილი. "ნაკადულის" რედაქტორმა ნინო ნაკაშიძემ შემაჩერა - არ წახვიდეთ, ჰონორარი გაქვთ მისაღებიო და იქვე გადმომითვალა ვერც­ხლის ფულად რვა მანეთი და ათი შაური. მე გავშრი ასეთი უჩვეულო ყურადღებით, მაგრამ ნინომ პირდაპირ ძალით მომაჩეჩა ხელში ხსენებული თანხა. გამოველ რედაქციიდან თუ არა, მე პირდაპირ წიგნის მაღაზიებს ვეცი და ჩემი სასურველი წიგნები ვიყიდე, რომელთა შეძენასაც საკუთარი ფულით, წინა დღეს ვერც კი წარმოვიდგენდი. ასეთი იყო ჩემი პირველი ჰონორარი".

"15-მანეთიანი მასწავლებლის" ხარკი მოსწავლეთა ოჯახებს

საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ლი­დერი კანდიდ ჩარკვიანი იგონებდა: "დედა­ჩემის სოფელ ქორენიშში სამრევლო სკოლა დაარსდა... 1913 წლის ნოემბ­ერში გაიხსნა... სკოლის გამგეს და ერთადერთ მასწავლებელს ალფეზი ასათიანს სრული საშუალო განათლებაც არ მიეღო, მაგრამ ხანგრძლივი პრაქტიკით დაწყებით სკოლაში სწავლების ხერხები ასე თუ ისე აეთვისებინა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, 6-7 წლის ბავშვები, მის მოუმზადებლობას ვერ ვგრძნობდით... თუმცა სამრევლო სკოლის მასწავლებლის თვიური ხელფასი 25 მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, მისთვის, სახსრების უქონლობის გამო, 15 მანეთი დაენიშნათ. და აი, მასწავლებელმა სკოლის მზრუნველებთან შეთანხმებით, მოსწავლეთა ოჯახებს ერთგვ­არი ხარკი დაადო: თვეში ერთხელ თითოეულ მათგანს მისთვის სადილი უნდა მოეტანა. მასწავლებლის ოთახში მაგიდაზე იდო რვეული, რომელშიც მოსწავლეების სია იყო შედგენილი. ვინც სადილს მოიტანდა, მისი სახელისა და გვარის ხაზზე ჯვარი დაისმებოდა... მრგვლად მოხარშული ქათამი, ხაჭაპური, ყველი - ასეთი იყო ჩვეულებრივად ამ სადილის მენიუ. მჭადის მოტანა სირცხვილად ითვლებოდა, უთუოდ პური უნდა მიერთმიათ".

"ერთ დღეს გირვანქა პური 75 მილიარდი მანეთი ღირდა"

ფიზიკოსი ვახტანგ პარკაძე იგონებდა, რომ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, კერძოდ, 1923-1924 წლებში მიმოქცევაში მყოფი ამიერკავკასიის ფედერალური მანეთის "კურსი ყოველდღე იცვლებოდა... ერთ დღეს, გირვანქა პური 75 მილიარდი მანეთი ღირდა. ხალხი დასცინოდა მთავრობას. ერთხელ დიდედაჩემმა დაიჩივლა: რევოლუციამდელ საქართველოში ფულის ერთი კუპიურით ქალის გათხოვება შეიძლებოდა. მეტადრე "პეტროვკით" (500 მანეთი) აზნაური ქალის დიდი მზითევი მომზადდებოდაო. ახლა ჩვეულებრივი სადილი რომ გააწყო, ერთი ხურჯინი ფული უნდა დაახარჯოო".

ხსენებულ ბანკნოტს იმიტომ უწოდებდნენ "პეტროვკას", რომ რუსეთის იმპერიის 500-რუბლიანი სახელმწიფო საკრედიტო ბილეთის ავერსზე გამოსახული იყო პეტრე I-ის პორტრეტი. რაც შეეხება ამ ბანკნოტის­ ღირებულებას, ის უდრიდა 50 ცალ ოქროს თუმნიანს, ხოლო ამ უკანასკნელის ერთი ეგზემპლარის დღევანდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 400 აშშ დოლარს, ანუ 1000 ლარს უტოლდება. ამდენად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მიმოქცევაში არსებული რუსული 500-რუბლიანი კუპიურის ღირებულება დაახლოებით შეესაბამებოდა თანამედროვე 20.000 დოლარს...

ჟურნალი "ისტორიანი"
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

რედაქტორის რჩევით