"ქალს შეუნიშნავს, რომ მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა... ეს პატარა ბიჭი ლავრენტი ბერიას კართან აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"ქალს შეუნიშნავს, რომ მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა... ეს პატარა ბიჭი ლავრენტი ბერიას კართან აღმოჩნდა"

არქივი

ბოლშევიკების შემოსვლამ ბევრი დაუჯერებელი ისტორია შექმნა. როცა ბედისწერა ამა თუ იმ ადამიანის მხარეს იყო, ტირანიით განთქმული ჩეკისტებიც კი უძლური იყვნენ. რა ვითარებაში ცხოვრობდნენ საუკუნის წინ ჩვენი თანამემამულეები, რას ნიშნავდა კომუნისტური მარწუხები და როგორ იწერებოდა მათი განაჩენი, ამ დღესაც აქტუალურ კითხვებს 94 წლის ოლია უპასუხებს. მიუხედავად ასაკისა, ის მძიმე წლები დეტალურად ახსოვს. მტკივნეულ, თუმცა საამაყო თავგადასავალში ბოლშევიკური რეჟიმის სიმძიმე ნათლად ჩანს. ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანია შემორჩენილი, რომლებსაც გაწითლებული საქართველოს, ჯერ ფინეთისა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომების ამბები მთელი სიმძაფრით აქვთ აღბეჭდილი მეხსიერებაში.

იმ ავბედით დროს მისი უფროსი ძმა ორჯერ ცოცხლად დამარხეს ჩეკისტებმა, მერე ორი ომი გამოიარა და სასწაულებრივად გადარჩა. მაინც დაუბრუნდა სამშობლოს, სოფელს, ოჯახს... "კვირის პალიტრა" ოლია ბებოს სოფელ გამდლისწყაროში ესტუმრა.

დახვრეტას ასაკმა გადაარჩინა

ვასიკა ბუჩუკურის ისტორია პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე დაიწყო. 1918 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში ბუჩუკურების ოჯახში უფროსი ვაჟის, ვასილის დაბადებას ზეიმობდნენ. სამი წლის შემდეგ გაჩნდა გიორგი, 1924 წელს - ოლია. პატარებს დედა როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, სწორედ მაშინ გარდაეცვალათ. ივანე ბუჩუკურმა მეორედ იქორწინა. მათ ორი შვილი შეეძინათ. უმცროსი რამდენიმე თვის იყო, როცა დაიღუპა. შვილზე დარდს გადაჰყვა დედა. ივანე მეორედ დაქვრივდა...

ოლია ბუჩუკური: " ჩემი ძმა ვასილი პატარა იყო, როცა მამაჩემმა ბიძაჩემს დუშეთიდან თბილისში პირველად გააყოლა. იქაურობა ძალიან მოსწონებია, დედაქალაქის სიჭრელემ და ხალხის განსხვავებულობამ საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა - მე-4 კლასში იყო, როცა დილით სკოლაში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მამა ყველგან ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. თბილისში გაპარულა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი მძიმე, მაგრამ საინტერესო ცხოვრება. არავინ იცის, როგორ, მაგრამ ეს პატარა ბიჭი ლავრენტი ბერიას კართან აღმოჩნდა. ამხანაგ ლავრენტისთვის გაუმხელია ვასილს თავისი ბავშვური ოცნებები. მისი გამბედაობით აღფრთოვანებულ ბერიას საცხოვრებელი მუშათა ბანაკში, ხოლო სამუშაო მაუდის ფაბრიკაში მიუცია. სანიმუშო მოსწავლე იყო. ერთხელაც სოფელში ჩამოვიდა ლამაზი, გაზრდილი და დადინჯებული. სოფელი გაოცდა. რვეულში ფრიადები ჰქონდა სულ. პედაგოგები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველებას ახდენა არ ეწერა... 14 წლის იყო, ეროვნული მოძრაობის წევრი ახალგაზრდები რომ გაიცნო და ჩაერთო თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირში.

დღე მუშაობდა და მეცადინეობდა, საღამოს ავლაბრის იატაკქვეშა სტამბაში პროკლამაციებს ბეჭდავდა, ღამით კი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში აკრავდა. ერთ საღამოს პროკლამაციებით დატვირთული ამავე სტამბასთან შინსახკომელებმა დააპატიმრეს. 14 წლის მთიული ბიჭი მეტეხის ციხეში ჩააგდეს. თუმცა არ გატყდა, არც ერთი თანამებრძოლი არ დაასახელა შეპირებული თავისუფლების სანაცვლოდაც კი. ჩემი ძმა დახვრეტას და გადასახლებას ასაკმა გადაარჩინა. რომ დაიჭირეს, მას მერე 15 წელი არაფერი გაგვიგია მის შესახებ. მამას მეზობლებმა ორჯერ სუფრაც გადაახდევინეს, ბიჭი ცოცხალი აღარ გყავს და მისი სულის საცხონებლად საკლავი უნდა დაკლაო. ზუსტად მაშინ თურმე ვასიკოს იმხანად გავრცელებული მუცლის ტიფი შეეყარა. ციხის უფროსის გადაწყვეტილებით, მომაკვდავი პატარა ბიჭი საავადმყოფოს ნაცვლად, ლოტკინის დასახლებაში, გარდაცვლილებთან ერთად ცოცხლად დაუმარხავთ. ჩემი ძმა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. შვილის საფლავზე მიმავალ უცხო ქალს შეუნიშნავს, რომ მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა. ის ქალბატონი თამარ კაკუტია იყო. მასვე მოუსულიერებია და გადაუცია საპატიმროსთვის... იმ დროს მე დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვიყავი. პატარა ხელებით ვზელდი ცომს, ვერ ვერეოდი და ხელები მისივდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, დედის მოვალეობა ჩემს თავზე უნდა ამეღო. მაშინ 5 წლის ვიყავი, ჩემი ძმებიც პატარები იყვნენ. მამას კი მოჰქონდა საჭმელი, მაგრამ მახსოვს დღეები, როცა სახლში თანასოფლელი ბავშვები გვიცვივდებოდნენ და ობლებს ლუკმას გვართმევდნენ. სოფელს შიოდა..."

სანამ კომუნისტების ლოზუნგი "ყველაფერი ხალხს" მთამდე მიაღწევდა, ბუჩუკურების ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. ივანეს სამი დუქანი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს დააპატიმრეს - ბოლშევიკებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ივანე ბუჩუკური წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და 1924 წელს პარიზში შალვა ბერიძის დაფუძნებული პატრიოტული ორგანიზაცია "მომავლის" (იმავე წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინადადებით "თეთრი გიორგი" დაერქვა), დამფინანსებელი ყოფილა. სამი წელი ბავშვები მეზობლებისა და ნათესავების იმედად იყვნენ.

ოლია ბუჩუკური: "ერთ დღეს მეზობელმა მითხრა, უკვე ერთი თვეა თქვენს სახელზე ფოსტაში წერილია მოსული და არ უნდა მიაკითხოთო? მაშინვე გავვარდი. სამკუთხა გაყვითლებული ფურცელი მომაჩეჩეს, რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ვინ რას იწერებოდა. გაუგებარი შინაარსის გზავნილი ბიცოლასთან წავიღე. იმანაც რამდენჯერმე გადაიკითხა და უცებ გაოცებულმა მითხრა, ეს ვასილის წერილიაო... ახალი ამბით გახარებული, კახეთში კითხვა-კითხვით ჩავედი მამასთან, რომელიც მაშინ ანაგაში მუშაობდა. ვუთხარი, ვასიკოსაგან წერილია-მეთქი. მთელმა სოფელმა იზეიმა, ხარიც კი დაკლეს, ძია ვანოს შვილი გამოუჩნდაო...

1939 წელს ჩემი ძმა ფინეთის ომში წავიდა, თუმცა გადარჩა. ჩეკისტებმა ისევ ორი წლით გაისტუმრეს ციმბირში ხეტყის დამამზადებლად. ორი წელი ციმბირში გაცილებით უარესი იყო, ვიდრე გაჭირვება, პატიმრობა ან ომია. მას საკუთარი თვალით უნახავს დამშეული რეპრესირებულების მიერ მოკლული ადამიანი, რომლისგანაც კერძი მოამზადეს. კომუნისტები გადასახლებულებს, განსაკუთრებით ხანში შესულებს, დიდ გეგმას აძლევდნენ. თურმე ერთი 80 წელს მიღწეული ქართველი გეგმას ვერ ასრულებდა. სწორედ მაშინ გამოცადა ვასილმა მეორედ ცოცხლად დამარხვა - მოხუცს მიხმარებიან ვასიკა და კიდევ სხვა ქართველები, თუმცა ერთ პურზე გაყიდულმა კაცმა დაასმინა და ზედამხედველები სასტიკად გაუსწორდნენ. იქამდე აწამეს ვასილი და დანარჩენები, სანამ გონება არ დაკარგეს. მერე ნაგავსაყრელზე გადააგდეს და მიწა მიაყარეს, შუაღამისას, ციმბირულ სიცივეში, გონს მოსულა და სხვა ბანაკში წასულა".

დაბრუნება...

ოლია ბუჩუკური: "პატიმრობის ვადა რომ ამოეწურა, სამშობლოში მატარებლით ბრუნდებოდა და ერთ-ერთ სადგურზე პირდაპირ მეორე მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე გაუშვეს. იქაც გადარჩა... მაშინ ჩემი მეორე ძმა, გიორგი, ჯარში მსახურობდა, ჩვენი უმცროსი ძმა კოლა სკოლის მოსწავლე იყო... სოფელში წითელარმიელები დაბანაკდნენ, ორჯონიკიძის მხრიდან შემოვიდნენ მთიულეთში. ვის ოჯახშიც ჯარისკაცი გაათენებდა ღამეს, უსახელოდ ითვლებოდა იქ მცხოვრები ყველა ქალი. ჯარის უფროსი მოვიდა და მითხრა, შენ ვინა ხარ, ორი ოთახი დაგიკავებია და ჯარი ქუჩაში დგასო. შემეშინდა, გავიქეცი ნათლიასთან და ვთხოვე დახმარება. ის იცნობდა უფროსობას, მის სახლში ცხოვრობდნენ, გამომყვა და გადამარჩინა. არ შემოვუშვი ჩვენს ოჯახში რუსის ჯარი.

მალე მსოფლიომ ომის დასრულება იზეიმა. ჩვენი მონატრებული და გადარჩენილი, გაუტეხავი ვასილი დაგვიბრუნდა. დილაადრიან ეზოში ვფუსფუსებდი, როცა ორი სამხედრო კაცი შემოვიდა. გული შემიღონდა, ესენი ვინღა არიან-მეთქი. ერთ-ერთი დაიხარა და მოფერება დამიწყო. შემრცხვა ჩემი თავის, ხალხის, მეზობლების. თავი ცოცხალი რად მინდა, სალდათმა მაკოცა-მეთქი, ასე ვფიქრობდი და თან ვტიროდი. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მითხრა, ოლია, ვეღარც კი მიცან, შენი ძმა ვარო! გაოგნებული შევყურებდი. დამამტკიცებლად სურათი მაჩვენა. როცა ვასილი ომიდან ჩამოსულა, თბილისში სამხედრო ნაწილში ჩვენს ძმასთან, გიორგისთან მისულა და ფოტოც გადაუღიათ. რომ ჩავეხუტეთ ერთმანეთს, დიდხანს ვკოცნე ჩემი ნატანჯი ძმა... მერე მეორე ძმაც დაბრუნდა ჯარიდან და იმ დღის შემდეგ საოჯახო საქმეებში ორივე მეხმარებოდნენ... ერთხელაც სიზმარი ვნახე - ვითომ ვასილის საწოლში ვიღაც უცნობი ქალი იწვა... მალე ხადის ხეობაში ქორწილში მეგარმონედ მიმიწვიეს. სწორედ იქ ვიცანი სიზმრად ნანახი გოგონა, ნინო ზაქაიძე და ვასილს ვუთხარი, ეს გოგონა ვნახე სიზმარში-მეთქი. მალევე იქორწინეს და ორი ვაჟი შეეძინათ".

ანდერძი

ოლია ბუჩუკური: "იმის გამო, რომ ვასილი ხალხის მტრად ჰყავდათ კომუნისტებს შერაცხილი, ხოლო მისი მეუღლე ხალხის მტრის შვილად, არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ. ნინო გაკულაკებული მამის, ალექსანდრე ზაქაიძის შვილი იყო. ოჯახს ორჯონიკიძეში 11-ნომრიანი სასტუმრო ჰქონდა, სოფელში კი მიწები, საქონელი და სალდათის ბაზარში რამდენიმე დახლი. კოლექტივიზაციამ ახალგაზრდებს სამშობლოში მომავალი მოუსპო. ამიტომ გაჭირვებას ისევ საქართველოდან შორს წასვლით შეებრძოლნენ. ყიზლარში დასახლდნენ ჩემი ძმა და რძალი. იქ კოლექტივში მუშაობდნენ, თან მეურნეობაც ჰქონდათ. ყიზლარში, ქართულ დასახლებაში ჩემი ძმა გადასახლებულ ზვიად გამსახურდიას შეხვდა. მათ მალევე გაუგეს ერთმანეთს. ორივეს დამოუკიდებელი სამშობლოს ბედი ადარდებდა, ორივეს კომუნისტური მარწუხები აკავებდა და ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ. როგორც ვასილი იგონებდა, გამსახურდია ძალიან დარდობდა, რომ დათმობაზე წავიდა კომუნისტებთან, რომ დროზე ადრე ვერ განდევნა საძულველი ჩინოვნიკები ქვეყნიდან და ვერ იზეიმა საქართველოს დამოუკიდებლობა. გამსახურდიას ოჯახზე თავდასხმის მუქარით აკავებდნენ კომუნისტები. ზვიადს, ერთი მხრივ, სამშობლოს ბედი ადარდებდა, მეორე მხრივ კი ოჯახი, რომლის ამოწყვეტას ვერასოდეს აპატიებდა თავს". ვასილი 80-იანი წლების მიწურულს მეუღლესთან ერთად დაუბრუნდა სოფელს და ააშენა სახლი, სადაც ამ პატრიოტი ადამიანის ხსოვნა უკვდავყოფილია.

P.S. სამაგალითო ქართველი ვასილ ბუჩუკური ჩემი ოჯახის წევრი იყო, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. ეს იყო კაცი, რომელიც კომუნისტების გადმოგდებულ ანკესს არასოდეს წამოჰგებია, კაცი, რომელიც უკანასკნელ დღეებს სასთუმალქვეშ ამოდებული თოფით ითვლიდა - ტყვია ოკუპანტებს ეკუთვნოდა. მან იცოდა, რომ ორი რუსეთი არ არსებობდა და რომ დადგებოდა დღე, როცა კვლავ შემოიჭრებოდა ქართული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად რუსის ჯარი. ამიტომაც დაუბარა სიკვდილის წინ შვილიშვილებს ანდერძად,"სამშობლოს თავისუფლება არაფერზე გაცვალოთო. ვასილ ბუჩუკური 2005 წელს გარდაიცვალა. წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავზე, ისიც 100 წლის გახდებოდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი