მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარაშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@32)

სტამბულის ბაზარზე დიდი ხალხმრავლობა იყო. გასაყიდად ჩამოყვანილ ტყვეებს მუშტრის თვალით ზომავდნენ ტყვეთა მსყიდველები, ათობით ყიდულობდნენ ტყვეებს სხვადასხვა საჭიროებისათვის. ზოგს ჯარისკაცად, ზოგს მიწის მომუშავედ, ზოგს ხელზე მოსამსახურედ; ლამაზ ქალებს კი, რა თქმა უნდა, დიდკაცობის გასართობად და სასიამოვნოდ... ნელ-ნელა, დინჯად მოაბიჯებდა ჰუსეინ-აღა, მდიდარი სოვდაგარი და განთქმული ტყვეთა მყიდავ-გამყიდავი.

მისი ყურადღება მტირალმა ხვიჩამ მიიპყრო. რატომ ტირისო, იკითხა. - გზაზე ერთ ტყვე დედაკაცს გადაეკიდა, - გინდათ თუ არა, იმას გამაყოლეთო, - უპასუხეს. ჰუსეინ-აღამ დაუყვავა, ჯიბიდან მუჭით ჩამიჩი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა. მერე მკლავში ხელი მოუჭირა, პირი გაუღო და კბილებში შეხედა, შეანჯღრ-შემოანჯღრია და სახეზე კმაყოფილების ღიმმა გადაურბინა და ჭიდაობა თუ იციო, ჰკითხა.

ხვიჩამ თავი დაუქნია, მეთვალყურენი უმალ დატრიალდნენ და 12-13 წლის ოსმალო ბიჭი მოიყვანეს. თანაბარი ძალა არ არის, სად ეს თითისტოლა ბიჭი, ზღვაში მოგზაურობით გალახული და სად ჩამრგვალებულ-ჩასუქებული ჭაბუკიო, - ღელავდა ალი-უსუფი, მაგრამ ხვიჩა თანახმა იყო და დამსწრენი სასეიროდ მოემზადნენ...

მეტოქენი ერთმანეთს დაეტაკნენ. ოსმალომ სტაცა ხელი მახმუტს და თავისუფლად ზეით ისროლა. ყველას ეგონა ეს არის ძირს დაანარცხებს და დაამტვრევსო.

- მე ხომ ვსთქვი, ბარი-ბარი ჭიდაობა არაა! - უკმაყოფილობას უცხადებდა ეფენდი ალი-უსუფს.

მაგრამ ბავშვი, ყოველი მოლოდინის გარეშე, თუმცა წაბარბაცდა, მაგრამ არ დაეცა, თავი შეიმაგრა, საჩქაროდ გასწორდა და მოპირდაპირემ შემოხედვა ვერ მოასწრო, რომ გულდაგულ ეცა. ხელები ირგვლივ წელზე შემოჰხვია, მოსდო კაჭა და იმსიმსხო ბიჭი მიწაზე გააგორა.

შეიქმნა ერთი სიცილ-ხარხარი. ეფენდი-ალის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.

- კარგი, კარგი! მე პირობას შევასრულებ, - ჩვეულებრივის აუჩქარებლობით წარმოსთქვა ჰუსეინ-აღამ და ბავშვს ფული გაუწოდა. - ახლა როგორ? დაეკითხა ეფენდი-ალის და რაღაცნაირად ტუჩები დაჭმუჭნა. ეფენდი-ალიმ მხრები აიჩეჩა და იმანაც ტუჩებით ანიშნა, თითქოს ეუბნებაო: ხომ ჰხედავ, რაც არის, რა საჭიროა მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ჩვენ ხომ ორივენი ერთ დარჯაკში ვართ ჩამოყალიბებულნი და რისთვის უნდა ვცადოთ ერთმანეთის მოტყუება, მაინც ხომ არა გამოვა რა.

- ხომ მოგახსენეთ, აღა, რაც დროება დადგა, დღითი დღე მატულობს საქონლის ფასი. სალეკ ეფენდიც...

- ზღაპრებს თავი დაანებე, ალლაჰი ნუ გაგიწყრება, - მოუჭრა ჰუსეინ-აღამ, - შენ ვაჭარი ხარ, მეც, აგერ საქონელი, აგერ ფული!

- სოვდაგარო, იცოდე, უკანასკნელია, - ჩუმად უთხრა ეფენდიმ და თითები უჩვენა.

- ალლაჰ! რას ამბობ? - გაიკვირვა აღამ. - ამდენი ფულით მთელ რაზმს შევადგენ.

- ნება შენია. ქება მეტია. საქონელი ხომ თვალწინაა. ვიცი, ვისთვის გინდა. უკეთესი ძნელი მოსაძებნია.

- მართლადა, ეს რა მომივიდა, რომ ქუჩის ბიჭს დავეჭიდე, - ფიქრობდა ჰუსეინ-აღა, - მაგრამ ესეც კარგია, დარწმუნებული მაინც ვარ საქონლის სიკარგეში... ასი და ორასი ყურუში ჯანდაბას! - გულს იმაგრებდა აღა.

- ეფენდი-ალი! - მიმართა აღამ და თითები უჩვენა.

- ოო! ყოვლად შეუძლებელია. ჯერ გემის პატრონს რამდენი ფული მივეცი.

- გემით ის ერთი ხომ არ მოგყავდა?

- ყოველ შემთხვევაში...

- მაინც.

- ერთი ყურუში არ დააკლდება.

- ჰა, ესეც.

- რას ბრძანებთ, ჰუსეინ-აღა! მარტო ფოთის ფაშას ფარჩის ქსოვილი რომ ვუფეშქაშე, ორმოცდაათი მეჯიდიე მაინც ღირდა.

ჰუსეინ-აღამ ბავშვი ხელახლა გასინჯა. გაატარ-გამოატარა, ახტუნა, არბენინა...

- კარგია, კარგი! ჩინებული მამელუკი გამოვა! - ამბობდა გულში სოვდაგარი და ოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე სცემდა. მერე ჰუსეინ-აღამ განზე გაიხმო, მთელი ქისა ოქროები გადასცა და ბავშვი თან წაიყვანა. ბავშვი სიხარულით გაჰყვა.

პუსეინ-აღამ სხვა ტყვეებიც ბევრი იყიდა, გემი დაიქირავა და ორი დღის შიგნით ეგვიპტისკენ გზას გაუდგა.

KvirisPalitra.Ge* * *

ალი-ბიი, მამელუკთა სახელოვანი სარდალი, ოქროთი მოვარაყებულ და ლალ-ფირუზით მორთულ ტახტზე ფეხმოკეცით იჯდა, ყალიონის ტარი პირში ჩაედო და ნელ-ნელა აბოლებდა. ღრმა ფიქრებში იყო გართული ალი-ბიი, და, ღვთის წინაშე, საფიქრებელიც ბევრი ჰქონდა. მთელი ეგვიპტის უმთავრესი გამგე ახლა ის იყო.

მან მიიყოლია მამელუკთა დანარჩენი ოცდასამი ბიი ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეთა მმართველ-გამგებელნი, და სტამბოლის სულთანისა და მის მიერ ეგვიპტის უფროსად დაყენებულ ფაშისაგან თავისი თავი სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძლიერ საწყენად დაურჩა სტამბოლის სულთანს და მით უფრო ეგვიპტის ფაშას, რადგან მისი უფლება არარაობამდე ჩამოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერა გააწყო რა. ძალა მამელუკთა ხელში იყო და ძალა ხომ აღმართსა ხნავს.

მამელუკთა რიცხვი იმ დროს ათი-თორმეტი ათასი იქნებოდა. ისინი გაფანტულნი იყვნენ მთელ ეგვიპტეში, სათავეში უდგნენ მხედრობას, ეჭირათ თანამდებობის ადგილები, ერთი სიტყვით, მთელი ქვეყნის განუსაზღვრელი ბატონ-პატრონნი იყვნენ.

“მამელუკი” არაბულად ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. მეცამეტე საუკუნეში ეგვიპტის სულთანმა მალეკ-სალეჰმა მონგოლებისაგან რამდენიმე ათასი ტყვე თურანელები და კავკასიელები იყიდა და იმათგან თავისი მცველი გვარდია ისე გააძლიერა, რომ თვით სულთანისათვის საშიში შეიქმნა. როცა 1250 წელს, ქრისტეს დაბადების შემდეგ, ეგვიპტის სულთანმა თურმან-შაჰმა მათ დაუკითხავად ზავი დასდო ჯვაროსანთა წინამძღოლ ლუდოვიკ მეცხრესთან, მამელუკები საშინლად გაბრაზდნენ, მოჰკლეს თვით თურან-შაჰი, იმის ნაცვლად თვის შორის ამოირჩიეს ვინმე ჰეიბეკი და გააბატონეს.

ამ დროიდან დაიწყო მამელუკთა ბატონობა ეგვიპტეში. 1517 წელს თუმცა სულთანმა სელიმ პირველმა დაიპყრო ეგვიპტე და ქვეყნის მთავარ გამგედ ფაშა დაუყენა, მაგრამ იძულებული შეიქნა პროვინციების გამგედ მამელუკთაგან არჩეული ოცდაოთხი ბიი დაენიშნა. ბიიებმა მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩქარა ხელთ იგდეს. ალი-ბიის მეთაურობით ხომ სულთან ფაშისაგან სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადეს თავისი თავი და იმდენად გრძნობდნენ ძალას, რომ არავისი შიში და რიდი არა ჰქონდათ.

თავიანთ მხედრობის შესავსებათ ისინი ახლაც სიამით ყიდულობდნენ ახალგაზრდა ჯანსაღ ბიჭებს, ზრდიდნენ და მეომრებად წვრთნიდნენ. უპირატესობას ამ მხრივ კავკასიელებს აძლევდნენ.

შემოვიდა კარისკაცი და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.

- მბრძანებელო, - მოწიწებით მოახსენა მან, - სოვდაგარი გეახლათ.

ალი-ბიიმ ყალიონის ტარი ტუჩს აუჩქარებლად მოაშორა.

- ჰუსეინ-აღა? ოხ, ჩქარა, აქ დამიძახე! - ბრძანა ალი-ბიიმ. - ის, ალბათ, სტამბოლიდან ჩამოვიდა... ერთი რა ამბები ჩამოიტანა? - ოდნავ გაიღიმა ალი-ბიიმ და ყალიონი განზე გადასდო.

- სალამ ალეიქ, დიდებულო მბრძანებელო! - შემოილაპარაკა ჰუსეინ-აღამ, ხელი გულზე და შუბლზე მიიდო და მძიმედ დაუკრა თავი.

- ოოჰ! მობრძანდი, ჩემო ჰუსეინ, ჩემო ძველო მეგობარო! ამ ბოლო დროს რა იშვიათი და სანატრელი გამიხდა შენი ნახვა, აქეთ, ჩემო აღა, ამ ბალიშზე ჩამობრძანდი, - მხიარულად უთხრა ალი-ბიიმ და ძვირფას ხალიჩაზე დაგებულ, ოქრომკედით მოქარგულ ბალიშზე მიუთითა.

ჰუსეინ-აღა ჩამოჯდა.

- სხვა, მეგობარო, სტამბოლში იყავ?

- ეს არის იქიდან გიახელ, მბრძანებელო!

ალი-ბიიმ კოპი ოდნავ შეიკრა.

- რა ამბებია, ჩემო ჰუსეინ? ფადი-შაჰი როგორ ბრძანდება? ალბათ, ძლიერ გაჯავრებულია ჩემზე!

ჰუსეინმა თავი საორჭოფოდ ჩააქნია და ჩაიცინა.

- რასაკვირველია, მადლობელი არ იქნება. აქ დასამალი რა არის, ქვეყანამ კიდით კიდე იცის.

- რა ვქნათ, აღა, რა ვქნათ! - დინჯად გააგრძელა ალი-ბიიმ. - დრონი მეფობენო, ნათქვამია. ჩვენ ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრი ასეთია - ან უნდა ვიყვნეთ, როგორც რიგია, ან სულ არ უნდა ვიყვნეთ. თუ ეგვიპტის ბატონ-პატრონი ჩვენა ვართ, ჩვენ უნდა ვიყვნეთ, უგამდლოთ, უხელმძღვანელოთ მადლობა ალლაჰს, ჰასაკით სრულნი ვართ.

თუ ბატონი ფადი-შაჰი და მისი ფაშაა, ისინი უნდა ბრძანდებოდნენ, მამელუკები რაღა საჭიროა? შენ კარგად იცი, ჩემო ჰუსეინ, რომ მამელუკს საბოდიშო, პირმოსაფერებელი არავისთან არაფერი აქვს; მისი უტყუარი მეგობარი მისი ბასრი ხმალია, რომელსაც მუდამ თან ატარებს და სწორედ ნამდვილი მამელუკი ისაა, ვინც სისხლით შეღებილი ხმლით ხელში სულს განუტევებს. ამიტომ ჩვენ არავისთან და არც ფადი-შაჰთან საბოდიშო არა გვაქვს რა, ვცოცხლობთ, - ვცოცხლობთ, მოვკვდებით, -მოვკვდებით.

მე აგერ სამოცდაათის წლის მოხუცი ვარ, თხუთმეტი წლიდან ბრძოლის ველზე ხმალს ვატრიალებ, ახლაც ნაღარის ხმას რომ გავიგონებ, ამიფართხალდება მოხუცი გული. გაქრება ჯან-ღონის სისუსტე, მინდა ტაიჭს მოვახტე და ხმალამოწვდილს მწადიან ჩემ ძმებთან, უშიშარ მამელუკებთან შევანავარდო მკვეთრი მახვილი და, თუ საჭიროა, მათთან სულიც დავლიო, - თანდათან აღტაცებით სთქვა მოხუცმა. - სხვა, მეგობარო, როგორი ვაჭრობაა, როგორ იმოგზაურე? - ტკბილად დაეკითხა ალი-ბიი.

- კარგად, მბრძანებელო! უბედურობა არ შეგვხვედრია რა. ზღვა მშვიდობით გავცურეთ. ვაჭრობა კი ძლიერ ნაკლებია. საქონელი არ არის, ბატონო! გურჯისტანიდან ტყვეთა დენა ძლიერ შემცირდა, - მოწყენით დაუმატა ჰუსეინ-აღამ.

- რათაო? - გაიოცა ალი-ბიიმ.

- მოგახსენებენ, მბრძანებელო, რომ გურჯთა მეფეები გაძლიერებულან. არც სპარსელებს აძლევენ თურმე ახლა ხარკს და არც ოსმალებს. შაჰ-აბაზის გალაშქრების შემდეგ გურჯისტანი საუკუნოდ დამარხული ეგონა ყველას და, დახე მათ ბედსა, დამარხვა კი არა, განახლების გზას დასდგომიან. ყიზილბაშები ზედი-ზედ სასტიკად დაუმარცხებიათ და... ჰოი, ალლაჰ! ოსმალთა მართლმორწმუნე მხედრობაც... - ვერ დაათავა ჰუსეინ-აღამ.

- ძლიერ სამწუხაროა, - წარმოსთქვა ალი-ბიიმ და წყენის ნიშნად შუბლზე ხელი დაიკრა. - რა თქმა უნდა, თუ მომჯობინდნენ, ტყვეებს არ გაიმეტებენ. ტყვეების გაყიდვა, ჩემო ჰუსეინ, როგორც შენც კარგად მოგეხსენება, ერის შინაური გახრწნილების, უწესრიგობისა და უმეთაურობის ბრალია, თორემ საცა ხალხს ცოტაოდენი ძალა შესწევს, ერთი მეორეს უჯერებს და საერთო კეთილდღეობის საჭიროების გემო აქვს გაგებული, ის ერი განა ტყვეს მოგვყიდის? რომელი დედა ნახე შვილის გამყიდველი, თუ არ სრულებით ზნეობით დაცემულ-გათახსირებული?.. მაგრამ ჩვენთვის კი სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა, სჯულის მადლმა, აუჩქარებლად დაუმატა ალი-ბიიმ და ყალიონის ტარს ხელი წაატანა.

- მაგრამ მე შენთან, მბრძანებელო, შენ ამომავალ მზეებრ გაბრწყინვებულ სახესთან, რაც გინდა იყოს, მაინც ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი: ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე.

- პატარა ბიჭი? - მხიარულად დაეკითხა ალი-ბიი და თვალები გაუბრწყინდა.

- დიახ, მბრძანებელო, პატარა ბიჭი, ცხრა-ათი წლისა.

- აბა, სადაა? ყოჩაღ, ჩემო ჰუსეინ, ვიცოდი, რომ ხელცარიელი არ მოხვიდოდი...

- თქვენ საფარეშოში გახლავს...

- ბიჭი საჩქაროდ მომგვარონ აქ, ახლად მოყვანილი ბიჭი, - მოუთმენლად ამბობდა ალი-ბიი.

ცოტა ხნის შემდეგ მდიდრულად მორთულ ოთახის კარებში ჩვენი მახმუტად მონათლული ხვიჩა გამოჩნდა. ბავშვი დაბანილ-დავარცხნილი იყო, ტანზე ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. რიგიანი მოვლის მეოხებით სახითაც შევსებულ შელამაზებულიყო და ამ კარგ ტანისამოსში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა.

აუსრულა სურვილი თვისტომს პატარა კახმა

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა - მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში.

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი ედგა სათავეში კოალიციურ ძალებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. სახელოვანი ფრანგის მთავარი მეტოქეები სწორედ ქართველი მამელუკები იყვნენ და მათმა სიმამაცემ ათქმევინა დიდ იმპერატორს, - ისინი უძლიერესნი არიან მთელ აღმოსავლეთში. თუ ამ რჩეულ ხალხს დავუმატებდი ჩემს არტილერიას, დაუმარცხებელი და დაუმხობელი არავინ და აღარაფერი დამრჩებოდაო!.

იბრაჰიმ-ბეის გულს უხრავდა სამშობლოს ნატვრა. კავშირის აღდგენას ცდილობდა მარტყოფელი ვაჟკაცი. ერთხელ ერეკლე მეფისთვის დიდძალი ოქრო გამოუგზავნია და უთხოვია: - დედაჩემი მოხუცებულია, უჭირს შორს სიარული და ეგებ მისი სახლის ახლოს ააშენებინო ეკლესიაო. აუსრულა სურვილი თვისტომს პატარა კახმა...

მერე კიდევ შეეწია ლარით და განძით იბრაჰიმ შინჯიკაშვილი საქართველოს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად. მარტყოფში დღესაც დგას კოშკი, რომლის ასაგები ფული იბრაჰიმს ძმისთვის - ვასილ შინჯიკაშვილისთვის გამოუტანებია...

ასევე მარტყოფელი ყოფილა კაიროს გარნიზონის მხედართმთავარი სელიმ-აღა და არც მას დაუშურებია შესაწირი ქართული საქმისთვის...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)