ქართველი სარე - კვირის პალიტრა

ქართველი სარე

თბილისობაზე, რიყეზე შეკრებილა ერი და ბერი. არის ცეკვა, სიმღერა, სტუმრების მიღება და სტუმრებთან თავმოწონება. დღეა ისეთი, ყველა თბილისელი ერთად დგას: აკადემიკოსიც და მილიციელიც, მწერალიც და ექიმიც, მტვირთავიც და მეეზოვეც.

- პროფესიას ან ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, თბილისელი იყო! -  თეთრ კბილებს აჩენს მზეზე გარუჯული ისედაც შავი ნავრუზა. მამამისიც თბილისში ცხოვრობს, იმისი მამაც აქ ცხოვრობდა, იმისი მამის მამაც... ეგრე რომ მივყვეთ, სადამდე წავალთ!

არის ერთი სიცილი და სახელდახელოდ გაშლილ სუფრებზე სადღეგრძელოების თქმა.

ხალხი ტალღად მიდის და მოდის, ირწევა მთელი ნარიყალა, თითქოს ზღვა იყოს. ვიღაც ფოტოაპარატსაც აჩხაკუნებს. ვინ აღარ ჩნდება კადრში - ცნობილი და უცნობი, მოღიმარი და ბედნიერი თბილისელები.

აგერ, აკადემიკოსმა ირაკლი აბაშიძემ თავისი მოხდენილი შლაპა მოიხადა და შორიდან მიესალმა კარგა ხნის უნახავ მეგობარს - თბილისში სტუმრად ჩამოსულს. ხმაც ხომ გარეგნობასავით ჰქონდა - ყველასაგან გამოარჩევდი, ამიტომ უმალ გამოეპასუხნენ... ნაცნობი  შორიდანვე მიესიყვარულა, ახლოს კი ვერ მივიდა, ხალხის ტალღა ვერ გადალახა...

ოჰ, ეს ხალხი! როგორ იცის ერთ ადგილზე მიწყდომა...

ახლაც ამ შავგვრემანი ახალგაზრდა ქალისაკენ მიიწევენ, ყველას მიახლოება უნდა. ნეტავ, რატომ? ახალგაზრდა ქალი იეზიდია, მგონი. თავი ჭრელი თავსაფრით წაუკრავს, გულზე  ჯინჯილები ჰკიდია.

იეზიდები ხომ თბილისის განუყოფელი ნაწილები არიან! მაგრამ დრო მიდის და სულ უფრო ცოტა ეროვნულსამოსიან იეზიდს ვხედავთ. როგორც ჩანს, საგანგებოდ სთხოვეს ამ ქალს, ერთი ძველებურად ჭრელი, მხიარული კაბა ჩაიცვი და ისე გამოდი თბილისობაზე, ყველამ გნახოს და გაიგოს, როგორი ხალისიანი და ლამაზი ხალხი ხართ ეს იეზიდებიო!

მართლაც ხალისიანი და ლამაზია. უცნაურად ეშხიანი. ჯინჯილებს მიაჟღარუნებს და შემხვედრთ ეუბნება: - მაიტა სოსხი, უნდა დაგაოო!

მერე ეს იეზიდი სცენაზე ადის და ირგვლივ ყველა ჩუმდება. საიდანღაც გივი ბერიკაშვილიც გამოჩნდება... აი, მაშინ იწყება, თუ იწყება! სიცილით ფეხზე ვეღარ დგას სახელდახელოდ გამართულ სცენას მომწყდარი მაყურებელი. ახლა კი კარგად აკვირდება თბილისის სტუმარი და უცებ ხვდება:

ეს იეზიდი გოგონა დიდი მსახიობია - სოფიკო ჭიაურელი! სცენაზე რომ არ დაენახა, არც კი დაფიქრდებოდა, მართლა იეზიდი ეგონებოდა. კი ბატონო, ჩააცვეს, ჯინჯილები დაჰკიდეს, მაგრამ ეს მიხრა-მოხრა, ეს ფრაზები?! გასაოცარია, ღმერთმანი! როცა სცენა სპექტაკლიდან, "ეზოში ავი ძაღლია", დასრულდა, სოფიკომ კაბის შრიალით გაიარა, "წაიღო სოსხი" და თვალს მიეფარა. ხალხი კიდევ დიდხანს ხარხარებდა. თბილისის სტუმარი ადგილზე ხტოდა და "ბრავო-ბრავოს" იძახდა.

იმ დღეს სოფიკო ჭიაურელმა და გივი ბერიკაშვილმაც ბევრი იცინეს. მათ შემდეგ ქურთული ანსამბლი გამოდიოდა სცენაზე. სოფიკოს ნათამაშები მეეზოვის როლი იმდენად მოეწონათ, რომ თავიანთი ანსამბლის ხელმძღვანელობა შესთავაზეს უსაყვარლეს მსახიობს. ეს რომ გივი ბერიკაშვილმა გაიგო, რაღას გაჩერდებოდა, სულ ხუმრობა-ხუმრობაში გაატარებინა მთელი თბილისობის დღე: - სოფიკო, სამსახური ნაშოვნი გაქვსო.

რამდენჯერაც ამ ამბავს გაიხსენებდა, გულიანად ეცინებოდა სოფიკოს... აბა, თქვენც წარმოიდგინეთ, კონცერტია, აცხადებენ: ქურთული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ხელმძღვანელი სოფიკო ჭიაურელი!

მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა უყვარდა და ყველა ეთნიკური უმცირესობის ცეკვას დიდი ხალისით შეასრულებდა, ხომ არ იცოდა ამ ცეკვების ტრადიციული შესრულება, აბა, ანსამბლის ხელმძღვანელობა სად შეეძლო...

ბოლომდე არ დაუჯერეს იეზიდებმა: ასე კარგად თამაშობს იეზიდის როლს, ასე ზუსტად ცეკვავს და ლაპარაკობს, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის, სხვანაირად ასეთი ბრწყინვალე როლი როგორ გამოუვიდოდაო.

ასეა, როცა სცენაზე დიდი მსახიობი დგას, ზღაპარსაც დაიჯერებ!