"დედა ულამაზესი ქალი იყო, როცა დააპატიმრეს, ჩემი ძმა თვეების დატოვა, გადასახლებაში 8 წელი გაატარა" - კვირის პალიტრა

"დედა ულამაზესი ქალი იყო, როცა დააპატიმრეს, ჩემი ძმა თვეების დატოვა, გადასახლებაში 8 წელი გაატარა"

ბავშვობიდან მახსოვს ძველი სახლი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, საერთო დერეფნითა და ძველებური ხის იატაკით... ერთ-ერთ ბინაში ჩემი მეგობრის, თამუნა ქორიძის ბებია - ვალიდა მენთეშაშვილი-ბასილაია ცხოვრობდა. ვალიდა ბებიას ხშირად ვსტუმრობდით. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დიდი ოთახი, რომლის სიღრმეში, მარცხენა მხარეს ედგა საწოლი, გვერდით - მისი განუყრელი ტელეფონი. თითქოს იქაურობას რაღაც იდუმალება ახლდა, თუმცა რა - ვერაფრით ვხვდებოდი. შინიდან არასდროს გამოდიოდა, ან იწვა, ან საწოლზე ჩამომჯდარი გვხვდებოდა და სულ ვსაუბრობდით. ოღონდ არ მახსოვს, ოდესმე გადასახლების პერიოდი ეხსენებიოს. ამას წინათ თამუნამ მითხრა, ბოლომდე გაჰყვა იმ წლების შიში და ჩვენც არაფერს გვიყვებოდა, ვინმესთან რაიმე არ გვეთქვა და პრობლემები არ შეგვქმნოდაო. მისი ამბების მოყოლა თამუნას დედას, მარინა ბასილაიას ვთხოვე. დედა რომ დაუპატიმრეს, იგი 2 წლის ყოფილა...

მარინა ბასილაია:

- იმხანად ბელინსკზე ვცხოვრობდით, პაპაჩემს - იაკობს კერძო სახლი ჰქონდა 13 ნომერში. ახლაც დგას ის სახლი ბელინსკისა და ბაქრაძის ქუჩების კუთხეში, ოღონდ დიდი ხანია, ჩვენი აღარაა. საერთოდ, პაპას სამი არაჩვეულებრივი სახლი ჰქონდა - ქვემო მაჩხაანში; თბილისში - ძნელაძის ქუჩაზე, თექვსმეტოთახიანი, თავისი ოთხი ქალიშვილისთვის და ბელინსკზე ვაჟისთვის - ფარნაოზისთვის. უფროსი ვაჟი - არჩილი უკვე დაღუპული ჰყავდა. პაპა ვაჭარი იყო და პოლონეთში დადიოდა ხშირად. აქ პიანინო რომ გვიდგას, ვარშავიდანაა ჩამოტანილი, ბროლის ფეხებზე დგას. აბა, სად გინახავს ასეთი? შვილებს უთხრა, ვინც მუსიკას ისწავლის, იმისი იქნებაო. დედაჩემმა ისწავლა და ამიტომაც დაგვრჩა ჩვენ. მერე პაპა გააკულაკეს და ყველა სახლი ჩამოართვეს. ერთადერთი - ბელისკის ქუჩის სახლში ოთხი ოთახი დაუტოვეს. პაპა საავადმყოფოში იწვა, ეს ამბავი გაზეთიდან რომ შეიტყო და იმავე საღამოს გარდაიცვალა... იაკობ მენთეშაშვილი და ნინო ბეგიაშვილი, შვილებთან: არჩილთან, ვალიდასა და ეთერთან ერთად

დედა ახალგაზრდა გათხოვდა. მამაჩემს - ვლადიმერ ბასილაიას მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, საბჭოთა სამართალის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებატა აკადემიის დირექტორის მოადგილე იყო. მამას 1936 წელს მოაკითხეს და წაიყვანეს... სამუდამოდ. დედა მაშინ ჩემს ძმაზე - გიაზე იყო ფეხმძიმედ და ამიტომ გადარჩა. გია 3 თებერვალს დაიბადა, დედაჩემი კი 2 დეკემბერს დააპატიმრეს, ანუ გია 8 თვის იყო. დედამ ის ზუგდიდში, დედამთილ-მამამთილს ჩააბარა, მე დედამისთან დამტოვა, ნუცა ბაბოსთან და ფარნაოზთან, თბილისში. იმ პერიოდში პაპა იაკობი უკვე გარდაცვლილი იყო.

ცოლ-ქმარი ვალიდა და ვლადიმერ ბასილაიები

დედას მანამდე ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს, მაგრამ გია მაინც წაიყვანა ზუგდიდში. წინასწარ გათვალა: უეცრად რომ მოსულიყვნენ და ბავშვები მარტო დავხვედროდით შინ, მას წაიყვანდნენ, ჩვენ კი, ორივეს უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარებდნენ. გია ბებიამ - ესუკი ჯალაღონიამ გაზარდა და ამიტომ კარგა ხანს არც გია მინახავს და არც ზუგდიდელი ბებია-ბაბუა.

დედა კი მართლაც ისე წაიყვანეს, ვერავინ გააფრთხილა. თურმე, მოუფიქრებია და ასანთის კოლოფში ჩაუდევს პატარა წერილი ჩვენი მისამართით - ბელინსკის 13 და მატარებლის ფანჯრიდან გადმოუგდია. ეს ვიღაც რუსებს დაუნახავთ, კოლოფი აუღიათ, მისულან ბელინსკზე და ბებიასთვის მიუციათ, თან უთქვამთ, ეშელონი წავიდა რუსეთისკენ და ის ქალიც წაიყვანესო.

- ალბათ დედ-მამაზე არავინ გელაპარაკებოდათ, ეშინოდათ? - ვიცოდი, დედა გადასახლებული რომ იყო, რადგან ჩვენები თვეში ერთხელ უგზავნიდნენ ამანათს - ამის უფლება ჰქონდათ. ხის ყუთში აწყობდნენ ყველაფერს და შემდეგ ტილოში ახვევდნენ, ქიმიური ფანქრით რუსულად აწერდნენ მისამართს - "მორდოვსკაია ასსრ, სელო პოტმა" და მიჰქონდათ ფოსტაში. ზუსტად არ ვიცი, რას უგზავნიდნენ, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქაურ ფოსტაში ყველაფერს ამოუყრიდნენ ხოლმე შესამოწმებლად. ვალიდა ბასილაია

მახსოვს, ბებიას მოწერა: დედი, არაფერი მინდა, ოღონდაც ხახვი და ნიორი გამომიგზავნეო. ხოლო გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, უთხრა: დედი, შენმა გამოგზავნილმა ხახვა და ნიორმა მიშველაო - დედას მართლაც ულამაზესი, მიჯრილი კბილები ჰქონდა და ის რომ შეინარჩუნა, სწორედ ხახვისა და ნივრის დამსახურება იყო. შეშის საჭრელად გაჰყავდათ ხოლმე ქარსა და თოვლში და დედას ერთი ფეხი მოჰყინვია. საავადმყოფოში უმკურნალიათ და არავინ იცის, რა გაუკეთეს. ფაქტია, რომ ჩამოვიდა, ის მოყინული ფეხი აშკარად დაწვრილებული ჰქონდა, თუმცა არავინ შეიმჩნია ეს ამბავი და ამაზე არც თვითონ ლაპარაკობდა. პერიოდულად პატიმრებს გადასახლებაში ჯარისკაცებისთვის ფარაჯებსაც აკერინებდნენ. დედას ქსოვა და ქარგვაც დაუწყია, ჩუმად. ჩვენები ამანათს რომ ტილოებში ახვევდნენ, სწორედ ამ ტილოებზე ქარგავდა. გადასახლებიდან თავისი მოქსოვილი საყელოც გამომიგზავნა, მისი მულინის ძაფები კი დღემდე მაქვს შენახული. ვალიდა ბასილაიას მოქარგული ბლოკნოტი

ერთხელ, ტყის საჭრელად რომ იყვნენ, ბანაკის უფროსის ცოლს მის საწოლზე ნაქარგი შეუნიშნავს ძალიან მოსწონებია. მის ქმარს შეუთავაზებია, თუ ჩემი ოჯახისთვის მოქარგავ ხოლმე, ტყეში აღარ გაგიშვებო. დედა დასთანხმებია და ამან გადაურჩინა ჯანმრთელობა. მათთვის თეთრეულსა და ბალიშებს ქარგავდა, ჩვენთვის - რაც თვითონ უნდოდა. გიას გაუკეთა ბლოკნოტი, რომელზეც ცხენი მოქარგა. ბლოკნოტში საიდუმლო ჯიბესავით მოაწყო და შიგნით მამაჩემის ფოტოს ინახავდა. ულამაზესია ფერადკანიანი ქალი ხილით, ერთი დაუსრულებელი ნამუშევარიც აქვს...

ვალიდა ბასილაიასთან ერთად გადასახლებაში ულამაზესი ქართველი ქალები იყვნენ - მსახიობ ლევან აბაშიძის ბებია ლოლოტა ვირსალაძე; უნიჭიერესი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის მეუღლე ქუთუსია ორახელაშვილი, ულამაზესი თინა ჯიქია, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ ლექსი "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას" მიუძღვნა; რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა ნუცა ხუციშვილი; მსახიობ ლია ელიავას დედა - კატუშა კერესელიძე; მოქანდაკე რაისა მიქაძეც და საოპერო მომღერალი, სოპრანო მარო ხოფერიაც.

გაუბედურებულებსა და აჯაჯულ-დაჯაჯულ ჩვენს ქალებს, თურმე, ტანზე კაბის ჩაცმა ენატრებოდათ. ერთხელ ნუცა ხუციშვილი ვიღაცის პატარა ზომის კაბას წაწყდომია, გადაუკეთებია, გაუფორმებია და ქეთუსიასთვის ჩაუცმევიათ. ქალი იმ კაბაშიც კი გამაოგნებლად ლამაზი ყოფილა და დანარჩენი ლამაზმანები, მონუსხულები შეჰყურებდნენ, თურმე. თამუნა მიყვებოდა, გადასახლებიდან დაბრუნებულები სამშობლოშიც განაგრძობდნენ მეგობრობას. ტრადიციად ჰქონდათ, ყოველი წლის 9 მაისს თინა ჯიქია და ქეთუსია ორახელაშვილი მოდიოდნენ ბებიასთან. ჩვენ "სამოვარს" დავუდგამდით მაგიდაზე, სუფრას გავუწყობდით, გამოვუხურავდით კარს და მარტონი, კარგა ხანს საუბრობდნენ ხოლმე. დღემდე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, ბებია არც ამას გვეუბნებოდაო.

ვალიდა ბასილაიამ 8 წელიწადი გაატარა გადასახლებაში. 1945 წლის 2 დეკემბერს უნდა გამოეშვათ, მაგრამ კარანტინის გამო 15 დეკემბრამდე დატოვეს. უთქვამს, 2-დან 15-მდე პერიოდი იმ რვა წელიწადზე გრძელი მეჩვენაო.

მარინა ბასილაია:

- ფარნიკო ძიამ მოსკოვში გადაუგზავნა ფული. იქ რომ ჩასულა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ეშინოდა, არ დაეჭირათ. შიოდა და ვერ წარმოედგინა, საჭმლის ყიდვა რომ შეეძლო. სადგურზე "სეტკიანი" კაცი დაუნახავს, პური და ფუნთუშები ეწყო. დედას უკითხავს, სად იყიდეთო, იმ კაცს გამოუკითხავს, ვინ ხარო, მერე კი ყველიანი ფუნთუშა - "ვატრუშკა" მიუცია. ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ეშელონებით სახლებში აბრუნებდნენ, ამიტომ ჯერ სოჭში ჩავიდა, მერე - თბილისში. 10 წლის ვიყავი და ის დღე კარგად მახსოვს. ჩვენები დედას დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, თბილისის მატარებლით ელოდებოდნენ, მაგრამ დედა უფრო ადრე ჩამოვიდა სოჭიდან, ამიტომ სადგურშიც არავინ დახვდა. კარზე ზარი რომ დარეკა და გაუღეს, ბებიას გული წასვლია. მე და ჩემი მეგობარი მარინა ტატიშვილი მუსიკიდან რომ დავბრუნდით, დედა ამ დროს თავისი ძმისშვილის აკვანთან იჯდა, ოთახში. მითხრეს, დედა ჩამოვიდაო და არაფრით შევდიოდი სახლში. მარინა შევარდა და დედას თავიდან მე ვეგონე. მე ძლივს შემიყვანეს... მგონი, ვტიროდი... არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი... მერე დედას გამოუცხადეს, რომ თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ზუგდიდში მოუხდა გამგზავრება. მე თბილისში დავრჩი. დედა კარგა ხანს ცხოვრობდა იქ, მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. ნონა გაფრინდაშვილის ძმა - ჯემალი ჩემი ძმის, გიას კლასში იყო, მეგობრობდნენ. გია და ჯემალი შინიდან გაპარულან. მილიციას ისინი სენაკში, მაშინდელ ცხაკაიაში დაუჭერია და შინ დაუბრუნებია. დედას გიასთვის სილა გაუწნავს, გიას კი უთქვამს, - დედა, 100 წელიწადს მომხვდეს შენი ხელიო... დედა და გია დიდი მეგობრები იყვნენ.

დედას რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა, მისცეს მამას 2 თვის ხელფასი და თბილისში ცხოვრების უფლება. ამის შემდეგ, ვიდრე გავთხოვდებოდი, მე და დედა ვცხოვრობდით ერთად, ამჯერად უკვე მარჯანიშვილზე, თეატრის გვერდით, ერთ ოთახიან ბინაში. იქვე გარდაიცვალა 1993 წლის 26 ოქტომბერს.

იხილეთ ასევე: ნინოს დახვრეტის ოქმს ხელი სტალინმა მოაწერა - რატომ დახვრიტეს კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი?

(სპეციალურად საიტისთვის)