მსოფლიოში პირველი საწვავზე მომუშავე თვითმავალი ეტლი კარდენახელმა თავადმა შექმნა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში პირველი საწვავზე მომუშავე თვითმავალი ეტლი კარდენახელმა თავადმა შექმნა

"თავადი ირაკლი ბებურო-ვაჩნაძე თავის გამოგონილ ეტლში, ეტლს სიჩქარის მაჩვენებელი და საყვირიც კი ჰქონდა მიმაგრებული. ეტლი საწვავის საშუალებით საათში 20 ვერსს გადიოდა - ვერსი კილომეტრზე ოდნავ მეტი მანძილია, ეს იმ დროს, როცა პირველი მანქანებისთვის 16 ვერსის გავლაც კი საუკეთესო შედეგად ითვლებოდა"

ქართული ნიჭი უცხოეთსა და უცხოობას რომ არაერთხელ მოხმარებია, ახალი ამბავი არ არის, თუმცა იმედი, რომ ეს ნიჭი საკუთარი ქვეყნისთვისაც გამოვიყენოთ, ალბათ, ბევრს ნიშნავს. ისე კი, დროსა და ეპოქას ერთი უცნობი გამომგონებლის, ირაკლი ბებურო-ვაჩნაძის სახელიც შეეწირა. სწორედ მან შექმნა მოფლიოში პირველი საწვავზე მომუშავე თვითმავალი ეტლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის გამოიგონა და ამ გამოგონების პატენტიც მიიღო. დღეს ასეთი სპორტული ეტლები მთელ მსოფლიოში არაერთ ადამიანს ანიჭებს შვებასა და ცხოვრების სიხარულს, თუმცაღა მათ გამომგონებელზე არავინ არაფერი იცის, ან რა გასაკვირია, როცა ამ ნიჭიერი კაცის შესახებ სამშობლოშიც არაფერი ვიცოდით.

გიორგი (გელა) საითიძის ყურადღება ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში 1912 წლის "სახალხო გაზეთმა" მიიპყრო, სადაც თავისივე შექმნილ ეტლში ამაყად მჯდომი ქართველი თავადის ფოტო იყო და მისი გამოგონების შესახებ წერდნენ: "თავადი ირაკლი ვასილის ძე ბებურო-ვაჩნაძის მიერ გამოგონილი თვითმოძრავი სავარძელი ამას წინათ მოსკოვში სცადეს და კარგი გამოდგა (საათში 20 ვერსი გაუვლია). ამ სავარძლის დამზადება გამომგონებლის ნების დაურთველად არავის შეუძლიან. მოსკოვში უკვე შემდგარა ამხანაგობა, რომელიც სათანადო ქარხანას აშენებს და შესაფერისი მანქანები დაუკვეთნია".

ამ პატარა ინფორმაციამ ისტორიკოსი გიორგი საითიძე გასული საუკუნის დასაწყისის პრესას იმდენჯერ მიუბრუნა, სანამ გამოგონების დამადასტურებელი სხვა ცნობებიც არ იპოვა.

- უნივერსიტეტის პედაგოგი გახლავართ და ძველი პერიოდიკის გაცნობა ჩემი პროფესიის ნაწილია. სწორედ იქ აღმოვაჩინე ამ ნიჭიერი კაცის ფოტო - თავადი თავის გამოგონილ ეტლში იჯდა, ეტლს კი სიჩქარის მაჩვენებელი და, ასე განსაჯეთ, საყვირიც კი ჰქონდა მიმაგრებული. ეტლი საწვავის საშუალებით საათში 20 ვერსს გადიოდა - ვერსი კილომეტრზე ოდნავ მეტი მანძილია, ეს იმ დროს, როცა პირველი მანქანებისთვის 16 ვერსის გავლაც კი საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

- ვინ იყო ეს კაცი? - კარდენახელი თავადი. ვაჩნაძეები თავიანთ სახელებს იმ წინაპრის სახელებს ამატებდნენ, ვისი შთამომავლებიც იყვნენ. მაგალითად, ანანიას შთამომავლები ანანია-ვაჩნაძეებად იწოდებოდნენ, ბებუროს შთამომავლები კი ბებურო-ვაჩნაძეებად. ირაკლი ბებუროს შთამომავალი იყო, სიღნაღში გაიზარდა, შემდგომ კი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა ოფიცრად. სამხედრო სამსახურის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც გამომგონებლის ნიჭმა ჩვეულებრივად ცხოვრების ნება არ მისცა. ერთხელაც, როგორც თვითონ წერს, ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დაუძლურებული თავადი დაინახა, რომელსაც მოსამსახურე ურიკის მსგავსი მოწყობილობით მიაგორებდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ასეთი ადამიანებისთვის შვება მიენიჭებინა. მოკლედ, დაჯდა, დახაზა, მუყაოსაგან მოდელი გამოჭრა და სპონსორს დაუწყო ძებნა...

- რაშიც, ალბათ, იმდროინდელი გაზეთების თანამშრომლები დაეხმარნენ... - რასაკვირველია, პრესას ხომ დიდი ძალა აქვს! მაგალითად, გაზეთ "ზაკავკაზიეს" კორესპონდენტი აღტაცებული წერდა: "ამ ადამიანმა, რომელიც მხოლოდ გამოგონებაზე ფიქრობს, განმაცვიფრა თავისი იდეებისადმი რწმენით, გამაოგნებელი ენერგიითა და თვალთა აღგზნებული ელვარებით. მთელი გულითა და სულით ვუსურვე წარმატებები ყველა სერიოზული ჩანაფიქრის განხორციელების საქმეში".

სპონსორიც მოიძებნა - ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გამოგონების ხორცშესასხმელად 300 მანეთი აჩუქა, რაც იმდროისთვის დიდი ფული იყო.

მას სხვა გამოგონებებიც ჰქონდა. მის ერთ-ერთ გამოგონებაზე - ოფლის საწინააღმდეგო წინდებზეც "სახალხო გაზეთი" წერდა: "თავად ირაკლი ბებურო-ვაჩნაძის გამოგონილ ოფლის მომსპობი ჩულქების დამზადება უკისრნია ინგლისელთა ამხანაგობას".

- ეს რაღაა? - ალბათ, ეს იყო ჩვეულებრივი წინდები, რომლებსაც ვაჩნაძის გამოგონილი სარეცხი საშუალება ოფლის სუნს უქრობდა. გამომგონებელი რომ იყო, ვაჩნაძეს იმითაც ეტყობა, რომ "სახალხო გაზეთის" ჟურნალისტს ეუბნება, წინდების გამოსაცდელად ქსოვა ვისწავლე და წინდების პირველი წყვილი თვითონ მოვქსოვეო.

- შემდგომ რა ბედი ეწია ვაჩნაძის გამოგონებებს? - დარწმუნებული ვარ, მოსკოვის ფაბრიკამ, რომელსაც ინგლისელები აშენებდნენ, ეტლიც გამოუშვა და ოფლის საწინააღმდეგო წინდებიც, თუმცა,

სამწუხაროდ, მოგებით ვაჩნაძე ვეღარ ისარგებლებდა, რადგან ჯერ პირველი მსოფლიო ომი, შემდგომ კი ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, ინგლისელი ბიზნესმენები მოსკოვიდან გაიკრიფნენ და თან წაიღეს ვაჩნაძის გამოგონებაც, რასაც ქართველი თავადი ვეღარ მოძებნიდა. ასე დარჩა ევროპას შშმ პირთა პირველი სპორტული ეტლი, რომლის მრავალი სახეობა დღეს უკვე ფართოდ არის მსოფლიოში გავრცელებული.

- გამომგონებელს რა ბედი ეწია? - რაც ყველა ნიჭიერ კაცს საბჭოთა დიქტატურის დამყარების შემდეგ. ვცადე ირაკლი ვაჩნაძის შთამომავლების მოძებნა, ვიპოვე კიდეც, მაგრამ ვაჩნაძეების ნაცვლად უკვე კეთილაშვილებად იწერებიან. მითხრეს, რომ

ეს საოცარი კაცი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ისეთი მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც ერთდროულად კიდეც იცურებდა, კიდეც იფრენდა და მიწაზეც იმოძრავებდა. ვინ იცის, იქნებ ეს გაეკეთებინა კიდეც, ხელშეწყობა რომ ჰქონოდა. საბჭოთა მთავრობა მას ორი მიზეზით სდევნიდა - გვარისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობისთვის, თუმცა ნიჭიერი კაცი არ ეთმობოდათ, ამიტომ გვარის შეცვლა შესთავაზეს - მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიფინანსებთ გამოგონებებსო.

30-იანი წლების ბოლოს უკვე გაზეთი "კომუნისტი" აქვეყნებს ცნობას ვინმე ირაკლი კეთილაშვილის შესახებ, რომელმაც წყალგაუმტარი ტანსაცმელი გამოიგონა და მტკვარზე უკვე გამოსცადა. მოკლედ, ცხოვრება სხვა გზით წავიდა, ვიდრე ამ ნიჭიერ კაცს უნდოდა, თუმცაღა მას ერთი სურვილი მაინც შეუსრულდა - სამუდამოდ ჩრდილში ყოფნის საფასურად სამშობლოსთან განშორება არ მოუხდა.

ძველეგვიპტური მოწყობილობიდან "ტოიოტას" 25.000 დოლარიან ეტლამდე

ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, პირველი ეტლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა ჩინეთში ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში, თუმცა არსებობს ვერსიაც, რომლის თანახმად, უფრო ადრე ასეთი გადაადგილების საშუალება არსებობდა ეგვიპტეში, რომელიც ჰგავდა საზიდარს და მისი დახმარებით შეეძლოთ გადაეყვანათ ადამიანებიც და გადაეტანათ საგნებიც.

დიდხანს იყო პოპულარული 1783 წელს ინგლისელი ჯოუნ დოუსონის გამოგონილი დახურული ეტლი. მას ჰქონდა ორი დიდი მთავარი ბორბალი და ერთი წინა, მოსახვევი, პატარა ბორბალი.

1912 წელს ამერიკელი გამომგონებლის ჯორჯ ვესტინჰაუზის ელექტროძრავიანი ეტლების პირველი პროტოტიპი გამოჩნდა, თუმცა ამ მოდელების ინტენსიურად შექმნა და განვითარება მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და გრძელდება დღემდე.

რამდენიმე წლის წინ კომპანია "ტოიოტამ" შექმნა თვითმავალი ელექტროეტლი, რომელსაც საზურგეზე დამაგრებული ბორბლებით რელიეფის შეცვლისას ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეეძლო, მათ შორის - ადამიანის სიმაღლეზე აწევა და კიბის საფეხურების ავლა, თუმცა მისი რეალიაზაცია არ დაწყებულა, რადგან ძალიან ძვირი - 25.000 დოლარი ღირდა.