მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-33)

მეტოქეები - პატარა ხვიჩა და ოსმალო ჭაბუქი ერთმანეთს შეებნენ. ყველასთვის მოულოდნელად, ხვიჩა გულდაგულ ეცა ოსმალოს, ხელები ირგვლივ წელზე შემოჰხვია, მოსდო კაჭა და იმსიმსხო ბიჭი მიწაზე გააგორა... ფრიად კმაყოფილი დარჩა ჰუსეინ-აღა, კარგა ხნის ვაჭრობის შემდეგ კი ქისა ოქრო გადაუხადა ვაჭარს და ბიჭი სხვა ტყვეებთან ერთად ეგვიპტის გზას გაუყენა...

ალი-ბიი, მამელუკთა სახელოვანი სარდალი, ოქროთ მოვარაყებულ და ლალ-ფირუზით მორთულ ტახტზე ფეხმოკეცით იჯდა, ღრმა ფიქრებში იყო გართული. მთელი ეგვიპტის უმთავრესი გამგე ახლა ის იყო. მან მიიყოლია მამელუკთა დანარჩენი ოცდასამი ბიი ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეთა მმართველ-გამგებელნი, და სტამბოლის სულთანისა და მის მიერ ეგვიპტის უფროსად დაყენებულ ფაშისაგან თავისი თავი სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძლიერ საწყენად დაურჩა სტამბოლის სულთანს და მით უფრო ეგვიპტის ფაშას, რადგან მისი უფლება არარაობამდე ჩამოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერა გააწყო რა. ძალა მამელუკთა ხელში იყო და ძალა ხომ აღმართსა ხნავს.

თავისი მხედრობის შესავსებად ალი-ბიი სხვა გამგებლების დარად ყიდულობდა ახალგაზრდა ჯანსაღ ბიჭებს, ზრდიდა და მეომრებად წვრთნიდა მათ. უპირატესობას ამ მხრივ კავკასიელებს აძლევდნენ... სწორედ ალი-ბიის მიჰგვარა ჰუსეინ-აღამ პატარა ქართველი - დაბანილ-დავარცხნილს ტანზე ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. რიგიანი მოვლის მეოხებით სახითაც შევსებულ-შელამაზებულიყო და ამ კარგ ტანისამოსში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა...

შემოჰყო თუ არა თავი ოთახში ბავშვმა, ორივე ხელი გულზე დაიჭდო და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.  ალი-ბიის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.

- ერთი შეხედეთ, რა ჩქარა შეუთვისებია ჩვენი წესრიგი! - კვირობდა მოხუცი.

- ეს სულ გზაში ვასწავლე, - მოახსენა ჰუსეინ-აღამ. - მაინც ეს გურჯები, მბრძანებელო, ნიჭიერი ხალხია. ერთს რომ ეტყვი, განმეორება არა სჭირია. ოთხი-ხუთი თვე არ იქნება, რაც ეს ბავშვი თავის ქვეყანას მოშორებია და უკვე კარგად ესმის ჩვენი ენა...

- გმადლობ, გმადლობ, ჩემო აღა, - კმაყოფილებით ამბობდა ალი-ბიი, - შენ სოვდაგარი კი არა, ოსტატი ხარ, ალლაჰის მადლმა! შენ სადმე სასწავლებლის გამგე უნდა იყო... აბა, ჩემო ბიჭიკო, ახლო მოიწი ჩემთან, - ალერსიანად მიმართა ალი-ბიიმ მახმუტს.

ბიჭმა ფეხი მოკრძალებით წინ წადგა. ასე მდიდრულად მორთულ-მოვარაყებული ოთახი თავის დღეში არ ენახა და, ცოტა არ იყოს, ფეხის თამამად გადადგმას ვერა ბედავდა. ალი-ბიიმ ბავშვი გასინჯა, თავზე ხელი გადაუსვა, შეანჯღრ-შემოანჯღრია. ბავშვი თავისი მიმინოსებური თვალებით პირდაპირ შეჰყურებდა.

- ჰა, სოვდაგარო, მეომარია რაღა, მეომარი! წმინდა მამელუკადაა დაბადებული, - მხიარულად ამბობდა მოხუცი და ბავშვს მკლავებს უსინჯავდა.

- მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, დიდებულო, რომ ბავშვი ძლიერ გალახულია, ბევრი ნათრევ-ნაწამებია. ჩემ ხელში მომჯობინდა ცოტა, თორემ ძვალი და ტყავი იყო. არ იცის, მბრძანებელო, ზოგიერთმა ვაჭარმა ტყვეთა მოვლა. განსაკუთრებით ბავშვებს დიდი ყურადღებით მოპყრობა სჭირია... უკმეხად ექცევიან, სცემემ, რიგიანად არ აჭმევენ, არ აცმევენ. რაც გინდა იყოს, კაცის შვილი ძროხის შვილისაგან უნდა გაარჩიო, ესეც არ იყოს, პირდაპირ ანგარიში ითხოვს ვაჭარმა საქონელი მუშტარს რიგიანი სახით უჩვენოს. ჩვენს ვაჭრებს ესეც არ ესმით!

- სწორია, სწორია, ალლაჰის მადლმა! მე ხომ გითხარი, ოსტატი ხარ-მეთქი, - კმაყოფილებით მიუგო ალი-ბიიმ.

- ცხენზე ჯდომა იცი, ჩემო ბიჭიკო? - დაეკითხა მახმუტს ალი-ბიი.

- ვიცი, - თამამად მიუგო ბავშვმა.

- ისეთ ცხენზე შეგსვა, რომ იმის ბადალი ქვეყანაზე არ იყო! ძვირფას ხალათს ჩაგაცმევ, საჭმელ-სასმელი ხომ ულევი გექნება. შენ მხოლოდ ჭკვიანი ბიჭი იყავ. დიდად გმადლობთ, სოვდაგარო, სასიამოვნო ძღვენისათვის, - მიუბრუნდა აღას ალი-ბიი. - ბიჭი ძლიერ მომწონს. ამას უეჭველად ჩემ სახელობაზე გავზრდი.

მამელუკთა მხედრობას ერთი მეომარიც მიემატება. არც შენ დაგრჩები უმადური, მეგობარო კარგი ძღვნისათვის, კარგ საჩუქარსაც მოგართმევ. ბიჭო, მოლარეთუხუცესი დამიძახე! ახლა როგორ მირჩევ, აღა? არ სჯობია, რომ ამთავითვე მოლა-აღაფიჯის მივაბარო, რომ მაჰმადის წმიდა მოძღვრებაში გაწვრთნას?

- ჩინებული აზრია, დიდებულო! სამხედრო ვარჯიშობასაც ამთავითვე შეაჩვიოთ, ემჯობინება.

- ეს ხომ ჩვენი ხელობაა, ოსტატო! ხვალვე ჩემს ჯაბადარბაშს ვუბრძანებ, შესაფერი იარაღი მოუმზადონ და მის ტარებასა და ხმარებას შეაჩვიონ. შენ კი, მახმუტ, ძლიერ ფრთხილად უნდა იყო. აქ უშველებელი მდინარე რომ მიდის, ის თქვენებური პატარა მოჩუხჩუხე წყაროები არ გეგონოს. იქ ისეთი ბასრკბილა ნიანგები ბუდობენ, რომ ა... ჰა, ჰა, თუ კბილი დაგავლეს, ჩაგახრამუნებენ.

მოჩუხჩუხე წყაროს გაგონებაზე ბავშვს მდინარე ტეხური გაახსენდა... გაახსენდა იქაურობა. - ნეტავ სად არის ახლა ჩვენი თხები, - გაუელვა ბავშვს თავში. -“ნეტავ ვინ ერეკება მათ ახლა? ...ნანა და ბაბა როგორ არიან? მე ვახსოვართ თუ არა? მარკოზ ხუცესი ცოცხალი გადარჩა თუ არა?  მარიკა... ლერწამისა... ბავშვს თვალწინ წარმოუდგა სამშობლო ქვეყნის მთები, ველ-მინდვრები, ტყეები... გაახსენდა პატარა ნამყენი მსხალი მარკოზ ხუცის სახლში.

ეს მსხალი ძლიერ უყვარდა. ყოველ დილით მივიდოდა ნორჩ ხეხილთან და ადამიანივით ემუსაიფებოდა, მიესალმებოდა, გამოეთხოვებოდა ხოლმე. გაახსენდა გემით მოგზაურობაც, სალომე და რეზო, შვილივით ეფერებოდნენ, უკანასკნელ ლუკმას მას უყოფდნენ... რა მწარე იყო მათთან გაშორება... უჰ, რამდენი იტირა მაშინ!..

ისეთი სიმწარე, პირველად როცა მოიტაცეს, მაშინაც არ უგრძვნია... წარმოუდგა ბავშვს თვალწინ ყველა ეს და თვალები ცრემლებით აევსო. ალი-ბიიმ ეს შეამჩნია... თითქოს მის სახეზე აღმოიკითხა მისი გულისწუხილიო. ნაზად მიეალერსა და თავზე ხელი გადაუსვა.

ბავშვი კი მწარედ აქვითინდა.

***

ქალაქ ქაირის განაპირას, აღმოსავლეთით მოკატტამის ხრიოკ მთის კალთაზე ამაყად ამართულა სალადინის ციხე თავისი მაღალი კოშკებით და სქელი გალავნებით. გავიდა ოცდაათი წელიწადი ზემოთ მოთხრობილი ამბის შემდეგ. ერთ დღეს სალადინის ციხის გარშემო ფართე მოედანი ხალხით გაივსო. ეგვიპტის ყოველი მხრიდან მოგროვდნენ აქ მამელუკთა საუკეთესო წარმომადგენელნი. იყვნენ ბიიები, ათასისთავები, ასისთავები და რჩეული მხედრობა.

შეკრებილნი მოედანზე მიდი-მოდიოდნენ, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, ზოგი ცხარობდა, ზოგი დინჯად მუსაიფობდა... ეტყობოდა, რაღაც მძიმე საქმე ჰქონდათ გადასაწყვეტი.

ციხის ერთ-ერთ კოშკზე მამელუკთა სათაყვანებელი დროშა აიმართა. ამ დროშას იშვიათ შემთხვევის დროს გამოიტანდნენ ხოლმე. დროშის დანახვაზე მთელმა საზოგადოებამ, ნიშნად სიხარულისა, ერთი დაუსრულებელი კიჟინა დასცა. მსჯელობა-კამათი ცოტ-ცოტად მისწყდა და ხალხმა მოედანზე გალავანთან რაზმებად დამწკრივება დაიწყო. შუაგულ ქვეითები დარაზმდნენ, იქით-აქეთ ცხენოსნები... რა თქმა უნდა, ყველანი შეიარაღებულნი იყვნენ.

ბევრი ხანი არ გასულა, რომ ციხის გალავანზე ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილი ბიიები გამოჩნდნენ და მხედრობას მიესალმნენ. ჯარმა აღტაცებული ყიჟინა დასცა. მაგრამ აგერ გამოჩნდა მოოქრული ტახტრევანი. ხალხმა სული განაბა. ტახტრევანი გალავანზე მოწიწებით დაასვენეს და ფრთხილად კარი გააღეს.

იქიდან აუჩქარებლივ გამოვიდა თეთრწვერა ხმელ-ხმელი მოხუცი. ტანზე სადათ შეკერილი ჭრელი ხალათი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ეხურა და წელზე ოქროთ შეჭედილი, ჩვეულებრივ, მოღუნული ხმალი ერტყა. ეს გახლდათ მოლა ომერ-ბი-საიდი, მამელუკთა მეთაური, მთავარი ბიი, ერთხმად არჩეული ალი-ბიის სიკვდილის შემდეგ. ომერ-ბიიმ ხელით ანიშნა მოსამსახურეებს ტახტრევანი წაეღოთ, წელზე ხმალი გაისწორა, გალავანზე გადმოდგა და მხედრობას მხიარულად მიესალმა.

- გაუმარჯოს მოლა-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა უძლეველ მხედრობას! - გრიალებდა ჯარი.

ომერ-ბიის აქეთ-იქით დანარჩენი ბიიები მოუდგნენ. ომერს თვალები გაუბრწყინდა და ღიმილით გახედა მის წინ დარაზმულ რამდენიმე ათას ცხენოსან ქვეით მხედრობას. ჭრელ ხალათებში და წითელ ქუდებში გამოწყობილი ჯარი რაღაც საარაკო სანახავი იყო.

- დიდება ალლაჰს, შემოქმედსა და მოწყალესა. - სასოებით წარმოსთქვა ომერ-ბიიმ და ხელები მაღლა აღაპყრო. საკმაო მკაფიო და საამო მოსასმენი ხმა ჰქონდა.

- დიდება ალლაჰს! - ბანი მისცა ჯარმაც.

- გაუმარჯოს მამელუკთა მძლეთა-მძლე მხედრობას, - დაიძახა ომერ-ბიი-საიდმა და კისერი ამაყად მოიღერა.

ჯარის აღტაცებული ყიჟინა წუთს არ შეწყვეტილა.  ომერ-ბიი მოთმინებით აღიჭურვა და, როცა ყველანი ცოტა-ცოტა დამშვიდდნენ, აუჩქარებლად, რაც შეეძლო, ხმა მაღლა წარმოსთქვა:

- მამელუკნო! - ხალხმა ხმა გაკმინდა, თითქმის ცხენების ფრუტუნიც აღარ ისმოდა. - დიდებულის წინასწარმეტყველის დროშის ქვეშ შეკრებილა მისი უძლეველი მხედრობა. ბევრს გულს უმღვრევს და სულს უშფოთებს მისი გმირობა და მამაცობა. ბევრი მტრობს, არ მეგობრობს... ფადი-შაჰიდან მოყოლებული ხართუმის ველურ თემთა მთავრამდე, ყველანი ბრაზით კბილებს აკრაჭუნებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავის არ ეპუება, შესაფერ პასუხს აძლევს ყველას.

მისი დროშა თამამად ფრიალებს და, უეჭველია, კვლავ იფრიალებს, თუ არ მოაკლდა ერთსულოვნება, სიმამაცე და ბრძოლის ველზე თავგანწირულება, რაც დღემდე გვჩვევია, ძმანო, საყვარელნო მამელუკნო.

- გაუმარჯოს ომერ-საიდს! გაუმარჯოს მამელუკთა მხედრობას! - დაიგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო! - განაგრძო ომერ-ბიი-საიდმა. - ყველამ ვიცით, საყვარელნო, რომ ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება ალლაჰისა და წინასწარმეტყველის შემდეგ, ჩვენი მარჯვენა და ჩვენი ხმალია.

ისიც გამოცდილებით ვიცით, რომ მაგარი მკლავი და ბასრი ხმალი, მრავალთა უმრავლესიც რომ იყოს, უღონოა და სუსტია, თუ ღირსეული მეთაური წინ არ მიუძღვის და გზას არ უჩვენებს. მამელუკნო, სხვათა შორის, ჩვენს საერთო ღირსებას ის შეადგენდა, რომ ვიცოდით ღირსეული წინამძღოლის არჩევა... ჩვენ სრულებით არა გვჭირია ანგარიში ან ხათრი გავუწიოთ ვინმეს ჩამომავლობას და გვარიშვილობას! პირადი ღირსება: ჭკუა, სიმამაცე და მამელუკთა ერთგულება - აი რას ვეძებთ ჩვენ მეთაურში. მოგეხსენებათ, დღეს გლოვობს მამელუკთა მხედრობა.

წინასწარმეტყველმა ინება და სახელოვან სარდალს, თავდადებულ მამელუკს, ფიბის მაზრის გამგეს, ბაგირ-ბიის ზეცად მოუწოდა. ახლა მისი სული იმქვეყნიურ სიტკბოებაშია. მარად ქალწულ გურიებთათანა განიხარებს მისი განახლებული არსება. ჩვენ კი, აქ დარჩენილთ, დიახ გვესაჭიროება მისი მაგიერი სარდალი. მამელუკნო, უნდა ავირჩიოთ განსვენებულის ბაგირ-ბიის მოადგილე.

დაასახელეთ, ძმანო, ღირსეული კაცი. იყოსმცა მფარველი ჩვენი დიდებული ალლაჰი და მისი წინასწარმეტყველი, სანამ ეს მუდამ ფირუზისფერი უღრუბლო ცა ეგვიპტეს დაჰყურებს და სიგრძე-სიგანე განუზომელი ნილოსი მასაზრდოებელ ტალღებს უძირო ზღვისაკენ მიაქანებს! დიდება ალლაჰს, მოწყალესა და შემწყალებელსა ჩვენსა! - ისევ ხელების მაღლა აღპყრობით დაათავა ომერ-ბიი-საიდმა.

- დიდება ალლაჰს! - დაიგრიალა მხედრობამაც.

ცოტა ხანს ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა. “სულ-ერთია... იმან... კარგია... სთქვას...” - ისმოდა კანტიკუნტად ხალხში.

- მამელუკნო! - გაისმა მჭექავი ხმა და ერთი შავტაიჭოსანი ჭაღარა მხედარი დაწინაურდა.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

- მამელუკნო, ოცი წელიწადი გავიდა მას აქეთ... მაშინ... ეხ! მეც ჯეილი ვიყავ. სეუტელებმა ხარკის მოცემა მოგვისპეს. გამარები და სხვა შავკანიანთა თემები მოიწვიეს და ჩვენი გამკლავება განიზრახეს. მათ წინააღმდეგ ორი ათასი მხედრობა გაიგზავნა. მეც მათში ვერიე.

სეუტის ალყა შემოვარტყით, გვინდოდა ერთი დაკვრით აგვეღო, მაგრამ ეს არც ისე ადვილი შესასრულებელი შეიქმნა, როგორც გვეგონა. ურჯულომ ჩირან-ბეიმ, შუბოსანთა წინამძღოლმა, ჩვენ მარცხენა ფრთას შემოუარა და სეუტის გალავანსა და ოღრო-ჩოღრო კლდეებს შუა მოგვამწყვდია. ჩვენმა ცხენებმა ფეხი ვერ მოიკიდეს, გალავნიდან კი ცეცხლსა და ქვას წვიმასავით გვაყრიდნენ. მწარე გასაჭირი გვადგა.

KvirisPalitra.Geეგვიპტეში ქართველ მამელუკთა ძლიერების მზე ჩაესვენა...

1805 წლიდან ეგვიპტეს წარმოშობით ალბანელი მოჰამედ-ალი მართავდა. მან მშვენივრად იცოდა ქართველი ბეგების ურჩობა და თავისუფლების სიყვარული და ისიც, რომ ქართველთა განადგურების გარეშე ვერასოდეს შეძლებდა ერთპიროვნულ მმართველობას ეგვიპტეში.

ერთ დღეს მოსამედ-ალიმ მუკატანის ციხეში დაიბარა ქართველები სამხედრო თათბირზე. 800-მდე წარჩინებული ბეგი და სარდალი გამოცხადდა ციხეში. ნათათბირევს ალაყაფისკენ მიმავალ გზაწვრილზე ქართველ მამლუქებს მზაკვრული მახე დაუგეს, ორ ჭიშკარს შორის მცირე მონაკვეთში ისე მოაქციეს, რომ ვერც ცხენი გაეტოკებინათ და ვერც მახვილი, ალაყაფი დაუგმანეს, სათოფურებიდან ტყვია დაუშინეს... მხოლოდ ერთმა, სახელად ჰასანმა, სასწაულებრივად დააღწია თავი სასაკლაოს, ციხის გოდოლს ელვის უსწრაფესად თავზე მოექცა და 25 მეტრის სიმაღლიდან უფსკრულში გადაფრინდა.

ყველა გააოგნა მისმა თავზე ხელაღებულმა სიმამაცემ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჰასან-ქართველი, მცირედ დაჟეჟილი და დაკოჭლებული იქაურობას გაეცალა. მოჰამედ-ალიმ ჰასანს მალემსრბოლი დაადევნა და თავის კარზე სამსახური შესთავაზა, მაგრამ მან არ ისურვა ქართველ მამლუქთა ძვლებზე აღზევებული მოჰამედის მონობა და უკვალოდ გაქრა...

ამის შემდგომ მოჰამედი ეგვიპტეში დარჩენილ ქართველებს მიადგა. უთანასწორო ბრძოლას კიდევ ბევრი მამლუქი შეეწირა და მათი ძლიერების მზეც ჩაესვენა... ეს 1811 წელს მოხდა.

უკანასკნელი სახელოვანი მამლუქი მე-19 საუკუნეში მოიხსენიება, ეს იყო ლაზ-ოღლი, რომელიც მეთაურობდა ეგვიპტის დამოუკიდებლობის პატრიოტულ მოძრაობას. თუ როგორ არის მისი ღვაწლი დაფასებული, ამას კაიროს მთავარ მოედანზე აღმართული დიდებული ქანდაკებაც მოწმობს ამაყი და მრავლისმთქმელი წარწერით:" "მამლუქი ლაზ-ოღლი"...