"ბეშთაშენის ქრისტემდე VIII-VII საუკუნის სამარხში განისვენებდა ქალ-ვაჟი, რომელთა­ სიყვარული ჩვენი ტკივილიანი წარსულის სიმბოლოა" - კვირის პალიტრა

"ბეშთაშენის ქრისტემდე VIII-VII საუკუნის სამარხში განისვენებდა ქალ-ვაჟი, რომელთა­ სიყვარული ჩვენი ტკივილიანი წარსულის სიმბოლოა"

სულისშემძვრელი სიყვარული ყორღანებიდან

"ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,

ყაბარდოს ველი გადაიარა,

ისევ აღვსდექი!

მუხრანის ბოლოს

ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს...

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,

ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები..."

(გიორგი ლეონიძე, "ყივჩაღის პაემანი")

წალკაში, ბეშთაშენის ათასწლოვანმა სამარხმა, რომელსაც ჩვენი ისტორიის დრამა შემოუნახავს, ეს ლექსი გამახსენა. სულისშემძვრელია ბეშთაშენის ყორღანების ბოლოდროინდელი აღმოჩენები და მარადიული სიყვარულის ამბავი, რომელსაც ისტორიკოსი მანანა კილაძე ჩვენი წარსულის სისხლისა და სევდის ნაკვალევს უწოდებს.

- სხვაგან სად არის ისეთი ათასწლოვანი სიმდიდრე, როგორიც თრიალეთშია - ციკლოპური ციხეები, ყორღანები, რომლებშიც ჩვენი წინაპრები განისვენებენ, ბრწყინვალე კულტურა და ის საოცარი ნაკეთობები, რომლებსაც ეს სამაროვნები ინახავს... ბეშთაშენის სამაროვანს არქეოლოგ დიმიტრი ნარიმანიშვილის ექსპედიციამ, რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო - სამაროვანი დამშრალი ხევის პირას მდებარეობს და წვიმების სეზონზე ნაკადული აზიანებდა, ზოგი სანახევროდ გააშიშვლა კიდეც. არადა, თურმე აქ ყველაზე სულისშემძვრელი დრამა ტრიალებდა - ამ სამარხებში განისვენებდა ქალ-ვაჟი, რომელთა სიყვარული ჩვენი ტკივილიანი წარსულის სიმბოლოა. სამარხი ქრისტემდე VIII-VII საუკუნისაა. ეს უკვე რკინის ხანაა. ანუ დრო, როცა ოქრო რკინამ და ბრინჯაომ დაჯაბნა და საყვარელ ადამიანებს სამაროვანში ოქროს ნივთებს აღარ ატანდნენ. თუმცა, ძნელია აღწერო, რამდენად მაღალი დონისაა ყორღანებში აღმოჩენილი კერამიკისა და ბრინჯაოს ნაკეთობები.

თრიალეთელები დიდებული მეომრებიც იყვნენ - სამარხებში სატევრები ყველა მამაკაცს აქვს ჩაყოლებული. მთელი მოსახლეობა ერთად იგერიებდა მტერს, რომელიც ქალებსა და ბავშვებსაც კი ხოცავდა. ქალ-ვაჟის სამარხში, რომელიც სიყვარულის საოცარ ისტორიას ჰყვება, ქალი სწორედ მტრის ისრებით არის განგმირული - ერთი წვივში აქვს მოხვედრილი, მეორე ნეკნებში. დადგინდა, რომ ზურგიდან აქვს ნასროლი და ცხადია, გულში გაუარა... ქალი ამ ისრიანად არის დამარხული. ეს გოგო-ბიჭი დაახლოებით 17-25 წლის არიან. ჭირისუფალმა გოგონა მეუღლეს, ან იქნებ საქმროს არ დააშორა და ერთად დაკრძალეს. როდესაც არქეოლოგებმა სამარხი გახსნეს, ქალ-ვაჟი ჩახუტებული დახვდათ - ვაჟს ხელი გოგონას წელზე აქვს შემოხვეული. ასე იწვნენ უთავოდ და ჩახუტებულები...

- უთავოდ რატომ უნდა ყოფილიყვნენ?

- შესაძლოა, თავები მტერმა ნადავლად წაიღო - თავის მოკვეთა რომ საკრალურად მიიჩნეოდა, დასტურდება იმითაც, რომ ერთ-ერთ სამარხში თავი ლანგარზე დადებული აღმოჩნდა... არანაკლებ მნიშვნელოვანია სამაროვანში ჩაყოლებული ნაკეთობები და ცხოველთა ნაშთებიც, მათ შორის, ღორის ძვლები... ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი თრიალეთში მიწათმოქმედებას ეწეოდა და აქ დამკვიდრებული იყო. სამარხებში ნაპოვნია ხორბლის სალეწი კევრებიც, რომელიც მიცვალებულის დასასვენებლად გამოიყენებოდა და რიტუალად მიიჩნეოდა.

- რატომ მაინცდამაინც კევრი? - ხორბლის იმხელა ყანები ჰქონდათ და იმდენად ბევრი კევრი, რომ დაზიანებულებს აღარც შეაკეთებდნენ და მიცვალებულის დასასვენებლად იყენებდნენ.

ეს ის საქართველოა, სადაც ომიც იცოდნენ, შრომაც და სიყვარულიც.

ეთერ ერაძე