მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@34)

ხვიჩას მხილველ ალი ბიის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა - წმინდა მამელუკადაა დაბადებულიო, - წარმოთქვა, ღონე მოუსინჯა და ბიჭის გასაწვრთნელად გაგზავნა გადაწყვიტა. თან ჭკუას არიგებდა, აქ უშველებელი მდინარე მოდის, სადაც ბასრკბილა ნიანგები ბუდობენ,  შენი სამშობლოს მოჩუხჩუხე წყაროები ნუ გეგონებაო. სამშობლოს გახსენებაზე ბავშვს ცრემლი მოადგა თვალზე და მწარედ ატირდა... ოცდაათი წელი გავიდა ზემოთ მოთხრობილი ამბის შემდეგ.

ქაიროს განაპირას, მოკატტიმის მთის კალთაზე ამაყად აღმართულა სალადინის ციხე თავისი მაღალი კოშკებითა და სქელი გალავნით. ეგვიპტის ყოველი მხრიდან მოგროვდნენ აქ მამელუკთა საუკეთესო წარმომადგენლები - ბიიები, ათასთავები, ათისთავები, რჩეული მხედრობა. საჭირბოროტო საკითხი აქვთ გადასაწყვეტი - აწ გარდაცვლილი სახელოვანი სარდლის ბაგირ-ბიის ნაცვალი უნდა აირჩიონ...

მამელუკნო, ვინ შეახტა მაშინ მარჯვედ მტრის გალავანს, მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი? გმირს სხვებიც უკან მიჰყვნენ, ციხეში შეიჭრნენ, კარი გაგვიღეს და გაგვამარჯვებინეს. იმ მამელუკმა მაშინ ასისთაობა მიიღო. ის ვინ იყო?

- მახ... მუტ! მახ.. მუტ! - დაიგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო! - გაისმა ხმა ცხენოსანთა მეორე მხრიდან და ვიღაც წითური, შესაზარი შესახედაობის კაცი დაიძრა. უშველებელი ულაყი ცხენი მხედრის ქვეშ ბორგავდა, თავს აკანტურებდა და საჯირითოდ მიიწევდა. ჯარმა გზა უტია და მხედარი წინ წარსდგა.

- იმედია, ძმებო და თანამოაბჯრენო, მეც მომისმენთ. ეს მშვენიერი, ვიწროდ და გრძლად გაჭიმული წალკოტი ამ ვერან და ხრიოკ უდაბნოს შორის, ვით მწვანე ფირუზი კლდის ნაპრალში გდებული, ეს ძველთა-ძველი ჩარდახებით, ტაძარ-გალავნებით, უზარმაზარ წოწლოკინა სასაფლაოებით, ეს ვაზით, ფინიკით და ხორბლით გალაღებულ-გაპოხიერებული ქვეყანა - ეგვიპტე, დიდებულმა წინასწარმეტყველმა, ჰოი, მამელუკნო, ჩვენს ხმალს და ჩვენს დროშას დაუმორჩილა!

ზლაზვნით მიგორავს ნილოსი, მიაქვს ქვეით ჩვენი ამბები, რომ განუზომელ ზღვას და იქიდან მთელ ქვეყანას ამცნოს და გააგებინოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ერთობა და ჩვენი შეუდრეკელი გამბედაობა. სხვა რაღა უნდა მიქოს ნილოსმა? პაპას ვერ მიქებს დიდებულს და პაპის პაპას ჩინებულს! მე არც კი ვიცი, ვინა ვარ, სადაური ვარ, მხოლოდ ვიცი, რომ მამელუკი ვარ! ხმალი ჩემი - დედ-მამაა ჩემი, მკლავი ჩემი - სიმტკიცეა ჩემი, თქვენთან, ძმებო, შეურყეველი კავშირი - გამარჯვებაა ჩემი...

- ვაშა, ვაშა! - გრიალებდა ჯარი.

- სრულებით ვეთანხმები ჩვენს მბრძანებელს, მეთაურს და მასწავლებელს ომერ-ბიის, - გააგრძელა წითურმა კაცმა, - რომ კარგ მეომარს კარგი მეთაური სჭირია. უშიშარი და გამბედავი მუთაური ტოლია მთელი მხედრობისა! მახსოვს და ბევრს თქვენთაგანსაც ახსოვს, სულ ათი წლის საქმეა, ასუანთან მოგვიხდა ბრძოლა. ზანგები ყიჟინით და კბილის კრაჭუნით წამოიშალნენ ჩვენზე. ჩვენც მედიდურად ვეკვეთეთ. ჩვენი ხმალთა ელვა-კაშკაში მზის სხივებს ეცილებოდა. ხელჩართული ბრძოლაა დიდხანს გაგრძელდა. უთვალავი მტერი, კალიასავით მოზღვავებული, წინ მოდიოდა.

KvirisPalitra.Geათასი ვძლიეთ, ორი სხვა აღმოჩნდა, ისიც გავანადგურეთ, ხუთი კიდევ მოზღვავდა. დაიქანცა, შედრკა ჩვენი მხედრობა. თითქოს გვღალატობს ბედიო, ოდნავ განზე გადიხარა ჩვენი ამაყად მოფრიალე დროშა. მკლავში ტკივილი ვიგრძენ, ხმლის ტარს ხელი ვერ მოვუჭირე.. ხელის გულზე დავიხედე, წითელი ზოლები შევამჩნიე... ჩვენიანების გულზვიადი ურთიერთის გამხნევება ყურთასმენას არ მიტკბობდა. შევიხედე, ჰოი, თვალები დამიდგეს!

მამელუკთა მხედრობის სიამაყე, სწორუპოვარი სარდალი ბათირ-ბიი ზანგის შუბით განგმირული ცხენიდან ჩამოეშვა... შევკრთით, დავძაბუნდით. ერთი წამი და მტრისთვის ზურგი უნდა გვეჩვენებინა. მამელუკნო, გახსოვთ ასისთავი, ხმამაღლა რომ შეჰკივლა? ისეთ ხმას, მხოლოდ მაღალი მთის მწვერვალზე მობინადრე არწივები გამოსცემენ ხოლმე. ხმალი შეათამაშა და, ვით შავარდენი მტრედთა გუნდში, მტრის რაზმში შეიჭრა. ჩვენები გამხნევდნენ, შურდულივით უკან დაედევნენ, მტრის ჯარი შუა გააპეს, სძლიეს და ჩვენი დროშა კვლავ ამაყად ააფრიალეს. ვინ იყო ის ასისთავი?

- მახ... მუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.

- მამელუკნო! - გაისმა მესამე ხმა, - ფიბის ნანგრევების ქვემოდ ჩვენი რაზმი იდგა. გარს მტერი ერტყა, ატბართა და ჰოტენტოტთა თემები შოას ნეგუსის, ჩვენი დაუძინებელი მტრის იმედით ზურგგამაგრებულნი, ჩვენზე თავხედურ იერიშს ლამობდნენ. ჩვენდა სამარცხვინოდ, აწ უკვე განსვენებულმა საღირ-ბიიმ (ალლაჰ, იქ მაინც ნუ მოაკლებ სახელსა და ნეტარებას), ვერც ერთი მხრივ შეტევა ვერ გაბედა. მტერმა თითქოს იგრძნო ჩვენი გაზურგება, რკალივით შემოგვერტყა და ისე შეგვავიწროვა, რომ გასაქანი არა გვქონდა.

ორში ერთი: ან იარაღი უნდა დაგვეყარა, ან მტერი გაგვერღვია. მაშინ ვინ იყო, მამელუკნო, რომ დაიძახა: ჩემთან, ძმებოო! ტაიჭი გააქანა და ჰოტენტოტთა მეთაურს, გუთხარ-ხათუს ხმალდახმალ ეძგერა და ერთი დაკვრით თავი გააგდებინა?..

- მახმუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.

მოხუცი ომერ-ბიი-საიდი კვლავ გალავნის მოაჯირზე გადმოდგა. თან სხვა ბიიები ახლდნენ.

- დიდება ალლაჰსა, გამჩენსა და მწყალობელსა ჩვენსა, - ხელაპყრობით წარმოსთქვა მან, - საქმე გამორკვეულია. ხმა ერისა და ხმა ღვთისა! სურს შენზე მონდობილს მამელუკთა მხედრობას და იქმნას ასე:

გვყავს მახმუტ-ბიი, ძმა და თანამოაბჯრე ჩვენი.

ჯარის მხიარულ კიჟინს დასასრული არ უჩანდა. ომერ-საიდმა მოოქრული ხმალი მოიხსნა და ხელში დაიჭირა, დააცადა, სანამ ჯარი დაწყნარდებოდა, და მერე ხმამაღლა დაიძახა:

- მახმუტ-ბიი!

ჯარში ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა.

ცოტახნის შემდეგ რაზმმა გაიწ-გამოიწია, გზა უტია და გამოჩნდა ერთი ახოვანი, კარგა აჭაღარავებული ვაჟკაცი. ის ოქროსფერ ბედაურზე იჯდა, აბრეშუმის ჭრელი ხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. ტიპიური, ოდნავ ხუჭუჭა წვერ-ულვაში, მოგრძო ცხვირი, ზომიერი თვალები და თეთრი პირის კანი ეჭვში თუ შეიყვანდა კაცს, რომ მაღალ ხარისხზე არჩეული მამელუკი შთამომავლობით არც ოსმალი იყო და არც არაბი, თორემ სხვაფრივ წმინდა წყლის მაჰმადიანსა ჰგავდა.

მახმუტს სახეზე აღელვება ეტყობოდა.

მან კოხტად მოახტუნა ცხენი და გალავნის ძირს შეჩერდა. ბედაური კი არ ისვენებდა, კიშმიშზე დგებოდა.

- ჰა! - დაიძახა ომერ-საიდმა და ხმალი ისროლა. ყვითლად შეიკაშკაშა მზის სხივებზე ოქროთი მოჭედილმა მრუდე ქარქაშმა.

მახმუტ-ბიიმ ხმალი დაიჭირა.

კვლავ იგრიალა ჯარმა და მახმუტ-ბიის ფუტკარივით გარს შემოეხვია.

...

ქაირის ფირუზის სასახლეში ყველა ოცდაოთხივე ბიი შეკრებილიყო.

ომერ-ბიი-საიდმა, მეთაურთ-მეთაურმა, დიდად აღელვებულმა და აღშფოთებულმა, კრება გახსნა.

- წარჩინებულნო, წინამძღოლნო! - მიმართა მან ბიიებს - უკვე გაგონილი გექნებათ, რა მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბავი მოგვივიდა. ალექსანდრიაში უკვე, გადმოუსხამს თავისი ლაშქარი ფრანგთა ფაშათ-ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტეს და გაჩქარებით მოდის თურმე ჩვენკენ საომრად. გვიახლოვდება მტერი ძლიერი, მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოწვრთნილი, მტერი ბრწყინვალე გამარჯვებით გულ-გაზვიადებული და გაამაყებული. რა უნდა გითხრათ, მამელუკნო, სიყრმიდანვე ბრძოლას ჩვეულნო? ძლიერი მტერი მოდის. პასუხი ერთადერთია:

გალესილი მახვილი უნდა დავახვედროთ. მამელუკნო! დასამალი რა არის, შინაც არა გვაქვს მტკიცედ საქმე. ფელახებში დიდი მოძრაობაა, თურმე. ზოგნი ფრანგთა ტანმოკლე ფაშათ-ფაშას ჩვენზე გამარჯვებას წინდაწინვე დღესასწაულობენ - იქნებ გვეშველოს და მამელუკთა ბატონობას ბოლო მოეღოსო, ამბობენ, თურმე. მაშ, მსწრაფლი მზადება, მამელუკნო, ჭკვიანი თადარიგი, მედგარი დახვედრა, სახელოვანი სიკვდილი...

ბიიებმა სულგანაბულად მოისმინეს თავიანთი წინამძღოლის სიტყვები. ყველანი გრძნობდნენ საქმის არაჩვეულებრივ სირთულეს.

- ვერ გამიგია, - დაარღვია სიჩუმე ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასლან-ბიიმ, - რისთვის მოდის ტანმოკლე ფაშათ-ფაშა ჩვენზე? რა უნდა ჩვენგან? რა დაგვიშავებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი. მასთან და მის ჯართან თავის დღეში შეტაკება არ მოგვსვლია. საიდან მოგვწვდა ამ სიშორეზე?

- ადვილი ასახსნელია, ჩემო ასლან, - მიუგო სალეკ-ბიიმ, გრძელწვერა, ჭაღარა კაცმა, - ფაშათ-ფაშას ახლო-მახლო უცხო ტომთა ჯარები დაუძლევია და ახლა უკვე მოხვეჭილი სახელის შარავანდედის მოსაფენად ჩვენკენ გამოილაშქრა. ეს ხომ ყველა გულადი მეომრის თვისებაა.

- რა ვუყოთ, მობრძანდეს, აგერა ვართ - სთქვა ხაირ-ბიიმ, პირმოპარსულმა, შავ-შავმა კაცმა.

- ეს ხომ ასეა, აბა, სად უნდა გავექცეთ? მამელუკს სიკვდილის როდის შეშინებია, მაგრამ საქმე ისაა, ყოველ გალაშქრებას და, მით უფრო, გალაშქრებას ასეთ შორეულ ქვეყანაზე, რამე პატივსადები მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე მგონია, უმიზეზოდ არც ეს გალაშქრება უნდა იყოს. ხომ მოდიოდა ამბები, მამელუკნო, ნაპოლეონ ფაშათ-ფაშა ინგლისელებზე აპირებს გალაშქრებასაო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს მძიმე საქმე იმასაც ვერ გაუბედნია.

ინგლისელებს შინ რომ ვერა დააკლეს რა, გარედან სურთ უკბინონ, ჩვენსკენ გამოლაშქრებით უნდათ ვნება მიაყენონ ინგლისელთა ვაჭრობას... მისი, ასე ვთქვათ... აღებ-მიცემობა შეაფერხონ, - ჩაერია ლაპარაკში ქილმა-ბიი, შუახნის თვალ-ტანადი კაცი.

- ადვილი შესაძლებელია, ასეც იყოს, მხოლოდ ამ მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ბევრს ვერაფერს შეგვძენს. წარმოვიდგინოთ, ამ წუთში გაჩნდა აქ თვით ტანმოკლე ფაშათ-ფაშა და თავისი პირით დაწვრილებით აგვიხსნა და განგვიმარტა, თუ რამ აიძულა, ჩვენსკენ გამოელაშქრა.

მე მგონია, ამით საქმის მდგომარეობა ნამცეცისოდენად არ შეიცვლება, ჩვენი მდგომარეობა ამ მიზეზის ცოდნით სრულებით არ გაუმჯობესდება. თავი და თავი მიზეზი, რაც ყველამ უკვე ვიცით, მაინც უცვლელი დარჩება - ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო, გვეუბნება ის კაცი, - სთქვა მახმუტ-ბიიმ.

დაუდ ფაშა - ერაყის განმათავისუფლებელი და აღმაშენებელი

შუამდინარეთის ლეგენდარულ ქვეყანას,  ერაყს სულეიმან დიდი-ბუიუქი,  მისი ქართველი სიძე ჰაფიზ ფაშა, სულეიმან მცირე-ქუჩუკი, სიმამაცისთვის ლომად წოდებული ასად ფაშა განაგებდნენ. 1617 წლიდან კი ოცი წელი ერაყის სულთანი და ბაღდადის ხალიფა გახლდათ დაუდ ფაშა - დათო მანველაშვილი, იფნისელი ბოჩოლაანთ გიორგას ვაჟი, რომელიც 6 წლისა გაიტაცეს ქართლიდან. გლეხის ბიჭი ისტორიას შემორჩა, როგორც ერაყის კანონმდებელი, განმანათლებელი, ფილოსოფოსი და აღმაშენებელი!..

ბოჩოლაანთ დათო ბაღდადის ტყვეთა ბაზარზე მუსტაფა-ბეგს მოსწონებია და საჩუქრად მიურთმევია ბაღდადის ფაშასთვის. ფაშა სულეიმან ბუიუქიც ქართველი ყოფილა. ტყვეს დაუდი დაარქვეს და აღსაზრდელად სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს. დაუდმა მალე შეისწავლა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი, არაბული ენა. სამხედრო საქმე. სახელმწიფო ბეჭდის მცველად დანიშნეს ჭაბუკი, მოკლე ხანში კი სიმდიდრით განთქმული ერაყის ხაზინის მართვა ჩაიბარა 27 წლის დაუდმა(!).

სულეიმან ფაშას მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე და თავისი ასული მიათხოვა ცოლად. 1601 წელს სულეიმან ფაშა გარდაიცვალა და ერაყის გამგებლობა მისმა სიძემ, ქართველმა ჰაფიზ ფაშამ ჩაიბარა. დაუდი იმ ხანად სემინარიის რექტორად აღზევდა. 1607 წელს, ჰაფიზ ფაშას სიკვდილის შემდეგ, ერაყის გამგებელი ასევე ქართველი სულეიმან ქუჩუკი-მცირე გახდა. დაუდი მას ერაყის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაუბრუნებია.

მალევე სახელოვანი დაუდ გურჯი ერაყის პრემიერი(!) გახდა. სულეიმანის შემდეგ კი ერაყის ტახტზე ავიდა. მას ერთდროულად ერაყის სულთნისა და ბაღდადის ხალიფას უმაღლესი ტიტული მიენიჭა!.. დაუდ ფაშამ ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი შემოიერთა.

ინგლისელებსაც ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი. შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. გაატარა რეფორმები, ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა, დააარსა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობად თბილისიდან მიიწვია განთქმული სპეციალისტები.

ბაღდადში ააგო კომფორტული უდიდესი სავაჭრო ცენტრი, ათეულობით კეთილმოწყობილი აბანოთი. მერე და მერე კი ერაყსაც მძიმე დროება დაუდგა. იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, ოსმალეთი ლეგენდარულ ბაბილონს შეესია. დიდხანს ებრძოდა დაუდ ფაშა მომხდურებს, ხან სად ააგორა აჯანყება და ხან სად დაასამარა თურქნი.

ბოლოს კი ეულად დარჩენილი ტყვედ იგდეს. ბედის ირონიით, მისი დამმარცხებელი თურქთა მთავარსარდალიც ქართველი იყო, ალი-რიზად წოდებული. ხმალი არავის შეაბედვინა ძვირფას ტყვეზე ალი-რიზამ და სტამბოლს მიჰგვარა სულთანს.

საოცარია, მაგრამ არც სულთანმა ინება მოკვლა დიდებული გურჯისა, გმირად გამოაცხადა და ბოსნიის გამგებლად დანიშნა(!). ჩააწყნარა და ააყვავა ბოსნია დაუდ ფაშამ, დაუფასა სულთანმა ღვაწლი და ახლა თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ვილაიეთის მთავარგამგებლად დანიშნა.

1646 წელს 70-ს მიტანებული დაუდ ფაშა სულთანმა მუსლიმთა ყველაზე საპატიო პოსტზე დანიშნა - მექაში მუჰამედ წინასწარმეტყველის მავზოლეუმის წინამძღვრად! 1651 წელს აღესრულა დაუდ ფაშა, დაკრძალეს მექაში, ხალიფების საფლავების გვერდით...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)