მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

სალადინის ციხეში თავშეყრილ მრავალრიცხოვან მამელუკთა თავყრილობამ გარდაცვლილი სახელოვანი სარდლის ბაგირ-ბიის ნაცვლად უებრო მეომარი და მეთაური მახმუტ- ბიი აირჩია. ოქროსფერ ბედაურზე ამხედრებული, აბრეშუმის ჭრელ ხალათში გამოწყობილი მახმუდ-ბიი ტიპური, ოდნავ ხუჭუჭა წვერ-ულვაშით, მოგრძო ცხვირითა და თეთრი პირის კანით ეჭვში შეიყვანდა კაცს, რომ რჩეული მამელუკი შთამომავლობით არც ოსმალი იყო და არც არაბი, თორემ სხვაფრივ წმინდა წყლის მაჰმადიანსა ჰგავდა....

არასასიამოვნო ამბავი მოვიდა ქაიროში - ფრანგთა ფაშათ-ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტეს ალექსანდრიაში გადმოუსხამს თავისი ლაშქარი და გაჩქარებით მოეშურება ეგვიპტის დასაპყრობად - მიმართა მახმუტ-ბიიმ ლაშქარს, - მრისხანე მტერი, მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოწვრთნილი, გვითვლის -  ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო...

- დავხვდებით, - წამოიძახეს ბიიებმა და ოქროთი მოჭედილ ხმლებზე ხელი იტაცეს.

ელვის სისწრაფით მოედო მთელ ეგვიპტეს ფრანგთა შემოსევის ამბავი. ყოველი მამელუკი, ვისაც ტანის განძრევა შეეძლო, საბრძოლველად მოემზადა. რაც ჯარი ჰყავდათ, სულ საბრძოლველად გაიწვიეს. მამელუკები კარგად გრძნობდნენ, რომ საქმე ჰქონდათ არა იმ ნახევრად ველურ აფრიკელებთან, ვინც უთანასწორო ბრძოლაშიც არა ერთხელ სახელოვნად დაუმარცხებიათ, მათ წინააღმდეგ მოდიოდა მთელ ქვეყანაზე განთქმული, იმ დროის მიხედვით საუკეთესო თოფებით და ზარბაზნებით შეიარაღებული, ევროპის შიშის ზარის დამცემი დიდებული ნაპოლეონ ბონაპარტე. მამელუკებს კი ზარბაზნები თითქმის არ ჰქონდათ. ისინი ნაქები იყვნენ, როგორც ცხენდაცხენ ხმლით მეომრები. სიკვდილის არ ეშინოდათ და ბრძოლაში შეუდარებელ სიმამაცეს იჩენდნენ, მაგრამ ხმალი ზარბაზნის წინააღმდეგ, რაც გინდა მამაც კაცს ეჭიროს ხელში, მაინც სუსტი იარაღია. მამელუკები ძლიერ კარგად გრძნობდნენ, რომ ახლანდელს გამარჯვება-დამარცხებაზე იყო დამოკიდებული მათი ბატონობა ეგვიპტეში და შეიძლება მთლად მათი არსებობაც, ამიტომ გადაწყვიტეს მთელი თავიანთი ძალ-ღონით დახვედროდნენ მოულოდნელ საშიშ მტერს.

ბონაპარტემ გადმოსხა თუ არა ჯარი გემებიდან ქალაქ ალექსანდრიაში, პირდაპირ ქაირისკენ გაემართა.

ქალაქი ქაირი დედაქალაქია ეგვიპტისა. არაბულად მისი სახელია მაზ-ულ-კახირა, რაც ნიშნავს ძლევამოსილს. გაშენებულია მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე. ქაირი დაარსებულია მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ არაბთა სარდლის ამრუ ფოსტატის მიერ. შემდეგ მეათე საუკუნეში სარდალმა გოჰარმა ძველი ქალაქის მახლობლად ახალი ქალაქი გააშენა. შემდეგ ორივე ქალაქი - ძველი და ახალი - შეერთდა. ქაირის ირგვლივ ძველ ეგვიპტელთა ოდესმე დიდებული და აწ უკვე დამარხული კულტურის ნაშთები ახვევია. ქალაქიდან სამხრეთით ათი-თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე მოსჩანს ძველ ეგვიპტელთა სატახტო ქალაქის მემფისის ნანგრევები, ჩრდილოეთით კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ძველ ქალაქის ჰელიპოლისის ნანგრევებია, ხოლო დასავლეთით, მდინარე ნილოსის გაღმა ათი-თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით, ხრიოკ უდაბნოთა მიჯნაზე, ამართულია სამი უზარმაზარი, თავ-წოწლოკინა შენობა, ეგრეთ წოდებული პირამიდები, აშენებული ორიათას ხუთასი წლის წინათ ქრისტეს დაბადებამდე. ამ შენობებს თავისი სიდიადით დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს კაცობრიობა. ყველაზე უფრო დიდს ქეოპსის პირამიდის, მაგალითად საძირკველთან, სიგრძე აქვს 227 მეტრი, ამდენივე სიგანე, ხოლო სიმაღლე 137 მეტრი.

სწორედ ამ პირამიდების ცოტა ჩრდილოეთით, პირამიდებისა და მდინარე ნილოსის შუა, დარაზმდნენ საბრძოლველად განმზადებული მამელუკები. ჭრელი ხალათები ჩაიცვეს, ბედაურებზე შესხდნენ, მრუდე ხმლები გალესეს და, გამოჩნდა თუ არა ფრანგთა ჯარი, თავგანწირულად ეკვეთნენ.

...

KvirisPalitra.Geმახმუტ-ბიის განკარგულებაში იყო ხუთი ათასი მეომარი, ის სარდლობდა ჯარის მარცხენა ფრთას და ეჭირა ადგილი მდინარე ნილოსის ახლო. მას წილად ხვდა შეტაკება ფრანგთა ცხენოსან ჯართან. ფრანგთა კავალერია პირველად, ცოტა არ იყოს, მოუხეშავად იქცეოდა. მამელუკთა ჭრელი ტანისამოსის დანახვაზე ფრანგთა ცხენები დაფრთხნენ და აირივნენ. ამით ისარგებლა მახმუტ-ბიიმ, ბედაური წინ გააგდო, იშიშვლა ხმალი და ათასი მეომრით ფრანგთა კავალერიის შუაგულში შეიჭრა. მახმუტს განზრახვა ჰქონდა ფრანგები შუა გაერღვია, ერთი ნაწილი როდას კუნძულის ბოლოს, მდინარის მოსახვევთან მოემწყვდია, ახალი ძალები მიესია მათთვის და გაენადგურებინა. ნილოსის ლერწმოვან და ჭაობიან ნაპირებზე ფრანგთა ცხენები, ადგილმდებარეობას უჩვეულო, ფეხს ვერ მოიმაგრებდნენ და საჭირო სიმარდეს ვერ გამოიჩენდნენ. ამ მოსაზრებით შეუტია ასე ცხარედ მახმუტმა.

ფრანგები თითქოს მიუხვდნენ მახმუტ-ბიის განზრახვასაო, ცხარე შეტევაზე ცხარედვე არ უპასუხეს, პირიქით, უკან დაიწიეს; იმავ დროს შეეცადნენ არ არეულიყვნენ, შემტკიცდნენ და თავიანთი მთავარი ჯარისაკენ ალმაცერად გაიწიეს. ფრანგთა შუაგულ ჯარში კი ზარბაზნები ქუხდა და გრგვინავდა.

მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოჯეჯკილმა მახმუტ-ბიიმ პირველ შეტაკებისთანავე შენიშნა, რომ საქმე ჰქონდა ჯერ მისთვის უნახავ და უცნობ წესრიგთან. ფრანგების ყოველ მოძრაობას, ყოველ ფეხის გადადგმას ეტყობოდა მოფიქრება, მდგომარეობის წინდაწინ აწონ-დაწონა, აუჩქარებლობა და სასტიკი დისციპლინა. მამელუკთა ყოველ შეტაკებაზე ისინი მწყობრად უკან იხევდნენ და მსწრაფლ მოქნეულ ხმლებს აუჩქარებლად, მაგრამ საოცარის ოსტატობით იგერიებდნენ.

- ხასან! - დაუძახა მახმუტ-ბიიმ მის გვერდით მებრძოლს ერთ-ერთს ასისთავს. - ხომ ჰხედავ შვილო, რომ ჩვენ წინ ზანგები, ან კორდოფანელები არ არიან! ხომ ჰხედავ, რა ოსტატურად იგერიებენ ჩვენ შეტევას, როგორ ცოტ-ცოტად გვიტყუებენ თავიანთ მთავარი ძალებისაკენ? აბა, ჩქარა გაიქე ასლან-აღასთან. ათასი კაცით საჩქაროდ ნახიდარისაკენ გავარდეს, გიზეხის ქვემოთ ლერწმოვანთან ჩასაფრდეს და ელოდეს ჩემს განკარგულებას. მე მახმუტი არა ვყოფილვარ, თუ ფრანგებს მათი ეშმაკობა თავზე არ დავატეხე.

ხასანმა ცხენი მოაბრუნა, მათრახი შემოჰკრა და გავარდა.

მახმუტ-ბიიმ ჯარს უკან დახევა უბრძანა. დაიხიეს. ახლა კი ფრანგებმა შემოუტიეს. მათი ცხენებიც მიეჩვივნენ მამელუკთა ჭრელ ტანისამოსს, იმ ზომამდე არ ფრთხებოდნენ, კიშმიშზე აღარ დგებოდნენ. მახმუტმა ჯარს კიდევ უკან დახევა უბრძანა. ფრანგები სქლად მოაწვნენ. მახმუტმა პირი იბრუნა და ჭენებ-ჭენებით უკან დაიხია. ფრანგები დაედევნენ. ორას ნაბიჯამდე გაირბინა მახმუტმა და მერე სწრაფად მოტრიალდა და შეუტია. ფრანგები ამას აღარ მოელოდნენ, თავი ვეღარ შეიმაგრეს და დაიქსაქსნენ. მახმუტმა მედგარი იერიში მიიტანა, ფრანგთა კავალერია გაარღვია, რამდენიმე ასი კაცი დანარჩენ ჯარს მოჰგლიჯა და ნილოსის ნაპირისაკენ გაირეკა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ტრიალი მინდორი მოსჩანდა, მაგრამ ფრანგები იქით გაქცევას მოერიდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუჩქნარი და ლერწმოვანი იყო. რაღაც მოსაზრებით აქით უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს ფრანგებმა თავის შეფარება და კიდევაც გაქუსლეს ცხენები.

მახმუტ-ბიისაც ეს უნდოდა. სწორედ აქ იყო ჩასაფრებული ასლან-აღა. ასლან-აღა საფარიდან გამოვიდა, ათასი ახალი ჯარით გაქცეულ ფრანგებს გზა გადაუღობა, უკან კი ფეხდაფეხ მახმუტი მისდევდა.

სწორედ ორ ცეცხლს შუა ჩავარდა ფრანგების რაზმი, მაგრამ არ შედრკა, არ დაიბნა, ორად გაიყო. ერთმა პირი უკან იბრუნა და მახმუტის რაზმს შეუტია, ხოლო მეორე ასლანის რაზმს შეებრძოლა. შეიქმნა საზარელი უთანასწორო ჟლეტა. ფრანგთა მომწყვდეული რაზმი ყოველ წუთობით თხელდებოდა, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იდგნენ და თამამად იბრძოდნენ. მახმუტმა ახლა მთელი თავისი ძალა შემოიკრიბა და ფრანგთა მთავარ კავალერიას მიუსია, რომ მომწყვდეულებთან კვლავ შეერთებისათვის ხელი შეეშალა. თქმა არ უნდა, ნახევარ საათს მაინც თუ გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა, ფრანგთა რაზმი უკანასკნელ ჯარის კაცამდე ბრძოლის ველზე დაწვებოდა. მაგრამ აი იგრიალა ზარბაზანმა. უშველებელი ყუმბარა მახმუტ-ბიის შორი-ახლო გასკდა და რამდენიმე მამელუკი იქვე გააგორა.

ტანმოკლე ფაშათ-ფაშას, თურმე, არ ეძინა. მისი არწივისებური თვალები ყველაფერს ხედავდა, მისი გამჭრიახი, არაჩვეულებრივი გონება ყოველგან იყო. კავალერიის ზიანი რომ შეამჩნია, საჩქაროდ ზარბაზნები და ქვეითა ჯარი მიაშველა.

ზედიზედ გაიქუხა ზარბაზანმა და ოციოდ ახალი მსხვერპლი შეიწირა. “რა ყოჩაღად უმიზნებენ ეგ სახე-ძაღლები? - გაიფიქრა მახმუტ-ბიიმ და თავის მხრივაც შეუტია.

მაგრამ, აი, გაისმა ბარაბნის ხმა და მომწყვდეულთა საშველად წამოსული ხიშტიანი თოფებით შეიარაღებული ქვეითი ჯარიც გამოჩნდა.

ახლა კი მამელუკთა რაზმი შეიქმნა მომწყვდეული, სწორედ ის რაზმი, სადაც თვითონ მახმუტ-ბიი იმყოფებოდა.

- ხასან, ეს ქვეითა ჯარი რა ჯურის ხალხია, მწვანე მაუდის, ყვითელ გრეხილშემოვლებული მოკლე ტანისამოსი რომ აცვიათ, წმინდა წყლის ფრანგებს როგორღაც არ ჰგვანან? - დაეკითხა მახმუტ-ბიი თავის ასისთავს.

- ესენი ვენეციელები უნდა იყვნენ. ვითომ მივსცეთ გზა და მერე მათ მარჯვენა ფრთას შევუტიოთ?

- რას ამბობ! ალლაჰმა დაგვიფაროს, ჯერ-ჯერობით, რაც უნდა მოგვივიდეს უნდა გავმაგრდეთ და მერე ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა ყოველი ღონე უნდა ვიღონოთ, რომ ქვეითა ჯარი მომწყვდეულ ცხენოსნებს არ შეუერთდეს, თორემ ხომ ტყუილუბრალოდ დაიკარგა ჩვენი შრომა. გავუძლოთ როგორმე, მივსცეთ ასლან-აღას შეძლება ის რაზმი გაანადგუროს... სახსოვრად მაინც დარჩება... ყოჩაღ, ასლან-აღა! ჩინებულად იბრძვის! მეოთხედი საათი თუ დასცალდა, იმ პირმოპარსულ, ქუდზე ცხენის ძუა გარჭობილ ფრანგებს სათითაოდ ამ ველზე გამოსჭიმავს. ეს თუ მოხერხდა, მერე ასლან-აღაც ჩვენ შემოგვიერთდება და თავგანწირვა... სიკვდილი... ჩემო ხასან!..

ქვეითა ჯარს აქა-იქ ცხენოსნები მოსდევდნენ. ტანსაცმელზე ეტყობოდათ, რომ ისინი ასისთავები უნდა ყოფილიყვნენ. ერთმა მათგანმა, შუახნის ლამაზმა კაცმა, ზურგს უკან გადაკიდებული თოფი საჩქაროდ მოიმარჯვა და მახმუტ-ბიის თვალ-წინ ერთი მამელუკი მიწაზე უსულოდ გააგორა. თოფი საჩქაროდ ისევ ზურგს უკან გადიგდო, მარჯვედ ხმალი იშიშვლა, რაღაც დაიყვირა და საიერიშოდ წამოვიდა.

- ახ, გიაურ, არ შეგარჩენ, იცოდე! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ, მიზანში ეს ასისთავი ამოიღო და პირდაპირ მისკენ მიიწია.

მახმუტ-ბიის ერთი პატარა მათრახი ჰქონდა. ამ მათრახს ხელიდან არ იშორებდა, მუდამ ხმლის ქარქაშზე ეკიდა. ეს მათრახი ხართუმის თემთა ერთ-ერთ მთავარმა უფეშქაშა. ტარი წმინდა სპილოს ძვლისა ჰქონდა, ხელმოსაკიდი კი ოქროთი მოჭედილი. რასაკვირველია, მახმუტ-ბიი ისეთ ბედაურზე იჯდა, რომ მათრახის დაკვრა არ ესაჭიროებოდა. მათრახს ატარებდა მხოლოდ როგორც სახსოვარს, მეგობრისგან მიძღვნილს. ცხენზე გაქნევ-გამოქნევის დროს, რაღაც მიზეზით, ეს მათრახი ქარქაშს მოშორდა და მიწაზე დავარდა. მახმუტმა ამას თვალი შეასწრო და ძლიერ ეწყინა. “ჯანდაბას, რაღა დროს მათრახზე დარდიაო, გაუელვა თავში, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა, საჩქაროდ ჩამოიწია ცხენიდან, მათრახს დააფრინდა, აიღო და ისევ უნაგირს ზედ მოექცა. აღშფოთებული მამელუკები გარს შემოერტყნენ.

- ვაიმე, მოგკლეს?.. განგგმირეს მაგ...- იძახდნენ მამელუკები...

- რა მოხდა? - გულგრილად დაეკითხა მახმუტ-ბიი.

- განა ტყვია არ მოგხვედრია ახლა? - ხმის კანკალით დაეკითხა ხასანი.

- ჯერ არაფერსა ვგრძნობ.

- როგორ? აქვე შენ უნაგირზე მტრის ტყვიამ გაიზუზუნა, შუა გახვრიტა და ჩამოგაგდო, გვეგონა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

იბრაჰიმ ქათჰუდამ ჩაუყარა საფუძველი ქართველ მამელუკთა დინასტიას

1958 წელს  რეჟისორმა დავით რონდელმა უიარაღოს მოთხრობის `მამელუკის~ მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, რომელშიც შესანიშნავი ქართველი მსახიობები თამაშობდნენ: ოთარ კობერიძე, აკაკი ხორავა, გიორგი შავგულიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, ტარიელ საყვარელიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე და სხვ.  2007 წელს კი კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი `ქართველი მამელუკები ეგვიპტეში~. ფილმი მდიდარ ისტორიულ მასალას ეყრდნობა და ძალზე საინტერესოა.

- ეგვიპტესა და სტამბოლში გადაღებები ათ დღეში დავამთავრეთ,  - გვიამბობს ბატონი მერაბი, - ვნახეთ ის ადგილები, რომლებიც ასე თუ ისე, მამელუკების ეპოქას უკავშირდება.

ეგვიპტე უზარმაზარი ქვეყანაა და აქ მონებად გაყიდულმა ქართველებმა საოცარი ნიჭიერებისა და გამჭრიახობის წყალობით უმაღლეს პოლიტიკურ, სამხედრო, საზოგადოებრივ საფეხურს მიაღწიეს. ისინი ეგვიპტის ერთგულ შვილებად იქცნენ. ცდილობდნენ ახალი სამშობლოს გაძლიერებას,  ებრძოდნენ ევროპას,  რომელსაც ეგვიპტის დამორჩილება ეწადა. შევეცადეთ,  შეძლებისდაგვარად,  დაწვრილებით მოგვეთხრო მაყურებლისთვის მათზე, გაგვეცოცხლებინა წარსული, ისტორიის ბინდიდან გამოგვეყვანა დავიწყებული ადამიანები... ქართლიდან გატაცებულმა იბრაჰიმ სინჯიკაშვილმა ეგვიპტეში დიდ თანამდებობას მიაღწია, მის დაუკითხავად თითქმის არაფერი ხდებოდა ქვეყანაში. მის დროს იქაური ზარაფხანის უფროსი ქართველი კაცი იყო, გვარად კნოტიშვილი. ეს კი მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა გახლავთ. ჩვენ მივაგენით მის საფლავს და გადავიღეთ. მათზე ცოტა ადრე მოღვაწეობდნენ ქართველი ბეგები. ერთ-ერთი მათგანი, ალი-ბეგი, ბრწყინვალე ადამიანი ყოფილა. იგი აღუზრდია იბრაჰიმ ქათჰუდას. ამ კაცმა ჩაუყარა საფუძველი ეგვიპტეში ქართველ მამელუკთა დინასტიას. მისი თანამედროვე იყო ისმაილ-ბეგი. ისინი ხშირად ერთად მოქმედებდნენ, თუმცა ერთმანეთსაც უპირისპირდებოდნენ, როგორც სხვადასხვა ორიენტაციის პარტიების წარმომადგენლები. ერთი მიმდინარეობის მიზანი იყო დამოუკიდებელი ეგვიპტე,  მეორენი ცდილობდნენ,  ქვეყანა თურქეთის მფლობელობაში გაეძლიერებინათ. ამერიკელი მამლუკოლოგის, კრესელიუსის აზრით, დღევანდელი ეგვიპტის ფესვები იმ პერიოდში უნდა ვეძებოთ,  როცა ქართველი ბეგები მართავდნენ ამ ქვეყანას...