"რეჟისორმა როგორც კი კადრი შეაჩერა, ლადო გუდიაშვილი წამოხტა და იყვირა, ნიკალაო!" - კინოფირი, რომელზეც ცოცხალი ფიროსმანია აღბეჭდილი - კვირის პალიტრა

"რეჟისორმა როგორც კი კადრი შეაჩერა, ლადო გუდიაშვილი წამოხტა და იყვირა, ნიკალაო!" - კინოფირი, რომელზეც ცოცხალი ფიროსმანია აღბეჭდილი

კაცობრიობას საკუთარი წარსულის შენახვის სურვილი უხსოვარი დროიდან ჰქონდა. კინოხელოვნების გამოჩენამ ამ პროცესს უნიკალური ხასიათი მისცა - ის სიცოცხლეს მაშინაც ინახავს, როცა სიცოცხლე ფიზიკურად აღარ არსებობს. ამიტომაც ითვლება დოკუმენტური კინო ყველა ქვეყანაში ოქროს ფონდად.

წესით, ასე უნდა ყოფილიყო საქართველოშიც, - მით უფრო, რომ შესაძლოა ბევრმა არც იცის, მაგრამ მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სწორედ ქართველებმა გადავიღეთ 1912 წელს - ვასილ ამაშუკელის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". ამის მიუხედავად, ქართული კინოდოკუმენტური ფონდი ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ენთუზიასტების გმირობამ გადაარჩინა. როგორ გადარჩა ქართული დოკუმენტური ფილმების უნიკალური ფონდი, ამის შესახებ ქართული დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანის" მთავარი რედაქტორი ნონა ღამბაშიძე გვესაუბრება.

- 1896 წელს პარიზში პირველი ფილმები უჩვენეს და უკვე 1900 წელს თბილისში მამა-შვილმა დიღმელოვებმა (დიღმელაშვილებმა) პირველი კინოაპარატი საქართველოში შემოიტანეს. "აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობამდე" არსებობს პირველი დოკუმენტური სურათი, ეს მეცენატ დავით სარაჯიშვილის დაკრძალვაა, რომელზეც, როგორც ფილმში ჩანს, იმდენ ხალხს მოუყრია თავი, რომ ქუჩაში ლამის ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩა. სხვათა შორის, ამ ფილმში ნიკალა ფიროსმანის სახეა შემონახული. ამხელა პროცესიაში ნიკალა სულ მარტოა. ალბათ, როგორც ცხოვრებაში, მის გვერდით არავინ არის, სევდიანად იცქირება აქეთ-იქით.

ვფიქრობ, ნიკალა იმიტომ დააფიქსირა ოპერატორმა, რომ შეუძლებელია ოპერატორს ნიკალა არ სცნობოდა. ახლა იმაზე, თუ როგორ მივხვდით, რომ ეს ნამდვილად ნიკალაა - რეჟისორი გიორგი მონავარდიშვილი დოკუმენტურ ფილმს იღებდა და დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრების ნახვა მოინდომა, რასაც დანარჩენებიც ვუცქერდით. უცებ ეკრანზე გამოჩნდა პროცესიისგან განცალკევებული კაცი და მაშინვე ჩაბნელებულ დარბაზში ვიღაცამ იყვირა, ნიკალაო! იმ წუთში კი თქვეს, რა ნიკალა, რის ნიკალაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რეჟისორს გულში ჩარჩა და იმავე დღეს ლადო გუდიაშვილი მოიყვანა. ეს იყო 70-იანი წლები, ლადო იყო ერთადერთი კაცი, რომელიც ნიკალას იცნობდა. რეჟისორმა როგორც კი კადრი ფიროსმანზე შეაჩერა, უეცრად ლადო წამოხტა და იყვირა, ნიკალაო!

- საოცარი ამბავია... იმ წლებში ქართველი კინოდოკუმენტალისტები, "აკაკი წერეთლის მოგზაურობის" გარდა, სასიამოვნოს ნამდვილად ვერაფერს გადაიღებდნენ. - ვერა, მერე იყო მხოლოდ სისხლი და კინოდოკუმენტალისტებს ამ სისხლის გადაღებამ მოუწიათ, დაწყებული კოჯრის ბრძოლებით, სადაც იუნკრები განადგურდნენ. ოპერატორებმა ისინი სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღეს. ამ ბრძოლაში არის უნიკალური კადრებიც - როცა იუნკრებს თბილისის ქუჩებში დატყვევებული მეთერთმეტე რუსული არმია შემოჰყავთ. შემდგომი კინოდოკუმენტები რეპრესიის წლებზე გადის, დახვრეტის შემზარავ კადრებზე. შემდგომ მსოფლიო ომზე. დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა ოპერატორ ვლადიმერ კილოსანიძის ქალიშვილი, რომლის მამამ ქერჩის ბრძოლაში საოცრება ჩაიდინა - გადაღებისას დაინახა, რომ ყუმბარა მოფრინავდა და კინოაპარატს გადაეფარა, რათა გადაღებული ფირი დაეცვა. კილოსანიძე ყუმბარამ დაფლითა, მისი გადაღებული ფირი კი ქერჩიდან სხვა კინოოპერატორმა ჩამოიტანა.

რაც შეეხება რეპრესიის წლებს. სტალინზე ერთი მოგონება მაქვს, რომელიც, ბევრს გააოცებს. მთელი ჩემი ნათესაობა ემიგრაციაში იყო წასული, მათ შორის გიორგი ნიკოლაძის მეუღლე ჟორჟეტა ღამბაშიძეც. როცა გიორგი ჭლექით გარდაიცვალა, ჟორჟეტასა და მის მულს, რუსუდანს, ვიღაცამ უთხრა, მოშორდით აქაურობას, თორემ აუცილებლად დაგაპატიმრებენო. ქალები მოსკოვში წავიდნენ, კობა გვიშველისო, იმ იმედით, რომ ჟორჟეტას ბიძა და ჩემი ბაბუის ძმა, დავით ღამბაშიძე სტალინთან ერთად იჯდა ციხეში. სტალინმა ქალები საფრანგეთში გაუშვა და ერთი რამ სთხოვა... მას უნდოდა, რომ ჟორჟეტას მწუხრის ლოცვაში ყოველდღე მოეხსენიებინა. მერე კი დასცინა, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები, ცოდვები შემინდეთო. როდესაც ჟორჟეტას შვილიშვილი დევიდ სტიუარტი საქართველოში ჩამოვიდა და ეს ამბავი მიამბო, თქვა, სტალინის სახელზე მხოლოდ ბებია კი არა, დედაჩემიც ლოცულობდა და ახლა მეც ვლოცულობო.

ადამიანი ისეა შექმნილი, რომ მისგან, ალბათ, არაფერი უნდა გაგიკვირდეს... პირადად მე დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ისეთი მაგალითები მინახავს და მსმენია, რაც გმირობა იყო, მაგრამ მის ჩამდენებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. მაგალითად, ჩვენთან მუშაობდნენ მემონტაჟე ქალები, რომლებმაც 1937 წელს კინოსტუდიიდან მალულად გაიტანეს და სახლში გადამალეს ფირები, რომლებზეც რეპრესირებული და დახვრეტილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ გადაღებული. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, რომ ამ ფირებისთვის კაგებეს მიეგნო?

ან თუნდაც სტუდიის ახლანდელი დირექტორი, რეზო მახათაძე. კაცი ათეული წლის განმავლობაში უხელფასოდ, რამდენიმე კინკილა თანამშრომლით მუშაობდა, რომ 100 000-ზე მეტი დოკუმენტური ფირი გაეწმინდა და განადგურებას გადაერჩინა. მოვა დრო და ამ ფირებს ოქროზე მეტი ფასი დაედება, ასეთ გმირებს კი არავინ მოიხსენიებს. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, მთავარი რაც არის. ეს ერისთვის მატიანეს შენარჩუნებაა.