შუაფხოს სტუმრები - კვირის პალიტრა

შუაფხოს სტუმრები

უკან სათიბებია, წინაც... უკან მასპინძლის სახლია, წინაც!

სანამ ამოვიდოდნენ, მანამ ევსებოდათ სიხარულით სული, რომ ამოვიდნენ, მერე ხომ გაიხარეს და გაიხარეს! შუაფხო სულ სხვა იყო და იმიტომ. აქ ქალაქის მოკირწყლული და მოასფალტებული, ბუღში ჩაწოლილი ქუჩები აღარ მოსდევდნენ ავ სიზმრებად, XX საუკუნის გუგუნა ინდუსტრიული ნაბიჯები არ უფრთხობდათ სმენას. აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, მაგალითად, XIX საუკუნეში...

გზაზე ხომ გაწვალდებოდნენ, ჯერ ჯაყჯაყა ავტობუსით უნდა ევლოთ, მერე სატვირთო მანქანით, ფეხის გაშლაც გვარიანად მოუხდებოდათ ბილიკებზე. ხან დაიღლებოდნენ, ხან გული ამოუჯდებოდათ, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც მთა მაინც მედიდური მასპინძელი იყო და არა საკუთარი მამა. აბა, გოგი ოჩიაურსა და მიხო ნაროზაულს ეგრე ადვილად ვერ დაღლიდი.

მაგრამ არსებობს დრო და ადგილი, სადაც იღლები და ამით მხოლოდ ბედნიერი ხარ, ფეხები გტკივა, შუბლი ოფლით გეცვარება. შენ წინ აღმართულ მთას  გაჰყურებ და იცი, აგერ აქვე, ამ მთის იქით, თუნდ 15 კილომეტრში უნდა "გადაირბინო სტუმრად", და მაინც ბედნიერი ხარ. არ გეზარება და უკან არ იხევ შეშინებული - ამდენს როგორ ვივლიო; იცი, ივლი და იმიტომ.

გურამ ასათიანი არ ისვენებს. სულ იქ უნდა, სადაც ამაღლებული, თავანკარა საქართველო ეგულება. იქნებ მან აიყოლია ყველა და ხევსურეთის გზას გაუყენა. გოგი და ირაკლი ოჩიაურები უმასპინძლებდნენ. მარტო მეგობრებს კი არა, ყველას, მთაში ამოსულს. ეგრე იყო ყოველთვის... ახლაც, ცხადია...

გურამი კი ბედნიერია და გული ყელში ებჯინება. ჯერ კიდევ დროა იქამდე, როცა უხეშად შეაბიჯებს მის ცხოვრებაში სნეულება და აღსასრულის დასაწყისი. ამიტომ ყოველ დილით გულში ამბობს: - გმადლობთ, უფალო, რომ ეს დღე მაჩუქე... გავა წლები და მერე ხმამაღლაც იტყვის! და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ყოველ დილით გაიმეორებს: - გმადლობთ, უფალო!

თავდახრილი დგას და შუაფხოს მიწას დაჰყურებს: იქნებ მთის ბროლი ციაგებს მზის შუქზე, ან ნაადრევად ამოსული ყვავილი ყვავის ობლად... ყველას რომ გაევლო და არ დაეხედა, გურამი მაინც შეამჩნევდა. მოხიბლული გაჰყურებს მთებს მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე. შუაფხოში ასულებს ყველაფერი უყვარდათ და ყველაფერს შეხაროდნენ. მაგრამ ეგრე მარტივად არ იყო მოწყობილი სამყარო.

"თქვენ, ყველანი, ქაღალდის შემწუხებელნი, სუფთა იდიოტები ხართ. რამდენი ბალღამია ამ მიწის ქერქის ქვეშ, რამხელა მძორი ყარს...

"ქართული სული!" სად არის, ჰაერში? ღრუბლებში? ნამში?

ნიადაგი, მიწა, მიწისქვეშეთი - ყველაფერი საბედისწერო, მღვრიე ვნებებითაა გაჟღენთილი. არაფერი ამ სიღრმეში არ შეცვლილა რადამისტისა და მედეას შემდეგ.

ამ ქერქის ქვეშ ისევ ბალღამი დუღს, ალბათ, მთელი დედამიწის ქვესკნელიც ასეთი გეენიის სამყოფელია.

- მაგრამ რა მშვენიერი, ჰაეროვანი, თვალისმხიბვლელი მცენარეები იზრდებიან ამ საშინელებიდან!

განა ეს სასწაული არ არის?!

განა ამის ხილვა სიცოცხლედ არ ღირდა?" - დაწერს გურამ ასათიანი მომავალში.

ღირდა და დაეწაფნენ კიდეც ღირებულს. გურამ ასათიანი, თენგიზ მაღალაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, მიხო ნაროზაული, გოგი ოჩიაური და ნიაზ ხოფერია შუაფხოში ადგანან გზას. უკან სათიბებია, წინაც...

უკან მასპინძლის სახლია, წინაც! ეგ როგორო, - არ იკითხოთ. სახლი იყოს და ადამიანის შვილი დადიოდეს კარმიდამოში, მიხვალ, გამარჯობას ეტყვი. ისიც გამარჯვებას გისურვებს და უკვე მასპინძელია შენი - გულღია და მხიარული...

ახალგაზრდები არიან, სიცოცხლით სავსენი. ჯერ ალბათ არც იციან, რომ რასაც ქმნიან და მომავალში შექმნიან, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს კულტურისათვის, არც იციან და არც დარდობენ. უყვართ! თამაშ-თამაშ ზოგჯერ ერთმანეთს შავ ქოჩორს უწეწავენ, იმ დროზე არ ფიქრობენ, თეთრი თმით რომ შეეცვლებათ შავი თმა...

- კარგი დრო იყო, - იტყვიან ამ დღეზე წლების მერე. ზოგი ახლაც იტყვის.

დრო ყოველთვის კარგია, როცა ბალღამით გაჟღენთილი მიწისქვეშეთიდან ამოსული სასწაულის დანახვა შეგიძლია, როცა რაღაც არ გასვენებს და შუაფხოს გზას დაადგები სიყვარულით სავსე.

გმადლობთ, უფალო, იმ კარგი დროისთვის ყოველ ჩვენგანს რომ ჩამოაბერტყე, ზოგს ადრე და ზოგს - გვიან.