"ოთარი და სალომეც ქართველებად დაიბადნენ - საბუთებში "ლტოლვილი" ეწერათ" - რას ამბობდა სალომე ზურაბიშვილის დედა წლების წინ - კვირის პალიტრა

"ოთარი და სალომეც ქართველებად დაიბადნენ - საბუთებში "ლტოლვილი" ეწერათ" - რას ამბობდა სალომე ზურაბიშვილის დედა წლების წინ

არქივი

ფოტოგალერეა

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი რამდენჯერმე შეხვდა ზეინაბ კედიას და მასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც 2004 წელს გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნდა. გთავაზობთ მის შემოკლებულ ვერსიას:

2002 წ. აგვისტოში საქართველოს ეწვია ემიგრანტი ზეინაბ კედია. გაზეთებში "თბილისი" ("ისე ელაპარაკებოდა გერმანელებს" 2001, #92) და "ჩვენი მწერლობა" (2002წ. #18 "ღია წერილი როსტომ ჩხეიძეს") დაბეჭდილი ჩვენი წერილები ნახა, რომლებშიც მისი ძმის მიხეილ კედიას ღვაწლზეა საუბარი, იგი II მსოფლიო ომის დროს ბერლინში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია "საკავშირო შტაბის" ხელმძღვანელი იყო, კავკასიურ კომიტეტსა და კავკასიურ საბჭოში კი - ქართველთა წარმომადგენელი. ომის დროს მან მრავალი ადამიანი გადაარჩინა და ომის შემდეგაც ბევრს პატრონობდა. უპარტიო იყო და ყველაზე თანაბრად ზრუნავდა. იგი დაეხმარა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის გერმანული უშიშროების მიერ დაპატიმრებულ თანამემამულეებს. მან გერმანელებს დაუმტკიცა, ქართველი მაჰმადიანები ეთნიკურად ქართველები არიანო და ისინი დეპორტაციისაგან იხსნა. გერმანელებმა ირწმუნეს მისი შეთხზული მითი, რომ ქართველი ებრაელებიც ეთნიკურად ქართველები არიან, ხოლო რწმენით - მოსეს რჯულის მიმდევარნი. საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებისა და გერმანელთა ნდობით აღჭურვილი მიხეილ კედიას მიერ გაკეთებული ყალბი საბუთებით 1.000-ზე მეტი ქართველი და ევროპელი ებრაელი სიკვდილს გადაარჩინეს, რის გამოც პარიზის დიდი რაბინის ვაისისა და ებრაული კულტურის ასოციაციის პრეზიდენტის მოსერის წერილობითი მადლობა დაიმსახურეს.

ამ წერილებისათვის ქალბატონმა ზეინაბმა მადლობა გადამიხადა, რომ სიმართლე გაირკვა და სიხარულით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ, მაგრამ დამთავრება რამდენიმე დღით გადავდეთ, რადგან იგი დასავლეთ საქართველოში მიემგზავრებოდა. ქალბატონ ზეინაბს ჩამოსვლა დაუგვიანდა, მე კი ბათუმში მომიწია წასვლა. როცა თბილისში დავბრუნდი, ის უკვე პარიზში იყო. მომდევნო ჩამოსვლისას, მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი და ინტერვიუს დამთავრება კვლავ გადაიდო. ამასობაში ქალბატონი ზეინაბის ქალიშვილი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა ელჩის დედასთან ეს დაუმთავრებელი საუბარი და 2003 წ. ბოლოს ჟურნალ "ომეგას" რედაქციაში მივიტანე. მით უმეტეს, რომ ჟურნალ "ომეგას" 2003 წ. #5 უკვე დაბეჭდილი იყო ჟურნალისტ თამარ შაიშმელაშვილის საუბარი ქალბატონ ზეინაბის ვაჟიშვილთან, ექიმ ოთარ ზურაბიშვილთან. მაგრამ ინტერვიუს გამოქვეყნება ვეღარ მოესწრო, რადგან 2004 წ. თებერვალში ჟურნალმა შეწყვიტა გამოსვლა. მარტში ქ-ნი სალომე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ბუნებრივია, მისმა ოჯახმა საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო მიიპყრო.

ქალბატონ ზეინაბს 2004 წელს ივლისში ისევ შვხვდი. ინტერვიუ კი ჩვენი პირველი შეხვედრის მიზეზით - მიხეილ კედიაზე საუბრით დავიწყეთ...

- მამათქვენი მექი კედია დამოუკიდებელ საქართველოში განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი იყო. როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი ემიგრაციაში, მთავრობას გაჰყვა?

- დიახ, მთავრობას გაჰყვა ბათუმში. რომ არ წასულიყო ალბათ მოკლავდნენ. ბათუმიდან დაურეკა დედაჩემს: "სასწრაფოდ ჩამოდი, უკანასკნელ გემს უნდა გავყვეთო". დედაჩემს უთქვამს: "როგორ წამოვიღო ამდენი რამე, ხალიჩები, ქონება ხომ დაიკარგებაო". მამას უთქვამს: "არ გესმის რაც ხდება? სამშობლოს ვკარგავთ და შენ კი ხალიჩებზე ფიქრობო". რაც ჩაეტია ბებიას ნამზითვ დიდ სკივრში, სულ ტირილით ჩაულაგებია დედას, ბათუმში მამასთან ჩასულა და საქართველო ბოლო გემით დაუტოვებიათ. ამ სკივრმა სალომესთან ერთად მერე მთელი მსოფლიო მოიარა და ამდენი წლის ხეტიალის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა... ზეინაბი მამასთან, მექი კედიასთან ერთად თავდაპირველად სტამბოლში ვცხოვრობდით. ჩემოდნებსაც კი არ ვხსნიდით, ყოველდღე ველოდებოდით სახლში დაბრუნებას. მამას რამდენჯერმე შეუთვალეს ბოლშევიკებმა: "დაბრუნდიო", მაგრამ არ დაბრუნდა. 45 წლის მამამ ენა არ იცოდა და ქარხანაში უბრალო მუშად მუშაობდა, დედაც ბევრს მუშაობდა - ამერიკელი ქალებისათვის აბრეშუმის, მაქმანებიან კომბინიზონებს ქარგავდა. მიუხედავად ამისა, ძალიან გაგვიჭირდა. 1925 წელს, როცა ქემალ-ფაშა სტამბოლს მოუახლოვდა, საფრანგეთში გავემგზავრეთ. იმ დროს იქაც უმუშევრობა იყო. მერე მამამ "სიტროენის" ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მძიმე სამუშაო იყო 1878 წ. დაბადებული კაცისათვის, თუმცა რაღაც შემოსავალი მაინც იყო. დედა საფრანგეთშიც ქარგავდა, როგორც ყველა ქართველი ქალი და ოჯახს ეხმარებოდა.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, მიხეილს ხომ სოციალისტები არ უყვარდა?

- მამა სოციალისტი არ ყოფილა, თუმცა მაინც მთავრობის კაცი იყო. მთავრობის უკმაყოფილოც კი იყო: "ბევრს ვიჭერდით და არ იყო საჭირო, მერე კი დამირეკავდნენ გამოუშვიო". ერთხელ კომუნისტებმა ესროლეს. მცველი ჰყავდა საშა ჩიკვაიძე, ელჩი რომ არის ალექსანდრე ჩიკვაიძე - იმისი ბაბუა და იმას მოხვდა ხელში. მიშა კი სულ ეჩხუბებოდა: "მამაჩემო, შენ სულ სოციალისტებს იცავო". მიშა და ვალია ცალკე ცხოვრობდნენ. კვირაობით მათთან დავდიოდი, მთელი ახალგაზრდობა იქ იყრიდა თავს. მახსოვს, ხშირად მოდიოდნენ ირაკლი ბაგრატიონი, ჯაყელები, მათე კერესელიძე და სხვები.

- ახლა ორიოდე სიტყვით თქვენი ბიოგრაფია...

- ჩემი ოჯახი ემიგრაციაში რომ წავიდა, დედა ორსულად იყო. სტამბოლში დავიბადე 1921 წ. 8 ივლისს. ოთხი წლის მერე პარიზში გავემგზავრეთ. პირველი შთაბეჭდილება პარიზის სადგურია, სადაც მიშა დაგვხვდა. "ოტელი" აგვიღო, სადაც იმხანად თვითონ მიშა და ვალია ცხოვრობდნენ საშინელ პირობებში. სკოლაში რომ შემიყვანეს, ერთი სიტყვა არ ვიცოდი ფრანგულად. უცხოელს ყურადღებას არავინ მაქცევდა. სულ ვტიროდი. მერე გადამიყვანეს კერძო სკოლაში. ერთი ბაგრატიონის ქალი ძალიან მდიდარ ამერიკელ ვართჰაუზს გაჰყვა და რამდენიმე ბავშვს სწავლის ფული იმან გადაგვიხადა. ზეინაბ კედია V კლასში კერძო ლიცეუმში გადავედი. მერე ფული რომ შეწყდა, ძალიან გაგვიჭირდა. დედა მივიდა დირექტორთან და უთხრა: "უნდა წავიყვანოო". დირექტორმა უთხრა: "ისეთი კარგი მოსწავლეა, ბოლომდე უფასოდ ვასწავლით, თქვენ მხოლოდ წიგნები უყიდეთო". 1939 წელს, როცა II მსოფლიო ომი დაიწყო, მამას დამბლა დაეცა. მე ექიმობა მინდოდა, მაგრამ სამედიცინოზე შესვლა გადავიფიქრე, რადგან დიდხანს მომიწევდა სწავლა და სორბონაში შევედი ისტორიის ფაკულტეტზე. მალე იძულებული გავხდი სამუშაო მეშოვნა - მიშას და ჩემს მშობლებს რა შემოსავალი ჰქონდათ?! მამა ავად იყო, დედა უვლიდა. ბებია გარდამეცვალა. ორ პატარა ოთახში ვცხოვრობდით საშინელ პირობებში. სკოლის დირექტორმა შემომთავაზა სამსახური. სამი წელი ვასწავლიდი ბავშვებს. სახლში რომ ვბრუნდებოდი, რვეულები უნდა მესწორებინა, ამიტომ სორბონა ვერ დავამთავრე. ასე ვცხოვრობდით ომის დაწყებამდე.

- ომის დროს მიხეილ კედია ბერლინში ცხოვრობდა, თქვენ საფრანგეთში დარჩით?

- დიახ, არც ჩვენ და არც ვალია შვილებით ბერლინში არ გადავსულვართ. მამა ავად იყო და სად წავიდოდით?! როცა გერმანელები შემოვიდნენ პარიზში, ცრემლები წამსკდა, წარმოვიდგინე ჩემი სამშობლო, რუსის ჯარი რომ შემოესია. ყველა გარბოდა პარიზიდან, მამას ვუთხარი: "ჩვენც სადმე წავიდეთ-მეთქი". მამაჩემმა მიპასუხა: "ამდენი ვირბინე და ეხლა არსად არ მიდივარ, რაც მოხდება მოხდესო". დავრჩით და კარგიც ვქენით, რადგან გზაში უამრავი ხალხი დაიხოცა. მიკვირდა, ფრანგი ქალები რომ გერმანელებს ეხვეოდნენ. 1941 წ. გერმანიამ საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, გერმანელებზე აზრი შემეცვალა. ვიფიქრე, რომ საქართველოს მარტო ეს უშველიდა. ერთმანეთს ვეხვეოდით და ვულოცავდით - ახლა კი დავბრუნდებით საქართველოშიო. კარგად მახსოვს მატარებლით ბატალიონ "თამარ პირველის" გამგზავრება. გვეუბნებოდნენ: "ერთ კვირაში გნახავთ თბილისშიო". ასე სწამდათ. ერთხელ ლევან ზურაბიშვილს შევხვდი, ვხედავ მთელი ახალგაზრდობა მიდის ლევანი კი - არა. მაშინ დაქორწინებული არ ვიყავით, მაგრამ ყოველთვის პირდაპირი ვიყავი და ვუთხარი: "ლევან, რა გინდა აქ, რატომ შენც არ მიდიხარ-თქო". ის კი გერმანელების წინააღმდეგი იყო. არადა, მართალი ყოფილა! ჩემს ძმასაც არ ემხრობოდა, მაგრამ როცა შვეიცარიაში შეხვდა და ესაუბრა, მითხრა: "მართლაც დიდი პატრიოტი ყოფილაო".

- მიხეილ ქავთარაძე წერს: "როცა მიხეილ კედია შტაბში შევიდა უკვე იცოდა, რომ გერმანელები ომს ვერ მოიგებდნენ, მაგრამ ხალხი იყო გადასარჩენიო", ალბათ ტყვეებს გულისხმობდა...

- დიახ, მამასაც ასე უთხრა: "ერთადერთი მიზანი მაქვს, ტყვედჩავარდნილი ქართველები მაინც გადავარჩინოო". უკრაინაში რომ გაგზავნეს, ჩამოსვლის მერე მიშა ჩვენთან მოვიდა და მამას უთხრა: "იქ ისეთი რამეები ვნახე - წასულია გერმანელების საქმეო".

- გვიამბეთ თქვენი მეუღლის, ლევან ზურაბიშვილის შესახებ?! - ლევანი თბილისში იყო დაბადებული, I გიმნაზიაში სწავლობდა, სკოლა სტამბოლში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი ჯერ იქ იყო, 1925 წელს კი პარიზში გადავიდნენ. მამამისის ამბავი გეცოდინებათ და მისი წიგნი "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", იმაშია ივანე…ზურაბიშვილის ბიოგრაფია. დედამისი ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი იყო. ნიკო რომ პარიზში ჩამოვიდა, ლევანი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, სულ ბაბუას დაყვებოდა. საქართველო რომ დატოვა, ლევანი 15 წლის იყო. მე და ლევანი თავიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს - მე 5 წლის რომ ვიყავი, ის უკვე 20 წლის ახალგაზრდა იყო. ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ როცა გავიზარდე, მერე შემამჩნია.

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ჯვრისწერის დღეს

ჯვარი 1950 წელს დავიწერეთ. ლევანი რამდენჯერმე იყო სათვისტომოს თავმჯდომარე. ფრანგობა არ მიუღია. დიდი საინჟინრო სკოლა რომ დაამთავრა, უთხრეს: "ადგილია თქვენთვის - მატარებლის უფროსის, კარგი ხელფასით, რა თქმა უნდა, თუ ფრანგი ხართო". - "არაო". - "ახლავე გაგიფორმებთ…საბუთებსო". - "არ მინდა, ქართველი ვარ და ქართველად დავრჩებიო".

მე ვეუბნებოდი - ეს არ უნდა გექნა, კარგი თანამდებობით უფრო მეტად არ დაეხმარებოდი ქართველებს-მეთქი... მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. რკინიგზაში ის ადგილი რომ დაკარგა, მერე "ფორდის" ავტომანქანების ქარხანაში მუშაობდა უფროს ინჟინრად, მაგრამ ფრანგი რომ არ იყო, დიდ თანამდებობას ვერ მიაღწია. საფრანგეთის მოქალაქე რომ არ იყო, ვერც იურიდიული დაამთავრა. მეც ქართველი ვიყავი და ბავშვები ოთარი და სალომეც ქართველებად დაიბადნენ - საბუთებში "ლტოლვილი" ეწერათ. 18 წლის რომ გახდნენ, მაშინ კითხეს - დარჩებით თუ არა ქართველებადო. ამის თქმა არ შეიძლებოდა, კარგ სამსახურს ვერ იშოვნიდნენ. სალომე კარგად სწავლობდა, მაგრამ როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსზე გადიოდა, საბჭოელებმა ქართველ ემიგრანტთა შვილებს ხელი შეუშალეს და წერითის შემდეგ ზეპირ გამოცდაზე არ უშვებდნენ. ლევანი გაგიჟდა - "საბჭოთა კავშირს ასეთი გავლენა რატომ უნდა ჰქონდეს საფრანგეთზეო", მივიდა ჩვენს მოძღვარ ილია მელიასთან, მან კი ანდრონიკაშვილს მიაკითხა, რომელიც ჯერ დე გოლის, შემდეგ პომპიდუს თარჯიმანი იყო და ამან გაჭრა. სალომე 15 დღეში მოემზადა და გამოცდაზე I ადგილზე გავიდა. 1975 წელს, როცა ლევანი გარდაიცვალა, სალომე უკვე დიპლომატი იყო. მარტო არ მტოვებდა და ხშირად ერთად დავდიოდით. აღარ შეიძლებოდა ჩემი ქართველობა და საცოდავი "ლტოლვილობა". მეც ვიფიქრე, რამე მოხდეს, როგორ შეიძლება ასე-თქო. 1981 წ. გავამზადე უამრავი ქაღალდი და მომცეს ფრანგობა. და იცით ვინ იყო ყველაზე მეტი წინააღმდეგი? - ჩემი შვილი ოთარი. "რად გინდა ფრანგობა. მივხვდი, საქართველოში გინდა ადვილად წასვლაო". ვაჟიშვილთან, ოთარ ზურაბიშვილთან ერთად

ლევანი საშინელი ანტიკომუნისტი იყო, როგორც ვიკტორ ნოზაძე - ჩვენს შორის ხიდია ჩატეხილიო. როცა საქართველოში უცხოელებთან ურთიერთობის საზოგადოებიდან გვეპატიჟებოდნენ, ყოველთვის წასვლის წინააღმდეგები იყვნენ. ძველი თაობა ქართველებად დარჩა, ჩემი თაობიდან ნაწილმა მიიღო "ფრანგობა", ახალი თაობა კი - ყველა საფრანგეთის მოქალაქეა.

- ვიცი, რომ ჩემს ნათესავთან, ვანო ბაქრაძესთან, სხვა ქართველ და არაქართველ ანტიკომუნისტურად განწყობილ ემიგრანტებთან ერთად, 1961 წელს, ხრუშჩოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პარიზიდან კორსიკაზე თქვენი მეუღლეც გაასახლეს. ამის შესახებ თავის მოგონებებში შოთა ბერეჟიანიც იხსენებდა. გაიხსენეთ, როგორ მოხდა ეს? - ერთ დღეს სახლში მოვიდნენ და მითხრეს: "თქვენმა მეუღლემ ჩემოდანი მოამზადოს, ხვალ უნდა წავიყვანოთო". "თუ ტერორისტები ვართ, მაშინ მეც უნდა დამიჭიროთ, მეც ხომ შემიძლია ბომბის სროლა-მეთქი". მაშინვე დავურეკე სამსახურში და ეს ამბავი ლევანს შევატყობინე. მართლაც, მეორე დილით 6 საათზე წაიყვანეს. ბავშვები სკოლაში უნდა წამეყვანა. ავტობუსებზე კი საბჭოთა დროშები ფრიალებდა. ბავშვებმა: "არ ავალთ, ტაქსით წავიდეთო", ტაქსი ძვირი იყო და ვუთხარი: "ხრუშჩოვის გამო ტაქსიში ფულს არ გადავიხდი, თვალებზე ხელი დაიფარეთ და ისე ავიდეთ-მეთქი". ასე ვიმგზავრეთ სკოლამდე. მერე დირექტორთანაც შევედი და ავუხსენი, რაც მოხდა, ჩემი ქმარი ბანდიტი რომ არ გონებოდათ. ლევანი კორსიკიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა.

- საბჭოთა რეჟიმი ხომ კარგა ხანია დაემხო, რატომ აქამდე არ ჩამობრძანდით? - მე არ მითქვამს, რომ უკვე ორჯერ ვიყავი? პირველად 1986 წელს ჩამოვედი შემთხვევით - სალომე ოჯახთან ერთად მოდიოდა. თემური მაშინ 4 წლის იყო, ქეთევანი - 2-ს. მის ქმარს ვიზა არ მისცეს და იძულებული გავხდი მე წამოვყოლოდი. ჩემი ქმარი პრინციპულად არ მოდიოდა - "დაპყრობილ საქართველოში არ ჩავალო", 1974 წელს კი გარდაიცვალა ისე, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. იმ პირველი მოგზაურობიდან გულნატკენი დავბრუნდი. სასტუმრო "ივერიაში" ვცხოვრობდით. გასაქანი არ მოგვცეს, ჩვენთანაც არავის უშვებდნენ. ერთ მეგობარს დავყავდით მანქანით, უკან კი სულ კე-გე-ბეს მანქანა მოგვდევდა. ძლივს მოგვცეს კახეთში წასვლის ნებართვა და იქაც უკან გამოგვყვნენ. ხალხი კი კარგად გვხვდებოდა, მაგრამ რაც ვნახე მაშინდელ საქართველოში, არ მომეწონა.

მეორედ 1991 წელს სპეციალურად ჩამოვედი ზვიად გამსახურდიას მოწვევით, როგორც არჩევნების დამკვირვებელი. საარჩევნო უბნებზე დავდიოდი, მახსოვს ქალები პირჯვარს როგორ იწერდნენ - "ღმერთო ზვიადს გაამარჯვებინეო". რა ამბავი იყო გახსოვთ? ისეთი ბედნიერი ვიყავი... ვფიქრობდი, ნეტავ რატომ მეღირსა ეს ბედნიერება მე და არა ლევანს - მეთქი. პარლამენტზე ქართული დროშა რომ დავინახე, იმ გრძნობას ვერ აგიწერთ. როცა ზვიადი აირჩიეს, დიდი ბანკეტი გაიმართა. მთელი საზოგადოება იყო შეგროვილი. ზვიადმა მკითხა: "ხომ ვერ იფიქრებდით, ქალბატონო ზეინაბ, რომ ასეთი დღე დადგებოდა და ჩვენ ერთად ვიქნებოდითო". მე, საერთოდ, მორცხვი ვარ, არ მეხერხება ლაპარაკი, ისე ავღელდი, რომ ვერაფერი ვერ ვუპასუხე.

- დამკვირვებლად გამსახურდიამ თქვენ რატომ მოგიწვიათ? - ჩემი ოთარი ჰელსინკის ჯგუფის წევრი იყო. მოსკოვში ფსიქიატრიულში რომ მოათავსეს ზვიადი, იქედან ვარეკინებდით ხან ვის და ხან ვის. ფრანგი ვექილიც ჩავრთეთ, საქართველოდან ჩამოსული ვექილი პატიაშვილიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვერ ვუშველეთ. 1991 წელს არჩევნებზე დამკვირვებლად რომ ჩამოვედით, ზვიადმა ოთარი თავის წარმომადგენლად დანიშნა საფრანგეთში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ზვიადის დამცველები, რადგან, ჩემი აზრით, ის ერთადერთი იყო, ვინც საქართველო გამოაღვიძა...

გამსახურდიას შემდეგ განხეთქილება მოხდა ემიგრაციაში, სოციალისტები მას ათას რამეს აბრალებდნენ, ჩვენ კი "ფაშისტებს" გვეძახდნენ. შევარდნაძე რომ პარიზში ჩამოვიდა, მე არ წავსულვარ. ბევრი შეხვდა და იგივე ხალხი ახლა სააკაშვილს შეხვდა. ასე არ შემიძლია - მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებიც პირდაპირი ადამიანები ვართ. მე ვთქვი, ვიდრე შევარდნაძე იქნება, საქართველოში არ ჩავალ-მეთქი. მერე ვიფიქრე - ეს კაცი არ აპირებს გადადგომას, მე თავს რატომ ვისჯი-მეთქი და 2002 წლის აგვისტოში ჩამოსვლა გადავწყვიტე.

- ასეთი კარგი ქართული სად ისწავლეთ? რამდენადაც ვიცი, პარიზში ქართული სკოლის დაარსება ემიგრანტებმა ვერ მოახერხეს, ქართველ ბავშვებს კი ქართულს ცნობილი სოციალისტ-ფედერალისტი სამსონ ფირცხალავა ასწავლიდა. თქვენც მან გასწავლათ? - არა, მე სახლში ვისწავლე - შინ სულ ქართულად ვლაპარაკობდით. მახსოვს, ფრანგული სიტყვებისათვის ჯარიმა იყო დაწესებული. დედაჩემმა ფრანგული არ იცოდა, ამიტომ გურულ სიტყვებზე დავუწესეთ ჯარიმა - თავართქილაძის ქალი იყო. ქართული ჩემმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც ოჯახში ისწავლეს.

- ცოტა რამ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების შესახებაც გვიამბეთ. - ოთარი ექიმია. სამი შვილი ჰყავს. მერი 22 წლისაა, დალი - 20 წლის, ნიკოლოზი ჯერ 12 წლისაა. ოთარის ცოლი დარეჯან ბერეკაშვილი ქართულს ახლა სწავლობს და ქართულად ლაპარაკი ბავშვებსაც უჭირთ. სალომეს მეუღლეს ჯანრი კაშიას ალბათ კარგად იცნობთ. ზეინაბ კედია ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან და შვილიშვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად შვილები გვარად გორჯესტანები არიან. მათი მამის წინაპარი გუგუშვილი საქართველოს დამოუკიდებლობამდე წასულა სპარსეთში და გვარი "გორჯესტანად" ("საქართველოდან მოსულს" ნიშნავს) გადაუკეთებია. სალომე ბევრს მოგზაურობდა, ამიტომ ბავშვები ჩემთან რჩებოდნენ და მე ქართულად ველაპარაკებოდი. ასე ისწავლეს ქართული. თემური 23 წლისაა და ისიც დიპლომატია, 21 წლის ქეთევანი - იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია.

- რა გრძნობა დაგეუფლათ სალომე რომ ელჩად დანიშნეს საქართველოში? - სალომე რომ 22 წლის იყო მაშინ ჰკითხეს, "რისთვის გინდა დიპლომატობაო?" – უპასუხა: - "მოგზაურობა მიყვარს და რა ვიცი, იქნებ ერთ დღეს ელჩიც გავხდეო". 30 წლის მერე ეს ნათქვამი შეუსრულდა. საქართველოში რომ ელჩად დაინიშნა, ვთქვი, "ახლა კი შემიძლია მშვიდად წავიდე ზეცაში-მეთქი". საქართველოში რომ წამოვიდა, სალომემ მეც წამომიყვანა. სულ იმას ვფიქრობდი, რა იქნება შევარდნაძეს რომ არ გადასცეს რწმუნების სიგელები-თქო და მართლაც, 3 დღით ადრე გადადგა. ორი დღის ჩამოსულები ვიყავით "ვარდების რევოლუციას" ტელევიზორში ვუყურებდი. საშინლად განვიცადე. ძალიან ნერვიულობდა ოთარიც. მინდოდა რუსთაველზე გასვლა, მაგრამ სალომე დამემუქრა: "არ გაბედო, თორემ ჩაგკეტავო". 23-ში, ყველაფერი რომ დამთავრდა, პეტრე ხვედელიძეს დავურეკე ამერიკაში: "ახლა შეგიძლია ჩამოსვლა, შევარდნაძე აღარ არის-მეთქი". როცა სააკაშვილმა სალომე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, წარმოუდგენელი რამ მოხდა მთელი ფრანგული დიპლომატიის ისტორიაში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ფრანგი ელჩი სხვა ქვეყნის მინისტრი გახდა. უამრავი ჟურნალისტი ჩამოვიდა და გვეკითხებოდა, - "ეს როგორ მოხდაო". ჩვენ ოჯახში ყველას გვინდოდა გვეშველა საქართველოსათვის, რამე გაგვეკეთებინა და ეს დანიშვნა მთელი ცხოვრების ოცნების ასრულებაა.

ფოტოგალერეა

გაზეთი "თბილისი", 2004 წელი

P.S. ზეინაბ კედიას, რომლის მშვენიერებას წლებმა ვერაფერი დააკლო - ყოველთვის უნაკლოდ გამოწყობილს, ქათქათა თეთრი თმითა და ციმციმა ნაცრისფერი თვალებით, ფერს რომ სამოსის ფერის მიხედვით იცვლიდნენ, შემდეგ არაერთხელ შევხვდი სხვადასხვა ღონისძიებებზე.

ზეინაბ კედია

განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2010 წლის ოქტომბერში წიგნის "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით" პრეზენტაციაზე, რომელშიც ლევან ზურაბიშვილისა და პეტრე ხვედელიძის პირადი წერილებია გამოქვეყნებული, პრეზენტაცია სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დიდ დარბაზში. ქალბატონი ზეინაბი, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ იყო, საგანგებოდ ჩამოვიდა პარიზიდან და სიტყვითაც გამოვიდა. ზეინაბ კედია ყოველთვის მხარს უჭერდა ქალიშვილის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტივობას საქართველოში, თუმცა ვერ მოესწრო მის არჩევას ოქტომბერში ჩატარებულ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად - გარდაიცვალა 2016 წლის 18 თებერვალს პარიზში 94 წლის ასაკში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

იხილეთ ასევე: მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ

რუსუდან დაუშვილი