მამელუკი - კვირის პალიტრა

მამელუკი

უიარაღო (კონდრატე თათარიშვილი)

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #19-@27)

გადმოსხა თუ არა ჯარი ბონაპარტემ გემებიდან, პირდაპირ ქაირისკენ გაემართა. პირამიდებისა და მდინარე ნილოსის შუა კი, საბრძოლველად განმზადებული მამელუკები დაბანაკდნენ, მრუდე ხმლები გალესეს და, გამოჩნდა თუ არა ფრანგთა ჯარი, თავგანწირულად ეკვეთნენ. მახმუტ-ბიის განკარგულებაში იყო ხუთი ათასი მეომარი, მას განზრახვა ჰქონდა ფრანგები შუა გაერღვია, მდინარის მოსახვევთან მოემწყვდია, ახალი ძალები მიესია მათთვის და გაენადგურებინა.

ფრანგები თითქოს მიუხვდნენ მახმუტ-ბიის განზრახვასაო, ცხარე შეტევაზე ცხარედვე არ უპასუხეს, პირიქით, უკან დაიწიეს; მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ-გამოჯეჯკილმა მახმუტ-ბიიმ პირველი შეტაკებისთანავე შენიშნა, რომ საქმე ჰქონდა ჯერ მისთვის უნახავ და უცნობ წესრიგთან. ფრანგების ყოველ მოძრაობას, ყოველ ფეხის გადადგმას ეტყობოდა მოფიქრება, მდგომარეობის წინდაწინ აწონ-დაწონა, აუჩქარებლობა და მკაცრი დისციპლინა. ბრძოლაში ასლან-აღაც ჩაერთო, ათასიანი ჯარით ფრანგებს გზა გადაუღობა, უკან კი ფეხდაფეხ მახმუტი მისდევდა...

- ვაიმე, მოგკლეს?.. განგგმირეს მაგ...- იძახდნენ მამელუკები...

- რა მოხდა? - გულგრილად დაეკითხა მახმუტ-ბიი.

- განა ტყვია არ მოგხვედრია ახლა? - ხმის კანკალით დაეკითხა ხასანი.

- ჯერ არაფერსა ვგრძნობ.

- როგორ? აქვე შენ უნაგირზე მტრის ტყვიამ გაიზუზუნა, შუა გახვრიტა და ჩამოგაგდო, გვეგონა.

- ჰაიტ! - დაიჭყივლა მახმუტ-ბიიმ, - ბედი ამასა ჰქვიან! ტყუილად კი არ მიყვარს ჩემი მათრახი! ჯერ-ჯერობით ხომ სიკვდილს ამაცდინა... თუმცა სულერთია... საბედისწეროა დღევანდელი დღე... მამელუკნო, წინ... მომყევით! - დაიძახა მან და ვენეციელთა რაზმში ხმალამოწვდილი შეიჭრა. მოხდა საშინელი ხელჩართული შეტაკება. ორი მხარე მშიერი მგლებივით ეძგერნენ ერთმანეთს.

ცხენი, ხმალი, ხიშტი, კაცი - დომხალივით ერთმანეთში აირია. მახმუტი თავგანწირვით იქნევდა ხმალს მარჯვნივ და მარცხნივ. მისი გამოცდილი ხელი ერთხელაც არ მოცდენილა.  ამ სასიცოცხლო შეტევის დროს მახმუტ-ბიის ისევ ის ვენეციელი ასისთავი მოელანდა. მახმუტმა დამბაჩას ხელი იტაცა, ვენეციელი მიზანში ამოიღო და მისკენ გაექანა. იმანაც შეამჩნია, ცხენი შეაყენა და უკან, თოფისაკენ ხელი წაივლო, მაგრამ საჩქაროდ ისევ უშვა, ალბათ, გატენილი არ ჰქონდა, ცხენი მიაბრუნა და გაჰქუსლა. მახმუტ-ბიი გამოუდგა.

- თითქოს მეცნობება! სადღაც მინახავს ეს კაცი! - ფიქრობდა მახმუტი, მაგრამ ვერ მოეგონა, თუ სად ენახა.

- მოითმინე, ყმაწვილო! შენ ბრძანდებოდი, რომ ჩემ თვალწინ ჯარისკაცი მომიკალ, მე მოგიკვდი, თუ სამაგიერო არ გადაგიხადე! - წაიბუტბუტა მახმუტ-ბიიმ, დამბაჩა გასინჯა და მარჯვე წამს ეძებდა, რომ ვენეციელი ასისთავი ნიშანში ამოეღო, მაგრამ ამ დროს მის ცხვირწინ ხიშტიანი ჯარისკაცი აიტუზა. ხიშტი აიქნია და მახმუტისათვის ბარძაყში უნდა ეთხლიშა. სხვა რა გზა იყო! მახმუტის უკვე ფეხზე შეყენებული დამბაჩა გავარდა და ჯარისკაცი იქვე უსულოდ ჩაიკეცა.

ასისთავმა ეს შენიშნა, საჩქაროდ ცხენი მოაბრუნა, ხმალი იშიშვლა და პირდაპირ მახმუტ-ბიისაკენ წამოვიდა. ორთავემ ანთებული თვალებით გაზომეს ერთმანეთი.

- ჰაიტ, გიაურ! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და, სანამ ვენეციელი ხმალს მოიმარჯვებდა, ელვის სისწრაფით მოქნეული ხმლით მკერდი გაუპო.

- ვაი, ნანა! - გარკვევით წამოიძახა მწარე კვნესით, ვენეციელს ხმალი ხელიდან გავარდა და ხის მოჭრილი ტოტივით ნელ-ნელა ცხენიდან ჩამოეშვა. ალისფერი სისხლით შეიღება მისი მწვანე მაუდის კოხტად შეკერილი და ყვითელ გრეხილებით მორთულ-მოქარგული ტანისამოსი.

KvirisPalitra.Ge* * *

მახმუტ-ბიი გაფითრდა, მთელი ტანი აუცახცახდა. არც კი ახსოვდა, თუ რამდენი კაცი მოეკლა ბრძოლის ველზე ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ხოცვა-ჟლეტა ჩვეულებრივ უბრალო მოვლენად გადაექცა, მაგრამ ასეთი სულიერი აღშფოთება ჯერ არ განეცადა.

ვაი, ნანა! ჩასძახოდა მას ყურში რაღაც ხმა და ეს ხმა გულის სიღრმემდე სწვდებოდა და აშფოთებდა. შეირყა მთლად მისი არსება. იგი თითქოს უცბად მოსწყდა იმ სინამდვილეს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ირგვლივ თოფების ტკაცატკუცი, ხმლების ჩახაჩუხი, ზარბაზანთა გრიალი დედამიწას აზანზარებდა, მახმუტ-ბიის კი არაფერი არ ესმოდა. ის უძრავად, გარინდებული იჯდა ცხენზე და სულგანაბული, სულთმობრძავ ვენეციელს თვალს ვეღარ აშორებდა.

ახლა კი გაახსენდა მახმუტ-ბიის, თუ სად ენახა ასეთი კაცი. ეს თვალები, ეს ცხვირი, ეს შუბლი... ეს ხომ სალომეა! ეს წვერ-ულვაში, ეს ტუჩები ხომ რეზოსია!.. სწორედ ამნაირად, როგორც ახლა ეს მომაკვდავი, კრეჭდა რეზო კბილებს, როცა მას ოსმალები უწყალოდ მათრახს უშენდნენ... “ვაიმე! ვითომ ეს მათი შვილია?” - გაუელვა თავში საშინელმა აზრმა. “შეუძლებელი რა არის?..

ღმერთო, რა საშინელებაა!..” მახმუტ-ბიის გონებაში ელვის სისწრაფით გადაირბინა მისმა განვლილმა ცხოვრებამ, მოჩუხჩუხე, მუდამ ამწვანებული ტეხურის ნაპირიდან, ფართე, უზარმაზარი ნილოსის ნაპირამდე. გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა სახლ-კარი, დედ-მამა, ძმები, მარკოზ ხუცესი, სალომე, რეზო.... ნუთუ ეს ყოველისფერი ცხადი იყო?.. “ცხადია! ცხადია! - ეფუჩუნებოდა ყურში რაღაც ხმა. - დიახ, ცხადია! სულ ყოველისფერი ცხადია!” - პასუხს აძლევდა მეორე ხმა. განა არ გახსოვს, ამ შორეულ ქვეყანაშიაც ბევრჯერ მოგგონებია ისინი! ბევრი ცხარე ცრემლი დაგიღვრია ცხადლივ თუ იდუმალ მათ გახსენებაზე.

არ გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ, შენსავით მოტაცებულ-გაყიდულმა, ხელით გიჩვენა, თუ საითკენ უნდა ყოფილიყო შენი საყვარელი, ის შენთვის და შენ მისთვის სამუდამოდ ცოცხლადვე დამარხული სამშობლო. შემდეგში ხომ გულდამწვარი და თვალებაცრემლებული ბევრჯერ იყურებოდი იქით, გულმოდგინედ ათვალიერებდი ნილოსის გაღმა გაჭიმულ, თვალუწვდენელ ხრიოკ უდაბნოს? თითქო გსურდა, ოდნავ მაინც გაგერჩია იმ უდაბნოს იქით ტყით შემოსილი სერები და მათ შორის შხუილით ჩამომდიმარე ანკარა ტეხური. მაგრამ ამაოდ! ხრიოკი, კვლავ ხრიოკი!

უდაბნო, კვლავ უდაბნო, ერთფეროვანი და უსიცოცხლო გვხვდებოდა თვალებში! ხომ ბევრჯერ მოგსვლია ჭაბუკობაშიაც ფიქრი: ახ, ნეტავ როგორ ცხოვრობენ იქ, ცოცხალნი არიან თუ არა? სულ ყველანი როგორ დაიხოცებოდნენ... მე ვახსოვართ თუ არა?.. შენ კი გახსოვდა ყველა, გახსოვდა... ადამიანი კი არა, რამდენჯერ გაგხსენებია თქვენი ცხარედ მოყეფარი ძაღლი აშგერია და რქამოღუნული ვაცი ოჩაგა, რომელიც ყველა თხებს ურქენდა და ეჭიდებოდა...

მაგრამ მიდიოდა დრო, წელიწადი წელიწადს მისდევდა... შენ შეეჩვიე ახალ ცხოვრებას... ბედმა გაგიღიმა... საუცხოვო პირობებში ჩავარდი... არაფერი არ გაკლდა - კარგი გარეგნობა, სიმდიდრე, სახელი, სიამოვნება... ყველანი გაქებდნენ, პატივით გეპყრობოდნენ. ჩაგითრია ცხოვრების ახალმა პირობამ... განვლო ბევრმა დრომ და ამ ხნის განმავლობაში ახალი ცხოვრების ტალღის დანალექმა დაჰფარა შენი გული, თუმცა გულის სიღრმეში ერთი ბეწო რამ მაინც დარჩენილიყო.

რაც ვერავითარმა დრომ, ვერავითარმა დანალექმა ვერ დაჰფარა და ვერ გააქვავა. ის “რაღაც” ხანდისხან მოულოდნელად ამოძრავდებოდა, გაგახსენებდა ძველს, დამალულს, დავიწყებულს, საგრძნობლად გიკბენდა და სევდით მოცულს დაგაფიქრებდა.

“ვაი ნანა!” ალბათ, ჩურჩულებდა მომაკვდავის ოდნავ მოძრავი ტუჩები. ეს ხომ პირწავარდნილი რეზოა?.. ნუთუ? ღმერთო, რად დამსაჯე ამ ზომამდე! განა ჩემი ბრალია!.. ნამდვილი მაინც ვიცოდე... ვითომ ყურმა მომატყუა? შეუძლებელია! “ვაი ნანა!..” - არ ცხრებოდა ხმა.

ვენეციელმა ერთიც გაიწ-გამოიწია, კბილები დააკრაჭუნა და გაშეშდა.

მახმუტ-ბიის თმა აებურძგნა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თავის გასისხლიანებულ ხმალს თვალი მოავლო, ტარს ხელი მოუჭირა და ნელა გადააბრუნ-გადმოაბრუნა. ბასრი რკინა მზის სხივებზე ელვარებდა; სისხლის ერთი პატარა ნაკადული ხმლის ყუის ღარს ჩაჰყოლოდა და ერთ ალაგას შემდგარიყო.

- მახმუტ-ბიი! ალლაჰ! ცოცხალი ხარ? - დაიყვირა ვიღაცამ.

მახმუტი გამოერკვა. მის წინ სისხლში ამოსვრილი, ტანისამოსშემოგლეჯილი მამელუკი იდგა. მისი აქაფებული ცხენი საცოდავად ქშინავდა. ველზე უთავბოლოდ ეყარნენ მკვდარი ცხენები, მამელუკები, ფრანგები. ხმაურობა და ტკაცატკუცი პირამიდების მხრიდან ისმოდა. მახმუტმა ახალ მოსულს შეხედა, იცნო - ეს ათასისთავი ახმეტი იყო, მაგრამ თავისი თავი კი ვეღარ იცნო. ორმოცი წლის დანალექი მისი გულიდან თითქოს ამ ერთ წამს გადაირეცხა, გასუფთავდა. ის უკვე მამელუკი აღარ იყო.

- მახმუტ-ბიი! - ათრთოლებით განიმეორა მამელუკმა, - რა ვქნა, მოჩვენებაა, თუ სიცხადე? კაცო, ცოცხალი ხარ? აქ ასე გაქვავებული რამ გაგაჩერა? ვერა ჰხედავ, გვძლევენ ფრანგები! ასლან-აღას რაზმი განადგურდა. შენი რაზმი სადღაა?

ომერ-საიდმა შენ საძებნელად გამომგზავნა, საჩქაროდ გვიბარებს, - მოუთმენლად ამბობდა ათასისთავი.  მახმუტი-ბიი თითქოს დამუნჯდაო, გარინდებული იყურებოდა. ათასისთავს უაზროდ შემოჰხედა და მერე ისევ ვენეციელის გაციებულ გვამს დააჩერდა.  მოისმა ცხენების თქარა-თქური და ათიოდ მამელუკი მოიჭრა. ზოგი მათგანი ათისთავი იყო, ზოგი ათასისთავი.

- მახმუტ... აქა ხარ?.. ეს რა ამბავია? ახმეტ, აქ რას უდგიხარ?.. დავიღუპეთ! ტანმომცრო ფაშათ-ფაშამ ჩვენი გვარდია გაანადგურა... ომერ-საიდმა გმირულად თავი შესწირა მამელუკთა სახელს! მახმუტ, კაცო, ბიიები შენ გეძებენ, არ იციან, რა ქნან, როგორ მოიქცნენ! ფრანგები გარს გვერტყმიან, ყოველ წუთს უბედურობაა მოსალოდნელი! - სხაპა-სხუპით აყრიდნენ მამელუკები.

მახმუტი სდუმდა. ბიის გონებაში სულ სხვა სახეები, სულ სხვა პირები იხატებოდნენ.

- იქნებ დაჭრილია? - შენიშნა ერთმა.

- კაცო, რას გაჩერებულხარ? - მედგრად დაეკითხა ახმეტი. - ვერ გამიგია, რას დასჩერებიხარ ამ გიაურის ლეშს! ახლა ნახე? ვენეციელი ასისთავია, ვიღაც ძაღლი ძაღლურათ ჩაძაღლებულა!

- ვინ არის ვენეციელი? - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და თვალები კაკლის სისხო გაუხდა. მამელუკებმა ერთ-ორი ნაბიჯი უკან დაიხიეს.

- ალლაჰ! ალლაჰ! რა ამბავია, მახმუტ, შენ თავს? - გაოცებით წამოიძახეს მამელუკებმა.

- ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე არაბი! - ხმას აუწია მახმუტ-ბიიმ.

- ალ...ლაჰ! ალლაჰ! წინასწარ- მეტყველო, შენ დაგვიფარე! ხომ არ შეშლილა ნეტავ? - ჩაილაპარაკა ერთმა.

- შენს წინასწარმეტყველსაც და შენს ალლაჰსაც... სად არიან ერთი, ან მეორე?! უსამართლობაა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრეობა მისი წინასწარმეტყველი! - დაიჭექა მახმუტ-ბიიმ.

შეშფოთებულმა მამელუკებმა კიდევ უკან დაიხიეს.

- მახ... მუტ?! - შეჰყვირა თავის მხრივ ათასისთავმა ახმეტმა, - ეს რა გვესმის? შენ რჯული დაჰგმე?.. მამელუკთა ფიცს უღალატე?!

- მახ... მუტ!? ეს რა ამბავია... იქნებ ფრანგების მოსყიდულია? შე მოღალატევ, შენა! - დაიძახა ერთმა ათასისთავმა ისმაილმა.

- ადვილი შესაძლებელია, - კვერი დაუკრეს სხვებმა.

- არა ჰგავს თუ? ამისი რაზმი დაიქსაქსა, ეს კი სრულებით უვნებელი აქ გამოჭიმულა...

- მაგრამ, გიაურ, არ შეგარჩენ იცოდე! - დაიყვირა ახმეტ ათასისთავმა და ხმალზე ხელი დაიდო.

მახმუტ-ბიი, თითქოს ამას ელოდებოდაო, ცქვიტად შეტრიალ-შემოტრიალდა უნაგირზე.

- არ იკადრო, ყმაწვილო, - მწარე სიცილით წარმოსთქვა და სანამ ახმეტ ხმალს ქარქაშიდან ამოიღებდა, უკვე შიგ კისერში უთავაზა ბასრი რკინა.

- ჰა, გიაურ! ჰა, მოღალატე! - წამოიძახეს მამელუკებმა და ხმლებზე ხელი მოისვეს.

ერთ ხანს ელავდა მზის სხივებზე სწრაფად მოქნეული ხმლები.

- ვაი ნანა! - გაისმა მწარე კვნესა და სასიკვდილოდ დაჭრილი მახმუტ-ბიი ვენეციელ ასისთავის გვამს ზედ დაეცა.

ზარბაზნების გრიალი და თოფების ტკაცატკუცი ცოტ-ცოტად მიწყდა, სამაგიეროდ ბარაბანის და საყვირის ხმას დასასრული არ უჩანდა.  ფრანგთა ჯარი უზარმაზარ პირამიდის ირგვლივ მოგროვდა და გამარჯვებას დღესასწაულობდა.

საზარელ ბრძოლის ველზე, ურიცხვ გვამთა შორის, ორი ერთმანეთს გადაჭდობილი გვამიც ეგდო, ერთს ძვირფასი არაბული ხალათი ეცვა, მეორეს ვენეციელ გვარდიელის მუნდირი.

ღმერთმა ხომ იცოდა, რომ არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი.

ორთავენი ბედკრულ საქართველოს შვილები იყვნენ.

მათ ქართველის ყველა თვისება ჰქონდათ...

- ეგვიპტეში შევხვდით ოჯახს,  რომელიც ერთ-ერთი ქართველი მამლუქის შთამომავლად გაგვეცნო, - გვიზიარებს ბ-ნი მერაბ კოკოჩაშვილი მამელუკებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისდროინდელ ეგვიპტურ შთაბეჭდილებას,  - ხშირ შემთხვევაში ბრძოლებში მამლუქთა ოჯახები წყდებოდნენ ხოლმე, მათ ჭირიც ანადგურებდა.

ეგვიპტის მკაცრ კლიმატს ქართველები ძნელად იტანდნენ. ყველა ამბავი, რაც კი ვიცოდით მამელუკებზე, შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ერთის გამოყოფა შემიძლია: მამობილის - ალი-ბეის წინააღმდეგ აღდგა შვილობილი - აბუ ზაჰაბი და მისი ადგილი დაიკავა. როცა სიკვდილის პირას მდგარი დაჭრილი ალი-ბეი მიუყვანეს უმადურ გაზრდილს, ძალიან ინანა თავისი საქციელი და იტირა თურმე. მამობილი ქართველი მამლუქი იყო, შვილობილი - აფხაზეთში დაბადებული ჩერქეზი, რომელიც საქართველოში, ქართულ გარემოში იზრდებოდა.

სწორედ ეს განსაზღვრავდა მათ ხასიათს... მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მიაღებინეს, ერთმა სინჯიკაშვილმა თავის სამშობლოში, მარტყოფში დედას სახლის მახლობლად  ეკლესია აუშენა - სალოცავად შორს წასვლა არ გაუჭირდესო... მეორე მამლუქს ცოლი ქართველი ჰყავდა. ის ქალი მართლმადიდებელ ქრისტიანად დარჩა და ეკლესიაში დადიოდა სალოცავად, თურმე ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ... მამლუქებს მუდამ ახსოვდათ სამშობლო, შეძლებისამებრ შეეწეოდნენ თავისიანებს..

რთული იყო ეგვიპტეში გადაღებები, იქ ხომ არასტაბილური სამხედრო ვითარებაა, უდაბნოშიც კი, სადაც არაფერი ჩანს, ქვიშის გარდა, გადაღების ნებას არ გრთავენ - სტრატეგიული ობიექტიაო. თან ყველაფერში დიდ ფულს ითხოვენ. მაღალი წერტილიდან რომ გადაიღო ქაიროს ხედი, ათასი დოლარი უნდა გადაიხადოო. ჩვენ ამდენი ფული არ გვქონდა. გვიან გავიგეთ, სადაც უფროსი არ გვიშვებდა, დარაჯს შეეძლო თურმე ათ დოლარად შეეშვი. ციტადელშიც კი არ შეგვიშვეს კამერით.

მერე სამოყვარულო აპარატით მოვახერხეთ შეღწევა და გადაღება. ფილმშიც ჩანს, "ფეშქეშს" როგორ ვიხდით... ხომ არ ვიყავით სუბიექტური მამლუქების შეფასებისას, რაკი ისინი წარმოშობით ქართველები იყვნენ?' იმისი რწმენა რომ არ მქონოდა, რასაც ვიღებდი, სიმართლე იყო, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი.

ისე, დღესაც ის ხდება ჩვენს თავს, რაც საუკუნეების წინ. მამლუქებიც ჩვენსავით ზოგჯერ თავშეუკავებლები იყვნენ, ზოგჯერ - დაუნდობლები, ერთმანეთსაც ცოცხლად ჭამდნენ, მაგრამ ამ ნიჭიერმა, მამაცმა ხალხმა ერთგულებაც იცოდა. მათ ქართველის ყველა თვისება ჰქონდათ...

(დასასრული)

უიარაღოს მოთხრობის "მამელუკის" გამოქვეყნებისას, კომენტარების, ისტორიული ფაქტების თუ ცნობებისთვის გამოყენებულია: ქართული ენციკლოპედია, ვიკიპედია, დ. ჯანელიძე, ბ. სილაგაძე ,,ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში", მ. სურგულაძის "სოლომონ  I, იმერეთის მეფე 1752-1782 წლებში - გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე", ა.ბაქრაძე - "მაქსიმე აბაშიძე, კათალიკოსი", ნ. შელია - "ქალი ჩემს ქვეყანაში", ლ. ჯიყაშვილის ინტერვიუ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან ("კვირის პალიტრა"), ზ. სეხნიაშვილის სტატიები ("კვირის პალიტრა"), და სხვადასხვა სახის ინფორმაციები და ფოტომასალა .