"მეც ხომ საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ "აქ მოვკვდე" - სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები - კვირის პალიტრა

"მეც ხომ საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ "აქ მოვკვდე" - სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები

ფოტოგალერეა

სვეტლანა ალილუევა: "საქართველო შინაგანი სულის ძალაა - შეკავებული, მაგრამ ძლიერი, უძველესი ძალა, რომლის წყალობით ქართველი ხალხი თავისთავადობას ინარჩუნებს" რუსულ ყოველკვირეულ გამოცემაში - «Новая газета»-ში გამოქვეყნდა სვეტლანა იოსების ასულ ალილუევას (ანუ სვეტლანა სტალინას) დღემდე უცნობი წერილები, რომლებიც მან საქართველოში (საქართველოს სსრ-ში) ცხოვრების დროს თბილისიდან გაუგზავნა ცნობილ რუს პოეტს დავით სამოილოვს, ესტონეთის სსრ-ის ქალაქ პიარნუში. ეს წერილები ინახებოდა პოეტის არქივში და მისი გაზეთში გამოქვეყნება დავით სამოილოვის ქვრივის გალინა მედვედევას თანხმობით მოხდა.

პატარა სვეტლანა მამასთან ერთად

რედაქციის კომენტარში აღნიშნულია, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ტელეკომპანიამ - "პირველმა არხმა" ეკრანზე აჩვენა მრავალსერიანი მხატვრული ფილმი "სვეტლანა", "რომელშიც საკმაოდ დამახინჯებით არის გადმოცემული მთავარი გმირის - სვეტლანა ალილუევას ცხოვრების მომენტები, მისი პირადი გრძნობები და განცდები, ხასიათი და შინაგანი ბუნება. გამოქვეყნებული წერილების შინაარსი ადასტურებს, რომ სვეტლანა იოსების ასული, ფილმის გმირისაგან განსხვავებით, რეალურად სულ სხვა ადამიანი იყო".

სვეტლანა ალილუევა თავისი მეგობრის - პოეტ დავით სამოილოვისათვის გაგზავნილ წერილებში მამამისის - იოსებ სტალინის - სამშობლოში, საქართველოში ცხოვრების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზეც საუბრობს. გაზეთში გამოქვეყნებულია წერილის კონვერტი, რომელსაც თბილისის ფოსტის შტემპელი აქვს დასმული, იქვე ნაჩვენებია სვეტლანა ალილუევას მისამართიც: ინდექსი 380062, საქართველოს სსრ, ქალაქი თბილისი, ი.ჭავჭავაძის პროსპექტი, სახლი 75, ბინა 5. თარიღები - 1985 წლის 10 დეკემბერი და 1986 წლის 21 თებერვალი.

გთავაზობთ ამონარიდებს წერილებიდან: "მე საქართველოში ყოფნით ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აქ აზიური ზნე-ჩვეულებებია და ბევრ რამეს ვერაფრით ვეჩვევი. მაგრამ საქართველო პოეტური ქვეყანაა, მშვენიერი ქვეყანა და ეს მნიშვნელოვანია, ბევრად მნიშვნელოვანი.

ძალზე საინტერესოა შენი ლექსები. რამდენჯერმე ხელახლა გადავიკითხე. რა კარგია, რომ განმარტოვდი და ისე წერ. მოსკოვში ფიქრი და წერა შეუძლებელია. მე თვითონაც, როცა აქ, თბილისში დავბრუნდები ხოლმე, ენით აუწერელ განცხრომასა და სიმშვიდეს განვიცდი. თბილისში რომ ვარ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში ვარ. ეს საკმაოდ უცნაურიც კი არის, მაგრამ ასეა. ჩემი გოგონა ოლია უკვე ქართულად ლაპარაკობს, წერს, კითხულობს, მღერის და ცეკვავს!!! ამ "კაპიტალისტურად გაზრდილ" ბავშვში უცებ იჩინა თავი რაღაც ძველმა, შინაგანმა, "აზიურმა" - იგი სრულიად შეიცვალა თბილისში. მართალია, მალე ინგლისში წავა (მგონი ნებართვა უკვე მისცეს გამგზავრებისთვის) და იქ დაამთავრებს სკოლას, მაგრამ არდადეგებზე აქ ჩამოვა ხოლმე". სვეტლანა ალილუევა

"შენს წიგნში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთი ლექსის სტროფმა გამაოცა, რადგანაც მასში გადმოცემულია სწორედ ის, რასაც მე თვითონ ვგრძნობ: "წამიყვანე საქართველოში. იქ მინდა მოვკვდე. იქ, მეგობრებთან ერთად, უეცრად გაქრება უცხო ქვეყნის შეგრძნება".

მეც ხომ საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ "აქ მოვკვდე" (არც ხვალ და არც ახლო მომავალში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ "აქ მოვკვდე").

ჩემს მოსკოველ მეგობრებს ამის გაცნობიერება არ შეუძლიათ, აქ კი, საქართველოში ეს ყველაფერი უბრალო ადამიანებს მშვენივრად, კარგად და ღრმად ესმით. როცა გაუზიარებ, თანაგრძნობით გეკიდებიან. სვეტლანა ალილუევა

გასაგებია, რომ მე და ჩემს შვილს საქართველოს განცდა "ძვლებში" გვაქვს გამჯდარი, მაგრამ შენ საიდან? თუმცა ვხვდები, საიდანაც: ჩემო ძვირფასო, შენ მიხვდი, რომ საქართველო მხოლოდ ეგზოტიკა და სუფრა არ არის...

საქართველო შინაგანი სულის ძალაა - შეკავებული, მაგრამ ძლიერი, უძველესი ძალა, რომლის წყალობით ქართველი ხალხი თავისთავადობას ინარჩუნებს, ყველაფრის მიუხედავად. VI-IX საუკუნის ფრესკებზეც იგივე სახეები გამოსახული, რომლებსაც ქუჩაში დღესაც დაინახავ. შენ ამ ძალის არსებობას მიხვდი და ამიტომ თავისკენ გიზიდავს. ეს ძალიან კარგია".

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ფოტოები

იხილეთ ასევე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება

მოამზადა სიმონ კილაძემ